ქალთა უფლებები და ქალთა ჩაგვრა ქართულ ლიტერატურაში – სასკოლო პროექტის იდეა
ჩემთვის ფემინისტად ჩამოყალიბების ყველაზე ძლიერი ბიძგი ქართული მწერლობა იყო. შემიძლია, ძალიან თამამად განვაცხადო, რომ ქართულმა პროზამ ფემინისტად მაქცია და ჯერ კიდევ ბავშვს გამიჩინა პროტესტი – ქალის ჩაგვრის წინააღმდეგ. 90-იან წლების უშუქო, უტელევიზორო და უინტერნეტო ყოფას, ცხადია, წიგნებით ვუმკლავდებოდით. იმ დროში წიგნის ყიდვაც დიდი ფუფუნება იყო, ამიტომ ვეძალებოდით ლიტერატურას, რაც სახლის ბიბლიოთეკაში მოგვეპოვებოდა. ჩემს ოჯახში, ისევე როგორც ბევრ სხვა ოჯახში, წიგნის ერთი თარო მთლიანად დაკავებული ჰქონდა ქართული პროზის ოცტომეულს, რომელიც აღმოჩნდა ის ძალიან საჭირო და აუცილებელი საზრდო, ასე რომ გვჭირდებოდა მოზარდებს. თითოეული ტომი რამდენჯერმე მქონდა გადაკითხული, არ მბეზრდებოდა და განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებდი, ვტკბებოდი ქართული მოთხრობის დიდებულებითა და ღრმა შრეებით. ჰოდა, გამორჩეულად მომწონდა ეგნატე ნინოშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, დავით კლდიაშვილი, ფუცუ დგებუაძე-ფულარია, ანასტასია ხოშტარია და კიდევ რა ჩამოთვლის. კი, ყველა ავტორი ჩემთვის გამორჩეული იყო.
მოთხრობების უმრავლესობაში ქალი ხდებოდა მსხვერპლი, იმიტომ, რომ ქალი იყო; იმიტომ, რომ მას ნაკლები უფლებები ჰქონდა; იმიტომ, რომ ქალს აუცილებლად უნდა შეენახა ნამუსი და ძალადობის მსხვერპლი ქალიც კი დამნაშავე იყო იმდროინდელი საზოგადოებისთვის. რატომ? ისევ და ისევ ქალად დაბადების გამო. ქალს არ ეპატიებოდა ერთი შეცდომაც კი. საკუთარ შეცდომას ვინ დაეძებდა, სხვის შეცდომებზეც ქალი აგებდა პასუხს. უმეტესად საკუთარი სიცოცხლით ან გარიყვით, ოჯახიდან მოკვეთით.
ეგნატე ნინოშვილის: „ქრისტინეს“, „სიმონას“, ყაზბეგის: „მამის მკვლელის“, მიხეილ ჯავახიშვილის ქალი პერსონაჟები – ძლიერები, მებრძოლები და იმდენად რეალურები არიან, კითხვისას მათი თვალების, ემოციების, გრძნობების წარმოდგენაც კი არ გამჭირვებია.
მიუხედავად, იმისა რომ დღეს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით უზარმაზარი ნახტომი გაკეთდა, ის ძველი, ქალმოძულე საზოგადოება არ გამქრალა, უფრო მეტიც ხშირად წამოყოფენ ხოლმე თავს სოციალურ ქსელებში, გენდერულად მგრძნობიარე ამბების კომენტარებისას. დიახ, განვვითარდით! დიახ, ქალებს აღარ ქოლავენ! თავის მოკვლის შემთხვევებმაც იკლო, თუმცა, მოდი, ვთქვათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში წარმატებული ქალი მაინც არ უყვართ. და ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემა, რომლებსაც განათლებასთან ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. მსგავსი ხედვა უცხო არ არის ჩვენი „დიდებული“ პოლიტიკოსებისთვისაც, როდესაც ქალს ვერ აღიქვამენ როგორც თანასწორს. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მოწინავე, პოპულარულმა პოლიტიკოსმა სადებატოდ სატელევიზიო გადაცემაში მიიწვია მხოლოდ კაცი კონკურენტები, ქალი კონკურენტი – არც კი ახსენა. აბა რა, რა მოსატანია ქალთან კონკურენცია, ვინ მისცემს ჩვენში ხმას ქალს, მართლაც რომ! დიახ, ქალს არ აირჩევენ არათუ კაცები, ქალებიც კი, იმიტომ, რომ ისევ და ისევ, ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში ქალის აღქმა სერიოზულად ჭირს. დამკვიდრებული შესიტყვება „სუსტი სქესი“, ამის კარგი მაგალითია.
არადა, დღეს, ისე როგორც არასდროს, სამყაროს სჭირდება ქალი პოლიტიკოსები, ქალი მმართველები, ქალი ხელმძღვანელები, იმიტომ, რომ ქალის ინსტინქტი და ჰარმონიულობა, გონიერება თუ მშვიდობისმოყვარეობა თუ დაასრულებს განუწყვეტელ, კაცების მიერ დაწყებულ ქაოსსა და სისხლისღვრებს.
მგონია, რომ მასწავლებლებს ასეთ მგძნობიარე საკითხებთან მიმართებით დიდი ყურადღება და მუშაობა გვმართებს, იმიტომ, რომ ჩვენ მიერ ჩადებული მარცვალი, ვინ იცის როდის გაღვივდეს და ნაყოფი გამოიღოს.
სასკოლო პროგრამა არ არის ვრცელი, და ცხადია, ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რაოდენობა ვერაფრით ვერ განსაზღვრავს ხარისხს. ამ წერილში არ ვისაუბრებ რამდენად სწორადაა შერჩეული საპროგრამო ლიტერატურა, რადგან სცდება იმ თემას, რომელსაც განვიხილავ, თუმცა ყველაზე დიდი რამ მისცა განათლების სამინისტრომ თანამედროვე ქართველ მასწავლებელს: არჩევნის თავისუფლება! დიახ, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ან ჩაანაცვლოს მოცემული საპროგრამო მასალა. ჰოდა, მოდი, კიდევ ერთხელ ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ მასწავლებელს უზომოდ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ამ სამყაროში.
ნებისმიერი დამოკიდებულება, შიში, ფობია, ღირებულების აღრევები – ბავშვობიდან, მოზარდობიდან იღებს სათავეს, თუ ამ დროს არაფერი შეიცვალა, შედეგი ის იქნება რომ სამომავლოდ, ზრდასრულ ასაკში ამის შეცვლა უკიდურესად გაჭირდება.
მივუბრუნდეთ ისევ ფემინიზმსა და ქალის უფლებებს. ზოგს ფემინიზმი „ცუდი სიტყვა“ ჰგონია, ისევე როგორც „ლიბერალიზმი“. არადა, ამ ორივე სიტყვის არსი კეთილშობილურია. მგონი, არავინ არ ვდავობთ იმ მოცემულობაზე, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მათი კანის ფერისა, რელიგიური მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. მონობისა და ჩაგვრის დრო წარსულის კუთვნილებად და ისტორიის შავ ლაქად იქცა. თითქოს წარსულში დარჩა ქალთა ჩაგვრაც, მაგრამ, არა – თანამედროვე ეპოქის ლაქადაც იქცა, ყოველ შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებაში. საზღვრებს მიღმა ქალთა ექსპლუატაციამ, არალეგალურმა შრომამ მასობრივი სახე მიიღო, მაგრამ იმიტომ, რომ არ გზით საკმაოდ ბევრი ფული შემოდის ბიუჯეტში, თვალებს ვხუჭავთ, ხმას კი ისევ არ ვაძლევთ. მოკლედ ქალის შრომა გვინდა, გვჭირდება ძალიან – თავად ქალი არა, გვირჩევნია ჩრდილში, თავისთვის იყოს, უხილავი და შეუმჩნეველი.
ვფიქრობ, ამიტომ უზარმაზარი მნიშვნელობისა და სარგებლის მომტანი იქნება სასკოლო პროექტის განხორციელება: „ქალთა ჩაგვრა ქართულ მწერლობაში“, ან/და „ფემინიზმი ქართულ მწერლობაში“, რომ მოვყვეთ „შუშანიკის წამებიდან“, „ვეფხისტყაოსნის“ ქალებიც განვიხილოთ და მივადგეთ XIX-XX საუკუნის პირველი ნახევრის მწერლობას. გარდა იმისა, რომ ბავშვები კვლევას მიეჩვევიან და უამრავ სასარგებლო, საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ, ძალიან სწორი და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო ღირებულებებიც ჩამოუყალიბდებათ. მასწავლებელი თავად მიხვდება და დაგეგმავს, რა და როგორ გააკეთოს, შეიძლება პრეზენტაციის სახით შედეგების წარმოდგენა, ან სამოყვარულო სამეცნიერო სტატიის, კატალოგის შექმნა. ქართული კინემატოგრაფიაც არ დაგვავიწყდეს. რამდენიმე ფილმი მშვენივრად მოერგება ამ პროექტის იდეას. პროექტის ფარგლებში, შესაძლოა სკოლამ ითანამშრომლოს საქართველოში არსებულ ქალთა ორგანიზაციებთან, მოაწყოს შეხვედრები, ისაუბრონ ქართველ ძლიერ და გამოჩენილ ქალებზე, მარტო ელენე დარიანის ისტორია გვიჩვენებს, რომ ქალი ავტორების მიღება არც პოეზიაში და არც პროზაში არ ყოფილა მარტივი. ბავშვებს შრომა რომ გაუადვილდეთ, კარგი იქნება თუ ჯგუფებად დაიყოფიან და თითოეული ჯგუფი საკუთარ თავზე აიღებს კონკრეტული ეპოქის ლიტერატურის დამუშავებასა და წაკითხვას. პროექტის მსვლელობისას, მნიშვნელოვანია დისკუსიების მოწყობაც. პროექტი შესაძლოა სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირებით წარიმართოს, მაგალითად: ისტორიასთან – განსაკუთრებით აქტუალური იქნება, თუკი ავღანეთის ქალების ტრაგედიას გავიხსენებთ; მათემატიკასთან – სტატისტიკა მნიშვნელოვანია; მუსიკასთან – ქალების მუსიკა, ამ კუთხით შავკანიანი ქალების ბლუზი ხმამაღალი სიტყვაა ზოგადად მსოფლიო მუსიკაში.
მასწავლებლებო, თქვენს ხელთაა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი – წიგნი. ჰოდა იმოქმედეთ, ქალების დროა.