სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

დეიდებო, ბიძიებო, დამიწერეთ 51 ქულა…

შემოდგომა დგებოდა. ზღვიდან უკვე სუსხი მოდიოდა. ნაპირზე აქა-იქ თუ შეამჩნევდით  ხალხს. ჩემი ყურადღება ერთმა კოპლებიანკაბიანმა, დიდთვალება გოგონამ მიიქცია, რომელიც ზღვის ნაპირას იდგა და აღტაცებული უცქეროდა რაღაცას. მეც გავაპარე თვალი იქით. პორტში ოთხ გემს ჩაეშვა ღუზა. იდგნენ მდუმარედ და მორჩილად, მაგრამ მედიდურად და ელოდნენ კაპიტნის შემოძახებას. შორეული და მომქანცველი გზის წინ თვლემდნენ და ძალებს იკრებდნენ… იმ ოთხი გემიდან ერთს უამრავი მერცხალი დასტრიალებდა. ზოგს უკვე ეპოვა ქანდარა, ზოგიც ახლა ეძებდა ჩამოსაჯდომს. ამ ლოყაწითელა და შავ ფრაკებში ლამაზად გამოწყობილ არსებებს ქათქათა გემი ერთიანად გადაეშავებინათ… იქვე მოხუცმა მეზღვაურმა ჩაიარა. გოგონამ მისკენ მიიხედა და მორიდებით ჰკითხა: “მხოლოდ ამ ერთ გემს რატომ ეხვევიან მერცხლები?” მეზღვაურმა მოკლედ უპასუხა: “ეგ თბილ ქვეყნებში მიცურავს…”

ალბათ, რაც კი დედამიწის გამჩენმა და ცის გადამხურავმა ამქვეყნად გააჩინა, მას შემდეგ დაფრინავენ მერცხლები თბილ ქვეყნებში. ისინი სამხრეთით მიეშურებოდნენ მანამდეც, ვიდრე ჩვენი წინაპრები ისწავლიდნენ იქით მომავალ გზებს და გაბედავდნენ შორეულ მოგზაურობას. მერე ეტლები, გემები, მატარებლები და გადაადგილების სხვა საშუალებები გაჩნდა და ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხი აუწყვეს ამ ერთი ციცქნა არსებებმაც. მათ ისწავლეს, დიახ, ი ს წ ა ვ ლ ე ს (!) ტექნიკური საშუალებების გამოყენება თავიანთი ყოფის გასამარტივებლად. ისწავლეს ისე, რომ ერთი დღეც არ უვლიათ სკოლაში წიგნებ მოკიდებულებს, ერთი საათიც არ გაუტარებიათ ბიბლიოთეკაში, არ განუცდით “სიმწიფის ატესტასტის” მიღებისა თუ უმაღლეში ჩაბარების სიხარული… ასეა, ყველა ცოცხალ არსებას შეუძლია სწავლა… ყვავილიც კი სწავლობს ახალ გარემოსა და კლიმატს, ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადავრგავთ… მდინარეც კი, რომელიც ძირითადად H2O-ის მოლეკულებისაგან შედგება, ხარბად ითვისებს ახალ კალაპოტს, როდესაც ჩვენი სურვილისა თუ ახირების გამო მივუჩენთ ხოლმე ახალ გზასადინარს.

ყველა მათგანი სწავლობს. სწავლობს იმას, რაც ცხოვრებას, არსებობას გაუადვილებს, რაც მის ყოფას, ლაზათსა და პეწს შესძენს.

მაგრამ როგორ ვიქცევით ადამიანები – ზვიადი, ამაყი, ქედმოუდრეკელი და ცოტა ამპარტავანი არსებები? ერთი ჩემი მეგობარი 80-იანი წლების ბოლოს ქუჩაში ხელგაწვდილ შემწეობის ყველა მთხოვნელს იცნობდა და უშურველად სჩუქნიდა რუსულ ხუთკაპიკიანებს. ამ შეჭირვებულთა შორის თითქმის არ ერია ქართველი და ისიც კარგად მახსოვს, მოგვიანებით ქალაქში მეხივით რომ გავარდა პირველი ქართველი მათხოვრის გამოჩენის ამბავი – ჩვენი სიამაყის მაღალი რეგისტრის გამო თხოვნა იმდენად დამამცირებლად მიგვაჩნდა, რომ ერთი ადამიანის ტრაგედია ეროვნულ ტრაგედიად მივიჩნიეთ… ეს ორგანულად ქცეული სიამაყის გრძნობა, შესაძლოა მინავლული, მაგრამ მაინც ღვივის, ბჭუტავს, ხრჩოლავს დღესაც. ამიტომ სხედან ისინი კიბეებთან, ეკლესიებთან, მეტროს შესასვლელებთან მდუმარედ, თავდახრილნი, მორცხვად ხელგამოწვდილნი და მათ გასაჭირს მხოლოდ მუყაოს ნაჭერზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს… რცხვენით თავიანთი ყოფის… ზოგჯერ ჩვენც გვრცხვენია, “გულგრილად” რომ გვიწევს გვერდით ჩავლა, დამორცხვებული, ისევე ვარიდებთ თვალს, როგორც ისინი – ჩვენ… გვრცხვენია დაბლა მათი და მაღლა ღმერთის, შემწეობა რომ ვერ გავიღეთ…

მაგრამ რისი თხოვნა არ არის ეროვნული სირცხვილი? არ გაიკვირვოთ და, ნიშნის! ეს ალბათ ერთადერთი რამაა, რასაც ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა გულგრილად უყურებს. ყოველგვარი მორიდების, დამორცხვების, ლოყების შეწითლების გარეშე შეუძლია სტუდენტს, ითხოვოს დაუმსახურებელი ნიშანი; ახლობელს, მეგობარს, ნაცნობს, ზემდგომსა თუ ქვემდგომს მოურიდებლად შეუძლია დაგირეკოს – ესა და ეს ჩემი ახლობელია და იქნებ დაეხმაროთ, ნიშანი დაუწეროთო… რატომაა “დახმარება” დაუმსახურებელი ნიშნის დაწერა, ეს ცალკე განსჯის საგანია; მთავარი ის არის, რომ ამ თხოვნის შეუსრულებლობა ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს. თვითონვე გრცხვენია და ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას თვალს არიდებახლობელს, ნაცნობს, ზემდგომსა და ქვემდგომს… ერთი კინკილა ნიშანი გთხოვეს და ვერ დაუწერე, აბა ეგ რა საქციელია, რა კაცობაა, რა ქართველობაა?!.
ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ქვეყნის განსწავლულობის რეიტინგი გამოცხადდა. სია საკმაოდ გრძელი იყო და ჩვენი თავი… სამი გაჩერების მანძილზე ძლივს აღმოვაჩინეთ. ძალიან შევიცხადეთ… მაგრამ ეს რეალობაა. და ამ მწარე რეალობის მიზეზი არც ცხრა თვის წინ იღებს სათავეს და არც ცხრა წლის წინ, მისი ფესვები უფრო შორიდან მოდის და თუ ძალიან გვრცხვენია ამ სიის ბოლოში ყოფნა, ნუ მოგვერიდება მთელი ხმით ძახილი: “დეიდებო, ბიძიებო… მასწავლეთ რამე…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი