ოთხშაბათი, ნოემბერი 29, 2023
29 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2023

სხვა საქართველო

„სკრა, ქარელი, აგარა, გორი…”
დავიწყებული სიმღერიდან
ლიანდაგზე სატვირთო მატარებელი მიდის. ჩვენ გზას მივუყვებით. გარშემო გადაყვითლებული მთებია და ვაშლის ბაღები.

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სადმე წასვლაზე, უფრო სწორად, ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლაზე დიდი ხნით ან სამუდამოდ. თითქოს ამ მიწაზე ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს ვერსად ვეტევი, თითქოს ჩემი წილი ვიღაცამ მომპარა და ჩემი სამყოფი ჰაერი აღარსადაა. არადა, კარგად მახსოვს, როგორ დავბრუნდი საქართველოში რამდენიმე წლის წინ – მეგონა, ყველაფერი შემეძლო, მეგონა, მთებს გადავდგამდი, მაგრამ მთები ისევ ძველ ადგილზეა და, აი, ამ ვაშლის ბაღებშიც ისეთივე სევდას დაუსადგურებია, როგორიც მაშინ იყო, როცა იმედი მქონდა, რომ შევძლებდი რამე ღირებულს გაკეთებას ჩემი ქვეყნისთვის.

მატარებელს ვუსწრებთ. მთები იმდენია, ჩვენც გვეყოფა და იმ ვაგონებსაც, გრუხუნით რომ მოგვყვებიან უკან. 
წინ სოფელი სკრაა, სოფლის განაპირას – დევნილთა დასახლება ერთნაირი სახლებით, ზოგან – სახელდახელო მინაშენით, პატარა ბაღებით და დევნილობითა და გასაჭირით დაღლილი ადამიანებით. 

აქ ერთი პატარა ბიჭის გამო ვართ. ბიჭს მამა გარდაეცვალა და დედასთან, დასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ამქვეყნად ყველაზე მეტად ჭიდაობა უყვარს, დადის კიდეც ჭიდაობაზე, ალბათ ბედნიერებისთვის ამასაც იმყოფინებდა, ერთი თითქოს უმნიშვნელო პრობლემა რომ არ ჰქონდეს – სპორტული დარბაზი გორშია, გორამდე ჩასასვლელად კი ფულია საჭირო, თვეში სულ რაღაც ორმოცი ლარი, მაგრამ მაინც. და რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ სულიერებასა და ბედნიერების არამატერიალურობაზე, ზოგჯერ ოცნების ახდენისკენ მიმავალი გზა უბადრუკ ორმოც ლარზე გადის, რომელიც არ არის. აი, ასე, უბრალოდ, გინდა და არ არის.

ბიჭი ცამეტი წლისა იქნება. სანამ დედა მისი წარმატებების შესახებ გვიყვება, იქვე დგას, თავდახრილი. ხორბლისფერი კანი აქვს, დიდი, ლურჯი თვალები და მშვიდად გვიღიმის. მის ღიმილში დარდი და რიდი ჩანს. ჰო, ადვილი არ არის, დედა გასაჭირსა და იმედებზე უამბობდეს სრულიად უცხო ადამიანებს, შენ კი იქვე იდგე და ხვდებოდე, რომ შენი მომავალი ბევრისთვის უმნიშვნელო თანხაზეა დამოკიდებული.

მე ვიცი, რას ნიშნავს, როცა სიცოცხლეზე მეტად გიყვარს რაღაც. ერთ დღეს ვინმემ წერა რომ ამიკრძალოს, ალბათ იმ დღესვე მოვკვდები. 

მე მესმის მისი. 

ზუსტად არ ვიცი, რამდენი კილომეტრია თბილისიდან სკრის დევნილთა დასახლებამდე, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ისე ბევრი, არც იმდენი, რომ ერთმანეთს ვერ ვამჩნევდეთ, არც იმდენი, რომ თბილისიდან ბათუმში არხეინად დავდიოდეთ დასასვენებლად და ვერ ვხედავდეთ ერთნაირ სახლებს, რომელთა მისადგომებთანაც ჩვენი კომფორტის ზონა – ბედნიერი საქართველო – მთავრდება. 

ამბობენ, რომ ზოგჯერ წასვლა გაქცევაა. ალბათ ჯობია, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიკისროთ, რომელიმე მოდურ კაფეში ერთხელ ვახშმობის ნაცვლად მათ მივეშველოთ, ვისთვისაც წარმოუდგენლად მდიდრები ვართ, ვისთვისაც ოცნებების ახდენა ჩვენი ვახშამივით ძვირია. ყველანი ვიყავით ბავშვები, ყველას გვახსოვს, როგორი სიხარულით დავდიოდით ცეკვაზე, მუსიკაზე, ვმონაწილეობდით სპორტულ შეჯიბრებებში და გვიხაროდა, როცა ახლობლები ტაშს გვიკრავდნენ და ამაყობდნენ ჩვენით. ყველას სჭირდება იმავეს განცდა. ყველა ბავშვს აქვს უფლება, საყვარელი საქმე აკეთოს.

თქვენ, ვისაც გერგოთ ბედნიერება, იყოთ მშობლები, გთხოვთ მე, რომელმაც არ ვიცი, როგორია შვილის სიყვარული, უთხრათ თქვენს შვილებს, რომ აქვე, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრზე, განათებული თბილისის შემოგარენში, ცოცხლობს სხვა საქართველო, სადაც ვერ აღწევს დიდი ქალაქების ცენტრალური უბნების შუქი და ხმაური, სადაც ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ მობილური ტელეფონები, ფერადი ტელევიზორები, თავზე საყრელი ტანსაცმელი და სათამაშოები და მაინც ბედნიერები არიან, უთხრათ, რომ მათ გვერდით დგომა მნიშვნელოვანია, მათი პრობლემები მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი პრობლემების გამო ვერ დგას მყარად ფეხზე ჩვენი ქვეყანა. 

…ირგვლივ მთებია და ვაშლის ბაღები. სიყვითლე უკვე აღარ ჩანს, ბნელა. იმავე გზას მივუყვებით, ამჯერად – საპირისპირო მიმართულებით. სკრა უკან რჩება, მე კი ვუყურებ განათებულ ავტობანს და ვფიქრობ, რომ არ არსებობს ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც მოვახერხებ, ორმოცლარიან ტრაგედიებს და ამ ბავშვების თვალებს დავემალო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი