ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

მხიარული ენათმეცნიერება(ამბავი I)

– ოო, მას, არ გვინდა გრამატიკა, ისევ ტომ სოიერზე ვილაპარაკოთ რაა!

– რა საჭიროა ეს ბრუნვები, სერიები და მწკრივები, როგორც ვლაპარაკობთ, ისე ვლაპარაკობთ!

– მას, ვერაფრით გავიგე, ეს ზმნა ასე რატომ უნდა დავწერო და საერთოდ, რა საჭიროა მართლწერა, პრობლემების მეტს რას აჩენს?

– გრამატიკა არა ისა!

– ოოო, ენის წიგნი სახლში დამრჩა, უფრო სწორად სახლში დავტოვე…

და ა.შ. და ა. შ.

ნაცნობობის პირველ დღეებში ასეთი წუწუნი ხშირად მესმოდა. ჩემი მოსწავლეების უკმაყოფილო გამომეტყველებამ თუ საუბარმა მიმახვედრა, რომ გრამატიკის და, საზოგადოდ, ენათმეცნიერების პრესტიჟის აღსადგენად საფუძვლიანი მუშაობა, საინტერესო და, რაც მთავარია, მხიარული იდეები დამჭირდებოდა.

როგორ გავაგებინო მათ, რომ გულივერის მოგზაურობაზე არანაკლებ საინტერესო გზა გაიარა ენამ, ვიდრე ზმნის პირებს განარჩევდა, ვიდრე რიცხვს გამოხატავდა, ვიდრე ერთი სიტყვიდან რამდენიმეს აწარმოებდა, ვიდრე ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა და თავის სახელს დაარქმევდა?

ჩემი ძვირფასი მასწავლებლების ლექციებიდან, ცნობილი მეცნიერების ნაშრომებიდან უამრავი მნიშვნელოვანი რამ მახსენდებოდა: რომ ენა მსოფლხედვაა, რომ ენა ყოფიერების სახლია, რომ ყველანი ჩვენი ენის მიერ დადგენილი წესებით ვცხოვრობთ, რომ… რომ… რომ…

მაგრამ, ვინაიდან საქმე მეხუთეკლასელებთან მაქვს, არცერთი ეს თეზა თუ დეფინიცია არ გამომადგება, რამე უფრო მხიარული და ინტერაქტიული უნდა დავგეგმო.

მაშ, ასე, ჩვენი მხიარული ენათმეცნიერების გაკვეთილები:

1. გამოგონილ სიტყვათა ლექსიკონი

იმ დღეს ენათა წარმოშობაზე ვესაუბრე, უფრო სწორად, ყველაზე საინტერესო ამბებს მოვუყევი, განსაკუთრებით – იმის შესახებ, როგორ ცდილობდნენ ადამიანები, ენის წარმოშობის საიდუმლო ამოეცნოთ, ზოგჯერ – მეტისმეტად მარტივი და ბავშვური „ექსპერიმენტებით”. ადამიანთა ცნობისმოყვარეობა ენობრივი საკითხებისადმი ძალიან ადრე, მითოლოგიასა თუ რელიგიური წარმოდგენებში ჩანს; ის, რაც სხვადასხვა ღმერთსა თუ ნახევარღმერთს მიეწერება, ის, რაც მითისა თუ მითოლოგიური ციკლის მთავარი თემაა, ანუ მატერიის შექმნა და შემდეგ მისი სახელდება, ჩვენ საკლასო ოთახში ვცადეთ.

როგორ? ახლავე გეტყვით.

საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარშემო არსებულ მრავალ საგანს უბრალოდ არ აქვს სახელი, განსაზღვრებისა თუ დაკონკრეტებისთვის სხვა სიტყვას იყენებს. მაგალითად, ბოთლის საცობი, ჩანთის სახელური, სკამის საზურგე… ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, მათთვის სახელები გვებოძებინა, გამოგვეგონებინა. მერე უკვე არსებული სახელების გადარქმევაც გავბედეთ. შედეგად გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლეს ჰქონდა თავისი პირადი ლექსიკონი.

გგონიათ, მხოლოდ ლექსიკონის შედგენით ვიყავით გართული? მანამდე სიტყვის წარმოქმნის სხვადასხვა გზაზე ვისაუბრეთ, მოტივირებულ და არამოტივირებულ ნიშნებზე, ენის წარმოშობის ძველბერძნულ თეორიებზე, ცოტა ფუტკრების ენასაც მოვუსმინეთ, გავიგეთ ერთი და იმავე სიტყვის ჟღერადობა სხვადასხვა ენაზე. ბოლოს ფონოსემანტიკის საკითხებსაც შევეხეთ. ეგ როგორ? ახლავე მოგახსენებთ.

გახსოვთ „ტაკეტე” და „მალუმას” ცნობილი ექსპერიმენტი? ცდისპირებს შესთავაზეს ორი ფიგურა, რომელთაგანაც ერთს მომრგვალებული ფორმები ჰქონდა, მეორეს – კუთხოვანი და სთხოვეს, ორი პირობითი სახელწოდება, „ტაკეტე” და „მალუმა”, ამ ორ ფიგურაზე გაენაწილებინათ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ მომრგვალებულფორმებიან ფიგურას სახელი „მალუმა” მიაკუთვნა, ხოლო კუთხოვანს – „ტაკეტე”. ამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განურჩევლად იმისა, როგორია კავშირი ენობრივ ნიშანში აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, როგორ ნიშანთან გვაქვს საქმე, ბგერები მაინც ატარებენ გარკვეულ შინაარსს. სწორედ ამ, ბგერათა ამოხსნად შინაარსებს სწავლობს ფონოსემანტიკა.

რატომ მოვყევი ამ ამბებს?

ჩემი მოსწავლეების მიერ თითქოს შემთხვევით მოფიქრებული არარსებული სიტყვები ზედმიწევნით იმეორებენ ფონოსემანტიკის იმ წესს, რომელიც ბგერებს გარკვეული თვისებების მიხედვით ხსნის.

მეტიც – როდესაც მათ საგნებს ახალი სახელები მოარგეს ან არარსებული საგნები თან დახატეს და თან დაასათაურეს, ყველა მივხვდით, რომ სიტყვათა შინაარსები მათ გარეგნულ, ბგერით ფორმებში ზოგჯერ საგრძნობლად, ზოგჯერ – ძნელად შესამჩნევად, მაგრამ მაინც აუცილებლად გამოიხატება.

ადამიანები, მით უფრო – ბავშვები, ინტუიციისა თუ შეგრძნებების დონეზე ბევრ საინტერესო ლინგვისტურ ინფორმაციას ფლობენ.

დაელოდეთ შემდეგ ბლოგებს, ჩვენი სახალისო ლინგვისტური ექსპერიმენტების შესახებ კიდევ მოგიყვებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“