ოთხშაბათი, მაისი 1, 2024
1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ენით დაკოდილთა შესახებ

პოეტი, ენათმეცნიერი და მასწავლებელი – ყველანი ერთი დიდი ტაძრის მლოცველები არიან, სადაც სიტყვის ძალას სცემენ თაყვანს.

სიტყვას რომ ყველაფერი შეუძლია, ამის დასამტკიცებლად, გარდა საკუთარი გამოცდილებისა, სხვადასხვა მითოლოგია თუ რელიგიური წიგნი გამომადგება, თუმცა ასეთ ღრმა და ფილოსოფიურ წიაღსვლებს არც ვგეგმავ, მარტივი, ყოფითი მაგალითებით შემოვიფარგლები.

თქვენ როგორ გგონიათ, რომელ ძალას შეუძლია, მოვლენები თუ წესები შეცვალოს, ჰო, მთლიანად შეცვალოს? ღმერთს, – მიპასუხებენ მორწმუნენი, ათეისტები მეცნიერულ ახსნას დაუწყებენ ძებნას, ენათმეცნიერები კი უბრალოდ მეტყვიან: ენას. დიახაც, ასეა, – ვუპასუხებ მე.

მზე ამოდის და ჩადის – მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო; კასპიის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა კი არა, ტბაა, მაინც ზღვად იწოდება; ზღაპრის მძლეთამძლე, თუმცა მხდალია, მაინც მძლეთამძლეა, იმიტომ, რომ მოისურვა, ასე ყოფილიყო; ასე ეწოდა, ესე იგი ასეც არის…

ხორხე ლუის ბორხესს თავის ცნობილ ანთოლოგიათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო წიგნი აქვს – “ფანტასტიკური ცხოველების ანთოლოგია” ჰქვია. თუ ამ გამოგონილი ცხოველების ენობრივ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ თეზას გავყვებით, რომ ყველაფერი, რაც ენაში არსებობს, ნამდვილადაც არსებობს, მაშინ ამ წიგნის ბინადრებთან ერთად რეალურ არსებობას შეიძენენ ათასი ჯურის დევები თუ მაძახურები, ტყაშმაფები თუ ოჩოკოჩები…

ბავშვობაში, როცა ძალიან მომინდებოდა სკოლის გაცდენა, ვიტყოდი, სიცხე მაქვს, სიცხე მაქვს-მეთქი და თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი მართლაც სცდებოდა 37.8-ს.

ახლა, რისთვის დამჭირდა ამხელა შესავალი:
ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მეექვსე- თუ მეშვიდეკლასელი ვიყავი, როცა ჩვენი რაიონის გამგებელმა საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიპენდია დანიშნა, კოლოსალური სტიპენდია – თვეში მთელი 10 ლარი.

თითო სკოლიდან თითო ბავშვი უნდა აერჩიათ, ჰოდა, ჩემი სკოლის დირექტორმა მე გამგზავნა – აქტიური და შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ხშირად უგზავნიდნენ სკოლას მადლობებს, გამოხმაურებებსა თუ ფარატინა დიპლომებს ჩემი სახელითა და გვარით. სწავლაშიც არა მიშავდა რა, თუმცა იყვნენ ჩვენს სკოლაში უფრო გამართული ხუთოსნებიც, ვინც უფრო ბეჯითად იზეპირებდა წესებსა თუ თეორიას, მაგრამ სკოლის დირექტორმა სხვა პრინციპით აარჩია – შემოქმედებითი უნარების მიხედვით.

ჰოდა, დილით მითხრეს, რომ სწორედ მე გავხდებოდი სტიპენდიანტი. ძალიან გამიხარდა. გარდა იმისა, რომ როგორც ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვანაირადაც გამიხარდა – ჩვენ, მარჩენალდაკარგულები, პენსიითა და დედას მასწავლებლის მიზერული ხელფასით (ისიც ხან იყო, ხან არა) ვირჩენდით თავს და მაშინ მეგონა, რომ დედას შვილი მოესწრო და ფინანსურად ამოვუდგებოდი მხარში.

სკოლის კიბეზე გახარებული ჩამოვრბოდი და ერთი მასწავლებელი შემომხვდა, უკვე იცოდა ახალი ამბავი და ალბათ არც ჩემი გაბრდღვიალებული სახე გამოპარვია. – რა კარგად მოიქცა დირექტორი, – დამტკბარი და მოსაწყლებული სახით მითხრა, – შენ მამა მოგიკვდა და ისედაც, ყველაზე გაჭირვებული ხარ სკოლაში, – მითხრა და გაიარა.

მან გაიარა, მე კი კიბეზე დავრჩი, მართლა ყველაზე საწყალი, დაპატარავებული და გაჭირვებული. ყველაფერმა ფასი დაკარგა.

და მერე რა, რომ ის სტიპენდია აღარც მოუციათ ბავშვებისთვის (უფრო სწორად, სულ ერთხელ მოგვცეს, სურათი გადაგვიღეს და რაიონის გაზეთში გამოაქვეყნეს გამგებლის ქება-დიდებასთან ერთად), – იქნებოდა ის თუ არა,  ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

არ ვიცი, რისი ბრალი იყო, რომ მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ერთი კადრი: როგორ ვიდექი კლასში, როგორ მეხვეოდნენ მკბენარები და როგორ ითვლიდა ის მასწავლებელი ხმამაღლა მკბენარებს ჩემს თავში – კლასი კი იცინოდა.

არ ვიცი, რა ძალა დამეხმარა, რომ “შეძახილმა ხე არ გაახმო” და მთელი ცხოვრება სხვისი ხელის შემყურე ადამიანის ფსიქოლოგიით არ მოვჩანჩალებ. ალბათ, დედაჩემი დამეხმარა, რომელიც არასდროს მინახავს გულხელდაკრეფილი და იმედგადაწურული, ზოგიერთი ჩემი მასწავლებელი დამეხმარა, მაგალითად, ნაზი თოდრაძე, ქართული ენისა და ლიტერატურისა, რომელსაც არასდროს აღუნიშნავს ჩემი ობლობა თუ დედაჩემის უბედურება – უამისოდაც ახერხებდა, ქართულად კარგად წერა ესწავლებინა…

ეს პატარა ამბავი ამას წინათ გამახსენდა, როცა ისევ ჩემი მოსწავლეების ნახატებსა და წერილებს ვახარისხებდი და ვალაგებდი (ეს უგუნებობასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია), ჰოდა, ერთი ნახატის ნახვისას ჯერ ის ემოცია გამახსენდა, რომელიც მაშინ დამეუფლა, – სულ იისფერი ნახატია, იისფერი წვიმა და ქარი, პატარა გოგონა სკეიტბორდზე დგას და ქარისკენ მიქრის, – მერე კი მისი მხატვარი, პატარა ქერა გოგონა, რომელმაც ერთხელ გულისტკივილით მომიყვა, როგორ უთხრა ერთმა მასწავლებელმ: გოგო, დედაშენი რატომ არასდროს გვარცხნის მაგ ბუწუწა თმასო.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, ენით დაკოდილი დათვის ამბავი ხომ გახსოვთ? არ შუშდება ენობრივი ჭრილობები, არა!

პ.ს. მკბენარებზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, ერთ-ერთი შორეული სოფლის სკოლაში გაკვეთილებს ვატარებდი. უნდა ვაღიარო ჩემი ცუდი საქციელი – გრძელი თმა მქონდა და მკბენარების შიშით თავსაფარი წავიკარი, ჩემი ჭკუით, ბავშვებისგან დავიცავი თავი.

მეორე დღეს კლასის ყველა გოგო თავსაფრით მოვიდა სკოლაში. მიზეზი რომ ვკითხე – თქვენ რომ დაგმსგავსებოდითო, მიპასუხეს.

ასე გამაწნეს უთბილესი და უკეთილშობილესი სილა ანგელოზებმა, ნამდვილმა ანგელოზებმა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი