სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პროგრამები ქართულის ონლაინ სწავლა-სწავლებისთვის

უცხოური ენის შესასწავლი ონლაინ აპლიკაციები, სახელმძღვანელოები და პროგრამები ყოველთვის გვხიბლავს სახალისო, შემეცნებითი, საინტერესო შინაარსებითა და აქტივობებით. ნაკლებად განებივრებულები ვართ მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლებისას ხელმისაწვდომი ონლაინ რესურსებით, თუმცა საგანმანათლებლო რესურსები, რომელთა გამოყენება და ადაპტირებაც შეგვიძლია, არსებობს.

გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ ხორავასთან.

ის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების პროცესში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების გამოცდილებას გაგვიზიარებს:

თამარ, რა უპირატესობები აქვს ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებასა და მშობლიური ენის შესასწავლად ადაპტირებას?

ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამებით ჯერ კიდევ ე.წ. საგანგებო დაშორებული სწავლების საჭიროებამდე დავინტერესდი. მოგეხსენებათ, ახლანდელი ახალგზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში რა როლი და მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს. როდესაც თავად ვსწავლობდი უცხო ენას, მასწავლებელი ხშირად  იყენებდა ხოლმე ონლაინ რესურსებს. სწავლების პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო ხდებოდა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე კი შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ პროგრამებით წარმართული გაკვეთილების განმავლობაში მაღალია ჩართულობისა და კონცენტრირების ხარისხი, მოსწავლისთვის ცხადი და თვალსაჩინოა შესასრულებელი დავალებებიც და შესრულების ხარისხიც. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს რთულია მოსწავლის მიერ მიღებული ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში აღბეჭდვა. ეკრანიდან მიღებულ ცნობებს უმეტესობა მხოლოდ მოკლე ხნით იმახსოვრებს. მოცემული ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამები განსხვავებულ მიდგომას იყენებს და მოსწავლეები ამ რისკისგანაც დაცულნი არიან.

სწავლების რა ეტაპზე იყენებთ ხოლმე იმ პროგრამებს, რომლებსაც გვიზიარებთ?

მათ ვიყენებ როგორც ახალი მასალის მიწოდებისთვის, ასევე განვლილი მასალის შესაჯამებლად.

საკუთრივ პროგრამების შესახებ – დეტალურად:

პირველი პროგრამა, რომელიც ძალიან მეხმარება სწავლების პროცესში, არის „Google Jamboard”. ეს არის ინტერაქციული ონლაინ დაფა. ის საშუალებას იძლევა  ერთ გვერდზე ერთდროულად იმუშაოს როგორც მთელმა კლასმა, ისე რამდენიმე მოსწავლემ ან მოსწავლემ და მასწავლებელმა. მასწავლებელს საშუალება აქვს დააკვირდეს მოსწავლის მიერ დავალების შესრულების პროცესს, გაჰყვეს მის მსჯელობას. ოცი გვერდი (მაქსიმალური რაოდენობაა) სავსებით საკმარისია ერთი გაკვეთილისთვის. პროგრამა შეგვიძლია გავაზიაროთ სხვადასხა პლატფორმის საშუალებით, როგორებიცაა “Microsoft Teams”, “Zoom” ან “Google Meet”, რა დროსაც მოსწავლეები შეძლებენ ერთდროულად მსჯელობასაც და ონლაინ დაფაზე მოცემული დავალების შესრულებასაც.

ჯამბორდის მოხმარების წესებისა და მახასიათებლების შესახებ აღარ გავაგრძელებ საუბარს, რადგან ინტერნეტში საკმაო მასალა მოიპოვება ამასთან დაკავშირებით. (მართალია, ქართულად არ იძებნება, მაგრამ ინგლისურად და რუსულად უხვადაა როგორც სტატიები, ისე ონლაინ გაკვეთილები.

მინდა გიჩვენოთ ჯამბორდით მუშაობის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც შევადგინე „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას, რათა მოსწავლეებს გაადვილებოდათ პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობის ამოცნობა. ხშირად მოსწავლეთა ლექსიკა იმდენად მწირია, რომ პერსონაჟთა დახასიათებისას შემოიფარგლებიან მხოლოდ ორი სიტყვით _ კარგი და ცუდი, კეთილი – ბოროტი… მოცემული დავალებები ეხმარება მოსწავლეს შეივსოს ლექსიკური მარაგი.თავდაპირველად ვაწოდებ მოსწავლეებს სიტყვებს, რომელთა ნაწილსაც ამავე გაკვეთილზე გამოიყენებენ პერსონაჟთა დასახასიათებლად. შესაძლოა, რომელიმე უცხო იყოს მათთვის, ამ შემთხვევაში ინტუიციით ან თანაკლასელის დახმარებით დააჯგუფებენ სინონიმებს.

ჩემთვის, ამ კონკრეტულ გაკვეთილზე, მნიშვნელოვანი იყო განესხვავებინათ ერთმანეთისაგან თვისება და სულიერი მდგომარეობა. სხვაობის უკეთ აღსაქმელად ერთი ძირისაგან ნაწარმოები სიტყვები შევარჩიე.

ლექსიკური მარაგის გაცნობის შემდეგ მნიშვნელოვანია სწორად ესმოდეთ მათი მნიშვნელობა. ამაში შემდეგ გვერდებზე მუშაობა გვეხმარება:

აქ ვთხოვ მოსწავლეებს შეუსაბამონ განმარტებებს ორი ერთმანეთის სინონიმი (ცისფერი და ვარდისფერი რიგიდან)

ამის შემდეგ ვთხოვ, მოცემულ მონაკვეთებს შეუსაბამონ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი:

ბოლო ეტაპზე მოწავლეებმა თვითონ უნდა მიუწერონ რა სულიერი მდგომარეობა ჩანს მოცემულ მონაკვეთებში( რასაკვირველია, ამ გაკვეთილზე განხილული მასალის საფუძველზე):

ბოლოში დავურთე პასუხები, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონოდათ მოგვიანებით გადაეხედათ მასალისთვის და შეემოწმებინათ თავიანთი ცოდნა.

ონლაინ გაკვეთილის დრო შეზღუდულია. მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რა დრო დასჭირდებათ მოსწავლეებს ამ აქტივობისთვის…

მოცემული დავალების შესრულებას გაკვეთილზე დახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. რამდენიმე ასეთი გაკვეთილი და მოსწავლეები მსჯელობისას, თემების წერისას უკვე იყენებენ ახალ ცოდნას.

რა დრო დასჭირდება მსგავსი გაკვეთილის მოსამზადებლად მასწავლებელს?

როგორც ნებისმიერი გაკვეთილის მომზადება, ესეც საკმაო დროს მოითხოვს. მაგრამ თუ მასალა მზად გაქვთ, მისი პროგრამაში გადატანა 1 საათზე მეტ დროს არ წაგართმევთ. სამაგიეროდ, საინტერესო და ნაყოფიერ გაკვეთილს მიიღებთ.

სხვა რესურსებზეც გვიამბეთ…

კიდევ ერთი, მოსწავლეების საყვარელი საგანმანათლებლო პლატფორმა არის „Kahoot”, რომელიც არის ინტერაქციული თამაში. პირადად მე მას ძირითადად გრამატიკის გაკვეთილებზე ან თემის შეჯამებისას ვიყენებ.ასევე ხშირად მივმართავ მას მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად. ყოველთვის ხალისით მიმდინარეობს გაკვეთილი, რომელზეც კაჰუტს ვიყენებ. ალბათ, იმიტომ, რომ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და ყველა იბრძვის გამარჯვებისთვის. ეკრანზე ვაზიარებ შეკითხვას, მოსწავლეებს ვთავაზობ ოთხ სავარაუდო პასუხს, რომელთაგან სწორი უნდა შეარჩიონ შეზღუდულ დროში. თუკი გაკვეთილს „კაჰუტით“ დაიწყებთ, მოსწავლეთა ჩართულობა გარანტირებულია.

 

ზემოთ განხილული პროგრამების გამოყენების ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

და ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს ძვირფას კოლეგებს ნაყოფიერ, წარმატებულ, საინტერესო და შემოქმედებით წელს ვუსურვებ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“