ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ასო-ბგერა „რ“

დეკემბერში NIMD-ის (ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი) მიერ ორგანიზებულ დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმზე გამოვედი სიტყვით. ქალებსა და ლიტერატურაზე ვილაპარაკე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვან საკითხებს შევეხე, ქართულ სინამდვილეში პოეტი და მწერალი ქალების მდგომარეობა მიმოვიხილე, პარალელები გავავლე და ბევრიც ვინერვიულე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ვერა და ვერ ვახერხებ, გულგრილი ორატორი ვიყო. თუმცა ამაზე სხვა დროს მოვყვები.

ფორუმის შემდეგ ბევრი ქება და კომპლიმენტი მივიღე, სოციალურ ქსელშიც კარგი კომენტარები წავიკითხე, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი დამამახსოვრდა – იუთუბზე, ვიდეოს ქვეშ მიწერილი „რ”, ასე, უბრალოდ, „რ” და მეტი არაფერი.

„რ”-ს ადრეულზე ადრეული ბავშვობიდან რბილად წარმოვთქვამ. რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი „რ” სიხარულსა და მწუხარებაში ერთად ვართ, ამიტომ ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, სრულყოფილი და დიდად კეთილხმოვანი რომ არ არის. არ გეგონოთ, ასეთ იდილიას იოლად მივაღწიეთ – ჩემი ცხოვრების ადრეულმა წლებმა მის გამო მოცემულ შენიშვნებში გაიარა. არა მარტო მე, დედაჩემიც ხშირად იტუქსებოდა: „რაღაც „რ”-ს არბილებს ეს ბავშვი, მიაქციე ყურადღება”, – ეუბნებოდნენ მზრუნველად, მერე კი მე მომიბრუნდებოდნენ და დაჟინებით მთხოვდნენ: „სალომე, აბა, თქვი „რ”, აბა, კარგად თქვი „რრრრრრ”, აი, ასე უნდა ივარჯიშო!”

მე კი არ მინდოდა, სახალხოდ ვმდგარიყავი და არამკითხე უფროსების გულის გასახარად ენა დამეღალა. სიმართლე რომ ითქვას, არც დედაჩემს სჭირდებოდა მათი შეგონებები – როგორც პერფექციონისტ და მომთხოვნ დედას შეეფერება, ძალიან დარდობდა ჩემი მეტყველების დეფექტის გამო და რამდენიმეჯერ სცადა ლოგოპედთან ჩემი მიყვანა. მხოლოდ ერთხელ მივედი და მორჩა. დიდად არც ადამიანებთან ურთიერთობა მხიბლავდა, შენიშვნები და ნაკლის ხმამაღლა ხაზგასმა ხომ ჭირის დღესავით მძულდა. მოკლედ, დედაჩემი დაუმსახურებელ მითითებებს შეწუხებული ისმენდა, მე კი, წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი, ძილის წინ არია სტარკივით ვიხსენებდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს ჩემთვის: „სალომე, აბა, თქვი „რ”!”

მოგვიანებით, როცა ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე, იმედი მქონდა, რომ უნივერსიტეტში სერიოზული ყურადღება დაეთმობოდა ჩვენს მეტყველებაზე ზრუნვას. მაგრამ ჩვენ ხომ გაცრუებული იმედების თაობა ვართ – მეტყველების გაკვეთილებისთვის მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში გამოყვეს კვირაში ორი საათი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, იმ დროს უკვე ვხვდებოდით თუ არა, რომ ქართული ტელევიზიის მოქმედი ვარსკვლავები ჩვენთვის ადგილის დასათმობად დამსახურებულ პენსიაზე არ გავიდოდნენ. ასე იყო თუ ისე, მეტყველების პედაგოგთან შეხვედრა მრავალი ჩვენგანისთვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა. ასაკოვანი, კოხტა, მოვლილი ქალი იყო. არც ისე რიგიანად გამთბარ აუდიტორიაში მუდამ პალტომოხურული იჯდა, მაგიდის ქვეშ კი მისი გამხდარი ფეხები და დახვეწილი ფეხსაცმელი მოჩანდა. პირველივე ლექციაზე ილია ჭავჭავაძის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” დაგვიდო წინ და დიქცია და მეტყველება შეგვიმოწმა. ვფიქრობ, ისედაც არ მიეკუთვნებოდა კეთილგანწყობილ ადამიანთა რიცხვს, მაგრამ ჩვენ აშკარად განსაკუთრებულად გავუცრუეთ იმედი. დაუფარავად გამოგვიცხადა, მე რომ ვყოფილიყავი კომისიაში მისაღებ გამოცდებზე, უმრავლესობა ვერ ჩააბარებდითო. მერე სათითაოდ მოგვდგა, ზოგს „შეკრული კრიჭა” დაუწუნა, ზოგს – სისინა და შიშინა ბგერები, ზოგს – კბილების წყობა, მე, რასაკვირველია, „რ”. მთელი სემესტრის განმავლობაში დაუზარლად მახსენებდა, რომ ტელევიზიაში არაფერი მესაქმებოდა. ის, ჩემი პედაგოგი, რომლისთვისაც ჩემი იმედებისა და თავდაჯერებულობის ფეხქვეშ გათელვა არავის დაუვალებია, არაფერს აკეთებდა ჩემს დასახმარებლად, უფრო პირიქით. მთელი სემესტრი „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” გვაკითხა, ჩათვლები დაგვიწერა და ისე გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, თითქოს არც ყოფილა.

დრო გავიდა. მე გავიზარდე და მივხვდი, რომ საკუთარი თავი სულ სხვაგან უნდა მეძებნა და არა ტელევიზიაში. მეტყველების ლექტორის აზრი არ გამითვალისწინებია – თავად გადავწყვიტე ასე. ცოტა მერე საერთოდ დავივიწყე ბავშვობისდროინდელი კეთილმოსურნეებიც და ჩემი პრეტენზიული პედაგოგის შენიშვნებიც. დავივიწყე იქამდე, სანამ ამ რამდენიმე დღის წინ უადგილო ადგილას დაგდებულ ქვასავით არ წამომედო ფეხქვეშ ვიღაცის კომენტარი: „რ”.

სამწუხაროდ, ჩემს თაობაშიც მოიძებნებიან ადამიანები – მშობლები, ნათესავები, ახლობლები, რომლებსაც არასოდეს ეზარებათ ბავშვის ნაკლზე ყურადღების გამახვილება. ხან მეტყველება არ მოსწონთ, ხან თმის ფერი, ხან ცხვირის ფორმა, ხან წონა და ხანაც თავის მოყვანილობა. თითქოს ვიღაცას ყალიბი ჩამოესხას და ყველანი ვალდებულები ვიყოთ, ამ ყალიბში მოვთავსდეთ, ოდნავი გადაცდომის გამო კი ვისჯებით, ვისჯებით მაშინაც, როცა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ჩვენს ნაკლთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას ვსწავლობთ. ჩვენ, ყველანი, დაკომპლექსებულ თაობებს ვშობთ, ვზრდით და ვაყალიბებთ, რადგან ისე არაფერი გვიყვარს, როგორც სხვის ნაკლზე ლაპარაკი.

სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შესაბამისად, არც ისე ცოტა ლექტორი მყავდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ მათგანს არ უყვარდა თავისი საქმე ან იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა საგანზე, რომელსაც ასწავლიდა, რომ საკუთარი სტუდენტები მისი სწავლის ღირსად არ მიაჩნდა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იხდიან ასეთი ადამიანები სწავლებას ცხოვრების მთავარ საქმიანობად. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი კომპლექსები სტუდენტებთან უპირატეს მდგომარეობაში ყოფნით დათრგუნონ. მერე კი წრეზე მივდივართ, წრეზე, რომელიც არსად მთავრდება.

ზემოთ მრავალგზის ხსენებულმა კომენტარმა, ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტა და უახლოეს მეგობრებთან დავიჩივლე. ერთმა მათგანმა გაკვირვებით მკითხა: „შენ რა, „რ”-ს მართლა არბილებ? არასოდეს შემიმჩნევია”.

ხედავთ? ყველაფერი მართლაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ შევხედავთ საგნებს და მოვლენებს.

მე და ჩემი „რ” მშვიდობიან თანაცხოვრებას ვაგრძელებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი