სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელი სოფლის სკოლისა

არ მახსოვს, არ მოვსწრებივარ, ის კი არა, მგონი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. არც მისი ფოტო მინახავს. ახლა მიკვირს, რატომ არ მოვინდომე, მაშინ, როცა ასეთი რამეები – ძველი სურათებისა და ხელნაწერების თვალიერება – მიტაცებს ხოლმე. სურვილიც არ გამჩენია, მის შესახებ იმაზე მეტი გამეგო, ვიდრე ისე, ყურმოკვრით ვიცოდი.

ალიოშა ბოხუა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა დედაჩემს ურთის სკოლაში. ესეც მაშინ გავიგე, როცა არდადეგებზე დედულეთში ჩასულმა, საოჯახო ბიბლიოთეკის ერთბაშად გადაკითხვის შემდეგ, სხვა, ახალი, წაუკითხავი წიგნები მოვინდომე და ასეთი შინ არ ჰქონდათ. მერე ბაბუაჩემი ადგა, ხელი მომკიდა და უკანა ეზო გადავჭერით. შუკაში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ. ერთი პირობა ვიფიქრე, ამათში გავერევი და ბაბუაც მოისვენებს-მეთქი, მაგრამ გულმა არ გამიწია, თან შევატყვე, დიდად არ ეხალისებოდათ უცხო ტიპის შემომატება. 

ჭიშკარს მივადექით. დაძახილზე მოხდენილი ორსართულიანი სახლიდან ხანშიშესული ქალი და პატარა ბიჭი გამოვიდნენ. ბაბუა თბილად მიესალმა, მოიკითხა, ჩემი ამბავიც უთხრა. „ათუნია, მოთა ქუმორჭიშაფუ”, მიუგო სახეგაბადრულმა ქალმა, მეც მომესწრო შვილიშვილიო, ესეც დააყოლა, მერე თავზე ხელი გადამისვა და ეზოში შეგვიძღვა. 

წიგნებით გადაძეძგილ თაროს რომ გავხედე, გული ჩამითბა – აი, დაახლოებით ის განცდა იყო, შუქის მოსვლისას რომ გვეუფლებიდა, როცა „დენდის” ჩავრთავდით და მოუწყინრად შეგვეძლო მარიო და ტანკები გვეტარებინა ეკრანზე.

ოთხი წიგნი ამოვარჩიე. ორი ბაბუას მოჰქონდა, ორს მე ვფურცლავდი გზაში. მაშინ პირველად ვნახე ფაქსიმილე-ბეჭედი, რომელიც შიგადაშიგ, რამდენიმე გვერდზე იყო დასმული: „ალექსანდრე ბოხუას წიგნებიდან”, თუ არ ვცდები, ასე ეწერა. მანამდე სულ ბიბლიოთეკის ბეჭედდასმული წიგნები მახსოვდა და ახლა გამიკვირდა, გავბრაზდი კიდეც, როგორ შეეძლო ერთ უბრალო ადამიანს თავისი ბეჭედი ჰქონოდა.

ალიოშა ბოხუა რომ უბრალო კაცი არ იყო, ამას მერე მივხვდები, როცა მის ბიბლიოთეკაში სიარულს მოვუხშირებ, იქიდან წამოღებულ წიგნებს წავიკითხავ და მოგვიანებით, მისი წერილების რვეული ჩამივარდება ხელში.

ჩვენ შეღავათები გვიყვარს ხოლმე – ასაკის, სქესის, წარმომავლობის, გარემო პირობებისა და საერთოდ ბევრი რამის გამო. ამით თითქოს ვიმსუბუქებთ ცხოვრებასაც და სხვასაც ვასწავლით, თუ როგორი ლმობიერი და შემწყნარებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ყველაფერი ერთი საწყაოთი არ უნდა არწა, „მთელი რიგი ნიუანსები უნდა გაითვალისწინო”. 

