კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ქების ბნელი მხარე ანუ როგორ შევაქოთ სწორად

„ყოჩაღ, ძალიან კარგია“, „რა ჭკვიანი ხარ“, „ეს ყველაზე მშვენიერი ნახატია, რაც კი მინახავს“, – ამ და სხვა საქებარ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ. ვაქებთ შვილებს, მოსწავლეებს და მიგვაჩნია, რომ ამით მათ მოტივაციას და თვითშეფასებას ვუმაღლებთ, ვეხმარებით, შემდგომში უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და აკადემიურ წარმატებას  მიაღწიონ. ქება, რომელიც ყველა ბავშვისთვის სასიამოვნო სოციალური სტიმულია, შესაძლოა, მავნე ფსიქოლოგიურ აბებად იქცეს და ჩვენი მოლოდინის საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

მაინც როგორი ქება ვნებს ბავშვს? – გადაჭარბებული, არარელევანტური, არასწორად ფორმულირებული და არაგულწრფელი. არასწორი ქების დროს აქცენტირებულია პიროვნება („ძალიან ჭკვიანი ხარ“), შეფასება გაზვიადებულია („მეორე პიკასო ხარ“), ქება ორიენტირებულია შედეგზე, ზოგადია და ხშირად არაგულწრფელი („შეუდარებელი ნამუშევარია“).

კვლევები მოწმობს, რომ ქება დადებითად მოქმედებს ბავშვზე, მის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე, მაგრამ არა ყოველთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ფორმასა და შინაარსს. სტენფორდის უახლესი კვლევის თანახმად, ბავშვის განვითარებაზე ქება მაშინ ახდენს დადებით გავლენას, როდესაც ხაზს უსვამს ძალისხმევას და არა ნიჭს. მოტივაციის ამაღლებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ემსახურება, როდესაც ემყარება რეალურ მიღწევას და არა ყალბ შეფასებას. სიყალბეს ბავშვები გრძნობენ, ეს კი თვითშეფასებისა და მოტივაციის დაქვეითების საფრთხეს ქმნის. საინტერესოა, რომ გულწრფელმა, მაგრამ პიროვნულ მახასიათებლებზე აქცენტირებულმა ქებამაც შეიძლება ასეთივე შედეგი გამოიღოს. პიროვნებაზე ცენტრირებული ქების დროს („ძალიან ნიჭიერი ხარ“) ბავშვის ყურადღება „მე“-სკენ მიემართება და როდესაც ის რიმე საქმიანობაში მარცხს განიცდის, ამ წარუმატებლობასაც საკუთარ „მეს“ მიაწერს („მე უნიჭო ვარ“), ნაცვლად კონკრეტული ქმედებისა („ნაკლები ძალისხმევა გამოვიჩინე“). დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს კი ქებისას პიროვნული მახასიათებლების ხაზგასმა კიდევ უფრო უქვეითებს თვითშეფასებას და თვითრწმენას.

რა შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებულმა, ყალბმა, უშინაარსო და მხოლოდ ნიჭსა და პიროვნებაზე აქცენტირებულმა ქებამ?

* არაადეკვატურობის განცდა. ბავშვებს არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ საკუთარ თავზე. სინამდვილეში ისინი არასოდეს არიან საკუთარი თავით კმაყოფილი, რადგან ქება, რომელსაც იღებენ, ცარიელი და ყალბია. საბოლოოდ კი მათ შეცდომის შიში უჩნდებათ.

* ნარცისიზმი. ნარცისული განწყობები ბავშვს ხელს უშლის სხვისი წარმატებების დანახვასა და აღიარებაში და ის საკუთარ თავზე ცენტრირებულ, მუდმივად პერსონალურ წარმატებებზე მეოცნებე ადამიანად ყალიბდება.

* იმედგაცრუება. სახლის ან საკლასო ოთახის გარეთ ბავშვი, შესაძლოა, არავინ შეაქოს ისე მგზნებარედ, როგორს მიჩვეულია. ამ შემთხვევაში იმედგაცრუება გარდაუვალია. რეალური სამყაროს გამოწვევებს ბავშვი მოუმზადებელი ხვდება.

* მოტივაციის დაქვეითება. კოლუმბიისა და სტენფორდის უნივერსიტეტების კვლევათა მიხედვით, ბავშვების ქება მათი ინტელექტის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის გამო მხოლოდ მცირე ხნით ცვლის სწავლის ხარისხს. რეალურად ის ამცირებს გამოწვევებისადმი ბავშვის მდგრადობას და ცვლილებების სურვილს.

* ქებაზე დამოკიდებულება. ამ დროს უპირატესი განცდა არა პროცესით, არამედ ქებით მოგვრილი სიამოვნებაა და მთელ აქტივობასაც ეს დამოკიდებულება განაპირობებს და არა შინაგანი მოტივაცია.

* შეჯიბრებითობის გადაჭარბებული განცდა. ბავშვს იმდენჯერ აქვს მოსმენილი ქება, რომ აღიარების მუდმივი დეკლარირება სჭირდება საკუთარი „მე“-ს ხატის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ის სხვისი შესაძლებლობებისა და მიღწევების დაკნინებით თავს უკეთ გრძნობს.

* აღიარების მუდმივი მოთხოვნა და მოლოდინი. ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ ბავშვი ელის ან ითხოვს აღიარებას და ქებას, რომლის გარეშეც ის კმაყოფილებას ვერ გრძნობს.

* ცვლილებების სურვილის უქონლობა. არარეალური და ყალბი „მე“-ს ხატის რღვევის შიშით ბავშვი გამოწვევებს და ცვლილებებს თავს არიდებს.

* სასკოლო მოსწრების დაქვეითება. „სოციალური და კლინიკური ფსიქოლოგიის ჟურნალის“ თანახმად, როდესაც მკვლევრებმა სცადეს დაბალი მოსწრების მქონე მოაწავლეთა შედეგების გაუმჯობესება და მათ აჩვენეს დადებითი კომენტარები, რაც მათი თვითშეფასების ამაღლებას ისახავდა მიზნად, შედეგები გაუარესდა.

* სირცხვილის განცდა და დაბალი თვითშეფასება. როდესაც დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვის ქებისას მის პიროვნულ შტრიხებს ვუსვამთ ხაზს („რა არაჩვეულებრივი, რა გასაოცარი ხარ“) და არა მის ძალისხმევასა და სიმტკიცეს, ამას ის ნაკლები ემოციით ხვდება. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ასეთმა ქებამ შესაძლოა უფრო მეტად დაამორცხვოს და თვითშეფასება უფრო მეტად დაუქვეითოს. მსგავსი შეფასება მაღალ სტანდარტებს და მოლოდინებს უწესებს ბავშვს, რის გამოც ის შფოთავს და მოტივაციას კარგავს.

 

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად?

* მეტად დააკონკრეტეთ აზრი და გამოიყენეთ აღწერითი უკუკავშირი. მაგალითად, „კარგია“, „არაჩვეულებრივია“ ვერ ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, სახელდობრ რა გააკეთა კარგად. ამ სიტყვებს დაამატეთ „რადგან“ და შემდეგ დააზუსტეთ, კერძოდ, რა მოგეწონათ („ძალიან კარგია, რადგან ყველა მითითება წაიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე წერა“).

* ეცადეთ, სათქმელი მოკლედ თქვათ. სიტყვამრავალი ქება მოტივაციას ვერ ამაღლებს. პირიქით, შესაძლოა მრავალსიტყვაობამ ქებას ძალა დაუკარგოს კიდეც. სამაგიეროდ, სწორად ნათქვამ ერთ წინადადებასაც კი შეუძლია მოტივაციის ამაღლება.

* იყავით გულწრფელი. ბავშვები გრძნობენ სიყალბეს. შეუქეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად საქებარია.

