სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როცა ბავშვს აცრის ეშინია

ბავშვებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება უწევთ, რომელთა გარეშეც კაცობრიობის რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

ნებისმიერი აცრა, რაკი ნემსს უკავშირდება და ჩვენ კი სწორედ ნემსით ვაშინებთ ხოლმე შვილებს, სტრესთანაა დაკავშირებული. ეს სტრესი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ზრდასრულობაშიც გაგვყვება ხოლმე და ალბათ გინახავთ, ჯანღონიანი ზრდასრული ქალი ან მამაკაცი ნემსის დანახვაზე როგორ კანკალებს. ეს ყველაფერი ხშირად „ჭკვიანად, თორემ ნემსს გაგიკეთებ!“ დამოკიდებულებას უკავშირდება.

ბავშვებისთვის ვაქცინაცია სტრესული, მაგრამ აუცილებელია. აუცილებელია, რადგან სერიოზული და ხშირად სასიკვდილო დაავადებებისგან იცავს ბავშვებს; სტრესული კი, ხშირად იმიტომაა, რომ მათი მშობლები განიცდიან აცრის ამბავს – არავის სურს შვილისთვის ტკივილის მიყენება.

ბავშვთა ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ პატარების შფოთვა ნემსის დანახვაზე, ხშირად მშობლის განცდების ბრალია. მშობლების ნაწილი კი, ცნობილი ფაქტია, ყველა აცრის წინ ძალიან ნერვიულობს. ვაქცინა ხშირად ოდნავ მტკივნეულია და ამის თავიდან აცილება წარმოუდგენელი ამბავია, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მასში მკვდარი ან ხელოვნური ვირუსი შეჰყავთ.

საკუთარი და შვილის სტრესის შესამცირებლად ფსიქოლოგები მშობლებს შემდეგი სახის რეკომენდაციებს აძლევენ:

 

გაარკვიეთ ყველაფერი ვაქცინაციაზე

ცოდნა და მზაობა გვეხმარება შიშისა და ეჭვის გადალახვაში. მანდატორული ვაქცინაციის დაწყებამდე, ურიგო არ იქნება, თუ მშობლები საკუთარ პედიატრთან დეტალურად განიხილავენ, რა სახის ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს მათ შვილს, როდის და რა უკუჩვენებები შეიძლება მოჰყვეს მას (ლაპარაკია მცირე რეაქციებზე). ამის შემდგომ მშობელს შეუძლია Google-ის მეშვეობით,~ მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სანდო საიტებზე მოიძიოს დეტალური ინფორმაცია მწარმოებელსა და  ვაქცინაციის პროცესზე, ასევე იმ სავარაუდო გართულებებზე, რომლებიც მათ პატარას შეიძლება ჰქონდეს აცრაზე უარის შემთხვევაში.

 

ჩაატარეთ საკუთარი კვლევა

ცხადია, არ იგულისხმება სამეცნიერო ნაშრომის დაწერა და ვაქცინის შემადგენლობის ლაბორატორიული კვლევა, მაგრამ ის, რომ სკეპტიკურად ხართ განწყობილი პრეპარატის მიმართ, დიდი ტრაგედია არაა. ეს კარგი სტიმული შეიძლება გახდეს საიმისოდ, რომ მშვენივრად გაერკვეთ კონკრეტული პრეპარატის რეპუტაციაში, მიიღოთ ინფორმაცია გვერდით მოვლენების, მოსალოდნელი გართულებების შესახებ და სულაც, არ გახდეთ დაუსაბუთებლად ანტივაქსერი, რომელმაც შესაძლოა აცრას დააბრალოს ის, რომ შვილმა თხილამურით სრიალისას ფეხი მოიტეხა.

The Centers for Disease Control and Prevention (CDC), the American Academy of Pediatrics (AAP), and KidsHealth.org – ეს საუკეთესო საიტებია თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად და გაცილებით სანდოა, ვიდრე რომელიმე თვითნასწავლი ექიმის დაწერილი ბლოგი ან ჩაწერილი ვლოგი.

სანდო რესურსების გადასამოწმებლად, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ HON Code ნიშანს. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია სანდო და მეცნიერულად გადამოწმებულია და რომელიმე ავტოფარეხში მოცალეობის ჟამს არავის დაუწერია.

ის, რომ რომელიმე დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ბავშვს ცრით, აღარ არსებობს, სწორედ იმიტომ არ არსებობს, რომ საყოველთაო აცრას ექვემდებარება. საკმარისია უარი ვთქვათ მასზე, ისევ მსოფლიო პანდემიის რისკის ქვეშ დავდგებით.

ბავშვების ვაქცინაცია იცავს როგორც თქვენს ჯანმრთელ შვილებს, ასევე იმ ბავშვებსაც, რომელთა ვაქცინაციაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაუშვებელია.

 

იყავით ეჭვიანი, მაგრამ მიიღეთ პასუხებიც

ჩამოწერეთ ყველა შეკითხვა, რაც ვაქცინაციაზე გაგიჩნდებათ და ამ სიით მიდით სანდო სპეციალისტთან, ვისაც საკუთარ და შვილის ჯანმრთელობას ანდობთ და არა გაურკვეველი პროფესიის „მცოდნესთან“, ვისაც, გაგიკვირდებათ და ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რას „უშავებს“ ვაქცინა ბავშვის ჯანმრთელობას.

ნუ მოგერიდებათ დასვათ ყველაზე უცნაური და ერთი შეხედვით სულელური შეკითხვაც კი. საკითხი საკუთარი შვილის ჯანმრთელობას ეხება და არავის აქვს უფლება ამაზე გაგაკრიტიკოთ. მთავარი აქ წყაროა, ვისგან მიიღებთ პასუხებს, რომელიც თქვენს ინფორმაციულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ვაქცინაცია. ყველაფერი გარკვევით უნდა ითქვას

ბავშვებმა არ იციან. რისთვისაა საჭირო ვაქცინაცია და ძალიან რთულია მათ აუხსნათ, რომ პრეპარატის გარეშე, მათი ცხოვრება შესაძლოა სრულიად დაინგრეს. უფროსებმა ვიცით, რომ ერთი ჩხვლეტის შემდეგ, ტკივილი ხანმოკლეა და უცებ გაივლის, მაგრამ თქვენი პატარა ჩხვლეტის შემდეგ შეიძლება ისტერიულ ტირილამდე მივიდეს. თუ მას აცრამდე ეტყვით, რომ ნემსის ჩხვლეტა უმტკივნეულო იქნება, მაგრამ შემდეგ მას ეტკინა, ამით ნდობას დაკარგავთ, რაც ძალიან ცუდი ამბავია ორივესთვის. როგორც წესი, ასეთ დროს, ბავშვის ყურადღების გადატანა ჩხვლეტიდან სხვა მომენტზე საუკეთესო გამოსავლად ითვლება. თუ 1 წლამდე ბავშვს ცრით, სასურველია, ეს მისი კვების პროცესში მოხდეს, თუ ბავშვი მოზრდილია, შესაძლოა ამ საქმეში სათამაშო, წიგნი, საყვარელი შოკოლადი დაგეხმაროთ, რადგან ყურადღების სხვა რამეზე კონცენტრაცია ჩხვლეტის მცირე, მაგრამ მაინც ტკივილის სწრაფად დაძლევაში დაეხმარება მას.

თქვენი შვილის ვაქცინაცია თქვენი აცრაცაა

ბავშვი არაცნობიერად გრძნობს მშობლის შფოთვას ვაქცინაციის წინ. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იყოთ მშვიდი და თავდაჯერებული. ბავშვები დიდ ყურადღებას აქცევენ დედ-მამის სხეულის ენას და არაფერი ეპარებათ ხოლმე. დანიშნეთ აცრის დღე მაშინ, როდესაც იქნებით მშვიდი.

აცრა ჩხვლეტით არ სრულდება

დააკვირდით შვილის რეაქციას აცრის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი. ზოგიერთ ვაქცინას მცირე გვერდითი ეფექტი აქვს, ესაა სურდო, მაღალი ტემპერატურა და აცრის ადგილის დაწითლება, რაც დისკომფორტია პატარისთვის. ექიმი ამ ყველაფერზე გაგაფრთხილებთ, ცხადია, მაგრამ მაინც წინასწარ იყავით მზად, რადგან ქაოსურ სიტუაციაში, შეიძლება თავიდან ამოგივარდეთ, რომელი დამხმარე პრეპარატის მიღება გირჩიეს.

რა შემთხვევაში არ ღირს ვაქცინაციის გაკეთება

თუ თქვენი შვილი ვაქცინაციის დღეს ოდნავ შეუძლოდაა, აქვს გრიპის ნიშნები, მომატებული ტემპერატურა, ჭირვეულობს, აჯობებს გადადოთ ვაქცინაციის პროცესი. ყველაფერი უნდა შეთანხმდეს ექიმთან და არ ღირს მორიდების გამო რაიმეს დამალვა.

რა უნდა გააკეთოთ აუცილებლად

ყველანაირი მცირე გართულების შემთხვევაშიც კი, არ უნდა იმოქმედოთ თვითნებურად და აუცილებლად უნდა დაურეკოთ პედიატრს და არა რომელიმე „ფეისბუკსპეციალისტს“, რათა რეკომენდაცია სანდო პროფესიონალისგან მიიღოთ.

 

 დაბოლოს:

პირველ რიგში, თავად უნდა დაიჯეროთ მეცნიერებული მიღწევების, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვრის სიკეთის არსებობა. ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“