სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პერსონაჟების სასაფლაო

აპარაცია რომ შემეძლოს, აქ უფრო ხშირად მოვხვდებოდი. ტკაც – და შენს სოფელში ხარ. ტკაც – და იქაური ნოემბერი სახეში შემოგაბოლებს. ღუმლის ათასობით მილი ერთდროულად რომ გააბოლოს. სულ ცოცხალი იქნება. ჩაუდგები კვალში, ფოთლებს დაგიმიზნებს და სუსხს: ეგ არის მაგისი იარაღი, თავი სასტიკ ვინმედ მოაქვს და ყველანაირად ეცდება, აგაფორიაქოს. უკვე რამდენი ხანია, დეკემბერს ბაძავს. რით ვერ გაიზარდა. მე კი თხელი ქურთუკი მაცვია და მის ნერვებზე ვთამაშობ. დრესკოდი თუ არ დაიცავი, გაშმაგდება და თვალწინ ყველა ფოთოლს ერთად აგიფრიალებს. რომელი ხარი მე მნახა. რომელი კატალონიაა კახეთი.

ერთადერთი, რაც აქ შეიცვალა, ის არის, რომ წყალს აღარ ყიდულობენ. მახსოვს, ზაფხულში ბავშვები ხეების ჩრდილში რიყის დასიცხული ქვებივით მივეყრებოდით, გვცხელოდა, გვცხელოდა. მაგრამ გასაგრილებელი წყალი ისეთივე მიუწვდომელი იყო, როგორც ზღვის რომელიმე, თუნდაც ქართული კურორტი. წყალი – მხოლოდ დასალევად. წყალი ძვირფასია. წყალი გამოიზოგეთ. წყლით ნუ ითამაშებთ. აკრძალული თამაშები დავივიწყეთ, სამაგიეროდ, უკეთესი გასართობი გამოვიგონეთ.

„გაფავიფიქცეფეთ, გოფოგიფიაფა პაფაპაფა მოფოდიფის!” – დავიყვირებდით და თუთიდან ისეთი სისწრაფით ჩამოვხტებოდით, ტოტებთან ერთად მუხლებსაც ჩამოვისხეპდით. თითქოს გოგია პაპა ქაჯურის გარეშე ვერ მიხვდებოდა ჩვენს ავ ზრახვებს თავისი თუთის მიმართ. მერე შტაბების მოწყობა დავიწყეთ და თეთრი და ალისფერი ვარდების ომიც. მწარედ მახსოვს: ვერაფრით შევაგნებინე ბიჭებს, რომ ჩემი ევალოტალისანდერობა სრულიად შეუძლებელი ამბავი იყო. ჯიუტად მჯეროდა: ჩემი სოფლის „ჯურღმულების” საეჭვო დეტალებს და გოგია პაპას ჯურღმულებზე უფრო ბნელი ულვაშის ყოველ მოძრაობაში დამალულ კიდევ უფრო საეჭვო დამნაშავურ თვისებებს აღმოვაჩენდი. ეს მე ვიყავი: კაბიანი კალე. დიახაც. „ჯურღმული” ღვინის ქარხანა აღმოჩნდა, სადაც ადამიანებს – არა, მხოლოდ და მხოლოდ ყურძენს წურავდნენ და გოგია პაპამაც ერთ დღესაც ულვაში მოიპარსა.

სინამდვილეში ესაა ბავშვობა: დაუსრულებელი და სასიამოვნო პლაგიატი. პერსონაჟების სიცოცხლეც ესაა. ბავშვებიც და პერსონაჟებიც წარმოუდგენელი ქურდები არიან, ბაცაცები. ერთნი მოპარული თამაშებით ერთობიან და მეორენი მოპარული სიცოცხლეებით ცხოვრობენ, მოპარული გარეგნობებით და მოპარული თვისებებით. ქურდობა კი არასდროს არის ისეთი დალოცვილი საქმე, როგორიც ამ ორ შემთხვევაში. ნაქურდალიც გოგია პაპას შავ, მსხვილ-მსხვილ თუთასავით ტკბილია.

მას შემდეგ უამრავი პერსონაჟი მომიკვდა. პანტაპუნტით მეხოცებოდნენ. მეხოცებოდნენ სამარშრუტო ტაქსებში, რადგან მოსაწყენი პეიზაჟების ცქერისას ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვიხსენებდი, მეხოცებოდნენ პლაჟზე, ქოლგების ქვეშ, რადგან სიმინდის გამყიდველი უფრო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე რომელიმე სერიოზული და „თავმოყვარე” გმირი, მეხოცებოდნენ ორიოდე ჭიქა ალკოჰოლის შემდეგ, რადგან ვერაფრით ვასწავლე ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება. სიკვდილი ისევე შეეძლოთ, როგორც ადამიანებს. და სიკვდილის დროს მღეროდნენ ნაწყვეტებს რომელიმე ეკრანიზებული რომანიდან. საკუთარი თავების შესახებ.

ალბათ, ალბერ კამიუზე უნდა ვწერდე რამეს, თემატურად სერიოზულს, დაბადების დღისადმი მიძღვნილს, ან ხარანაულზე და ვიმეორებდე, რომ „სისულელეა, ადამიანებს შენზე რომ უამბობ, ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე”. მე კი ჩემზე გიამბეთ, პერსონაჟების სასაფლაო გავაშენე და ჩაგიყვანეთ კახეთში, რომელიც ცოცხალია, რადგან მისი მეხსიერება უამრავი ჩემნაირის დიდ და ბედნიერ ბავშვობას ინახავს. თანაც, როცა კვალში ნოემბერი მომდევს, რომელიც მაინც ტკბილია, რაც არ უნდა ძლიერ აქეზებდეს დეკემბერი, მინდა ვკითხო ბიჭებს, ჩემს მეგობრებს, რომელთაგან არც ერთს არ დავაცადე კალეობა – ახსოვთ მაინც ის დრო, უწყლობის, უაიფონობის, უშუქობის, უკომპიუტერობის, ის დრო, რიყის ქვებივით რომ ვეყარეთ რომელიღაც ხის ჩრდილში მუხლებგადაყვლეფილები და გოგია პაპას ჩადენილ თუ ჩასადენ ავ საქმეებზე ვმსჯელობდით? ყველაფერი ხომ ნამდვილად იყო?!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“