* გამოიყენეთ „მე“: „[მე] ძალიან მეამაყება, რომ დავალება ბოლომდე შეასრულე“, „[მე] გამიხარდა, რომ მეგობარს სათამაშო ათხოვე…“

* დაუსვით კითხვა. ქების ნაცვლად შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას ფიქრობს თავად, რას გრძნობდა, როდესაც ამას აკეთებდა. მაგალითად, ასე: „როგორ მოახერხე ბალანსის შენარჩუნება და ველოსიპედის ისე ტარება, რომ არ წაქცეულიყავი?“; „როგორ მოიქეცი, რომ სწორი პასუხი მიგეღო?“

* შეაქეთ ქცევა და არა პიროვნება. ხაზი გაუსვით ბავშვის ძალისხმევას და არა მის ნიჭს („ვხედავ,სირთულემ ვერ შეგაშინა, არ დანებდი და ბოლომდე შეასრულე დავალება“).

* შეუქეთ ის, რაც ბავშვის კონტროლს ექვემდებარება. მისი ძალისხმევა ნამდვილად მის ხელთაა, რაც ავტონომიურობის განცდას განუმტკიცებს.

* უფრთხილდით ქების გაუფასურებას. გაუფასურებული ქება, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხელს უწყობს „ქების ადიქციის“ ფორმირებას – ამ დროს ბავშვი იმპულსურად ახორციელებს კონკრეტულ ქცევას, რათა ქება მიიღოს.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ქება, არამედ ის, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. აქტივობას, რომელშიც ჩართულები არიან, მათთვის კმაყოფილების განცდა მოჰქონდეს, ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, შეეგებონ სხვადასხვა სირთულის გამოწვევებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და ძალისხმევა და იგრძნონ პროცესით მოგვრილი სიამოვნება, ნაცვლად შედეგის მოლოდინით გამოწვეული შფოთვისა. ამისთვის გადაჭარბებული ქება უსარგებლოა. ცოტაოდენი წინდახედულება და შემოქმედებითობა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ ქების ბნელ მხარეს და ვიპოვოთ ის ერთი სიტყვა, რომელიც ბავშვს შინაგან მოტივაციას გაუღვიძებს და სხვადასხვა აქტივობით სიამოვნების მიღებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Dweck, S. C. (1999). Caution – Praise Can Be Dangerous. American Educator https://www.aft.org/sites/default/files/periodicals/PraiseSpring99.pdf (6.11.20)

Smith, F. (2018, March) The effects of Praise on Young People. Psychology Postgraduate Affairs Group https://www.psypag.co.uk/wp-content/uploads/2013/06/PsyPag-106-final-proof.pdf#page=16 (6.11.20)

Brummelan, E., Thomaes, S., Nelemans A. S. et al. (2015, March) Origins of Narcissism in Children. Proceedings of the National Academy of Sciences https://www.pnas.org/content/112/12/3659 (6.11.20)

Firestone, l. (2013, Dec. 10) Are We Overpraisinig Our Children? Psychology Today https://www.psychologytoday.com/us/blog/compassion-matters/201312/are-we-    overpraising-our-children (6.11.2020)

Shaw, M. (2011). Good! Great! Terrific! Examining the Overuse of Praising Children https://open-circle.org/images/pdf/OpenCirclePraise.pdf (6.11.20)

Brummelman, E., Thomaes, S., Bushman, B. et al., (2014) On feeding Those Hungry for Praise: Person Praise Backfires in Chidren With Low S elf-Esteem. Journal of Experimental Psychology: General https://www.apa.org/pubs/journals/releases/xge-a0031917.pdf (6.11.20)

Underwood, L. P. (2020, Aug. 13). Are You Overpraising Your Child ? The New York Times https://www.nytimes.com/2020/08/13/parenting/praising-children.html (6.11.20)

Borba, M. (2013, March. 13) Dangers of Over-Praising Kids. https://micheleborba.com/are-you-a-praise-aholic/ (6.11.20)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“