სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თავგატეხილასთან, გამოქვაბულში

თქვენი არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყველაზე მძაფრი ამბები ბავშვობაში ხდება, თავგადასავლებიც უფრო ბუნებრივი, შეუნიღბავი და ადამიანურია. ოღონდ ეგაა, დამახსოვრება უნდა შეძლო.

ერთი ასეთი ამბავი დიდი ხნის წინ, გასულ საუკუნეში მომხდარა სიღნაღში. ხმა გავარდა, ბიჭები დაიკარგნენო. პატარა ქალაქი იყო და ყველამ შეიტყო, ყველა გამოვიდა დაკარგულების საძებრად. ბიჭებიც პატარები იყვნენ, იმ ასაკში, როცა ადვილად შეიძლება მოიხიბლო წაკითხულ-გაგონილი ზღაპრული თავგადასავლებით, ამან წაგაქეზოს და შენც სცადო მსგავსი რამ – ერთფეროვანი გარემოსგან თავის დასაღწევად. 

შემდეგ ეს ამბავი რომანის ფურცლებზეც შეიძლება მოხვდეს, ისეთი რომანისა, რომლის მსგავსიც იშვიათად იწერება.

მოდით, ერთად გავიხსენოთ –

როგორ ხვდებიან ფარნაოზი და ინო დარიაჩანგის ბაღში ერთმანეთს, როგორ აუყვებიან ხრიოკ, ბუჩქნარებით მოფენილ ფერდობს, მღვიმეს გადააწყდებიან და ჩქარი სიარულისგან დაღლილები და გაოფლილები, დასვენებას გადაწყვეტენ.

მერე მღვიმე დააინტერესებთ, შეიხედავენ და იქიდან რომელიღაც ფრინველი გამოიჭრება გარეთ ფართხაფურთხით. „მღვიმის სული გამოფრინდაო” – სრული სერიოზულობით იტყვის ფარნაოზი.

ორივეს მოეწონებათ მღვიმე, შეთანხმდებიან, რომ აქ სიამოვნებით იცხოვრებენ და შეუდგებიან იქაურობის დასუფთავებას. ქვა-ღორღს გამოზიდავენ, იატაკს მოასწორებენ, გამოგვიან და მერე გარეთ, ხველებ-ხველებით გამოცვენილები დიდხანს უცქერენ, როგორ გამოდის მღვიმიდან წითელი მტვერი და თავის ბუნაგს მომხვდურებს უთმობს.

ესეც მათი პირველი განზრახვისა და სითამამის თავშესაფარი. ოღონდ რაც გაქცევამდე არ არსებობდა – შიმშილი, წყურვილი და ხიფათები – გაქცევის შემდეგ, გამოქვაბულში ერთიანად წამოყოფს თავს: სადღაც ტურები ახარხარდებიან, განგებ დაგორებული თუ თავისით მომწყდარი ქვა დიდხანს მოხტუნავს ფერდობზე, სანამ ხევში ჩაინთქმება. 

ერთი სიტყვით, ღამეა, ჩამობნელდა, ჩამოცხა, დუმილი გაურკვეველი, საიდუმლო ხმებით გაივსო, ცაზე ვარსკვლავები აჩახჩახდნენ. ინო და ფარნაოზი ტყუპებივით მიხუტებიან ერთმანეთს. „აი, ის ვარსკვლავი შენთვის მიჩუქნია!” – ამბობს ფარნაოზი და ინო თვალს ვეღარ აშორებს დიდ, ლურჯ ვარსკვლავს. იქამდე უყურებს, სანამ თვალები არ აებლანდება, მერე გაიღიმებს და საჩუქარს გულში ჩაიკრავს. გული უცნაურად დაუმძიმდება. ინოს უკვირს, რას იფიქრებდა, თუ ეს ციმციმა ნაპერწკალი ასე მძიმე იქნებოდა, სუნთქვას შეუკრავდა და წვეტიანი ქიმებით გულის კედლებს ჩაუკაწრავდა.

…ერთი კვირის მერე აზმუვლებული ნახირი ჩამოივლის სოფელში. ქვაფენილზე ჩლიქების ფხაჭუნისა და ზანზალაკების ყურისწამღები ხმა რომ მიწყნარდება, ნახირის მწყემსები იტყვიან, გამოქვაბულში ბავშვებს მოვკარით თვალიო. მერე ის მოხდება, რომ ვანელები შიმშილისგან დაოსებულ, გამოქვაბულის კუთხეში მიყრილ ინოს და ფარნაოზს მოულოდნელად დაადგებიან თავზე, დაიჭერენ და ყველას დასანახად ჩამოატარებენ ქალაქში.

 

ეს ეპიზოდი ოთარ ჭილაძის რომანიდან „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ბევრს გვახსოვს, მაგრამ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომ მსგავსი ამბავი გასულ საუკუნეში მართლა მოხდა სიღნაღში (მშობლიური სიღნაღი მოგვიანებით ოთარ ჭილაძის კიდევ ორ რომანში დაიდებს ბინას – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” და „მარტის მამალი”). 

თამაზ ჭილაძე თავის წიგნში – „ოთართან ერთად” მოგვითხრობს:

„ერთ დღეს სიღნაღში ხმა გავარდა, ბიჭები დაიკარგნენო – ანუ ოთარი და მის მიერ ფანტასტიკური სათავგადასავლო ამბებით მონუსხული ერთ-ერთი მისი კლასელი, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს… მთელი ქალაქი ეძებდა დაკარგულ ბიჭებს, ისინი „თავგატეხილას” ქვევით (განთქმული წყაროა სიღნაღში), კლდეში გამოჭრილ გამოქვაბულში იყვნენ შეყუჟულები. ეტყობა შესცივნოდათ და ცეცხლი დაენთოთ. ვიღაც მგზავრს კვამლი შეენიშნა…

ამ ცეცხლს დიდი ხნის მერე ფარნაოზი დაანთებს ოთარის პირველ რომანში…”

ეს ჩანაწერი, გარდა იმისა, რომ ერთ საინტერესო ფრაგმენტს გვაცნობს ოთარ ჭილაძის ბავშვობიდან, მის ლიტერატურულ ვერსიაზეც გვაძლევს ინფორმაციას. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის „ცეცხლის დანთებაა”, რომელიც იქამდეა ერთი კაცის ბიოგრაფიის ნაწილი, სანამ დიდი მწერლის ხელში მოხვედრილი, მის წარმოსახვაში ამოვლებული მარადიულ სიცოცხლეს არ შეიძენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“