ეს, გამოგიტყდებით, თავის მოტყუებაა, და ამისთვის ალიოშა ბოხუას მაგალითიც კმარა. სოფლის სკოლის მასწავლებლის მდიდრულ და იმ დროისთვის (გასული საუკუნის 80-იანი წლები) უაღრესად თანამედროვე ბიბლიოთეკაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისი წერილები გვიდასტურებს, რატომ არ გვჭირდება შეღავათი, როცა ნამდვილ განათლებაზე და მასწავლებელზე ვსაუბრობთ.

სოფლის სკოლის მასწავლებლობა ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, სოფელსაც გააჩნია, მაგრამ ბოლოს, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ერთ კაცს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი – ყველა პატივისცემით განაწყოს მისი პიროვნებისა და პროფესიის მიმართ, თაობებიც გაზარდოს და სოფელიც დააწინაუროს.

თითქოს რაღაცით ერთმანეთს გვანან სოფლის მღვდელი და სოფლის მასწავლებელი – თითოეული ოჯახის ლხინი და ჭირი, მწუხარება და სიხარული ახლობელია მათთვის, სახეზე ცნობენ დიდ-პატარას, დაბადების დღეებზეც ხშირად ხვდებიან და ქელეხის სუფრაზეც. სოფლის ყველა საქმეში თავიანთი წილი უდევთ. 

ალიოშა ბოხუას წერილებიდან კარგად ჩანს მისი მრავალმხრივი ინტერესები: მას თანაბარი ექსპრესიით შეუძლია გამოეხმაუროს თავისი სოფლის – ურთა – სახელის გარშემო დაწყებულ დისკუსიას რეგიონულ პრესაში; დაიწუნოს კონსტანტინე გამსახურდიას ახლადდადგმული ძეგლი ფალიაშვილის ქუჩაზე და ამის შესახებ თავისი მოსაზრება ღია წერილით აცნობოს მწერლის ვაჟსაც და იმდროინდელ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ გამოცემებს (ხშირად აღნიშნავს, ამ ბარათებს რედაქტორები არ მიბეჭდავენ, კი ბატონო, შეიძლება მკაცრი და კატეგორიული ვიყო, მაგრამ ჩემისთანა რიგითი მკითხველის აზრიც ხომ გასათვალისწინებელიაო); მიმართავს სარგის ცაიშვილს, – მამაშენის, სოლომონის დამსახურებაა ჩვენ რომ სკოლა და განათლება გვაქვს სოფელში, შენც მეამაყები, როგორც გამორჩეული რუსთველოლოგი და თხოვნაც მექნება: იქნებ რომელიმე ცნობილ კინორეჟისორთან ერთად შექმნა სცენარი და უხელმძღვანელო გადაღებას – დიდი ხნის წინ უნდა გვქონოდა ქართველებს ფილმი „ვეფხისტყაოსანზეო”; არც „დროშის” რედაქტორის შეწუხებას ერიდება, – თქვენს ჟურნალში წავიკითხე, რომ რაღაც პრეპარატი გამოსულა პაპიროსის წინააღმდეგ, მცირე დოზას მიიღებ, შემდეგ ნიკოტინით მოყირჭების გრძნობა გიჩნდება და თავს ანებებ წევასო. ოცდასამ წელზე მეტია ვცდილობ მივატოვო მოწევა, მაგრამ არაფერი გამომდის, იქნებ გვასწავლოთ, სად შეიძლება იმ პრეპარატის შეძენა, ვის უნდა მივმართოთო.      

 

…არ მახსოვს, არ მოვსწრებივარ, არც მისი ფოტო მინახავს, არადა თითქოს ძალზე ახლობელი და მშობლიური სახეა ჩემთვის. ერთადერთი ის მახსენდება, ალიოშა ბოხუას სახლიდან გამოსულებს, ვიღაც შუახნის კაცი რომ შეგვხვდა და როცა ჩვენი ამბავი შეიტყო, გვიჩურჩულა:

– ეტყობა მაგის ცოლმა ზევით არ აგიყვანათ, მთელი სხვენი და მეორე სართული დიდ ყუთებში ჩაყრილი წიგნებით და ჟურნალებითაა სავსე… ვინაა აწი მაგის წამკითხავი! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“