ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

თავისუფლება როგორც ქვეყნის ძირითადი ფუნქცია

გონების მომწამვლელ ვირუსთა კატეგორიას (რომლებიც სკოლაშიც აღწევს) მიეკუთვნება მითი იმპერიაში ცხოვრების უპირატესობებზე, კეთილდღეობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ გვღირსებია. ამ ვირუსის გავლენა ჩემს თაობაზეც დიდია, ტვინის უჯრედების ინფიცირების სერიოზული უნარი აქვს და ძირითადად რამდენიმე ისეთ სტერეოტიპულ არგუმენტზე დაყრდნობით ვრცელდება, როგორიცაა უკეთესი ეკონომიკა, მაღალი ზნეობრიობა, თვითმფრინავის ბილეთების ხელმისაწვდომობა კონკრეტული მიმართულებით და ა. შ.

თუ ამ მომწამვლელი ვირუსის გავლენას განვიცდით, უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც პირველ რიგში უნდა მოვიმოქმედოთ მისგან გასათავისუფლებლად, არის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე ჩვენეული მცდარი წარმოდგენის გადაფასება. არ არსებობს იმაზე მძლავრი ანტივირუსი, ვიდრე სწორად აღქმული თავისუფლების იდეაა. თავისუფლების სწორად გაგება კი სულაც არ არის მტრის ხატის შექმნით დასაწყები; ეს ცოდნა თავისუფლების არსში გარკვევის შემდეგ ბუნებრივად მოდის.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წიწამურთან ილიას ესროლეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო კაცი, რომლის ყოველი საზოგადოებრივი აქტივობა ემსახურებოდა ერთ მიზანს – ჩაკლული ეროვნული ცნობიერების გაცოცხლებას. სკოლაში გაკვეთილების მარტო წარმართვის არავითარი გამოცდილება არ მქონდა, როცა გადავწყვიტე, დავყრდნობოდი ყველაზე ძლიერ კაცს მათ შორის, ვინც კი ჩვენს ისტორიას ახსოვს და ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე გაეხსენებინათ, რა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა 1907 წელს. ნაწილს აღმოაჩნდა პასუხი და მითხრა, რომ ეს ილიას მკვლელობის წელი იყო.

დიახ, ნაწილობრივ მართალია, თუ დავუშვებთ, რომ სიკვდილი შეიძლება მოერიოს კაცს, რომელმაც გაუგონარი რამ ჩაიდინა და მკვდარმაც განაგრძო თავისი საქმის კეთება. ამიტომ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ტყვია ჩემს მოსაკლავადაა საკმარისი, მაგრამ ილიასნაირებს ის ვერ კლავს. იმიტომ, რომ იდეას ხორცი არ გააჩნია. ილია კი იდეაა. ეს არც იმ ხალხს ჰქონდა გააზრებული, ვინც საგურამოდან გამოსულ კაცს მკვლელები ჩაუსაფრა და ეგონა, მისი ფიზიკური განადგურებით ყველაფერს დაამთავრებდა. არადა, ეს სიკვდილი ეძღვნებოდა თავისუფლების დაბადებას. გავა წლები და საქართველო რესპუბლიკა გახდება; სამიოდე წელიწადში დაკარგული დამოუკიდებლობისა და 70-წლიანი ტკივილის მიუხედავად, თავის თავში არ ჩაკლავს იდეას, რომელიც ეროვნული მოძრაობის საფუძველი გახდება და სხივივით გამოანათებს იმ ლოზუნგებსა და ტრანსპარანტებში, თავისუფლებისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს რომ უჭირავთ ხელში. შეიძლება ითქვას, რომ ილია თავისი სიკვდილიდან რამდენიმე ათეული წლის თავზე მიაღწევს მიზანს.

ტექსტის წასაკითხად თუ ანბანის ცოდნაა საკმარისი, ქვეტექსტის წასაკითხად ეს უნარი არ კმარა. ჩვენი ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი ტექსტები გვიყვება ამბებს, რომლებსაც ერთი ქვეტექსტი აქვს: რომ დიდი ხნის წინ თავისუფლება ჩვენი არჩევანი იყო და ამ არჩევანის დასაცავად იმდენი სისხლი ვღვარეთ, ბოლოს ის ვალდებულებად გვექცა. ჩვენი ერის მოვალეობა და ძირითადი ფუნქციაა, იყოს თავისუფალი. მაშ, როგორ შეიძლება, ფუნქციადაკარგულ მდგომარეობაში თავს კარგად გრძნობდე? ამიტომაცაა, რომ მათ მიმართ, ვინც თან საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას განიცდის და თან თავის პატრიოტულ გრძნობებზე გველაპარაკება, უნდობლობა გვიჩნდება. საბჭოთა კავშირი და შენი ქვეყნის სიყვარული სასწორის ორ პინაზე მოსათავსებელი სიმძიმეებია და შენ იმისკენ ხარ, რომელიც გადაწონის. შეუძლებელია, ილიასკენაც იყო, იმ ხალხისკენაც, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა თავისუფლებისთვის ბრძოლას და იმისკენაც, ვინც შენი თავისუფლების წინააღმდეგია.

ისტორიული მეხსიერება უაღრესად საჭირო და გამოსადეგი რამ არის, 26 მაისის დილა კი მით უფრო ლამაზია, რაც უფრო მეტი ბავშვისგან იღებ მოლოცვას, რომელშიც უფროსები უდიერად არ ერევიან: „თორე აგვაშენა ახლა დამოუკიდებლობამ!“ არადა, სკოლას ხშირად უწევს ამ არასწორად ფორმირებულ ცნობიერებასთან გამკლავება. მათი წინდაწინ შექმნილი წარმოდგენების გაბათილებას იმ მოცემულობით ვიწყებ, რომელსაც გადამოწმება არ სჭირდება: რომ ერი თავისუფალი უნდა იყოს. ჩვენი ფუნქციაა, თავისუფლები ვიყოთ, თავისუფლებისთვის ბრძოლა კი – პირდაპირი მოვალეობაა. ათასი რამის გამო შეიძლება დაგმო საბჭოთა იმპერია, მაგრამ ხშირად, უფრო საინტერესო და ბავშვებისთვის გასაგები რომ ყოფილიყო, მაგალითი სპორტიდანაც მომიყვანია.

1981 წელს თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო. ამ უდიდესი წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ თბილისელთა გუნდის მთავარშემოქმედი და ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, დავით ყიფიანი, ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. რატომ? ძნელი არ არის, ამ კითხვას პასუხი მოუძებნო. დათო ყიფიანს თამაშს ნამდვილად ვერ დაუწუნებდნენ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში კი არა, ვარსკვლავებით გადაჭედილ ნებისმიერ გუნდში იპოვიდა თავის ადგილს. მიზეზი ის იყო, რომ არ სურდათ, კარიერის პიკზე მყოფ ქართველ ათიანს ნაკრების სხვა წევრები დაეჩრდილა. მერე ამას ათასგვარი ფსევდომიზეზი უპოვეს – თითქოს ტრავმა ჰქონდა და თამაში არ შეეძლო. სიმართლე კი ის არის, რომ გულაცრუებულმა, იმავე წელს, 31 წლის ასაკში დაანება თავი ფეხბურთის თამაშს ისე, რომ გამოსათხოვარი მატჩიც არ გაუმართავს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, როცა იმპერია ბოროტად სარგებლობდა თავისი შესაძლებლობით, წაერთმია ჩვენთვის სცენა. არადა, ყიფიანი თავისი საქმის ხელოვანი იყო და ამ სცენაზე თავის წარმოსაჩენად მხოლოდ ბურთი სჭირდებოდა.

იტყვიან: ოცდაათი წელია დამოუკიდებლები ვართ და განა წინათ უკეთესი ფეხბურთელები არ გვყავდაო?

გვყავდა, როგორ არა, მაგრამ საბჭოთა კავშირის ნაკრების წარმატება არასდროს აღქმულა საქართველოს წარმატებად, ეს ყოველთვის რუსულ აქტივში ჩაწერილი ქულები იყო, დღეს კი ჩვენი მარცხი ნამდვილად ჩვენია, რომლის გამოსასწორებლადაც ბევრი მუშაობაა საჭირო. და ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენი მარცხი სხვის გამარჯვებას სჯობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი