ორშაბათი, ოქტომბერი 7, 2024
7 ოქტომბერი, ორშაბათი, 2024

კანონების კანონი

ამ პატარა მოთხრობის წაკითხვა, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ჩემი ცხოვრების მანძილზე სამჯერ მომიწია. სამივეჯერ თავიდან დამაფიქრა. ცხადია, ნებისმიერი შთაბეჭდილება ინდივიდუალურია, მაგრამ ვიფიქრე, რომ მაინც ღირს ამ ამბის გაზიარება მისთვის, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს სულ რამდენიმეგვერდიანი ტექსტი და ვინც ჩემსავით არ დაფიქრებულა კანონების კანონზე.
როდესაც კამიუს „სტუმარს” მეორედ „შევხვდი”, სკოლაში ვმუშაობდი. ამ, მეორე „შეხვედრაზე” მოთხრობა გულდასმით არ წამიკითხავს, ისე, ზერელედ გადავავლე თვალი, როგორც უკვე ნაცნობ ტექსტს, მაგრამ მეორე დღეს გაკვეთილზე რომ შევედი, მივხვდი, რომ კედლებში, სადაც გუშინაც ასე ვიდექი, დღეს ამ პატარა მოთხრობის დამსახურებით, თითქოს განვსხვავდებოდი იმისგან, რაც წინა დღეს ვიყავი. და მქონდა რაღაცნაირი, „დამარცხებულის” განცდა, რადგან ვიცოდი, რა მინდოდა მესწავლებინა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ.

ეს არის მოთხრობა ნდობაზე. ნდობასა და პასუხისმგებლობაზე.

სკოლის შენობაში მცხოვრებ მასწავლებელს მისი დიდი ხნის ნაცნობი მოხუცი ჟანდარმი მოულოდნელად ესტუმრება. გარეთ თოვლია, ცივა. ჟანდარმს ხელებშეკრული არაბი ტყვე ახლავს, რომელსაც თავისი ბიძაშვილისთვის დანით ყელი გამოუჭრია, მერე კი გაქცეულა. ერთი თვის ძებნის შემდეგ დაუჭერიათ. ჟანდარმი დავალებითაა მოსული. ტყვე მასწავლებელს უნდა ჩააბაროს და ქალაქამდე, რომელიც სკოლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული და სადაც არაბი უნდა გაასამართლონ, იგი მასწავლებელმა უნდა ჩაიყვანოს. მასწავლებელი დავალებას აპროტესტებს, მაგრამ ამაოდ. ჟანდარმი მიდის, ტყვეს მას აბარებს და თან, ყოველი შემთხვევისთვის, იარაღსაც უტოვებს. მასწავლებელი ტყვეს ჩვეულებრივი სტუმარივით იღებს, იარაღს შეინახავს, ასადილებს, ლოგინს გაუშლის. ტყვე დაბნეულია, ვერ მიმხვდარა, ვინაა ეს კაცი, რატომ მოხსნა თოკი და რატომ ჭამს მასთან ერთად. ჰგონია, რომ ხვალ ისევ უნდა მოაკითხოს ჟანდარმმა და სასამართლოს წარუდგინოს. „შენც წამოდი ჩვენთან ერთად,”- ეუბნება არაბი უცნობ მასპინძელს. დაღამდება, დაწვებიან დასაძინებლად. ღამით არაბი ტყვე სიბნელეში ფრთხილად წამოდგება და გარეთ გავა. მასწავლებელს არ სძინავს, გაახსენდება საწერი მაგიდის უჯრაში ჩაკეტილი იარაღი, წამით გაურბენს ფიქრი, იქნებ გაიპაროს ტყვე და გავთავისუფლდე მისგანო. მერე გარედან წყლის ჩხრიალს გაიგონებს, მიხვდება, რატომაც ადგა არაბი, რომელიც რამდენიმე წუთში ისევ ფეხაკრეფით დაბრუნდება ოთახში და საბანში გაეხვევა.
მეორე დღეს მასწავლებელი ტყვეს ასაუზმებს და გზას გაუდგებიან. ასე, ერთ საათს ივლიან და ბოლოს გორაკზე შეჩერდებიან. მასწავლებელი არაბს ერთ ფუთაში გამოკრულ პურს, შაქარს და ათას ფრანკს აძლევს. არაბი დაბნეული და შეშინებულია. მასწავლებელი ორ გზას უჩვენებს – აღმოსავლეთის გზა ქალაქში, სასამართლომდე მიიყვანს, ხოლო სამხრეთის – მომთაბარე ხალხთან, სადაც შეიფარებენ. აქ, გზაგასაყართან ტოვებს მასწავლებელი დაბნეულ ტყვეს, რომელმაც არ იცის, რა ქნას და თვითონ უკან, სკოლისკენ ბრუნდება. კაი ხნის მერე მოტრიალდება უკან და გულნატკენი დაინახავს, მსუბუქ ნისლში როგორ მიიკვლევს არაბი გზას აღმოსავლეთისკენ…

თქვენი არ ვიცი და, მასწავლებელთან ერთად, შეიძლება მეც შვებით ამომესუნთქა, სამხრეთის გზას რომ დასდგომოდა კაცი, რომელმაც საკუთარ ბიძაშვილს ყელი გამოსჭრა და რომელიც ერთი თვის ძებნის შემდეგ ძლივს დაიჭირეს, ახლა კი თავისი ფეხით მიდიოდა საპატიმროსკენ.

ალბათ არ არსებობს რაიმე ფორმულა ან ალგორითმი, რომელიც შეაძლებინებს ადამიანებს, მართლები და პირნათელები იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ კანონი, რომელიც ყველა სხვა კანონის კანონია, ამ საქმეში ყველაზე მეტად გვეხმარება: ნდობა.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დღევანდელ ეპოქაში, როცა დრო დაჩქარდა და მანძილი დაპატარავდა, როცა კომუნიკაციები გაადვილდა, ადამიანები, დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. შეიძლება ამ, კანონების კანონს ვარღვევთ და იმიტომ. შეიძლება სამყარო ოდნავ მაინც უკეთესი ყოფილიყო და შეიძლება ოდნავ უფრო მეტი ღიმილითა და სიხარულით გვეცხოვრა, უპირველეს ყოვლისა, ამ კანონის მორჩილებას რომ ვსწავლობდეთ.
საბოლოოდ ხომ მართლა ვერაფერი ზრდის ადამიანს ისე, როგორც ნდობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“