ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მეც ვარ ბესო

მახსოვს, სულ სხვა შეგრძნება იყო, პირველად რომ მაგნიტოფონი მაჩუქეს. პატარა ვიყავი, ასე 11-12 წლის, ალბათ. მანამდე მსგავსი ფუფუნება სად იყო – ასეთი დრო იდგა. მაშინ „ცვეტამუზიკებიან” მაგნიტოფონს ვეძახდით, ერთი კასეტა იდებოდა და დინამიკებზე ფერადი ნათურები ჰქონდა დამაგრებული, რისი წყალობითაც ნამდვილ ჯადოქრობას სჩადიოდა: რომ ჩართავდით, ეს ნათურები რიგრიგობით ანათებდა და ჩემი ნაცრისფერი 90-იანების უკანასკნელ წლებს მოჩვენებითი ფერადოვნებით ალამაზებდა. ამ მაგნიტოფონს კიდევ ერთი უნიკალური თვისება ჰქონდა: ხმის ჩაწერა შეეძლო. აი სწორედ ეს ფუნქცია აღმოჩნდა ჩემი მთავარი საჩუქარი. ჩავიკეტებოდი ხოლმე ერთ-ერთ ოთახში და ათას სისულელეს ვწერდი ერთსა და იმავე კასეტაზე, რამდენიმეჯერ. ახლა რომ ვიხსენებ, ალბათ 10-11-ჯერ მაინც მექნება ის კასეტა თავიდან ბოლომდე გავსებული. ბოლოს ვეღარ გაუძლო და არც კი მახსოვს რა მოუვიდა. მაგრამ საოცრება იყო ეს საკუთარი ხმის მოსმენა და რა უნდა მექნა, ალბათ, იმ ველურს ვგავდი, სარკე რომ პირველად დაინახა და შეეშინდა საკუთარი ანარეკლის. ჩემთვისაც ცოტა უცხო იყო საკუთარი ხმა, არ მჯეროდა რომ სწორედ ასე ისმოდა ჩემი ლაპარაკი, ასე.. ბავშვურად. ვკითხულობდი ლექსებს და ვიწერდი, ვმღეროდი და ვიწერდი, ვლაპარაკობდი და ვიწერდი, ხმამაღლა ვფიქრობდი და ამასაც ვიწერდი, შემდეგ კი ვუსმენდი ყველაფერს და რაღაცნაირი გაუაზრებელი კმაყოფილება მიპყრობდა, უკვე ოდნავ უფრო დიდი კაცი ვიყავი, ვიდრე ჩემი თანატოლები, იმიტომ რომ ჩემი ხმა კასეტაზე იყო, შემეძლო ჩამეწერა ნებისმიერი რამ და შემდეგ ეს კასეტა გამარჯვებული სახით გადამეცა ჩემი მეგობრისთვის, თან დამეყოლებინა: „მოუსმინე, კარგი რამეა”. აი სწორედ ისე, როგორც ერთხელ მან Eminem-ის კასეტა მომცა და მე, მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა და ბევრჯერ მოვუსმინე, საპასუხოდ მაინც Metallica დავუბრუნე, რითიც ჩემს მუსიკალურ გემოვნებას გავუსვი ხაზი: Rock 4ever! Ye!

4 თებერვალს კინოთეატრებში ახალი ფილმი გამოჩნდა, დებიუტანტი ქართველი რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო”. თუმცა 4 თებერვლამდე ფილმმა რამდენიმე ფესტივალი მოიარა, მათ შორის თბილისის კინოფესტივალიც, რომლის ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა კიდეც.


ფილმის მთავარი გმირი 14 წლისაა, ბესო ჰქვია და რეპერობაზე ოცნებობს. ბესოს დიქტოფონი აქვს, რომელშიც პერიოდულად თავისივე დაწერილ რეჩიტატივს იწერს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა სოფლიდან მოშორებითაა, გარშემო არავინაა და არავინ უსმენს. ბესოს მსმენელები ჯერარ სჭირდება, ან სულაც სჭირდება, მაგრამ იცის, რომ ჯერ ვერ გაუგებენ, თუმცა ეგ არაფერი, ამ რეპს შემდეგ სტუდიურად ჩაწერს და ისეთივე მდიდარი გახდება, როგორც აი ისინი, კადილაკებს რომ აქანავებენ და ოქროს დიდი ჯაჭვები რომ ჰკიდიათ. ეს არაა ფილმი თეთრსა და შავზე, კარგსა და ცუდზე, ბესოსაც ერთი შეხედვით ვერ შეატყობთ უბედურია თუ ბედნიერი. პრინციპში, ბესო არც უბედურია და არც ბედნიერი, ბესო ბესოა, თავისი ჯალაურთელი ძმებით, ჩერნობილგამოვლილი და შესაძლებლობებწართმეული მამით, რიჟრაჟიდან დაღამებამდე მომუშავე დედით და ცეკვის მასწავლებელი ჰომოსექსუალი ძმით. უცნაურია, რომ მთელი სამოქმედო არეალის ესთეტიკა შეიძლება ერთი დანგრეული შენობით აღიწეროს, რომელიც, როგორც ვიგებთ, ერთ დროს კულტურული ძეგლი ყოფილა. ბესოს ბავშვობაც ამ შენობას ჰგავს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ფილმი სენტიმენტებითაა გაჭყეპილი და რეჟისორი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცრემლი დააღვრევინოს მაყურებელს მძიმე სოციალური ფონისა თუ ბავშვური პრობლემების ჩვენებით, არა, სულაც არა.. და ეს „სულაც არა” კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ფილმს, საერთოდაც, სიტყვას მოყვა, თორემ ფილმზე რეცენზიის დაწერას არ ვაპირებდი.. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები, რადგან ფილმი ძალიან მომეწონა და არც კინოკრიტიკოსობაზე ვაცხადებ პრეტენზიას. უბრალოდ მთელ იმ სივრცესა და მოვლენებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელიც ფილმშია აღწერილი. განსაკუთრებით კი იმ ემპათიაზე, რომელიც მე, რიგით მაყურებელს, ბესოს მიმართ გამიჩნდა და რომელიც, დარწმუნებული ვარ, ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად თქვენც გაგიჩნდებათ. საერთოდაც ესაა ფილმი, რომელიც ახერხებს ემპათია გაუჩინოს მაყურებელს ყველა პერსონაჟის მიმართ. რთულია გაიგო, ვინ ვის უბედურებაშია დამნაშავე და ვინ როგორ უნდა დაიძვრინოს ამ უბედურებისგან თავი, მარტო ყოფნით, აგრესიისგან დაცლით თუ უბრალოდ, გაქცევით.

რა თქმა უნდა, ჩემ „ცვეტამუზიკებიან” მაგნიტოფონზე ამბავი ტყუილად არ მომიყოლია. „მე ვარ ბესო” პირველი ფილმია თანამედროვე ქართულ კინოში, რომელშიც ამდენი სინამდვილე, ამდენი აღიარება ვიპოვე. განსაკუთრებით ბოლო წლებში ქართული კინო, ავად თუ კარგად, აღმასვლას განიცდის და ეს როგორც ფილმების გადაღების სიხშირეზე, ასევე მათ ხარისხზეც აისახება. თუმცა ჯერ არცერთ სხვა შემთხვევაში არ გამჩენია შეგრძნება, რომ ფილმი სწორედ ჩემ თაობაზე და მის პრობლემებზე საუბრობდა. ეს ლოგიკურიცაა, ახლა ქართულ კინოში ყველაზე აქტიური ის თაობაა, რომელიც თავის მოგონებებზე, თავის ტკივილებზე იღებს ფილმებს და მთელი ეს მოგონებები ძირითადად 90-იან წლებს უკავშირდება. ლაშა ცქვიტინიძე კი ჩემი თანატოლია, ჩვენ ორიათასიანების დასაწყისის პრობლემებით ნასაზრდოები თაობა ვართ და არა ომზე, არამედ ომის შემდეგ დამდგარ მშვიდობაზე ვწერთ და ვიღებთ. მშვიდობაზე, რომელმაც რიგ შემთხვევებში, იმედგაცრუებულ ადამიანებს ომის ნოსტალგიაც კი მოუტანა. ჩვენ, ისევე როგორც ბესო, ისეთი პერსონაჟების გარემოცვაში გავიზარდეთ, რომლებმაც ერთხელ უკვე ჩაწერეს დიქტოფონზე საკუთარი რეპი და შემდეგ ეს კასეტები დიდ კოცონში შეყარეს, რადგან არავინ იყო მისი მსმენელი. იმ პერსონაჟების გარემოცვაში, რომლებმაც ომის შემდგომი მშვიდობის სიტკბო მთელი ნოყიერებით იგემეს და ბოლოს ისღა დარჩენოდათ, რომ შესაბამის შემთხვევებში მაინც ამოენთხიათ მთელი დაგროვილი ბოღმა და ბესოს მამასავით წამოეძახათ: 

„აააეეე, ურრრურრრუუუ!”

ეს ფილმის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. ბულინგი, პიროვნების დაკნინება, უიმედობა, ოჯახური პრობლემები, ქუჩა, სკოლა, აუხდენელი ოცნებები, გზააბნეულობა – თუ თვლით, რომ ამ თემებიდან ერთ-ერთი მაინც გაინტერესებთ ჩემ თაობასთან მიმართებაში, მაშინ მოასწარით და ნახეთ „მე ვარ ბესო”. ნახეთ და მერე, როცა მარტო დარჩებით სადმე ოთახში, თქვენი ვალდებულებების, სოციალური სტატუსის, პასუხისმგებლობების და „ჩინ-მენდლების” გარეშე, ადექით და გარეპეთ: „მე ვარ ბესო და არ ვლაპარაკობ ბევრსო, მხოლოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობებსო” და ა.შ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი