სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ყველას თავისი ამერიკა აქვს

ყველას თავისი ამერიკა აქვს. ვისთვის ეს ოცნების ქვეყანაა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მცველი ზესახელმწიფო, ვისთვის – ბოროტების, გარყვნილებისა და მსოფლიო იმპერიალიზმის ბუდე. აგერ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვიდეოც გავრცელდა – ჩრდილოეთკორეელი ახალგაზრდა სიზმრად ხედავს, როგორ ანადგურებს ამერიკას და ისადგურებს მშვიდობა მსოფლიოში.

 

იშვიათია, ვინმეს ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ ქვეყნის მიმართ, ის ან უყვართ, ან სძულთ. ამერიკის შესახებ მითებს კი ძირითადად ჰოლივუდის პროდუქცია ასაზრდოებს. ჰოლივუდი ხომ ოცნების ფაბრიკაა, რომელიც  გაპრიალებულ, ბრჭყვიალა ქვეყანას გვაჩვენებს, შემდგომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ოცნებას რომ ასაზრდოებს ამერიკაზე.
მათ, ვისაც უბრალოდ გსურთ, გზას გაუდგეთ, იმოგზაუროთ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, დასავლეთიდან სამხრეთით, ნიუ-იორკიდან დენვერში, დენვერიდან ფრისკოში, ფრისკოდან ლოს-ანჯელესში, უბრალოდ გაუყვეთ დინებას ქარის მიმართულებით და შეიცნოთ ნამდვილი ჰოლივუდის პლასტმასის სამყაროს მიღმა არსებული 50-იანი წლების ამერიკა, ბიბოპი, ცეცხლოვანი ჯაზი, იმოგზაუროთ ბიტთაობის თავქარიან ახალგაზრდებთან ერთად, შეგიძლიათ სალ პარადაიზს, დინ მორიარტის, კარლო მარქსსა და ბებერ ხარს დაემგზავროთ. მგზავრობისას მუსიკალური ფონიც არ იქნებოდა ურიგო.

მეც ასე, თბილისის ვაგზალზე მდებარე წიგნის მაღაზიიდან სრულიად შემთხვევით დავემგზავრე ამერიკელი მწერლისა და პოეტის, ბიტმოძრაობის პიონერის ჯეკ კერუაკის საკულტო რომანის “გზაზე” მეშვეობით, რომელიც პირველად 1957 წელს გამოიცა და ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. ის მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. წიგნი, მართალია, დაგვიანებით,  მაგრამ მაინც ითარგმნა ქართულ ენაზე და 2012 წელს გამომცემლობა დიოგენეს პროექტის “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ფარგლებში გამოიცა. უნდა ითქვას, რომ თარგმანი რომანისთვის შეუფერებლად უბიწოდ გამოიყურება. დაახლოებით ისე, ქართულ ტელეარხებზე თარგმნილ ფილმებში ყველაზე უშვერ გინებად “ეშმაკმა დალახვროს” რომ მიიჩნევა. არადა რა უხერხულად ჟღერს თავქარიანი პერსონაჟებისგან ასეთი ყალბადნათარგმნი გამოთქმები. თარგმანში შეცდომაც მრავლად არის და რომანის ბუნებრივი რიტმიდან გადაცდომაც, რაც გაბნევს და სიუჟეტში ორიენტირებას გირთულებს, თუმცა რას ვიზამთ – ქართველი ბიბლიოფილები იმდენ ხანს ელოდნენ მის გამოცემას, ნაჩუქარი ცხენისა არ იყოს, კბილიც არ გაესინჯება. არც რომანის დედანს ჰკლებია კრიტიკოსთა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ წიგნმა მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურულ პროცესებში. პირველ რიგში – ამბის სიმარტივის გამო: აქ ხომ არავინ არავის მოძღვრავს, არ ქადაგებს და არ მორალისტობს; უბრალო ამბავია თავქარიანი ბიჭების მოგზაურობაზე ქარის მიმართულებით.

 
წიგნი კარგად ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებს, დამოკიდებულებებს, ოცნებებს, ცხოვრების სტილს და თავისუფლების სურვილს. სურვილს, დააღწიონ თავი წიგნში ამოკითხულ ფრაზებს, პოლიტიკაზე ყაყანს და ახალ, რეალურ ცხოვრებას ეზიარონ, შეიცნონ საკუთარი თავი და თავგადასავლებში გადაეშვან. იხეტიალონ ქარის მიმართულებით აღთქმულ მიწამდე, მეხიკო სითიმდე.
წიგნში მოქმედება 1947 წელს ვითარდება. ის ავტობიოგრაფიული რომანია, წიგნის გმირებს კი რეალური პროტოტიპები ჰყავთ.  სალ ფარადაიზის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია, კარლო მარქსისა – ალენ გინსბერგი, ბებერი ხარისა – უილიამ ბეროუზი და სხვები.
სანამ გაზაფხული მოვა, მხრებზე დიდ ზურგჩანთებს ავიკიდებთ და ქარის მიმართულებით გავუყვებით გზას, ჯეკ კერუაკის რომანის “გზაზე”  წაკითხვა ურიგო არჩევანი ნამდვილად არ იქნება. ამერიკაში მოგზაურობის თუ არა, საკუთარ ქვეყანაში ხეტიალის სურვილს ნამდვილად გაგიჩენს კაცს, მით უფრო – თუ შენც მისი გმირებივით ოცდარაღაცა წლის ხარ და საკუთარი ამბები და თავგადასავლები ჰაერივით გჭირდება, თუნდაც საკუთარი თავის შესაცნობად. პოლიტიკაზე ყაყანს იშვიათად მეგულება  ვინმე ჩვენზე მეტად გაებეზრებინოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი