ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდის გამოყენებით

მსჯელობა საკითხზე, რომ ადამიანს ახალ ეპოქაში ახალი კომპეტენციები/უნარები დასჭირდებოდა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დაიწყო. ბიზნესორგანიზაციებმა, რამდენიმე ათეული წლის წინ შექმნეს კოალიცია „პარტნიორობა XXI საუკუნის სწავლებისთვის“. კოალიციამ განსაზღვრა კომპეტენციათა სამი ძირითადი მიმართულება:

  1. სასწავლო უნარებ(Learning skills):

კრიტიკული აზროვნება; კრეატიული აზროვნება; თანამშრომლობა.

  1. ციფრული წიგნიერების უნარები (Literacy skills):

ინფორმაციული წიგნიერება; მედიაწიგნიერება; ტექნოლოგიური წიგნიერება.

  1. ცხოვრებისთვის საჭირო უნარები (Life skills):

მოქნილობა; ლიდერობა; ინიციატივა; პროდუქტიულობა.

XXI საუკუნის გამოწვევებზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ისეთი სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენება, რომლებიც კომპლექსურად განავითარებს ზემოთ ჩამოთვლილ უნარებს.

სწავლა-სწავლების ასეთი მეთოდი ძალიან ბევრია, აქ კი გთავაზობთ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს, როგორც უმნიშვნელოვანესს სწავლა–სწავლების პროცესში.

რატომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება? იმიტომ, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის აქტიური სწავლების პედაგოგიკა, რომელიც მოსწავლეზეა ორიენტირებული. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს ავთენტური, რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებულ სწავლებას.

პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაში შეიძლება გამოვყოთ სამი უმნიშვნელოვანესი ეტაპი:

  1. სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს/ქეისებს;
  2. მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში;
  3. მასწავლებელი არის „ფასილიტატორის” როლში, რის შედეგადაც მოსწავლე იღებს მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და ხდება აქტიური შემმეცნებელი.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მნიშვნელოვანია, დავიცვათ პრობლემის იდენტიფიცირებისა და პრობლემის მოგვარების/გადაჭრის ეტაპები. ეს ეტაპებია:

  1. პრობლემის განსაზღვრა;
  2. პრობლემისა და მისი გამომწვევი მიზეზების გაანალიზება;
  3. საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება/მობილიზება;
  4. პრობლემის გადაჭრის გზების ორგანიზება;
  5. პრობლემის გადაჭრის გზების შერჩევა;
  6. პრობლემის გადაჭრის გზების დემონსტრირება/წარდგენა.

 

თითოეულ ეტაპზე საჭიროა სერიოზული მუშაობა, მუდმივი მონიტორინგი და შეფასება. პროექტზე დაფუძნებული სწავლების გამოყენების ეფექტურობას განაპირობებს პროცესში აქტიურად გამოყენებული განმავითარებელი შეფასება, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ეტაპობრივად მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება.

პირველ რიგში, თუ არ მოხდა პრობლემის იდენტიფიცირება, ცხადია, გაგვიჭირდება გეგმა-გამოსავალზე, პრობლემის მოგვარების სტრატეგიებზე მუშაობა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის სირთულეები, რომლებიც შეიძლება მუშაობის პროცესში წარმოიშვას. ეს შეიძლება იყოს დროის დეფიციტი. აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, პედაგოგმა სწორად დაგეგმოს/განსაზღვროს, რომელ ეტაპს რა დრო დასჭირდება. შესაძლებელია პედაგოგმა, დროის მოგების მიზნით თვითონ შესთავაზოს მოსწავლეებს უკვე იდენტიფიცირებული/განსაზღვრული პრობლემა, იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გაკვეთილს უთმობს პრობლემაზე მუშაობას, შესაძლებელია თვითონ მოსწავლეებმა მოიძიონ პრობლემა და მოახდინონ მისი იდენტიფიცირება.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების (PBL) გამოყენება თითქმის ყველა საგანში შესაძლებელია. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს და ზრდის მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას. ავითარებს მოსწავლეებში ტრანსფერის, მეტაკოგნიტური, კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და სხვა უნარებს. მოსწავლეებს უვითარდებათ, როგორც სასწავლო და ციფრული წიგნიერების, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო უნარები.

როგორც გლობალური ციფრული მოქალაქეობის საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, „ყველაზე მოთხოვნადი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თამამად ეჭიდებიან რეალური სამყაროს გამოწვევებს და იღებენ გადაწყვეტილებებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი