ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

„მეგობრობა გზად და ხიდად“…

განსხვავებული აზრის გამო ჯერ არც ერთი მეგობარი არ დაგიკარგავთ? საჯარო თუ პირად საუბრებში მიწასთან არავის გაუსწორებიხართ? არასდროს უთქვამთ, რომ თქვენი აზრი თუ თეორია მხოლოდ იმიტომაა ცუდი ან გაუგებარი, რომ განსხვავებულია? მოკლედ, ფეისბუქის ენით რომ ვთქვა, არავის წაუშლიხართ „ფრენდებიდან” ან არ „დაუბლოკიხართ”? თუ ასეა, თქვენ იშვიათ გამონაკლისთაგანი ბრძანდებით.

 

ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველსავე კურსზე, ქართული ენის შესწავლის ისტორიის ლექციასა თუ ძველი ქართული ენის სემინარზე, ხშირად ვკითხულობდით და ვსწავლობდით ქართულ სამეცნიერო ეპისტოლოგიას, ანუ დიდ მეცნიერთა წერილებსა თუ გამოხმაურებებს მნიშვნელოვანი სამეცნიერო საკითხების ირგვლივ.

საკმარისია გავიხსენო ცნობილი წერილების ციკლი წოდებითი ბრუნვის წამოშობასა თუ ბრუნვა-არბრუნვად მისი მოხსენიების საკითხებზე – აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, არნოლდ ჩიქობავა… ბრუნვაა თუ არა წოდებითი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამ წერილების ერთიან, ერთგვარად დრამატურგიულ სქემაში წარმოდგენისა და კითხვისას ჩემ წინაშე ცოცხლდება მეოცე საუკუნის ქართული სამეცნიერო ინტელიგენცია, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით – მეცნიერი, რომელიც საოცრად ფრთხილად და კორექტულად შენიშნავს ოპონენტის მცდარ აზრსა თუ არასწორ მიგნებას.

ამას წინათ შესანიშნავი ენათმეცნიერის, ნიკო მარის შესახებ მასალების ძებნისას მისი და ექვთიმე თაყაიშვილის საოცარი მეგობრობის ამბავს გადავაწყდი, კიდევ ერთხელ დამწყდა გული, რომ სუბიექტურობის ღობეშემოვლებულ ჩვენს ეზოში ხშირად ყველაზე ახლობლებსაც კი არ ვუშვებთ, თუ ზუსტად ჩვენნაირად არ ფიქრობენ.

წარმოიდგინეთ ორი სხვადასხვაგვარად დიდი ადამიანი: ნიკო მარი და ექვთიმე თაყაიშვილი.

ნიკო მარი – ადამიანი-ვულკანი, გენიალური აღმოჩენებისა და გენიალური შეცდომების, ზოგჯერ ფანტასტიკური თეორიების ავტორი, უდიდესი გაქანებისა და დიაპაზონის, დაულაგებელი, იმპულსური, აფექტური, „მსოფლიო მეცნიერი ქართული ქოხიდან”, რომელიც ყველაზე ხშირად თავად ამტკიცებდა საკუთარი ჰიპოთეზების უარმყოფელ და საპირისპირო თეორიებს.

ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი-ფუტკარი, უსაზღვროდ მშვიდი, ერთგული, ჩუმი, საქართველოს ხაზინადარი, ყველა საკითხის ძირისძირობამდე გამომკვლევი, სკრუპულოზური და თავმდაბალი მეცნიერი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი).

მათი წერილები სავსეა გულწრფელი მეგობრული სიყვარულითა და გულშემატკივრობით, ზოგჯერ ფრთხილი და ზომიერი კრიტიკით, ზოგჯერ – არანაკლებ ფრთხილი შექებით.

ექვთიმე თაყაიშვილი გულახდილად წერს, ნიკო მარმა არაერთგზის აღნიშნა „შეცდომები ჩემ მიერ ძველი ტექსტების კითხვაში”, მისი „შენიშვნები სწორი იყო და ხელს უწყობდა ჩემი შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას”, „მეც ვაზუსტებდი ზოგ-ზოგ წაკითხვებს მარის პუბლიკაციებში და თვითონ მეუბნებოდა: დაწერე ეგაო, არა, მე არ ვწერდი”.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ თავის პუბლიკაციაში ექვთიმე თაყაიშვილი ზომიერად აკრიტიკებს მარის იაფეტურ თეორიას, მოგვიანებით წერს: „ჩვენთვის მთავარია არა იაფეტური თეორია, არამედ ის, რომ დიდი და დაუფასებელია ღვაწლი ნიკო მარისა ქართული და ქართულის მონათესავე ენების საფუძვლიან შესწავლაში, ასეთივეა მისი ღვაწლი ძეგლების გამოცემაში, სომხური და საერთოდ კავკასიის კულტურის შესწავლაში”.

ნიკო მარის თეორიებმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა და კრიტიკა დაიმსახურა, ზოგჯერ – ბოღმიანი და ბოროტიც. ასეთ სიტუაციებში ექვთიმე ყოველთვის იცავდა მეგობარს და ნიკოსაც ბავშვივით სჯეროდა მისი, მაგალითად, როდესაც მორიგ შხამიან წერილზე პასუხის გაცემას ექვთიმე აუკრძალავდა, ნიკო მარი აუცილებლად ემორჩილებოდა.

ცინიკური გამოხმაურებების ავტორ ზოგიერთ კრიტიკოსს ასე ურჩია ექვთიმე თაყაიშვილმა: „პროფესორ მარზე, მის მეცნიერულ შრომებზე და მის მოღვაწეობაზე წერილის წერას თავი გაანებოს, ვინაიდან წელზევით ვერ ახტება და სასაცილო კი გახდება”.

მერეც, როდესაც ნიკო მარი გარდაიცვალა, ექვთიმე თაყაიშვილი ყოველთვის დადარაჯებულად კითხულობდა თავისი მეგობრის შესახებ ყველა გამოხმაურებას და თუ საჭირო იყო, ღირსეულადაც პასუხობდა ოპონენტებს.

ვკითხულობ ამ ორი გენიოსის მიმოწერას და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სულაც არაა აუცილებელი, ვინმე შენნაირად ფიქრობდეს იმისთვის, რომ შეიყვარო და გული გაუზიარო.

ადამიანი გიყვარს მისი მსოფლმხედველობითა და თეორიებით, მისი ჩვევებითა და მანერებით, გიყვარს სამუდამოდ – ისევე როგორც ორ სრულიად განსხვავებულ მეცნიერსა და ადამიანს, ექვთიმე თაყაიშვილსა და ნიკო მარს, უყვარდა ერთმანეთი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“