სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

“ბახტრიონი”, 1995

მე და ჩემი ძმა მესამე კლასში ვიყავით, როცა ზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის დასი ჩამოვიდა და ჩვენმა ნათესავმა, მსახიობმა კოტე თოლორაიამ, დიდიან-პატარიანად დაგვპატიჟა სპექტაკლ “ბახტრიონზე”.

ალბათ ოქტომბრის ბოლო იქნებოდა, მოღრუბლული იყო და თბილად გვეცვა. თეატრის კიბეებთან ჟურნალისტი და ოპერატორი დაგვხვდნენ. დედაჩემი არ დაიბნა – სახელოვანი ხალხი ჩამოვიდა და მოხარული ვართ, რომ ამ წარმოდგენას ვესწრებითო.

ამდენი ნამდვილი მსახიობი მანამდე მხოლოდ კინოში მენახა, უფრო ზუსტად – ტელეეკრანზე, რომელიც უწყვეტი უშუქობის ფონზე დროდადრო გამოანათებდა ხოლმე ჩვენს ბავშვობაში. ცეცხლი ტრიალებდა სცენაზე, გმირები ხმალ-ხანჯალს აკვესებდნენ სამშობლოსათვის, მსხვერპლად ეწირებოდნენ, დიდებული სანახაობა იყო.


(ზუგდიდი, შალვა დადიანის სახელობის თეატრი)

დღეს არც ერთ თეატრმცოდნეს კარგი არაფერი წამოსცდება თემურ ჩხეიძის ამ სპექტაკლზე, მაშინ კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავად მოჩანდა ყველაფერი, განსაკუთრებით კი ერთი პერსონაჟი – ქადაგი, რომელსაც საქვეყნოდ ­­ცნობილი ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა და, გარდა იმისა, რომ “დათა თუთაშხიას” წყალობით ისედაც პოპულარული გამხდარიყო, აქ მაინც ყველასგან გამოირჩეოდა.

მსახიობების ყოველ მოძრაობას ხარბად ისრუტავდა მაყურებელი. საომარი მზადყოფნა რომ გამოცხადდა და განათების ნაცრისფერ შუქში იარაღმაც გამოანათა, ჩემი ძმა მეუბნება: “ბიჭოო, რა მაგარია! არ მაჩუქებენ?” “რად გინდა”, – ვამბობ ჩურჩულით, – “მართალიანი კი არ არი, ისე, ვითომ, სათამაშოა”. ჩემს ძმას კარგად ახსოვს, როგორ მოგვცეს სოფელში სტუმრად მოსულმა ჯარისკაცებმა ნაღდი ა-კა-ესის ტყვიები, მერე ბაბუამ რომ გადაგვიყარა, რად გინდათ, მხედრიონელების ნაჩუქარიაო.

წარმოდგენის შემდეგ, როცა მსახიობების “პაკლონი” და არნახული ტაშისცემა მორჩა, ქადაგმა ითხოვა სიტყვა. იმ დღეს პირველად ვნახე ოთარ მეღვინეთუხუცესი როლს გარეთ და, სიმართლე გითხრათ, მეუცხოვა. რაღაცნაირად გაუგებარ და მოულოდნელ სიტყვებს ამბობდა. პერსონაჟის ტყავიდან თავდაღწეული, თითქოს ჯერ კიდევ მისით იყო შებოჭილი, მაგრამ პიესის ენით კი არ ლაპარაკობდა, არამედ თანამედროვე, მარტივი სიტყვებით. ეს სიმარტივე მას ბრძენის, ვაჟკაცის, ზებუნებრივი პიროვნების იერისგან ძარცვავდა და ჩვეულებრივ, რიგით მოკვდავს ამსგავსებდა.

იმ სიტყვების ზედმიწევნით აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ უმთავრესი, რამაც ელდასავით გადაუარა დასჯილი, დარბეული, აოხრებული, რეპრესირებული ქალაქის სიჩუმეში ჩაფლულ მაყურებელს, ასე დამამახსოვრდა:

– მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, – ამბობდა ქადაგი, – სამოქალაქო ომებმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. ამას დაემატა დაკარგული ტერიტორიები, ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში. ბევრი ფიქრის დრო არ არის. უნდა გამოვიჩინოთ გონიერება და სიფხიზლე, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მხარი დავუჭიროთ ედუარდ შევარდნაძეს – მხოლოდ მას შეუძლია, ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენოს…

…მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ერთმანეთის მიყოლებით შეიცვალა მმართველი პარტიები, უმაღლესი ხელისუფლება, აღზევებული ჩინოვნიკები აღარავის ახსოვს. ისევ ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსები თუ გაიხსენებენ ერთმანეთს, საეჭვო წარსული და გამოცდილების უქონლობა რომ წამოაძახონ. სამაგიეროდ, შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს ბავშვის მეხსიერებაში დალექილი სურათი, როგორ მოუწოდებდა ოქტომბრის მოღრუბლულ დღეს სცენაზე შემართული ახოვანი ქადაგი სიცივით მობუზულ ხალხს, საარჩევნო ყუთთან მისვლისას არ დავიწყებოდათ ერთადერთი რეალური კანდიდატი, რომელიც ქვეყანას განვითარების გზაზე დააყენებდა.

– მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, სამოქალაქო ომებმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ…
ბავშვის გონებაში ქადაგის მარტივი, ელექტორატისთვის გამიზნული სიტყვები უცებ სხვა, კინოფილმის ნაცნობი მეამბოხე ფრაზით იცვლებოდა. ფრაზას მეფე წარმოთქვამდა:

– ქურდები არიან ბიზანტიელები: სჯული ებრაელებს მოჰპარეს, ენა – ძველ ბერძნებს, ბულგარელებს – ცეტინიუმი, სომხებს – ანისი, ბასიანს გადაღმა ქვეყნები – ქართველებს, ხოლო სინდისი ვერავის წაგლიჯეს, რადგან ასეთი რამ არა სჭირიათ ჯერაც…

და ასე ენაცვლებოდა ერთმანეთს: ხან – ქადაგის წინასაარჩევნო ქადაგება, ხან – შეუდრეკელი, მონობისა და მორჩილების უარმყოფელი მეფე… ერთი მსახიობის შესრულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“