სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მარადიული ის არის მხოლოდ…

ყველაფერი გამოსათხოვარი წერილით დაიწყო. ლია მეტრეველმა, ჩემი ნათლიის დედამ, გაზეთის ერთი კაბადონი მომიტანა, რომელზეც იყო ფოტო ვირთხისფერ პიჯაკში გამოწყობული, დიდსათვალიანი კაცისა, რომელსაც ნიკაპი ხელის გულზე ჩამოეყრდნო. ფოტოს ქვეშ  ეწერა, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილი დიდი კოლუმბიელი მწერალი თაყვანისმცემლებს ემშვიდობება. 

ეს იმ პერიოდზე ვლაყბობ, რევოლუციის ხმები ალაგ-ალაგ რომ მოისმოდა, მაგრამ სიმწიფისკენ მიეტრიალებინა  პირი;  ჯუმბერ პატიაშვილის სახელი ყველას ეცნობოდა და არც ლოთი ქობალიას გაგონებაზე დააღებდნენ პირს; როცა ჩემი სახლის აივანზე გენერატორი ღმუოდა, მე კი – სკოლის მოსწავლე ვიყავი. მაშინ პირველად ვინატრე, ისე შემძლებოდა წერა, როგორც ეს ბებერი კოლუმბიელი ემშვიდობებოდა ხალხს. კოლუმბიელი, სახელად გაბრიელ გარსია მარკესი. 

იმ წუთიდან გაივლის წლები და მარკესის წერილის ავთენტურობაში ეჭვს შევიტან, მაგრამ მისი ტექსტების მაგიას, ლათინოამერიკულ ვნებასა და მარტოსულ გმირებს ვეღარასოდეს ამოვიგდებ გონებიდან. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ადამიანებს  ურსულასთან, აურელიანოსთან, მოხუც პოლკოვნიკთან, ამარანტასთან, გაბრიელ ნასართან, პიეტრო კრესპისთან, როსა კაბარკასთან, ფერმინა დასასთან და რაც მთავარია, მშვენიერ, მძინარე ქალთან გავაიგივებ. 

ქობულეთში, ბიძაჩემის სახლის წინ, ვეებერთელა, შემოსაზღვრული ტერიტორიაა, მასზე  Ц-კავშირს იტყვიან. კომუნისტების დროს აქ დიდი საკონსერვო ქარხანა იყო, რომელთა ეტიკეტებსაც Ц-კავშირის მიტოვებულ შენობაში, მთელი ბავშვობის განმავლობაში ვაგროვებდით და ისინი ჩვენთვის ვირტუალურ ფულს წარმოადგენდა. Ц-კავშირი ძალზედ პოეტური მიწაა. დღეს ის პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს ჰგავს: ბეტონის მაღალი გალავანი არტყამს, რომელიც ნესტისა და სიძველისგან იატაკის საწმენდ ნაჭერს დამსგავსებია; მთავარ შესასვლელს რელსზე საგორავებელი დიდი ალაყაფი დარაჯობს, რომელიც კალაპოტიდან ამოვარდა და ყავარჯენჩამოყრდნობილ, კუზიან მოხუცს მოგაგონებთ; შეხვალ თუ არა,  სატვირთო მანქანების სასწორი და ძველისძველი აუზი დაგხვდებათ, რომელიც ბაყაყებით, ლიფსიტებით, ფსკერზე ჩაქვავებული საშენი მასალითა და დამსხვრეული ქილებითაა სავსე. ზედაპირი კი ბაცად მწვანე წყალს უჭირავს. თუ სიღრმეებში შეხვალთ, კიდეებში მაყვლის ბუჩქნარებს დაინახავთ – იცოცხლეთ, გემრიელი მაყვალი იცის. მთლად შიგნით ნუ შეუყვებით – აჩრდილი დადის. აჩრდილი კომუნიზმისა.  

Ц-კავშირის აუზთან ფანჩატურია. ამ ფანჩატურის სიგრილეში ჯდომასა და წიგნის კითხვას იშვიათად რამე ჯობნიდეს. 2009 წელს, სწორედ აქ ვკითხულობდი გაბოს მოთხრობების კრებულს, რომელიც გამომცემლობამ „ინტელექტი” ნობელიანტების სერიის ფარგლებში გამოსცა. უჩვეულო სიჩუმე იდგა. იშვიათად, შორიდან მომავალი ტიკოს აჭარული კილო მახსენებდა, რომ კარტახენას, არაკატაკას, ბოგოტას ან რომელიმე ევროპული ქალაქის (რომელშიც გაბოს ზოგიერთი სიუჟეტების მოქმედება ვითარდება) ნაცვლად ქობულეთში ვიყავი. მოთხრობათა კრებულებში, რედაქტორების ხუშტურებს არ დავეძებ, ყოველთვის საკუთარ ნუმერაციას ვადგენ. „მშვენიერი, მძინარე ქალის თვითმფრინავი” რიგით მეოთხე წავიკითხე. იმთავითვე ძალიან ინტიმურ ამბად მეჩვენა, მაგრამ რას ვიფიქრებდი იმავე საღამოს თუ გავაცოცხლებდი. 

ჩვენ გვერდითა სახლში ერთი გოგონა ისვენებდა. პლაჟზე ვხედავდი ხოლმე, სადა, შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს. რამდენჯერმე ღუტუნას ბარშიც დავინახე, ვაშლის წვენს სვამდა.  იმ საღამოსაც პლაჟზე დავლანდე, ოღონდ იქით, გადაკარგულში, ყოფილი ტურბაზის წინ, რომლის სიახლოვესაც მდინარე კინტრიში ზღვას ეხეთქება. დავინახე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ოკეანის გადაღმა მცხოვრებმა, მოხუცმა კოლუმბიელმა კაცმა საშუალება მომცა ფანტაზიები გამეცოცხლებინა. გოგონა შეზლონგზე იწვა, მისი მეგობრები ქვებზე. თავისუფალი შეზლონგი ვიპოვე, მის გვერდით დავდგი და დავწექი. მას ეძინა. თითქოს – მეც. ჩვენ შორის იდგა გამაყრუებელი სიჩუმე, რომელიც მასზე მიყვებოდა. მე თავს დავაჯერე, რომ ჩვენ ერთად ვთვლემდით პლაჟზე, როგორც დიდი ხნის ცოლ-ქმარი. მარკესის გმირმა კი თავი დაარწმუნა, რომ მათ ერთად ეძინათ თვითმფრინავში. 

ცოტა ხანში გაიღვიძა. თითქოს – მეც. ჩვენ წინ მზე ჩადიოდა. მე მეუფლებოდა გრძნობა, რომ პლაჟი დაცარიელდა და ყველაზე ლამაზ გოგონასთან მარტო დავრჩი მზის ჩასვლის საყურებლად. მერე ადგა და ზღვისკენ წავიდა. თითქოს მითოლოგიური ამბავი დასასრულს უახლოვდებოდა და ვენერას სიკვდილი საკუთარი თვალით უნდა მენახა. საოცრად ლამაზი ტერფები ზღვაში გაასველა თუ არა, მზემაც მაშინ ჩაყო პირი წყალში. ისინი როგორღაც ერთად ესვენებოდნენ შიგნით. მე გული მიცემდა, მაშინაც და მთელ ღამესაც. 

რამდენიმე დღის შემდეგ მატარებლის ბაქანზე შემხვდა. 

მარკესი წერს, რომ ბევრი მცდელობა საჭირო არ არის, რადგანაც ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება. რაც კი რამ საუკეთესო გადამხდენია, მართლაც ყველაფერი მოულოდნელობა იყო: მოულოდნელად დავიწყე წერა ზაფხულის ერთ უღიმღამო და ხვატიან დღეს; მოულოდნელად გავიცანი მარკესი, ქალბატონი ლიას დახმარებით; მოულოდნელად შევედი ლიტერატურის უღრანებში, რამაც დამარწმუნა, რომ სასწაულები ხდება; მოულოდნელად მეძინა მომაკვდავ ვენერასთან; მოულოდნელად შევხვდი ნინიას უნივერსიტეტის ერთ ბნელ დერეფანში და ყველა ეს მოგონება, გუმანი მკარნახობს, რომ კუბოს ფიცრამდე წამომყვება. ჰოდა, როგორ არ დავიჯერო ოთარ ჭილაძის, რომელიც ერთ ძალიან ლამაზ ლექსში წერს, რომ ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, მარადიული ის არის მხოლოდ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“