სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პოზიტიური კონცეპტების კორპუსი, მასწავლებლები, ჩვენ

 უნდა ვაღიარო, ცას გადავატრიალებ, შეუძლებელს შევძლებ, ჩემს რესურსს მთლიანად, დაუზოგავად გამოვიყენებ, თუ შედეგით კმაყოფილი ადამიანები, მეტყვიან, რომ არც თუ ისე ცუდი გოგო ვარ.

ჰო, ეს ჩემი ხასიათია, ამბობენ, რომ ჰოროსკოპით ლომებს ძალიან უყვართ ქება, მე კი, ჩემი შრომის ნაყოფის ვერბალურად, დადებით კონტექსტში აღნიშვნა ფრთებს მასხამს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს. ვარსკვლავების ბრალია თუ ხასიათის, ვინ გაიგებს?  ყოველ შემთხვევაში, მალე მბეზრდება გარემოში, სადაც არავინ მეუბნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთე ( იმ შემთხვევაში, როდესაც მართლაც ღირსეულად ვიმუშავე).

რასაკვირველია, დაუმსახურებელ და ფარისევლურ ხოტბაზე არ მოგახსენებთ, რეალური მიღწევების შესაბამის აღნიშვნას ვგულისხმობ.

რატომ ვლაპარაკობ ამ ამბებზე?

მგონი, თქვენთვის უკვე მომიყოლია, რა არის კორპუსი, რისთვის გამოიყენება, რატომ შეიქმნა, რაში გვჭირდება და ა.შ. ისიც მიხსენებია, რომ თუმცა ნელი ტემპით, მაგრამ მიზანმიმართულად, კორპუსოლოგია, დიგიტალური ჰუმანიტარია ჩვენთანაც ვითარდება, ქართულ ენაზე უკვე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კორპუსი, რომელიც მრავალ სიტყვას და კონტექსტს აერთიანებს.

კორპუსი, ენობრივი სამყაროს მიკრომოდელია, ფაქტობრივად. ამიტომაც, მგონია, რომ ზოგიერთი ჩვენი პრობლების სურათხატი, ერთგვარი ილუსტრაცია აქაც შეიძლება ვიპოვოთ. ჰოდა, მოვძებნი კიდეც, რამდენად ახდენს ზეგავლენას ჩვენი განათლების სისტემის განვითარებაზე ის, რომ დადებითი, პოზიტიური მსაზღვრელები, კოლოკაციები გვენანება ერთმანეთისთვის, მაგალითად, ვუზიარებთ კი დადებით სიტყვებს ჩვენს მასწავლებლებს?

გადავწყვიტე ამ კითხვაზე პასუხი ქართულ კორპუსებში მომეძებნა, მაგალითად, Gekko–ქართული კორპუსი, რომელიც  სიტყვა „მასწავლებლისთვის” შემდეგ კოლოკაციებს მაჩვენებს:

სერტიფიცირებული მასწავლებელი

ისტორიის მასწავლებელი

მისი მასწავლებელი

პენსიონერი მასწავლებელი

ყველა მასწავლებელი

თითოეული მასწავლებელი

ერთი მასწავლებელი

სკოლის მასწავლებელი და ა.შ.
ცოტაც დიალექტურ კორპუსს ჩავხედოთ, ამ კორპუსზე ბევრჯერ მილაპარაკია თქვენთან, მისი ელექტრონული მისამართია https://www.mygeorgia.ge/gdc, აქ ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია, ტექსტი, მთქმელი, პერსონაჟი შეიძლება იპოვოთ.

თავადაც ხედავთ და თუ ვერ ხედავთ, სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ აქაც ისეთივე სურათია. პოზიტიურ კოლოკაციებსა და კონტექსტებს ვეძებ და ან საერთოდ ვერ ვპოულობ, ან სულ რამდენიმეს…

არადა, ბევრი ჩვენგანი,  თავის ყველაზე გულწრფელ და სიყვარულით სავსე მოგონებებში აუცილებლად ყვება მასწავლებელზე, რომელმაც რაღაც შეცვალა მასში, ცხოვრების  გეზი მისცა,  პროფესია აარჩევინა, რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

 

მე ასეთი რამდენიმე ისტორია მაქვს, ჩემს მეგობრებსაც, დედაჩემს, მამაჩემს, ბებიაჩემს…

ყველა თუ არა, ძალიან ბევრი ოჯახის ზეპირ ქრონიკებში, სასადილო მაგიდასთან თუ ბუხართან შვილიშვილებისათვის მოსაყოლ ამბებში ხშირად ფიგურირებს მასწავლებელი, რომელიც კეთილი ანგელოზი უფროა, ვიდრე რეალური ადამიანი.

აი, მაგალითად, ასეთი ისტორია:

„მე-5 კლასში ხუთიანებით გადავედი. მოვიდა პირველი სექტემბერი, მაგრამ მე სკოლაში ვერ მივდივარ. უფროსი და მივიყვანეთ. მე არც წიგნები მაქვს და არც ჩასაცმელი. გავიდა ერთი კვირა. ერთ დღეს ეზოში შემოდის ქალი. –– ქალბატონო კატო, ბავშვს რატომ არ უშვებ სკოლაშიო. დედამ მიზეზი აუხნა. მამას დაღუპვის ცნობაა თურმე მოსული. ბავშვებმა რა ვიცით. მეორე დღეს ეს კეთილი ადამიანი ისევ მოვიდა. ნაჭრის ჩანთაში ჩალაგებული წიგნებით, აღარ მახსოვს, რამდენი, მაგრამ მახსოვს ქართული ,  რომლიდანაც იმ ღამეს არ დამაძინა “შვლის ნუკრის ნაამბობმა”. მომიტანა კაბა და ძველი ფეხსაცმელები, როგორც გავიგე შემდეგში, თავისი შვილის ნაცვამი. კაბა მეგონა, რომ იყო ხავერდის, ფერიც მახსოვს, მაგრამ დიდობაში გავიგე, რომ თამარა ნინუას, ჩვენიდან რო წავიდა, ღამით შეუკერია ეს კაბა მუთაქის პირიდან, იმიტომ იყო თურმე ბუსუსიანი. დავბერდი ქალი და ამ საყვარელი ქალის მადლობა მის სიცოცხლეში ვერ გამოვხატე. არადა, შენი სიბერისთვის აუცილებელი ყოფილა, რომ არ დააყოვნო და სანამ ცოცხალია, აგრძნობინო, რა მადლიერი ხარ მისი.” ( მთქმელი –თამარ ყიფიანი, შვილის, მარინე ბერიძის ფეისბუქის ჩანაწერებიდან).

ასეთი ისტორია ბევრი მომისმენია.

მასწავლებლის შესახებ, რომელიც ობოლ ბავშვს დედის მაგივრობას უწევდა, ცნობილი პოეტის შესახებ, რომლის ლექსები სწორედ მასწავლებელმა აღმოაჩინა, ძალიან კარგი ქართველი მწერლის შესახებ, რომელსაც ჩუმად, საკუთარი ხელფასიდან უგზავნიდა სტიპენდიას უნივერსიტეტის რექტორი, ისიც მასწავლებელი.  პატარა, ხევსური გოგონას, შუქია არაბულის შესახებ, რომელმაც ბარისახოს სკოლა გამოაცოცხლა და თავისი მოსწავლეებისთვის არაერთი სასარგებლო პროექტი განახორციელა, ჩემი მეგობრების შესახებ, რომელთაც ჯავახეთში მცხოვრები მოსწავლეების გულში ზამთრის ფარავანზე უფრო გაყინული ნდობის ტბა გაალღვეს, ბევრი ვიცი ასეთი ამბავი, საპირისპიროც ვიცი, რა თქმა უნდა, მაგრამ მათზე ლაპარაკი ახლა არ მინდა, ახალი სასწავლო წელი დაიწყო და მინდა, კარგი ამბები გაგვიმრავლდეს.

პს. ამ პატარა ოპუსს ბათუმში ვწერ, ბათუმის საზაფხულო სკოლის – „კორპუსლინგვისტიკა და ქართველოლოგიის სპეციალური პრობლემები” – ერთ–ერთ ლექციაზე. მონაწილეთა ყველა ჯგუფს  აქტივობების განხორციელება დაგვავალეს, ჰოდა,  ჩემს ჯგუფს ენის მცირე კორპუსის შექმნას შევთავაზებ, მას პოზიტიური კონცეპტების კორპუსი ერქმევა და ყველა იმ სიტყვას გააერთიანებს, რაც ადამიანების გულში ყველაზე კარგ ემოციებს და ასოციაციებს აღვიძებს.

როგორ ფიქრობთ, კარგი აზრია?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“