ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

მშობლები, შვილები, მასწავლებლები

რამდენიმე მთავარი შეგრძნებაა ჩემთვის სკოლა – სიახლე, სიყვარული, აღმოჩენა, შიში და გულისტკენა. ჰო, გულისტკენა.

რამდენიმე წლის წინ, როცა მესამეკლასელმა სოფომ დისნეის ულამაზესი ანიმაციის – აი, ამ ანიმაციის: https://www.youtube.com/watch?v=1NsKokhM4EY – ნახვისას დაწერა, რომ მთვარეზე ავა, ოქროს მოაგროვებს, ჩამოიტანს და გადაადნობს, რასაკვირველია, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ნამდვილი გულისწყვეტა ბოლო წინადადებასთან მელოდა – მან, ამ პატარა, ვარდისფერლოყება არსებამ, ასეთი რამ თქვა: „როცა ამდენი ოქრო გვექნება, იქნებ დედამ ამდენი არ იმუშაოს და ჩემთვის ბლინების გამოსაცხობად მოიცალოს…”

მაშინ გადავწყვიტე, რომ როცა შვილი მეყოლებოდა, ყველა საქმეს მივატოვებდი და მხოლოდ მას დავუთმობდი ჩემს დროს.

ახლა ჩემი ბიჭი სამი წლის ხდება. უცნაური, უჭკვიანესი ბავშვია; წერს, კითხულობს და ანგარიშობს – არავის უსწავლებია. ძალიან მინდა, მასთან ვიყო, ვესაუბრო, ვეთამაშო, მაგრამ ძირითადად საღამოობით ვნახულობ, ძილის წინ, მისთვის პიჟამის ჩაცმისა და იავნანას სიმღერის სიამოვნებასღა ვჯერდები. იმიტომ, რომ ძალიან ძვირია გადასახადები, საკვები, ტანსაცმელი, წამლები…

რამდენიმე წლის წინ, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის” სწავლებისას, მწერლის მიერ დედის აღწერის ანალოგიით მოსწავლეებს თავიანთი დედების აღწერა ვთხოვე. გულისგასახეთქი შედეგი მივიღე – თითქმის ყველამ დაწერა, რომ საკუთარი დედებისა მხოლოდ გარეგნობა და თმის ფერი იცოდნენ; ხასიათსა და თვისებებზე ვერაფერი თქვეს. მაშინ კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ როცა შვილი მეყოლებოდა… ხომ გასაგებია, რა გადავწყვიტე? ახლა ჩემი შვილი სამი წლისა ხდება… დანარჩენი ხომ უკვე დავწერე?!

სწორედ იმ რამდენიმე წლის წინ მოსწავლეების ნაწერში ბევრ გულსატკენ რამეს ვპოულობდი, მათი მარტოობის, მშობლების მონატრების, ოჯახთან გაუცხოების, კონფლიქტების, ძალიან უბრალო და ერთი შეხედვით ადვილად ასასრულებელი, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც შეუძლებელი სურვილების შესახებ, ჰოდა, მაშინ ყოველდღე ვიძლეოდი დაპირებას, რომ მე უფრო მეტად მოვიცლიდი ჩემი შვილისთვის. ახლა ჩემი ბიჭი სამი წლის ხდება და თითქმის ვერც ერთი დაპირება ვერ ავასრულე.

– მას, დედა რვეულს თავზე გადამახევს!

– მას, ამ წიგნს ვერ ვიპოვი, დედას არ ეცლება.

– მას, როდის ვკითხო, სახლში არ იქნება.

და ა.შ. და ა.შ

როცა მესამეკლასელ ლაშას კვირის დღეების სახელწოდება ეშლება, როცა უამრავი მეხუთეკლასელი საუზმეს, სადილს და ვახშამს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ზმნის გვარსა თუ „ვეფხისტყაოსნის” პროლოგზე საუბარი ძალიან რთულდება.

– მე ჰიტლერი მიყვარს, – რამდენიმე წლის წინ მითხრა მეექვსეკლასელმა გიორგიმ.

– მიყვარს, იმიტომ რომ თავისი შვილები უყვარდა.

ჰოდა, დაიწყო და რა დაიწყო.

ამ ამბავზე ისე ვინერვიულე, მთლიანად შევცვალე სასკოლო პროგრამა, „ანა ფრანკი” წავაკითხე, იანუშ კორჩაკსა და წმინდა გრიგოლ ფერაძეზე მოვუყევი, ყველაზე გამბედავებს „ბიჭუნა ზოლიანი პიჟამით” ვაჩვენე. ერთი კვირის თავზე გიორგიმ აღიარა, რომ აღარ უყვარს ჰიტლერი, არც არასდროს ყვარებია… უბრალოდ, როცა სახლში ასეთ უცნაურ რამეებს ამბობს, ყურადღებას უფრო მეტად აქცევენ…

დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები ერთ რამეში – ჩვენი შვილების შფოთვის, ცუდი მოსწრების, ცუდი ნიშნების, ცუდი საქციელის, გაკვეთილის ჩაშლისა თუ მასწავლებლის გაბრაზების მცდელობები ყოველთვის თუ არა, ხშირად მაინც სითბოსა და ყურადღების ნაკლებობის ბრალია. ისინი ყოველდღიურად, ყოველ დილით თუ ყოველ საღამოს, გვეძებენ ჩვენ, მშობლებს – დაკარგულებს საკუთარ პრობლემებში, კომპიუტერის ეკრანებში, ტელევიზორსა თუ მოსაგვარებელ საქმეებში, ისე, როგორც პატარა გოგო ელი ეძებდა თავის ომში წასულ მამას ყველგან, ყველა საავადმყოფოში, მთელ ქალაქში.

ელი რაღამ გამახსენა?

ამას წინათ მე და ჩემი კოლეგა იმაზე ვსაუბრობდით, როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ომი – ვუთხრათ თუ დავუმალოთ (დამალვით კი არ დაიმალება ამ ჩვენს ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში…). ჰოდა, მაშინ გამახსენდა შესანიშნავი ქართველი მწერლის, სამწუხაროდ, ძალიან ადრე გარდაცვლილი ზაზა თვარაძის წიგნი „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა”.

„ადრე, ძალიან ადრე, მთელი ერთი წლის წინ, მამამ უცნაური ტანისამოსი ჩაიცვა, სახლიდან წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა.

ელენეს ვერ აეხსნა, რატომ აღარ ბრუნდებოდა მამა შინ. წასვლისას მან ყველანი გადაკოცნა და თქვა, მალე დავბრუნდებიო. მაგრამ დრო გადიოდა და მამა არსად ჩანდა”.

ელიმ მამის მოძებნა გადაწყვიტა და ასე დაიწყო მისი არაჩვეულებრივი მოგზაურობა. ათასი თავგადასავლისა და ხიფათის შემდეგ ელიმ მამა იპოვა…

ელიმ იპოვა, მაგრამ გვპოულობენ თუ არა ჩვენი შვილები ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებულებს, თუ უბრალოდ, სურათის ცივი ჩარჩოდან გამომზირალ სახეებს ვგავართ?

ხშირად დავუსვათ ეს კითხვა საკუთარ თავს, სანამ ჩვენი შვილების პრობლემებს სკოლას, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, ავტობუსის მძღოლს, შავ კატას თუ ცუდ ამინდს გადავაბრალებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“