ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რამდენიმე ეპიზოდი სასკოლო ცხოვრებიდან. ჰერული ამბები

ადამიანი სკოლაში ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სწორედ იქ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ხშირად უფროსებისთვის შეუმჩნეველი, უმნიშვნელო მოვლენები მოზარდის ცხოვრებაში გარდამტეხ როლს ასრულებს.

მინდა, სკოლის ამბებს მოგიყვეთ. ჩემთვის მოგონების მზით გამთბარს, დაუბრუნებელს და საოცრად ძვირფასს, თუმცა უბრალოს, ჩვეულებრივს.

ისტორიულ ჰერეთში გავიზარდე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრულ საშუალო სკოლაში 1995 წელს ორი პირველი კლასი (12-12 მოსწავლით) მიიღეს. ორი წლის შემდეგ გაგვაერთიანეს. დაწყებითი საფეხურის დარჩენილი ორი წელიც მალე გაფრინდა. ბევრს ვერაფერს ვიხსენებ იმ დროიდან.

თეთრი პერანგები პირველ დღეს, გაცვლილი კალმები თუ საშლელები.

დაწყებით კლასში ყოფნა პატარა ბავშვობად მიგვაჩნია მეოთხეკლასელებს და თავი დიდი გვგონია მეხუთე კლასში.

ცვლილებების დროც დადგა.

 

დამრიგებელი

მეხუთე კლასში ჩვენი დამრიგებელი გახდა ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი – მავლინა ბარიხაშვილი. მალე შეგვაყვარა თავი, უცებ მოიპოვა ჩვენი ნდობა და სიყვარული.

დამრიგებლის დამსახურება იყო ჩვენი კლასის ერთ მუშტად შეკვრა. ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, დღესასწაულებზე. დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. მეექვსე-მეშვიდეკლასელი ბიჭები ნადში დავდიოდით. მაგალითად, ზამთარში შეშის დაპობაში ვეხმარებოდით ერთმანეთს.

ემოციურად მახსოვს ჩვენი ექსკურსიები ბაქოში, განჯასა და მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურში. ერთი ოცნება აუხდენელი დაგვრჩა – კლასი სრული შემადგენლობით ვერ ჩამოვიდა საქართველოში ექსკურსიაზე.

2006 წელს, სკოლის დამთავრებისას, ჩვენს კლასს უნდა გადაეწყვიტა მოახლოებული ბანკეტის ბედი. ვერა და ვერ შევთანხმდით, გადაგვეხადა თუ არა. ზოგს ის მოძველებულ ტრადიციად მიაჩნდა, ზოგს საკმარისი ფული არ ჰქონდა.

დამრიგებლის ინიციატივით, ჩავატარეთ კენჭისყრა, რომლის შედეგისთვისაც ყველას პატივი უნდა ეცა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ბანკეტს არ გადავიხდიდით. ეს იყო სოფელში პირველი შემთხვევა, როცა სკოლის დამამთავრებელმა კლასმა უარი თქვა ბანკეტზე.

დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა იმ დღიდან მომყვება.

სამაგიეროდ, ჩავატარეთ საოცარი ბოლო ზარი. სკეტჩები, პაროდიები, გადაკეთებული რეპი იმ დროს პოპულარულ სიმღერაზე.

პაროდისტები ასრულებდნენ პოლიტიკოსების როლებს.

ეს იყო განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული სასკოლო გამოშვება. ემოციური, თბილი და ნაკლებად პომპეზური.

 

სპორტი

კლასში სპორტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, რაგბი (დიახ, იმ წლებში, როცა რაგბის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, ვცდილობდით მარტივი წესებით თამაშს) და ჭადრაკი. ჩემი კლასი ჩვენი სკოლის სპორტულ ისტორიაში ორი რამით შევიდა:

ვიყავით პირველი კლასი, რომელსაც ჰყავდა მწვრთნელი!

კლასი 11 ბიჭისა და 13 გოგოსგან შედგებოდა. სკოლის მაშინდელი სტადიონი სტანდარტულ საფეხბურთო სტადიონზე პატარა, მაგრამ მინისტადიონზე დიდი იყო, ამიტომ 9X9-ზე სათამაშოდ იდეალურად მიგვაჩნდა. გვყავდა ცხრა მოთამაშე მოედანზე, ერთიც – სათადარიგო სკამზე. მე ვიყავი გუნდის „ტრენერი“. ეს პოსტი მერგო როგორც ტაქტიკურად განსწავლულსა და ფეხბურთის თეორიულად კარგად მცოდნეს. პრაქტიკულ ნაწილში მოვიკოჭლებდი, მაქსიმუმ კარში ჩავმდგარიყავი (ისიც მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში).

სკოლაში დამკვიდრებული იყო ასეთი ტრადიცია: სკოლის მამაკაცი მასწავლებლები ფეხბურთს ეთამაშებოდნენ დამამთავრებელი კლასის ბიჭებს. თამაში, როგორც წესი, მასწავლებლების გამარჯვებით სრულდებოდა. ჩვენი კლასი გამონაკლისი აღმოჩნდა – მასწავლებლებმა ჩვენთან თამაშზე უარი განაცხადეს!

ყოველი შეკრებისას ვიხსენებთ თანაკლასელები, როგორ შეუშინდნენ ჩვენთან წაგებას ზრდასრულები.

 

ფსიქოლოგის კაბინეტი

ჩემი კლასი „მომთაბარე ცხოვრებას“ ეწეოდა. საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლის ექვსი წლის განმავლობაში ოთხი საკლასო ოთახი გამოვიცვალეთ.

X-XI კლასები ძველი ფლიგელის იმ ნაწილში გავატარეთ, სადაც იყო დირექტორის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამხედრო ოთახი, ჩვენი საკლასო ოთახი და მის მოპირდაპირედ – ფსიქოლოგის კაბინეტი, მუდამ დაკეტილი.

სასწავლო წლის დაწყებისთანავე დავიწყეთ ახალი სამყოფლის შესწავლა. სექტემბრის ბოლოს ჩემმა თანაკლასელებმა ფსიქოლოგის კაბინეტი გახსნეს (დღემდე არ ვიცი, როგორ). მყისიერად დავიწყეთ მისი ათვისება. ფსიქოლოგის კაბინეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა. თუ უჩვენობას შეამჩნევდნენ ან რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, გაკვეთილზე მყოფი რომელიმე თანაკლასელი გამოვიდოდა გარეთ, კაკუნით მოგვცემდა ნიშანს, გაივლიდა ეზოში დროის გასაყვანად, გამოვლისას კი უკვე ერთად ვბრუნდებოდით საკლასო ოთახში. ფსიქოლოგის კაბინეტის ერთადერთი ფანჯარა სკოლის ეზოს გადაჰყურებდა. ხელისგულზე გვქონდა ყველაფერი. ფანჯრის რაფაზე კი წიგნები და სხვა ნივთები ეწყო, ამიტომ თავად ოთახი ეზოდან კარგად არ ჩანდა.

დღეს რომ ჩემი თანაკლასელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჭადრაკი იცის, სწორედ ფსიქოლოგის კაბინეტის დამსახურებაა. იქ იმართებოდა დიდი შეხვედრები. ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო პარტია თამაშდებოდა. თანაც ჭადრაკი ნაკლებხმაურიანია, ფსიქოლოგის კაბინეტში თავშეყრა კი სიჩუმეს მოითხოვდა, რადგან ძველი ხის კარიდან ოდნავ ხმამაღალი საუბარიც კი გამოდიოდა დერეფანში.

ფსიქოლოგის კაბინეტისა და ჩვენი კლასის ურთიერთობა ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო დღე და ეზოში მოსეირნე ტანმაღალი მასწავლებელი. სწორედ მან შეამჩნია ფსიქოლოგის დაკეტილ კაბინეტში ადამიანების თავები. ალბათ, ჩვენც დავუშვით შეცდომა, რადგან ყურადღება არ მივაქციეთ ფიზიოლოგიურ კანონზომიერებას – ზრდას.

სასჯელი არ აგვცდა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ერთ თვეში სკოლას ვამთავრებდით… ცხადია, ამ ამბავს სიამაყით აღარ ვიხსენებთ, თუმცა ყოველთვის გვგვრის ღიმილს, განსაკუთრებით – ჭადრაკის თამაშის დროს.

 

დღიურები

ჩვენს დროში ინტერნეტი და მობილური ტელეფონი უცხო და მიუწვდომელი რამ იყო. კლასში დღიურების წარმოება გახდა მოდური. ბიჭები საფეხბურთო და სპორტულ დღიურებს ვაწარმოებდით. რას არ ნახავდით ჩვენს დღიურებში – ცნობილი ფეხბურთელების, გუნდების, მოკრივეების სურათებს, სტატიებს ჟურნალ-გაზეთებიდან, კითხვარებს ცნობილ სპორტულ მოვლენებზე… ყველაფერს ვაგროვებდით, რაც სპორტს ეხებოდა. იყო ერთი გაცვლა-გამოცვლა.

არც გოგოები ჩამოგვრჩებოდნენ. ისინი მომღერლების, მოდელების, მსახიობების ფოტოებს აგროვებდნენ. მათი დღიურები თანაკლასელებს შორის (და არამხოლოდ) ტრიალებდა მთელი წლის განმავლობაში.

 

თავისუფალი საუბრები გაკვეთილზე

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მხოლოდ პროგრამულ საკითხებზე არ იყვნენ ორიენტირებულნი, ჩვენი კლასი ნამდვილი სამოთხე იყო. ვარჩევდით მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სპორტულ თუ სახელოვნებო მოვლენებს. მახსოვს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გამართული დისკუსიები, 2004 წელს ნატოს ისტორიული გაფართოების თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის გარჩევებზე… პირადად მე დამქონდა დიდი შავი რადიო, რომელიც ერთადერთ ქართულ ტალღას – „რადიო იმედს“ იჭერდა. სწორედ მისი წყალობით 2005 წლის თებერვლის დასაწყისში პირველებმა გავიგეთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი და მთელ სკოლას ვაცნობეთ. თავდაპირველად არც კი დავიჯერეთ და ამბის დასაზუსტებლად ცხონებული „სერგოს მაღაზიაში“ გავიქეცით, სადაც ტელევიზორი ჰქონდათ…

ჩვენი კლასი მაშინ დროს უსწრებდა. ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიისა და დამრიგებლის გაკვეთილებზე ხშირად ვუხვევდით პროგრამულ საკითხებს და დღევანდელი გაგებით არაფორმალურ განათლებაში ვეშვებოდით.

 

შეცდომები

ცხადია, ჩემი კლასი არ ყოფილა იდეალური. არ გვაკლდა სტერეოტიპები, ბულინგი (მასწავლებლების თუ თანაკლასელების), ტიპური კლანური დაჯგუფებები…

ახლა, როცა თავს ვუყრი ამ მოგონებებს, უფრო მკაფიოდ ვხედავ მაშინდელ შეცდომებს. მაშინ, ცხადია, ვერც კი ვამჩნევდით, ან ინფორმაცია არც გვქონდა.

ალბათ, სწორედ ინფორმაციისა და გამოცდილების უქონლობის გამო ვერ შევძელით თანაკლასელის დაცვა მასწავლებლის აგრესიისგან ან პირიქით, მასწავლებლის დაცვა თანაკლასელისგან.

მაშინ რომ „ჭკუა მქონოდა“, როგორც უფროსებს გვჩვევია თქმა, ნაკლებ გაკვეთილს გავაცდენდი და მეტს ვიმეცადინებდი. დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მეცხრე კლასის შემდეგ გამოჩენილ გულგრილობას და უყურადღებობას.

არ ვიცი, რამდენად საინტერესოდ მოვახერხე, მომეთხრო თქვენთვის ჰერული ამბები სოფლის უბრალო სკოლიდან.

ყველა ჩვენგანის გულშია მოწაფეობის ფერგაუმკრთალი ეპიზოდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“