სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გოგოების ამბები-დიალექტური კორპუსის დიალექტიკა

არსებობენ დაწერილი და დასაწერი წიგნები. დაწერილი და დასაწერი მოთხრობებიც არსებობენ. დაუწერელი პროზაც არსებობს და ცხოვრებაც, რომელიც ყველა დრამაზე მეტი დრამაა, ყველა აღწერილ ტკივილზე მეტი ტკივილი. არსებობენ ადამიანი – მოთხრობები, ადამიანი–ისტორიები, ამბები, რომელთა მოყოლა ხომ ძნელია და დაჯერება – კიდევ უფრო ძნელი, ამბები, რომელთა თხრობისას ტავტოლოგიისა არ გეშინია და სულ გინდა იმეორო: ადამიანი, ადამიანი, ადამიანი, ადამიანი….

დიალექტურ კორპუსზე უკვე მისაუბრია თქვენთან, ამბების ამ ზარდახშაზე, რომელსაც თავს ფრთხილად ახსნი და როგორც ბებიების ძველი, სამზითვო სკივრებიდან, ჯერ ნესტის სუნი ამოვა, მერე დიდი ხნის განმავლობაში შენახული, იმქვეყნად გასამგზავრებლად გამზადებული  ლაკის ფეხსაცმლის, მერე ძველებური ფერუმარილის, ფოტოების, გაზეთების, ხაბაკ–ხუბაკის, სანელებლების და რა ვიცი, კიდევ რისი… კიდევ? კიდევ დარდი ამოფრინდება, ტკივილი გამოჟონავს, ძალიან ნაცნობი და, რაც მთავარია, მარად  განმეორებადი.

ჰოდა, ერთი პატარა გოგოს ამბავი უნდა მოგითხროთ.  

ის დიალექტური კორპუსის ერთ–ერთი მთქმელია, მთხრობელი, სწორედაც რომ მთხრობელია და არა ზეპირი ავტორი თავისი ცხოვრების ისტორიისა. 

სამწუხაროდ, ქალები დღესაც კი ვერ არიან საკუთარი ცხოვრების ტექსტის ავტორები – შექმნისა და ინტერპრეტაციის თავისუფლებით.

პატარა რა, პატარა ამ ამბის დასაწყისშია, ისევე როგორც, ჩვენ ვიყავით ჩვენი ცხოვრების ამბის დასაწყისში – პატარები.

მეოთხე შვილი იყო, სამი ძმის ნაბოლარა და, როგორც თვითონ ამბობს ნანინანატრი, მაგრამ არ ეღირსა მის ბედნიერ დედას გოგონას გაზრდა, გარდაიცვალა.

მერე კლასიკური ისტორია იწყება, ქართული ზღაპრების ცნობილი სიუჟეტი – დედინაცვალი, რომელსაც გერი დიდად არ ეხატება გულზე.

„იმ ცოლმა რაღაცა, დედინაცვალი ხო იცი, კარგად ვერ დაგვინახა და სკოლაში საშუალება არ მამცა რო მესწავლა, წესიერად. მეშვიდე კლასამდე ვიარე. შვიდი დავამთავრე ე.ი. მაგრამ წესიერად ვერ დავამთავრე. მოსწავლეები მოდიოდნენ ჩემთან სახლში, სკოლაში წყარო არ იყო ხოლმე. მამაჩემი შეხვდებოდა ტკბილად: მოდი, შვილო, მოდი, გენაცვალეთ მოდით. ეე ჩემი დედინაცვალი აბრუტული დაჲყურებდათ. მემრე მეტყოდა, იმათ რო გაისტუმრებდათ: აბრძანდი დილით ადრე, წყაროც მაიტანე, ჩითარაანთ წყაროჲდან უნდა მემეტანა კოკით”…

ჰოდა, გადააყოლეს სახლის საქმეებს სწავლას და კითხვას დანატრული მოზარდი, სახლსაც უვლიდა, წყაროზეც დადიოდა, პირუტყვსაც პატრონობდა და გაკვეთილების სწავლას კი ვერ ასწრებდა. როცა ღამით დაკარგული დროის ანაზღაურებას და მეცადინეობას ცდილობდა, მამა ეჩხუბებოდა,  შე ღმერთგამწყრალო, როდემდე უნდა კითხულობდეო. 

ვერც დღისით ისწავლა, ვერც ღამე, წიგნის კითხვისთვის დროს არ უტოვებდნენ. იქნებ უდედმამო ბავშვთა პანსიონში მაინც გაგზავნოთო, ურჩიეს მამას, ნიჭიერია, ისწავლისო, მაგრამ არ გაგზავნეს. გოგოა, სად უნდა გავგზავნოო – მამამ.

მოკლედ, დარჩა ეს ჩვენი გმირი განათლების გარეშე.

დედინაცვალმა ვიღაც ბიჭი მოუძებნა, იქით  უგზავნა შუამავლები, ოღონდაც წაიყვანონო და 16 წლისა უკითხავად გაათხოვა.

„ქა, საამისო მე რა მქონდა ქა. დედაჩემ მაგრე უნდოდა ჩემი თავი გაზრდა? ჰოდა აგრე დამნიშნა ჩემმა ქმარმა. ქმარმა როგო დამნიშნა? ჯერა ქმარს არ დაუნახივარ, არც მე მიყვარდა, არც იმაჲ, რაც ხან დანიშნულები ვიყავით – ათი თვე, ჩვენ ერთიმეორეჲ უმძრახებივით ვიყავით, არ დავლაპარიკებივართ. მაშინ მეშვიდმეტეში ვიყავი. ჩვენები დამინახავენ, ნუ მელაპარაკებიო. გვერძე არ გამყვებოდა და გვერძე არ გავყვებოდი. ეგრე ვიყავით, როგორც სხვები. მე კიდე ვიჯექ და სუ ვტიროდი…”

აი, ასე უსურვილოდ და ნაძალადევად გაათხოვეს, ათ თვეში ბიჭი ეყოლა, სამი კვირისა ჰყავდა ჩვილი, როცა ქმარი ომში გაიწვიეს. წავიდა და აღარც დაბრუნებულა.

დარჩა მარტო, შვილის ანაბარად, ქმრის ოჯახში.

ოჯახიც არის და ოჯახიც, ბევრი ქვრივის ისტორია მსმენია და წამიკითხავს, ქმრის მშობლები შეიყვარებენ ხოლმე, როგორც საკუთარ შვილს, ბავშვებს დააზრდევინებენ, ცივ ნიავს არ აკარებენ, უფრთხილდებიან, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავი იყო, ერთი სიტყვა, ერთი ზმნა ააშკარავებს მისი ქვრივობის მთელს სიმძიმეს:

„ცხრა წელიწადი ვიმსახურე იმათ ოჯახში”.

ვიმსახურეო, გესმით? კი არ ვიცხოვრეო, კი არ ვიარსებეო, კი არ ვიყავიო, ვიმსახურეო გარდაცვლილი ქმრის ოჯახში. ქმარი – უსიყვარულოდ, ქვრივობა და მორჩილება, ცხოვრება კი არა, ბედის მოსამსახურეობაა, მეტი არც არაფერი.

„ომში ვიყავით მშივრები, ტიტლიკანები, ჩემი დედამთილი იგეთი იყო რო, მე და ჩემი მაზლი ვშრომობდით, გვიწერამდნენ პურსა, იმაჲ კიდე უჩუმრად გაიქონდ… ღვინო, არაყსა ყიდულობდა. და ჩვენ კიდე მშივრები ვიყავით”.

წავიდოდა სამუშაოდ, იმუშავებდა, დაიღლებოდა, მოშივდებოდა, საგზალი არაფერი ჰქონდა, დაჯდებოდა და ტიროდა. თუ სხვები მიაწვდიდნენ, გაინაზებოდა, ვითომ არ უნდოდა, ვითომ სულაც არ შიოდა.

„იქიდან მაწვდიდნენ, აქედან მაწვდიდნენ, შეიძლება ჩემი ცარიელი პურით დავკმაყოფილიყავი თითო-თითო ნაჭერ ხვეწნით თუ ავიღებდი, მერიდებოდა, მრცხვენოდა. მე უქონელი ვიყავი, არაფერი მქონდა, მეშოკი კაბაც კი მცმია.”…
ასეთი ისტორიები მრავლადაა დიალექტურ კორპუსში, ქალების ტკივილიანი ისტორიები – ზოგი  სულ პატარა, თითქმის ბავშვი გაათხოვეს, უკან გამოქცეული მიაბრუნეს, ზოგიერთს სკოლაში სიარულის უფლება არ მისცეს, ზოგი უსახლკაროდ დატოვეს, ზოგსაც ხან მამა, ხანაც ქმარი, ზოგჯერ კი მეზობელიც ჩაგრავდა, გასაქანს არ აძლევდა…

ჰოდა, დრო კი შეიცვალა, მაგრამ თურმე ამბები იგივე დარჩა, ბოლო თვეების სტატისტიკა მოწმობს ამას.

  ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, ყველას აღმოფხვრა ძნელი, ზოგჯერ შეუძლებელიცაა, მაგრამ მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი როლის თამაში ჩვენ, მასწავლებლებსაც შეგვიძლია, უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსწავლეებს – ლამაზ, ნიჭიერ, მხიარულ და მშვიდ, დაფიქრებულ და მეოცნებე გოგოებს, რომ უზარმაზარია მათი ძალა, რომელიც განათლებასა და დამოუკიდებლობაშია, რომ ისინი ყველაფრის შემძლეები არიან, რომ მათ უბრალოდ კი არ უნდა მოგვითხრონ, არამედ, უნდა შექმნან, თვითონ უნდა ააგონ საკუთარი ცხოვრების სიუჟეტური ქარგა, რომ ისინი თავად არიან საკუთარი თავგადასავლების ავტორები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“