სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ჩამოვაყალიბოთ სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი

2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ წინა სასწავლო წლის ბოლოს ყველა მასწავლებელმა, ყველა კათედრამ იმუშავა და წინასწარ მოამზადა 2021-2022 სასწავლო წლის სამუშაო გეგმა დაწყებითი და საბაზო საფეხურის თითოეული კლასისათვის. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი და საინტერესო სიახლეა ის, თუ რა კომპლექსური დავალებით აპირებს მასწავლებელი კლასში ზოგიერთი საკითხის დაფარვას.
რადგან ზოგად საუბარს კონკრეტული მაგალითების განხილვა სჯობს, მოდით ერთი კონკრეტული გეგმა განვიხილოთ. ძირითადი აქცენტი კი მინდა ამ გეგმის დანართზე, მის ჩამოყალიბებაზე, მის გამართვაზე გავაკეთო.
სასკოლო სასწავლო გეგმის ასაგები ცხრილი ყველა მასწავლებლისთვის უკვე ნაცნობია და მისი დასაწყისი ასე გამოიყურება:

მოვიყვანოთ კონკრეტული ნიმუში, ვთქვათ, მე-3 კლასის ბუნებისმეტყველების კათედრამ ცხრილი ასე შეავსო:

მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, თუ რა თემას გაივლის კლასი სექტემბერსა და ოქტომბერში, რა საკითხებს მოიცავს თემა და რა ქვესაკითხების განხილვა ხდება კონკრეტული საკითხების შესწავლისას. ცხადია, ნებისმიერ მასწავლებელს ექნება საკუთარი გზა და მონახაზი, თუ როგორ, რა კონკრეტული საშუალებებით, მეთოდებით, აქტივობებით დაამუშავებს ის ამ საკითხებს თავის მოსწავლეებთან.
აქვე მოვიყვანოთ, ამ გეგმის მიხედვით აპირებს თუ არა მასწავლებელი რომელიმე საკითხის/საკითხების დამუშავებას კომპლექსური დავალების განხორციელების გზით:

ცხრილიდან ჩანს, რომ დაწყებითი საფეხურის მესამეკლასელებთან ბუნებისმეტყველების მასწავლებელი „სხეულები და მოვლენების“ მიმართულებით საკითხი „სითბოს“ დამუშავებისათვის აპირებს განახორციელოს კომპლექსური დავალება „თბოგამტარები და თბოიზოლატორები“ და ეს მას ნოემბრისთვის აქვს დაგეგმილი. ალბათ ცხრილი უფრო მკაფიო იქნებოდა, თუ ვაჩვენებდით იმასაც, რომ „სითბოს“ ოთხივე ქვესაკითხი მუშავდება ამ კონკრეტული კომპლექსურის ფარგლებში. მაშინ ცხრილი შეიძლება ასე წარმოგვედგინა:

ცხადია, მასწავლებელს მხოლოდ კომპლექსური დავალების სახელი არ მოუფიქრებია მომავალი სასწავლო წლისათვის. მას თავად კომპლექსური დავალებაც უნდა ჰქონდეს მოფიქრებული შემდეგი აუცილებელი მახასიათებლებითურთ:
1. სამიზნე ცნება და მისი მკვიდრი წარმოდგენები;
2. საკვანძო შეკითხვა, რომელიც მოსწავლისთვის ერთგვარი გამოწვევა, შთაგონება უნდა იყოს, რომელიც მას დავალებაზე მუშაობის სურვილს გაუჩენს, რათა სწორედ ამ კითხვაზე შეძლოს პასუხის გაცემა;
3. საკითხები, რომელთა დამუშავება ხდება ამ კომპლექსური დავალების განხორციელებისას;
4. კრიტერიუმები, რომლებიც მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს, ვინაიდან სწორედაც რომ ამ წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება ამ კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესი და იმის მიხედვით, თუ როგორ გაართმევს მოსწავლე ამ კრიტერიუმებს თავს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რა დონეზე გაიაზრა მან ესა თუ ის მკვიდრი წარმოდგენა, აქ, „სხეულები და მოვლენების“ მიმართულებით;
5. თავად პირობა, ჩამოყალიბებული იმგვარად, რომ მოსწავლემ შენიშნოს, რამდენად ცხოვრებისეულია ამ საკითხებზე საუბარი და გაუჩნდეს შეცნობის სურვილი;
6. აუცილებლად პროდუქტი, ხელშესახები რამ, რასაც მოსწავლე შექმნის და მისი საშუალებით წარმოაჩენს თავის ცოდნას არჩეულ საკითხ „სითბოსთან“ დაკავშირებით;
ასევე მასწავლებელს შეუძლია მოიფიქროს დავალების განხორციელების სავარაუდო მსვლელობა (ნაბიჯები), სადაც გასათვალისწინებელია:
7. რესურსები და აქტივობები როგორც სახელმძღვანელოდან, ისე დამატებითი, სხვა წყაროებიდან, საკითხის გააზრებაზე მიმართული და მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონის შესატყვისი;
8. კრიტერიუმზე თავის გართმევაში დახმარების და გზის მითითების მიზნით მოსწავლისათვის დავალების განხორციელების თითოეულ ეტაპზე დასასმელი კითხვები;

ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ პუნქტს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი უკვე ყველა მასწავლებლისათვის კარგად ცნობილ ცხრილში, რომელსაც მატრიცას ვუწოდებთ.
მატრიცაში კი დავალება ნამდვილად საფუძვლიანად გაიწერება, თუ კათედრის წევრები შეიკრიბებიან და ერთად განიხილავენ ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ ნიუანსს. თითოეული მათგანის გამოცდილება, იდეა, ხედვა და გამოთქმული აზრი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს მასწავლებლის გეგმას კონკრეტულ კლასთან კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე. მომავალი მოქმედებისათვის, თქვენ ხელთ გექნებათ, კოლეგებთან ერთად შექმნილი, მშვენიერი სცენარი, თქვენი სამოქმედო გეგმის მონახაზი. ეს ნამდვილად გამოვცადე ჩემივე შექმნილი მატრიცების განხილვისას ჩემი კათედრის წევრებთან. ეს გაწერილი დავალება გახდება სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი.
მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურება ზემოთ მოყვანილი სასკოლო სასწავლო გეგმის დანართი, ჩანს თუ არა მასში მასწავლებლის გეგმა, მონახაზი, როგორ აპირებს ის კლასთან მუშაობას, რაზე, რა ინსტრუმენტებით, რა გზით:

როგორ ფიქრობთ, რა წარმოდგენას იძლევა მოყვანილი დანართი, გამოდგება თუ არა ის სამოქმედო გეგმის ნაწილად? აკმაყოფილებს თუ არა კომპლექსური დავალებისთვის წაყენებულ მოთხოვნებს?
კომპლექსური დავალების უამრავი ნიმუში დაიგზავნა სკოლებში, წარედგინათ მასწავლებლებს, არსებობს ასევე ზოგადი გზამკვლევი, რომელიც კარგად გვარკვევს მის რაობაში. ამიტომ ამაზე საუბარს და ამ მასალის ციტირებას აქ არ მოვახდენ.
მინდა შემოგთავაზოთ ამ დანართის დასრულებული ვერსია. დარწმუნებული ვარ, კოლეგების ერთობლივი მუშაობით ის ბევრად საინტერესო და დახვეწილი გამოვიდოდა, რადგან მჯერა, თითოეული მასწავლებლის გამოცდილება და მათი შემდგომი თანამშრომლობა შესანიშნავი იდეებისა და გზების დასახვის გარანტია.
მანამდე კი შემოგთავაზებთ ზოგიერთ რეკომენდაციას ამ გეგმის ავტორებისათვის:

1) კომპლექსური დავალების პირობა აუცილებლად უნდა შეიცავდეს და სასურველია დაიწყოს მოსწავლის მაპროვოცირებელი, დამაინტერესებელი მოკლე შესავალი ინფორმაციით, რომელიც მოსწავლის ინტერესის და მზაობის მოსაზიდადაა საჭირო. ამ დავალების ტექსტი კი პირდაპირ იწყება დავალების მიცემით და არ აქვს შესავალი ნაწილი;
2) დავალებას აუცილებლად უნდა ახლდეს საკვანძო შეკითხვა, რომელიც ერთგვარი ინსპირაცია უნდა იყოს მოსწავლისათვის, უჩენდეს მას დავალებაზე მუშაობის სურვილს, რომ დავალების ბოლოს ამ შეკითხვას გაეცეს პასუხი. მაგალითად, „როგორ შემიძლია გამოვიკვლიო სხვადასხვა ნივთიერების თბოგამტარული თვისებები და სად გამოიყენება ისინი ყოველდღიურობაში?“
3) „ახალი სკოლის მოდელში“ საიმისოდ, რომ კომპლექსურმა დავალებამ შუალედური სასწავლო მიზნის როლი შეასრულოს, საჭიროა რიგი ნიუანსების გათვალისწინება.
ა) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული (და არა ზოგადი) საკითხი/საკითხები, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ემსახურება;
ბ) მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული შემოქმედებითი პროდუქტი (მაგალითად, კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა), რომელიც მოსწავლემ კომპლექსური დავალების ფარგლებში უნდა შექმნას;
გ) კომპლექსურ დავალებას უნდა ახლდეს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მას სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებისკენ (ანუ გრძელვადიანი მიზნობრივი ორიენტირებისკენ) მიმართავს.
4) რაც შეეხება მატრიცის შუა, თეთრი სვეტის შევსებას, ცხადია, ის უკეთესია შეივსოს თავად დავალების განხორციელების პროცესში უკვე შესრულებული ქმედებების მიმდინარეობისას ან შემდგომ. თუმცა, დავალების ავტორს ან მასწავლებელს, ვისაც მისი განხორციელება სურს, ალბათ მოფიქრებული უნდა ჰქონდეს სავარაუდო რესურსები, აქტივობები და შეკითხვები, რომელთა თანმიმდევრული დასმით მოსწავლეს კრიტერიუმებზე თავის გართმევისკენ წაიყვანს.
აქ უცვლელად მოვიყვან ნაწყვეტს ზოგადი გზამკვლევიდან. ეს ნაწყვეტი გვიხსნის, თუ რა არის სასურველი, რომ ჩაიწეროს მატრიცის შუა, თეთრ სვეტში. მნიშვნელოვან ფრაზებს გამოვყოფ მუქი შრიფტით.

„რატომ სჭირდება სკოლებსა და მასწავლებლებს სასკოლო კურიკულუმის შექმნა და განვითარება?

თითოეული სკოლა ყოველწლიურად ქმნის უნიკალურ პრაქტიკას, რომლის აღნუსხვასაც პედაგოგები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ. მათი ჩანიშვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას რესურსი, რომელიც მომდევნო წელს დიდ დახმარებას გაუწევს მათ სწავლა-სწავლების პროცესში. სასკოლო კურიკულუმი რეალურ საგაკვეთილო პროცესში ქმედითუნარიანი, დასამახსოვრებელი აქტივობების აღნუსხვას გულისხმობს. აქ არ იწერება გაკვეთილის გეგმები და სცენარები (პასუხი შეკითხვაზე – რა აქტივობებს განვახორციელებ მომავალში?), აქ მასწავლებლები ინიშნავენ და ერთმანეთს უზიარებენ:
 კომპლექსური დავალებების (შუალედური მიზნების) მოდიფიცირებულ ვარიანტებს, რომლებიც მათი მოსწავლეებისთვის გამოდგა უფრო აღქმადი და საინტერესო;
 დამატებით რესურსებს, რომლებიც მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში გამოადგათ;
 შეკითხვებს, რომლებმაც მოსწავლეებს ხელი შეუწყო სასწავლო მასალის გააზრებასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

წლის განმავლობაში ასეთ სტილში გაკეთებული ჩანიშვნები, ერთი მხრივ გამოკვეთს სკოლაში დამკვიდრებულ უნიკალურ პრაქტიკას, მეორე მხრივ კი ქმნის ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებულ ორიგინალურ რესურსს. სასკოლო კურიკულუმის განვითარება (მისი გამდიდრება ახალი გამოცდილებით) უწყვეტი პროცესია. ამ პროცესის შედეგად დოკუმენტი წლიდან წლამდე დაიხვეწება. „

ახლა კი შემოგთავაზებთ დასრულებული დანართის ასეთ ვერსიას:
პირველ რიგში, დავალების პირობა და კრიტერიუმები:

თბოგამტარები და თბოიზოლატორები

თბოიზოლაცია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ ზამთარში სახლმა ბუნებრივად შეინარჩუნოს სითბო, ზაფხულში კი სიგრილე. მთელი წლის მანძილზე ის დაგეხმარებათ გქონდეთ სასურველი ტემპერატურა გათბობა-გაგრილების სისტემების მინიმალური გამოყენებით.

ეგიძლიათ აირჩიოთ სახურავის, იატაკების, კედლების, ფანჯრების, კარების თბოიზოლაცია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი კედლების თბოიზოლაციაა, რადგან ჩვეულებრივ, სახლში სითბოს ყველაზე მეტი ნაწილი სწორედ კედლებიდან იკარგება. მეორე ადგილზე სახურავია, სულ ბოლოს კი ფანჯრები და კარები.
თბოიზოლაციის მასალები სხვადასხვანაირია. ეს შეიძლება იყოს შალის ქსოვილის მსგავსი მატერია, რომელიც ჰაერის ბუშტებს აკავებს. ასევე, გამოიყენება ბამბა და სელიც. თბოიზოლაციის შედარებით იაფი გზა ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდებაც შეიძლება იყოს.
ამ საქმეში ხის მასალების გამოყენებაც დაგეხმარებათ. ხის კარი და იატაკი თქვენს სახლს სასურველ ტემპერატურას უფრო მარტივად შეუნარჩუნებს.

თავად გამოიკვლიეთ, რამდენად კარგი თბოგამტარი ან თბოიზოლატორია სხვადასხვა ნივთიერება და შექმენით ილუსტრირებული ალბომი, თითოეულ ილუსტრაციას დაურთეთ ტექსტი, რომელშიც ახსენით და თვალსაჩინოდ წარმოაჩინეთ:

1) როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნივთიერება სითბოს გატარების უნარით, დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ ნივთიერებები იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი თბოიზოლატორი (მკ 1, 2)

2) რატომ არის კარგი თბოიზოლატორი ბეწვი, შალი, პენოპლასტი, – რით არის განპირობებული მათი თბოიზოლაციის უნარი (მკ 2,3)

3) როგორ იყენებს ადამიანი თბოგამტარებსა და თბოიზოლატორებს (მკ 2, 3)

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება კრიტერიუმების შესაბამისობას მატრიცაში მოყვანილ სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან. თითოეულ კრიტერიუმს ფრჩხილებში აქვს მითითებული, თუ რომელ მკვიდრ წარმოდგენას შეესაბამება ის. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა არის პროდუქტი დავალებაში, რის საშუალებით წარმოაჩენს მოსწავლე თავის ცოდნას. ცხრილი კი მხოლოდ მონაცემების წარმოდგენის ერთ-ერთი საშუალებაა.

მინდა აღვნიშნო, რომ საკვანძო შეკითხვა შესაძლებელია სხვანაირად და უკეთესადაც დაისვას დაწყებითების გამოცდილი მასწავლებლის მიერ.
რაც შეეხება მატრიცის შუა, ველს, აქ წარმოგიდგენთ ჩემს ხედვას, მონახაზს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მკვიდრი წარმოდგენების გააზრებისკენ კრიტერიუმებზე თავის გასართმევად:
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (რესურსები, აქტივობები):
I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა
ნაბიჯი 1. როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
რა ნივთები დაგჭირდება ილუსტრირებული ალბომის შესაქმნელად?
რესურსი/აქტივობა:
რესურსი:
ქართული საბავშვო ილუსტრაცია:

წიგნის ილუსტრაცია:
წიგნის ილუსტრაცია | ოლესია (ლესია) თავაძე (olesyatavadze.com)

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი
ნაბიჯი 1. როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნივთიერება სითბოს გატარების უნარით, დააჯგუფეთ და ცხრილის სახით წარმოადგინეთ ნივთიერებები იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი თბოიზოლატორი (მკ 1, 2)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: სითბოს გადაცემა, სითბოგამტარობა.
აქტივობა 1.1:
სხეულების თბოგამტარობაზე დაკვირვება; მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენა
რიგ-რიგობით შეეხეთ ხელით ბინაში (კლასში) ლითონს, ხეს, პლასტმასს, თიხას, ქსოვილს. სამუშაო ფურცლებზე დახაზეთ ცხრილი. (იხ ცხრილის ნიმუში კითხვებში)
ჩაწერეთ თქვენი შეგრძნებები სხვადასხვა მასალაზე შეხებისას.
შეხებით დაადგინეთ, რამდენად უფრო თბილია/ცივია ერთი სხეული მეორეზე. შემდეგ თერმომეტრით გაზომეთ იმავე სხეულების ტემპერატურები. შეადარეთ ერთმანეთს შეგრძნებით და თერმომეტრით მიღებული მონაცემები. იმსჯელეთ, რომელი მაჩვენებელია უფრო სანდო;
აქტივობა 1.2:
ცხელი წყლით სავსე ჭიქაში რამდენიმე წუთით ერთდროულად მოათავსეთ ხის, პლასტმასისა და რკინის კოვზები და გამოთქვით ვარაუდი, თუ რომელი კოვზის ტარია უფრო ცხელი. შემდეგ კოვზების ტარებზე მოათავსეთ მცირე ერთნაირი ზომის კარაქის, მარგარინის ან შოკოლადის ნაჭრები და შეამოწმეთ თქვენი ვარაუდის სისწორე. იმსჯელეთ, თუ რომელი ნივთიერება/მასალა ატარებს სითბოს კარგად/ცუდად;
ამ აქტივობის შესაბამისირესურსი:



აქტივობა 1.3:
ხის, ლითონის და პლასტმასის ზედაპირებზე ერთდროულად მოათავსეთ ერთნაირი ზომის ყინულის კუბები და დააკვირდით, რომელი როდის გადნება. ახსენით, რომელმა ზედაპირმა გაატარა სითბო ყველაზე უკეთ? ყველაზე ცუდად?
ამ აქტივობის შესაბამისი
რესურსი:

მასალების თბოგამტარობის კვლევა:

ნაბიჯი 2. რატომ არის კარგი თბოიზოლატორი ბეწვი, შალი, პენოპლასტი, – რით არის განპირობებული მათი თბოიზოლაციის უნარი (მკ 2,3)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: ტემპერატურა, თერმომეტრი, სითბოს გადაცემა
აქტივობა 2.1:
საჭირო მასალა: ოთხი ერთნაირი მინის ბოთლი. ორში ცივი, ორში – ცხელი წყალი, ორი ერთნაირი ბეწვის ქურთუკი.
თითო ცივი და ცხელწყლიანი ბოთლი ცალ-ცალკე შეფუთეთ ბეწვის ქურთუკში და დაახლოებით 30 წუთით მოათავსეთ ცალკე მდგომ მაგიდაზე. თითო ცივი და ცხელწყლიანი ბოთლი კი დადგით იქვე შეუფუთავად. იმსჯელეთ, რომელ ბოთლში შენარჩუნდა წყლის ტემპერატურა ყველაზე უკეთ
რატომ „გვათბობს“ შალის ტანსაცმელი:


აქტივობა 2.2:
2 ერთნაირი სისქის შალის და ბამბის (კოტონი) წინდა ჩამოაცვით ერთნაირ ჭიქებს, რომლებშიც ერთნაირი ტემპერატურის თბილი წყალი ასხია. მოცემულ ვიდეოში ეს ტემპერატურაა 40 გრადუსი. 10-20 წუთის შემდეგ შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. რომელმა წინდამ შეუნარჩუნა წყალს ტემპერატურა უკეთ? ვიდეოში 10 წუთში ზომავენ ტემპერატურას. გაიმეორეთ ექსპერიმენტი დასველებული წინდებით (ოდნავ გაწურეთ, როგორც ვიდეოშია).
შესაბამისი რესურსი:

რესურსი:
ცუდი თბოგამტარები:

რესურსი:
საიდან ვიღებთ შალს:

ნაბიჯი 3. როგორ იყენებს ადამიანი თბოგამტარებსა და თბოიზოლატორებს (მკ 2, 3)
რესურსი/აქტივობა:
რესურსი: სახელმძღვანელო: საკითხები: თბოგამტარები, თბოიზოლატორები, მათი გამოყენება
რესურსი:
სად გამოიყენება ცუდი თბოგამტარები:


რესურსი:
რა არის თბოიზოლაცია და რა უპირატესობა აქვს მას:
თბოიზოლაცია – სახლის აუცილებელი კომპონენტი – DORMER
რესურსი:
თბოიზოლატორების გამოყენება

რესურსი:
როგორ დავამზადოთ საკუთარი თერმოსი

აქ წარმოდგენილი ნაბიჯები დავალების მსვლელობის პროცესში, განხორციელებისას შესაძლებელია შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. თუ მასწავლებელი შეადარებს წინასწარ მონახაზს და უკვე ჩატარებულ და პრაქტიკაში გამოცდილ ნაბიჯებს, აუცილებლად მოახერხებს პროცესის ხელსაყრელ ცვლილებას, მოქნილად წარმართვას, გაუმჯობესებას და დახვეწას, ჩაინიშნავს, რა რესურსების გამოყენება იყო უფრო სასარგებლო და ეფექტიანი, რა აქტივობები წაადგათ მოსწავლეებს შემეცნებისა და გააზრების პროცესში და გააუმჯობესებს გზას, რომლითაც სკოლას მოსწავლეთა შემდგომი თაობა კონკრეტული საგნის სამიზნე ცნებების, მაკროცნებებისა და საბოლოოდ, განათლების ეროვნული მიზნებისაკენ მიჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“