სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მესამე გზა

მე შენ მახსოვხარ!

ერთმანეთი ნაყინის მოლოდინში გავიცანით. გულღიად რომ ვთქვა, ამას გაცნობაც არ ეთქმოდა. მე ისეთი გაცნობისა მწამს, ერთი-ორ სიტყვას რომ გაცვლით და არც მომავალ გაბაასებაზე იქნებით მწყრალი აზრისა. ისიც მახსოვს, ხალხის რიგი მაცივართან იწყებოდა და გზის სავალ ნაწილამდე მოექნია კუდი. მაშინ მე და ნინიამ ჩვენი რიგი დაგითმეთ. „ალბათ ეს გოგონა ძალიან მოსწონს – მგონი, მისი კლასელი უნდა იყოს”, – გადავუჩურჩულე ნინიას და მიბრძანდით-მეთქი, ხელით განიშნე. მართალია, თავაზიანი მადლობა არ გადაგიხდია, მაგრამ არა უშავს – შეყვარებულ კაცს ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი მაინც ეპატიება. ჯიბიდან უკანასკნელი ხურდა ამოიფხიკე და შოკოლადის ნაყინის ორ-ორი ბურთულა იყიდე. შენი ზურგჩანთა შენზე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ოჯახის წევრი, მეგობარი ან მასწავლებელი მომიყვებოდნენ. თავისი სიმსუქნითა და მოყვანილობით იმაზე მიამბობდა, რომ სხვანაირი ვინმე ხარ, სხვანაირი რაღაც-რაღაცები გადარდიანებს, სხვანაირი ინტერესებისა გწამს…
ეს იყო და ეს – ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით, თქვენ თქვენსას გაუყევით. აბა, როგორ?! თუმცა წეღან ვიცრუე, როცა ვთქვი, ამას გაცნობა არ ეთქმოდა-მეთქი. ჩემნაირი ცნობისმოყვარე და ეჭვიანი ადამიანები, კისრები რომ ჟირაფისოდენაზე აქვთ წაგრძელებული, გამვლელებს რომ შეხედავენ, მათზე ჩუმ-ჩუმად არაკებს თხზავენ და გინდაც ეს არაკები ყურით მოთრეული სიცრუე იყოს, მაინც სახარებისეულ ჭეშმარიტებად გვეჩვენება.

მოკლედა ვთქვათ:

შენ თამაზი უნდა გერქვას. ნაცნობ-მეგობრებში თაზოდ უნდა იწოდებოდე. ერთი ეგაა, კარის მეზობელს ვერ გადააჩვიე „თამაზას” ძახილი. ფიზიკა გაინტერესებს, სურვილი გჭამს, შიგნეულს გიდნობს, ისე გინდა, ფიზიკა დედაბუდიანად ისწავლო, მაგრამ შენც არ მომიკვდე, სადაა სამართალი – შინ გეუბნებიან, რომ სამი გზა გაქვს: იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები ან სიკვდილი. შენს ასაკში მოკვდინება ვერაა მთლად გადასარევი არჩევანი. დანარჩენ ორს კიდევ აიტანს კაცი. 

არადა ვმასხარაობ – იურიდიულზეც ვაპირებდი ჩაბარებას და საერთაშორისო ურთიერთობებზე, საერთოდაც, ვსწავლობდი, სანამ ზურაბ დავითაშვილმა, პოლიტიკურ გეოგრაფიას რომ მიჭედავდა ტვინში, გადამსვლელი ქულა არ დამაკლო. ვინ იცის, მისი ვალიდან კუბოს ფიცრამდე ვერ ამოვიდე. 

ფიზიკაზე კი დორბლი გდის, მაგრამ თავგადასავლებიც გიყვარს – თავისუფლება გწყურია. ჰოდა, რაკიღა ერთმანეთს უკვე ვიცნობთ, ერთი თავგადასავლების მოყვარული კაცი მინდა გაგახსენო.

ჰენრი უოლტონ ჯონსი ერქვა, ოღონდ უმცროსი. მამა მკაცრი ჰყავდა, სანამ სიტყვის თქმის უფლებას მისცემდა ჯერ ათამდე დაათვლევინებდა ხოლმე, ხან – ძველბერძნულად, ხან – ლათინურად. ჯერ კიდევ მოწაფეობისას პირველი თავგადასავალი გადაიხდინა – გველებით სავსე სკივრში ამოყო თავი, მერე კი ლომის მოსასვენებელში აღმოჩნდა და მისი მოთვინიერებისას ნიკაპზე დაჩნეული იარა დღემდე ეტყობა. მართალია, იმ დღეს დამარცხდა, მაგრამ მოწაფეობისას დასახულ მიზანს წლების შემდეგ მაინც მიაღწია. 

ჰენრის თავგადასავლების ძიებისას ქუდის, მათრახის, ტყავის ქურთუკის, რევოლვერისა და მოლესკინის ბლოკნოტის ტარება უყვარდა. ხან რას ეძებდა, ხან – რას. ჯერ იყო და, დაკარგული კიდობნის საძიებლად გაემართა, მერე შანკარას ქვების დასაბრუნებლად გასწია, მოგვიანებით წმინდა გრაალის აღმოჩენა განიზრახა, ბოლოს კი ალმასის თავის ქალა იპოვა. ამ ხნის განმავლობაში ადოლფ ჰიტლერსაც გამოართვა ავტოგრაფი, გველებით სავსე აკლდამაშიც აღმოჩნდა, კინაღამ გულიც ამოაცალა ქალღმერთ კალის მიმდევარმა და ასე… თავგდასავალიც ამას ჰქვია, არა?!

შენი არ იყოს, საკუთარი სახელი ჰენრისაც გვარიანად სძაგდა, ამიტომაც მე და შენ მას სხვანაირად ვიცნობთ – ინდიანა ჯონსს ვეძახით. თუ ამ კაცის განვლილ გზას კარგად დააკვირდები, დაინახავ, რომ მთელი მისი ცხოვრება მამასთან ჭიდილია, ხიდჩატეხილობა, წინააღმდეგობა. თუმცა, სხვა ბევრისგან განსხვავებით, ინდიანამ თითქმის არაფერში დაუჯერა მამას და მაინც მოახერხა, ჰენრი უოლტონ ჯონს უფროსს მისით ეამაყა.

შენც აჯანყდი, ოღონდ ზომიერად. პირველ რიგში, საკუთარ თავს აუჯანყდი. იქამდე აუფრინე ყვავებს, სადამდეც ფრენას შეძლებენ. მარტომ იარე ფეხით, რათა კარგად გააანალიზო, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში. იმოგზაურე იმდენი, რამდენიც შეგიძლია. საძინებელში გაიკარი მათი პლაკატები, ვინც ყველაზე დიდ პიროვნებებად მიგაჩნია. ძალა მოიკრიბე და თქვი, რომ სწორედ ის პირსინგიანი გოგო მოგწონს და არა ის, მამიდაშენს რომ მეზობლის პანაშვიდზე მოეწონა. მშობლებს აუხსენი, რომ ფიზიკოსობა გინდა და არა იურისტობა; რომ თუკი სხვა პროფესიას აირჩევ, შენი მომავალი ნაძალადევი და მოსაწყენი იქნება.

ახლა, ამ წერილის წერას რომ მოვრჩები, სამსახურის – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების – საქმეებს უნდა მივხედო. შენ კი, თაზო, ბევრი დრო გაქვს მოსაფიქრებლად. რისი სწავლაც არ უნდა გადაწყვიტო, ჩვენზე უკეთ მაინც ვერავინ გასწავლის – გინდ ფიზიკოსობა აირჩიე და გინდ იურისტობა. მე მაინც მგონია, რომ მიზანთან ერთად მთავარი პროცესიცაა და თუ პროცესი დიდ სიამოვნებას ვერ განიჭებს, არც გვირგვინის დადგმის ცერემონია იქნება საკადრისად სასიამოვნო. 

მე ამაზე ბევრი მიფიქრია:

როცა ჩვეულებრივმა ადამიანებმა მოახერხეს, რომ საქართველოდან ახალ ზელანდიაში თითქმის უფასოდ, ულიმიტოდ, გამოსახულების თანხლებით შეგვიძლია საუბარი; როცა შვეიცარიაში დიდ ადრონულ კოლაიდერს ამუშავებენ; როცა სალმან რუშდი მორიგ შესანიშნავ რომანს წერს; როცა აკადემიები განიხილავენ, რომელ მოკვდავებს მიანიჭონ ნობელის პრემიები თუ ოსკარები – რას ვაკეთებ მე ამ დროს. დაფიქრდი შენც.
თუ რამეა, ჩვენ აქ ვართ, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“