ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

სიტყვა და ხედვა

ჩემი ქმრისა და რამდენიმე ინტერტექსტის შესახებ
ზაზა ჩემი ქმარია, მგონი, უკვე მიხსენებია არა?

ბევრ რამეში ვგავართ, უფრო მეტით-განვსხვავდებით.

ის მათემატიკოსია, მე-გამრავლების ტაბულას ვერ გავცდი,
სამაგიეროდ მე ლექსებს ვწერ-ის კი მათ იშვიათად კითხულობს.
ჰოდა, ამას წინათ, ჩვენს სამზარეულოში ვისხედით, ვვახშმობდით. 

რაც მართალია, მართალია,  ვახშამი ძალიან  გემრიელი იყო-როგორც ზაზა იტყვის, არსებობს ობიექტური ჭეშმარიტებები,  მაგალითად, ის, რომ ხორცს ყველაზე გემრიელად მე  ვწვავ.

ჰოდა, ვისხედით, ვლაპარაკობდით, ძირითადად, მე  ვლაქლაქებდი, ის ჩუმად მიირთმევდა-როცა რამე ძალიან გემრიელს ჭამს, ლაპარაკზე დროს არ კარგავს.

ჰოდა, მარჯვნივ წავედი, პირდაპირ თუ მარცხნივ-მწერლობას მივადექი.

ვწუწუნებდი, რომ ერთგვარ მოდად იქცა ყოველგვარ ქართულზე ცხვირის აბზუება, რომ ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ქართველი მკითხველი, ნათარგმნ ლიტერატურას უფრო ხშირად კითხულობს, ვიდრე ქართულს, არადა, ქართული ენის ( ძნელადსათარგმნი ენის) საკანში ჩაკეტილი იმდენი ძალიან კარგი ქართველი ავტორით აღფრთოვანდებოდა უცხოელი მკითხველი…

-მაგალითად?-მეკითხება ზაზა.

-რა მაგალითად? 

-ერთი მოთხრობა მითხარი, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო ამ საღამოს და წავიკითხავ, მერე ჩემს აზრს მოგახსენებ.

არ დაგიმალავთ და გამიჭირდა, მაინც რომელი ერთი  უნდა მეთქვა? სასტუმრო ოთახში  განჯინიდან შოკოლადის ასაღებად შევედი, წიგნის თაროს თვალი გადავავლე, ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მივწვდი და სამზარეულოში დავბრუნდი.

-აჰა, ხვალ ჩამაბარებ-ვუთხარი და ჩაი დავუსხი.

გამიღიმა და ჩემს ჩაყრილ სამ კოვზ შაქარს კიდევ ერთი დაუმატა. ნეტავ ვიცოდე, რა ასმევს ასეთ ტკბილ ჩაის?!
….
დილით ლიტერატურაზე სალაპარაკოდ არ გვეცალა, თავქუდმოგლეჯილები გავცვივდით სამსახურში.
….
საღამოს შემწვარი თევზი მქონდა ფოლგაში-იქნებ ფხასა და ფხას შუა სათქმელიც ამოვწიწკნო-მეთქი ამ ჩემს სიტყვაძუნწ მათემატიკოსს.

-მოგეწონა?

– კი, კარგი იყო.

-მეტს არაფერს მეტყვი?

-ერთი წიგნი გამახსენდა, მოიცა, თუ სახლში გვაქვს, მოგიძებნი.- ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა,  წიგნი მაგიდაზე დამიდო და თეფშზე გარნირი დაიმატა-ჰერბერტ უელსი, „ბრმათა ქვეყანა” ეწერა ყდაზე.
-პირველი მოთხრობა წაიკითხე და მერე ვილაპარაკოთ-მითხრა.
….
ჰერბერტ უელსის , ამ ფანტასტი მწერლის,  „დროის მანქანის”ავტორის რამდენიმე მოთხრობა ადრეც მინახავს, რომ ვთქვა, გადავირიე -მეთქი, მოგატყუებთ.

ახლა კი მოთხრობა „ბრმათა ქვეყანა” წავიკითხე და გავოცდი, ეს ჩემი ქმარი, რომელიც ძალიან იშვიათად ლაპარაკობს ლიტერატურაზე, არც წაკითხული წიგნების რაოდენობით ან მათზე ღრმააზროვანი ბაასით არასდროს იწონებს თავს, როგორ ზუსტად  პოულობს ხოლმე ლიტერატურულ პარალელებს, როგორ კარგად აგნებს ხოლმე-ეტყობა ესეც მათემატიკური ნიჭის წყალობაა-აღმოაჩინო მსგავსი.
….
ჰერბერტ უელსის მოთხრობის   „ბრმათა ქვეყნის” მთავარი პერსონაჟი, ნუნიესი, ბრმების ქვეყანაში ხვდება. მისი მცხოვრებლები, რომლებიც უხსოვარი დროიდან რომელიღაც დაავადებამ დააბრმავა, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ, ისე,  რომ თვალხილულთა შესახებ არც არაფერი უწყიან, რელიგია, წარმოდგენები, წინაპართაგან გადმოცემული ისტორია-ეს ყველაფერი არწმუნებს მათ, რომ  სხვაგვარი რეალობა არც არსებობს, ისინი მორგებულნი არიან თავიანთ სმენით თუ შეგრძნებად  გარემოს, შრომობენ, უყვართ,  შვილებს აჩენენ.

ნუნიესი, ერთადერთი თვალხილული მათ შორის, თანდათან ხვდება, რომ ხედვა-რომელიც მისთვის შეიძლებოდა მძლავრი იარაღი გამხდარიყო ამ  ქვეყანაში, სრულიად უქმი და არაფრისმომტანია, პირიქით, ხელსაც უშლის.

რადგანაც ბრძოლა ამაოა, რადგანაც გაქცევა შიმშილით სიკვდილს უდრის, ის ეგუება, თავს დამარცხებულად  აღიარებს  და ბრმათა ქვეყნის წესებით იწყებს ცხოვრებას- ეს კი  მისთვის ძალიან ძვირფასის-მხედველობის დათმობას ითხოვს, ყველაზე რთული  ისაა, რომ სიყვარული ითხოვს ამას მისგან:

„ -მხოლოდ ოდნავ გეტკინება-თქვა მან.-და შენ გაუძლებ მას, საყვარელო, ჩემი გულისთვის… ძვირფასო, თუ ქალის გული, მთელი მისი სიცოცხლე შეიძლება ჯილდო იყოს, მე შენ დაგაჯილდოებ…

-მშვიდობით-უჩურჩულა თავის ძვირფას არსებას,-მშვიდობით.

და შემდეგ უხმოდ შეაქცია ზურგი”.

შემდეგ კი, მასში ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მსგავსად ჭეშმარიტების წყურვილი, შეურიგებლობა იღვიძებს:
„თვალები აღაპყრო და დილა დაინახა-ოქროსაბჯრიანი ანგელოზის მსგავსი დილა, რომელიც ფლატეებიდან მისკენ ეშვებოდა.

მოეჩვენა, რომ ამ სიდიადის წინაშე თვით ის და   ამ ხეობის ეს ბრმა სამყარო და მისი სიყვარული-ყველაფერი მხოლოდ ცოდვა  და სიბილწეა.

მას გზიდან აღარ გადაუხვევია, წინ გასწია, მთებისკენ…

როდესაც მზე გადაიწვერა, ის მეტს აღარ მიცოცავდა: შორს და ძალიან მაღლა იყო… სხეული ერთიანად დალურჯებოდა, მაგრამ მშვიდად იწვა და სახეზე ღიმილი ეფინა.”
ახლა  ჯემალ ქარჩხაძის შესანიშნავი მოთხრობის ფინალიც ვნახოთ:

„იგის სხეულში დიდი სისწრაფით შემოიჭრა ურიცხვი ტომი. ყველა გამართული იყო,  ყველა-მხრებში გაშლილი. ცას უყურებდნენ. სხივოსანი თვალები ჰქონდათ. მხრებზე რაღაც თეთრი წამოესხათ და ეს თეთრი მოსასხამები დღის თვალის შუქზე დღის თვალებივით ლაპლაპებდნენ. და საკვირველი ტომი ისე შემოიჭრა იგის სხეულში, რომ იქ ყველაფერი  გაანათა…

კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი და, ფეხმა რომ ქვეშ მიწა  ვეღარ იგრძნო, უხმოდ თქვა თავის სხეულში:-„იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო”.
დილით მხიარულები და ბედნიერები ვსაუზმობდით, ლიტერატურაზე სულ არ გვილაპარაკია, უბრალოდ, ჩუმად,  ჩვენს-ჩვენს გულებში გვიხაროდა, რომ ყველაფერ სხვასთან  ერთად, არსებობს წიგნები, რომლებიც გვაკავშირებენ.
ზაზა ჩემი ქმარია, მგონი, უკვე მიხსენებია არა?

ბევრ რამეში ვგავართ, უფრო მეტით-განვსხვავდებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი