სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ალისტრახოვიჩი

(ჩანართები ჩაწერილია გურიაში, სხვადასხვა რეპრესირებულ ოჯახში)

გომის მთაზე, იქ სადაც გურული და აჭარელი მეჯოგეები იყრიდნენ თავს, იმალებოდა ხალხი, რომელთა ხსენებაზე ბევრს  ყველაზე ადვილად გურია ახსენდება. სოფლის გიჟად წოდებული ალისტრახოვიჩი, სახელას ავთონა, მამის მხრიდან ტყის ყაჩაღების შთამომავალი. მე ვუყვარდი. მეუბნებოდა, ბუძია, მე სპორსტმენი კაცი რუსებმა გამაგიჟეს და შენ უნდა ასახელო ეს ქუჩა, ჩემს მაგიორშიო. სხვა მეზობლები დიდად თვალში არ მოსდიოდა. დედის მხრიდან რეპრესირებულთა შთამომავალი. მამა ადრე, დედა მოუკვდა გვიან. კომუნისტებმა დახვრიტეს ალისტრახოვიჩის ბებიაც და ბაბუაც.

***
,,მამაჩემი რომ დეიჭირეს, ერთ თვეში, ერთ თვეში ქი მოკტა საწყალი დედა. ბევრი დეიჭირენ მაშინ – მამიდას ქმარი დეიჭირენ – გადაასახლეს. მეზობლები გადაასახლენ. მამაჩემს რო მოაკითხენ, დამშვიდობება იყო, მაკოცა და მიკბინა – მეტი არაფერი. წევიდა და წევიდა. სად ქონდა ხასიათი საწყალს – მიმხთარი იყო, რაშიც იყო საქმე. საწყალი დედა ორსულად იყო – მიაკტა ხელი და გლახად გახდა. რომ წეეყვანენ დედა – სად იყო მაშინ, მაშინა არ იყო და არაფერი – ხარები მეიყვანენ და ურემი. რომ მიდიოდა, დამიძახა მოდიო – მე ვწივოდი და ვკივოდი და ვგორავდი მიწაზე – სად მიყავენ ჩემი დედა მეთქი. ჩვენი დედა ჩვენ გვინდა მეთქი. დამიძახა – მოი შვილო აგერო. მომკიდენ მეზობლის ქალებმა ხელი და მიმიყვანენ. ლეჟანკაზე ყავდენ დაწვენილი. მივალ, შვილო მე მივალო და ეგება ვერც მევიდეო, აბა შენ იციო ბაღნებიო და ოჯახიო. რაის ბაღნების და ოჯახის პატრონობა შემეძლო, მარა მის სიტყვას ვასრულებდი. უმცროსი ძმაი მამიდამ წეიყვანა ვანში. მეორე ქი იყო ჩემთან, საღამოს რომ დავწობოდი, დევიწვენდი სასთუმალთან და არ გამიცივდეს მეთქი მეშინოდა და ვითამ ვუვლიდი და ქი გავზარდე რაცხა იქნა. ჩვილი ქი მოკვტა, ჩვილს ვერ შუუწყვეთ ხელი და’’..
***
ალისტრახოვიჩს არ უყვარდა ფირალი წინაპრები, მაგრამ სძულდა სტალინი, რადგან რეპრესირებულები უყვარდა. სახლში, უკანა ეზოში, სიმბოლური საფლავი ჰქონდა, რომელზეც სტალინის სურათს წვავდა წელიწადში ერთხელ. რამდენიმე ძველი, ბაბუაჩემის გადამალული ისტორიის წიგნი მეც წამგვარა და ამოხია ფურცლები იოსების სურათით. წვავდა და ხმამაღლა ყვიროდა. შენ დამპალო სატანავ-ანტიქრისტევ, შენ ანტიზვიადო, შენ მკვლელების უფროსოო. დედამისი აწყნარებდა. გამძლე ქალი. ძალიან გამძლე.
***
,, – მაშინდელი პერიოდი, როდის ხდებოდა და როგორ ხდებობა, ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით სამაგისოდ და არ გვახსოვს. მაგრამ სხივი გადმოცემით, ყველაფერი ვიცით დეტალურად – როგორ მოხდა მამაჩემის გადასახლება. იყო ძალიან შეძლებული გლეხი. გამართული ოჯახი ჰქონდა. იყო მეცენატი კაცი. დამხმარე სოფელში ყველასთვის ხელის გამმართავი. და კოლმეურნეობდა ყალიბდებოდა მაშინ, ჩაი შენდებოდა მაშინ და ყველაფერში აქტიური. მაგრამ შერაცხეს არასაიმედო პიროვნებად, მენშევიკად და რაღაც მიზეზს ეძებდენ, რომ მოეშორებინათ
-დედათქვენიც რეპრესირებულია?
-დედაჩემი ზედ მიაყოლეს. დედაჩემი მუშაობდა მოანგარიშედ. რაღაც შეუთითხნეს და ჩასვეს ციხეში. ორი წელი იჯდა ციხეში. გამოვიდა დაავადებული და გარდაიცვალა. არც მისი საფლავი ვიცით, არც ბებიის საფლავი ვიცით, არც მამაჩემის საფლავი ვიცით. ჩვენ გვახსოვს მერენდელი გაჭივრება. იმის გახსენება არც მინდა. მოხდა ისე, რომ ბაბაჩემს საბაბად დოუდეს – ბიძა მყავდა საფრანგეთში. მარტო მისი საფლავი ვიცით. სხვისი არცერთის. არც მეზობლობას ახსოვდა სად დამარხეს ჩემი დედა, ჩემი ბებია. როგორ გავიზარდეთ, მაგის გახსენება ძალიან ძნელია და ვერ აგიწერთ მაგ რეპრესიებს, რაც ჩვენზე ვრცელდებოდა.
-აი,თქვენს თანატოლებთან, თუნდაც მათ მშობლებთან გექმნებოდათ პრობლემები?
-ყველა თავს იკავებდა, რომ ჩვენთვის შემოეხედა და რაცხა. იმიტომ, რომ ყველას თავისი თავის ეშინოდა. აგერ მეზობელი გვყავდა, კაი აქტივი ქალი, კაი მშრომელი და სხვათა შორის პატიოსანი ქალი და რომ მოიწვიეს კრება, აბა ეს ხალხი არსაიმედო პიროვნებები ხომ არიანო – მერე მიყვებოდა  ეს ქალი, ეს გასახმობი ხელი მეც ავწიეო. მეც ზედ მიმაყოლებდნენო. ბებიის ამარად დავრჩით და ბებიას რომ მუუტანეს უწყება, რომ მამაჩემი გარდაიცვალა, იმანაც აზრი დაკარგა. და ასე ხატის ხარად, გაჭირვებით, მოვედით აქამდე’’.
***
ძალიან სძულდა სტალინი და რუსი ოფიცრები. ჭკუაზე შეცდენის საქმე კი ასე იყო, მისივე მონათხრობი. ჭიდაობდა, მაგრამ პლანი უყვარდა. მარიხუანა. ჯარში რომ გაიწვიეს, იქაურ ბიჭებს პატივი სცა რამდენჯერმე. ერთხელაც, ასე დაბოლილნი და დიდ საქმეთა დამქადნებელნი, სხვები გეიპარნენ შემოგარენიდან, ერთი ოფიცრის ცოლთან შეიპარნენ და ძალადობა დაუპირეს. აქ მთავრდებოდა ეს ამბავი და გრძელდებოდა იმით, რომ ალისტრახოვიჩი არ წასულა. საქმე კი გასკდა. ალისტრახოვიჩი გაბრაზდა და ერთ ჯარისკაცს სახეში მოსცხო. დიდი ღონის პატრონი კი იყო, მერეც შემორჩა. მერე, ღამით ეღვიძება და ხედავს, ბევრი ურტყამს, მოუქნია ერთს, ორს, სამს და ბოლოს ძალიან ძლიერად მოხვდა. ალბათ ლოგინის რკინის ფეხი. დილით მიიყვანეს უფროსთან. ვუყურებდი და მეგონა, ათი გენერალი ერთად იდგაო. და ყველა ერთად აღებდა პირს და მიყვიროდაო. ხარხარი ამიტყდა და ჩამაგდესო. ვირთხებში და უბედურებაში. მერე არაფერი არ ახსოვს და მერე საგიჟეთი.
ალისტრახოვიჩი ბევრს ლოცულობდა. ამბობდა, იქ რომ წავალ გიჟი აღარ ვიქნებიო. ამის იმედი ჰქონდა. სულ მეუბნებოდა, სპორტს მისდიე და არ მოწიო და რუს გენერლებთან არ იმეგობროო. დადიოდა ქუჩაში და ყვიროდა: ცოლი რომ ვერ მევიყვანე, შენი ბრალია სტალინ! სტალინ, გაგანაწილებ ახლა მეშვიდეში! მანდ ამოგხდება შენ სული! მეიტანე კარაქი? ბევრი კარაქი?! და თანდათან უფრო ერეოდა გონება და ბოლოს სადმე იძინებდა.
იპოვეს ლაშე „კანაოში”. მოგრძო თხრილში. იწვა თავჩაბრუნებით. ეცვა ნათესავის ნაჩუქარი „პუმები”. ცხელი დღე იყო.
ხანდახან მგონია, რომ ეს სოფლის გიჟად წოდებული ხალხი, გაცილებით სწორად აზროვნებს, ვიდრე ჩვენ – ეს ნორმალურობად წოდებული უმრავლესობა. ხანდახან კი არა, უმეტესად მგონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“