ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

Galaktion.ge ანუ გალაკტიონი – ჩემი ვირტუალური მეგობარი

ნეტავ ბევრი იყოს ისეთი კითხვა, რომელზეც „კის” ან „არას” უპასუხებ…
ნეტავ შეიძლებოდეს, ზოგიერთ კითხვას უპასუხო უბრალოდ „იმიტომ!”
მერე რა, რომ ეს ბავშვობისდროინდელ თამაშს დაემსგავსება, ასეთ თამაშს:

– რატომ აიღე ჩემი კალამი?
– იმიტომ.
– რატომ იმიტომ?
– იმიტომ იმიტომ.
– რატომ იმიტომ იმიტომ?
და ა.შ.

ასეთივე პასუხს გავცემდი კითხვაზე, რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში პოეზია. იმიტომ! აი ასე! ხოლო თუ კიდევ რამის თქმას მაიძულებდნენ, დავამატებდი:  „იმიტომ, რომ აუცილებელია”.

მეხუთე კლასის ლიტერატურის პროგრამაში პოეზიას ცალკე თემატური თვე დავუთმე. ჯერ, საზოგადოდ, პოეზიის არსსა და წარმოშობაზე, დანიშნულებასა და ისტორიაზე ვესაუბრე – რომ პირველად იყო სიმღერა და რომ ზეპირად, ბაგიდან სმენაში და სმენიდან ბაგესა და მეხსიერებაში გადადიოდა პოეზია…

შემდეგ რელიგიასთან მის სიახლოვეზე ვისაუბრეთ, ძველეგვიპტურ და ძველბაბილონურ საღმრთო ჰიმნებზე… ძველ ბერძენ აედებზე, ორფეოსის მითზე, ანტიკური ხანის ყველაზე დიდ უსინათლო გენიოსსა და მის პოემებზე.
გრძელი სიტყვა რომ არ გამომივიდეს, მოკლედ გეტყვით, რომ მეხუთე გაკვეთილის ბოლოს ქართულ ჰიმნოგრაფიამდეც მივაღწიეთ და მერე თანდათან შოთა რუსთაველის სამყაროსაც გავუთამამდით, ისე, მსუბუქად, თორემ რუსთველის გენიალური პოემის რამდენიმე თავი ამ წლის პროგრამაში ისედაცაა. როგორ ვაპირებ, რთული და გენიალური ტექსტი მარტივად და გენიალურად მივაწოდო, ამაზე მოგვიანებით, სხვა წერილში მოგიყვებით.

თანდათან პოეზიის ჟანრებსა და ფორმებზე გადავედი, რითმიანი ლექსები განვიხილეთ, რიტმიც, საზომიც… მერე – ვერლიბრი. ჩვენც ვცადეთ სხვადასხვანაირი ლექსების დაწერა. გვარიანად ვიმხიარულეთ, მართალი გითხრათ. 
რასაკვირველია, მულტიმედიური მასალები გამოვიყენეთ, პოეტების ხმის ჩანაწერები, ცნობილ პოეტურ ტექსტებზე დაწერილი სიმღერები, ილუსტრირებული პოეტური კრებულები, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები… ნაწილი ამ მასალისა მე მოვამზადე, ზოგიც ბავშვებმა მოიძიეს.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა (ქართული ზღაპრებისა არ იყოს), მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის გენიოსს – გალაკტიონ ტაბიძესაც მივადექით.

როდესაც ვიკითხე, იცით თუ არა, ვინ არის-მეთქი გალაკტიონი, ყველამ ერთხმად მიპასუხა, რომ მათი და მათი მშობლების საყვარელი პოეტია. გამიხარდა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა… მაგრამ სულ რამდენიმე წუთში მივხვდი, რომ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო, რადგან პოეტის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, არც მათ და, როგორც აღმოჩნდა, არც მათმა მშობლებმა. საქართველოში რამდენიმე სხვა ტრადიციასთან ერთად ერთიც არსებობს: როდესაც გკითხავენ, ვინ არის შენი საყვარელი პოეტი, უნდა უპასუხო: გალაქტიონი. დიახ, სწორედ ასე.
მე კი მგონია, რომ სიყვარული გააზრებული უნდა იყოს, უნდა იცოდე, ვინ რატომ, რა დამსახურებისა და მიზეზების გამო გიყვარს. ჰოდა, გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის გალაკტიონ ტაბიძე გამეცნო.

17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა ქართველ მკითხველს უდიდესი საჩუქარი უძღვნა: ეს არის შესანიშნავი საიტი https://galaktion.ge, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის არქივს, ნაწარმოებებს, ხელნაწერებს, ფოტოებს, დღიურს, ჩანაწერებს და სხვა მასალას მოიცავს.

გარდა ლიტერატურული მნიშვნელობისა, ეს საიტი ძალიან კარგი რესურსია სკოლებისთვის – გალაკტიონ ტაბიძის პოეზია ხომ როგორც დაბალი, ისე მაღალი კლასების ქართული ლიტერატურის პროგრამაში უხვად შედის.

სწორედ ამ საიტის დახმარებით დავგეგმე მოგზაურობა გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, ყველა ის მასალა, რაც ცალ-ცალკე უნდა მეგროვებინა, გადამეწერა, გადამექსეროქსებინა, წიგნებში მეძებნა და ა.შ., ამ შესანიშნავი რესურსის წყალობით თვალწინ, საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე მქონდა, ამიტომაც უამრავი საინტერესო რამე მოვიფიქრე.

ფეისბუქომანია სჭირთ ჩემს საყვარელ მეხუთეკლასელებს, მათთვის რეალურად მხოლოდ ის არსებობს, ვინც სოციალურ ქსელშია. მათი ეს დამოკიდებულებაც მშვენივრად გამოვიყენე. წარმოიდგინეთ, რომ გალაკტიონ ტაბიძე თქვენთან ერთად არის-მეთქი სოციალურ ქსელში; თქვენ მეგობრობის მოთხოვნა გაუგზავნეთ, ისიც დაგთანხმდათ, ჰოდა, შეგიძლიათ, მის ცხოვრებას ანუ, განათლებულის ენით რომ ვთქვათ, თაიმლაინს თვალი ადევნოთ-მეთქი… galaktion.ge-ზე პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები სწორედ ასე, ერთ ჰორიზონტალურ, დროით ხაზზეა განლაგებული… ჰოდა, როგორც რომელიმე „ფრენდის” კედელი გამცნობთ, რომ ამა და ამ რიცხვში თქვენმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა ან უნივერსიტეტი დაამთავრა, ასევე შეიძლება ადევნოთ თვალი გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასაც, წარმოდგინოთ, რომ ის თქვენი თანამედროვეა, სოციალურ ქსელებსაც სტუმრობს და საკუთარ აზრებსაც სტატუსებად გიზიარებთ… 

(მომდევნო წერილში მოგიყვებით, რა და როგორ ვიპოვეთ, როგორ გავაცოცხლეთ და შემოვიყვანეთ ჩვენი ვირტუალურ-რეალური მეგობარი, გალაკტიონ ტაბიძე, ჩვენი სკოლის ერთ პატარა კლასში).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“