სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დაკარგულები

მილან  კუნდერას “შეუცნობელი” დიდი, კოლექტიური სიზმრის შესახებ დაწერილი რომანია. ეს არის სრულიად უსუსური ნოსტალგია, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და რომელიც ჩაკეტილი დროითი თუ სივრცითი საზღვრების გამო იწყებს არსებობას. ემიგრანტები კი დგანან რომელიღაც მიწაზე დაძენძილი, მორყეული დროშებივით და ვერ გადაუწყვეტიათ, იფრიალონ თუ საკუთარი გარეგნობის შესაბამისი მოკრძალება გამოიჩინონ. 

ეს სულაც დაკარგული ადამიანების შესახებ დაწერილი წიგნია. “სად მიდიან ნივთები დაკარგვის შემდეგ?”– ერთხელ დედაჩემს ვკითხე და იმან – “სხვა ადამიანებთან”. მე ძალიან მეწყინა, როცა წარმოვიდგინე რომ არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩემი გაუჩინარებული ბარბი სხვისი ბატონ– პატრონობის გარეშე, არამარიონეტული ცხოვრებით იცხოვრებდა. ზუსტად ასევე ეგოისტურად იქცევიან ჩვენი სამშობლოები: მარტივად გვიშვებენ და საბოლოოდ, მაინც ძნელად გვთმობენ. 

სად მიდიან ადამიანები დაკარგვის შემდეგ?– იქ, სადაც, კიდევ უფრო უიმედოდ იკარგებიან. აი, ირენა, აი, იოზეფი. აი, ჩეხეთიდან ემიგრირებული ორი დაკარგული. ერთი– საფრანგეთში. მეორე– დანიაში. ისინი დგანან ჟიურის წინაშე: ლმობიერი ჟიური (“მის მსოფლიოს” ანალოგი) პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ირენა ღირსია, ფრანგებმა შეიყვარონ, იოზეფის სიყვარული კი დანიელების მოვალეობაა. 

ჩვენ ყველას გვაქვს მოვალეობები. ჩვენ მოვალენი ვართ, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლოები მისი სიმცირის ან პირიქით– უზარმაზარობის გამო, გვიყვარდეს ისინი, როგორც პირქუში მონუმენტები ან პირიქით– როგორც ცოცხალი და თბილი ორგანიზმები. ხანდახან, მოვალენი ვართ არც გვიყვარდეს, რადგან ადამიანები ისე მონდომებით ცდილობენ, დაგვიმსგავსონ, შემოგვტენონ პოლიტიკური რეჟიმები თავიანთი საყვარელი ბელადებით, მერე ამ ბელადებმა ბევრი ილაპარაკონ სოციალურ პრობლემებზე, ტელევიზიებმა სიუჟეტები კვერცხის შეწვის სისწრაფით აკეთონ, სოციალური ქსელები “ივენთებით” გადაჭრელდეს და სხვისი გაჭირვების სანახავად მიგვიწვიონ. ჩვენ ვნახოთ სხვისი “ჭირი”, ვიყოთ ბრძენნი და გულუხვნი. მერე დავივიწყოთ. მეხსიერება მოკლეა და ძალიან ჰგავს გრძელთმიან, ჭკუამოკლე ტურფას, რომელიც ერთი კვირით მოგხიბლავს, რომელიც ერთი კვირით გაინტერესებს, რომლის სიყვარული სავალდებულო არ არის, რადგან იცი: შენ არ იქნები შეუცვლელი. 

ეპიზოდი, როცა ჩეხეთში დაბრუნებული ირენა (რომელმაც უკვე კარგად იცის, რომ ფრანგი სილვისთვის საინტერესო აღარ არის, რადგან ემიგრანტის სტატუსი გარეშე ადამიანები ხანდახან მომხიბვლელობას კარგავენ) ადგილობრივ ნაცნობებს ფრანგულ ღვინოზე პატიჟებს, ისინი კი ჯიუტად აცხადებენ უარს და ჩეხურ ლუდს მიირთმევენ, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების თვისება, დაკარგული ნივთები ჩვეულ ფორმაში დააბრუნონ, ბარბის ისევ ძველი კაბა ჩააცვან. ირენა უცხოა. ლუდნასვამიც მაინც უცხოა. უცხოა, რადგან ვერ გადაუწყვეტია, ლუდი უფრო უყვარს თუ ღვინო, შესაბამისად “მათ (ფრანგებმა) თავი მოტყუებულად ჩათვალეს, იფიქრეს, რომ შეცდნენ. მეც მოტყუებულად ვიგრძენი თავი, რადგან მეგონა, რომ მათ ჩემი ტანჯვის გამო კი არა, პიროვნების გამო ვუყვარდი”. ჩეხეთი საკუთრივ ცდილობს, ემიგრაციის ოცი წელი მოჰკვეთოს. და აი, ამპუტირებულ ირენას ხვდება იოზეფი. დანიიდან ჩამოსული ჩეხი ემიგრანტი.

მშიშარა იოზეფი. ის ვერ იბრუნებს სახლს, რადგან არ უნდა. და არ უნდა, რადგან უკან გაუცხოების ოცი წელი უდგას. ის საყვარელ ნახატსაც ვერ იბრუნებს, როგორც თავისი დანიური სახლიდან და ეპოქიდან უკვე ამოვარდნილ დეტალს. მისი მეხსიერება ვიწროა. არაპოპულარული პროფესიის მქონე ვეტერინარ იოზეფს რომ ჰკითხოთ, ძაღლების მოვლა ოჯახისადმი პროტესტის გამო გადაწყვიტა. თუმცა, როცა ძველ სიტყვებს ახსენებენ (“ექიმობას სნეულების ინტერესის გამო ირჩევენ, ხოლო ვეტერინარები ცხოველების სიყვარულის გამო ხდებიან”), თავადვე უკვირს. დიახ, მისი მეხსიერება მოკლეა, რადგან აღარ ახსოვს შეგრძნებები. აღარ ახსოვს ძველი სასიყვარულო ისტორიაც ყურმოჭრილი გმირით, მილადათი. ეს მოჭრილი ყური მილადას იოზეფის თვალწინ არ აუფრიალებია, არა იმიტომ, რომ სილამაზის დაკარგვის ეუხერხულებოდა, მე მგონია, “სიყვარულისთვის ყურმოჭრილის” სტატუსი ბევრად უფრო ნაკლებად ხიბლავდა. იოზეფს აღარ ახსოვს ირენაც, რადგან შიშმა მეხსიერება ისე ოსტატურად გადაფარა, როგორც დუმფარები ფარავენ ტბის ზედაპირს. 

საბოლოოდ, ორი ემიგრანტიც უცხოა ერთმანეთისთვის. მათი სიზმრების კოლექტივიზმი კი ოდესმე მომაბეზრებელი გახდება ორივესთვის, რადგან მაშინ, როცა თავისუფალი ხარ და შენს სამშობლოში ისე მარტივად შეგიძლია, შეაბიჯო, როგორც ნაცნობ ბარში, შენი მეგობრები კი მეორე ნაცნობი ბარიდან გირეკავდნენ და მისვლას გთხოვდნენ, შენი ნებაა, მესამე ნაცნობ ბარში ამოჰყო თავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“