სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მანძილი ორ ლექსს შორის

როგორ ცვლის იდეოლოგია ადამიანებს – გუშინ გულაგის, უკრაინის შიმშილობის, საქართველოს 1937 წლის რეპრესიების ამბებს ვკითხულობდი, თან მეშინოდა  და თან  გული მეფლითებოდა –  მგონი, ჯერ ვერ მივხვდით, რა დიდ ბოროტებას დავაღწიეთ თავი, ჯერ ვერ გავითავისეთ, როგორი დიდი უბედურება გვჭირდა.
მე რომ ისტორიკოსი ვიყო, ეპოქის ისტორიას თითო-თითო ადამიანის ბიოგრაფიობით ავაგებდი. ჩვეულებრივი ადამიანების ბიოგრაფიებით.

ახლა ასეთი პოეტი მახსენდება, არც ცნობილი , არც უცნობი – ილო მოსაშვილი.

აი, მისი ასეთი ლექსი:

ღამე გომბორზე
საღამო მოდის, როგორც მთაში მგზავრი ურჯულო,
შავი ნაბადით და ყაბალახით,
მინდა ამ ღამეს მიწა ვიგრძნო და ვეჩურჩულო,
ვწოვო ბალახი.
მთები დამსხდარან, როგორც კარის დარბაისლები
და გვიგზავნიან თეთრ ანგელოზებს,
შემოხვევია გომბორს ნისლი –
ჩვენ –  ოცნება საქართველოზე.
დღეს ჩვენ ვიყავით ვაჟასავით მონადირენი
ეხლა კი ვყრივართ ცის ქვეშ, კალოზე,
თუ სადმე ყვირის ნატყვიარი მკერდით ირემი,
ღმერთო, დალოცე.
მწვადი იწვება, შესევიან ცეცხლს შამფურები
ღვინით სავსე მოდის მათარა,
მთვარეა – როგორც გატენილი ძროხის ცურები,
ცა კი პატარა.
დასაძირავად გვემუქრება უნაპირობა,
და ტანს გვიმძიმებს ნაბადივით ღამის ბეწვები,
განშორებისას თითქოს გული ფარულ ტიროდა –
მშვიდობით, ძმებო, ვერ დაგვეწევით.
მინდორში ვყრივართ მუხლმოჭრილი მონადირენი,
ხოხბის ბუდობას გადმოსძახა სადღაც მამალმა,
ღმერთო, უშველე თუ დაჭრილი სადმე ირემი
ღამემ დამალა.
ეს ლექსი 1927 წელსაა დაწერილი.
1938 წელს კი გაზეთ კომუნისტში იმავე პოეტის სხვა ლექსს ვკითხულობთ, ლექსი დიდ ბელადს ეძღვნება:
ბელადს
“სხვა – სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
მიწაზე დადის – არა აქვს მიწა,
ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:
ზეცაში – მფრინავს, ბრძოლაში – მხედარს,
ვაჟკაცს – ზღვასავით გაშლილ ყანაში,
და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
შენებრ მშობლიურ იავნანაში.
და როცა დილა, მთების ფიწალზე
ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
შენი გულის და ხელის შეხებას.
დგება ბალახი, აცახცახდება,
მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
და შენი სახე ცაზე დახვდება
ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს”.
ამ ორ ლექსს შორის მთელი 11 წელია, წარმოიდგინეთ რა ზეგავლენა უნდა მოეხდინა იდეოლოგიას პოეტზე, როგორ უნდა შეეცვალა მისი ბუნება, სისხლისა და ცრემლის მდინარეზე გადებული რა დროითი ხიდი აერთებს ამ ორ ლექსს?
როგორც სხვადასხვა წყაროებით თუ ცნობებით ირკვევა, ილო მოსაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა წითელ  მთავრობასთან, მისთვის არც დასმენები იყო უცხო, არც ჩაშვება და არც ანონიმური წერილების წერა, მეტიც, ამბობენ, რომ იგი მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგედიის აქტიური მონაწილეა.
მანძილი ამ ორ ლექსს შორის ადამიანის ცხოვრების მთელი ტრაგედიაა, ქვეყნის ტრაგედია, ეპოქის ტრაგედია. . .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“