ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

არდადეგები საზაფხულო დავალებად

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის განმავლობაში თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის მანძილზე შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე. ამიტომაც, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს, მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, შემდეგ კი მათ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიურ დავალებებს მივუსადაგებ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ არ აქვთ სათანადოდ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ, პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ცნობილი მეზღაპრეების (შარლ პერო და სხვ.), ქართული ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსობრივი მხარე 7 წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორისაც არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის სათანადო უნარებით, მათ შეგიძლიათ ზღაპრებზე ვრცელი ამბების წაკითხვა შესთავაზოთ, მაგალითად: დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე, პირველი კლასიდანვე ვცდილობ ე.წ. მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო ჩემი მოსწავლეები. ამიტომ ვურჩევ, ყოველი ზღაპრის, მოთხრობის თუ წიგნის თავის წაკითხვის შემდეგ, სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი დამახასიათებელი, თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან მიაქვს საჭმელი) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)), შეაფასონ წაკითხული წიგნი მარტივ კონსტრუქციაზე (მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა … არ მომეწონა…) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვის შემდეგ აღძრული ემოცია (მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის პერსონაჟებით/თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის მეტი არჩევანია და შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალება გვეძლევა. ზემოაღნიშნული „მკითხველის დღიურის“ წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები, ასაკის შესაბამისად, რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ასტრიდის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ „მეკობრეობანა“, „ანგელოზობანა“ ან „ექიმობანა“, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ ესტუმროთ დეიდა ბერგის მსგავსად კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით გულმოდგინედ უმასპინძლდებიან. შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), შემდეგ კი ე.წ. მოგზაურის ჩანახატების წიგნაკი  (წიგნაკში უნდა ჩახატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს დაურთოთ მოკლე ჩანაწერები) შექმნათ. წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად დააგემოვნოთ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე მრავალსულიან ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, როცა დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და „მოგზაურის დღიური“ (ბავშვებს შეუძლიათ აწარმოონ, როგორც წერილობითი, ასევე – ვიდეო დღიური) აწარმოონ. თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა დალევს?!), პერსონაჟთა მსგავსად, შეუძლიათ უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდ მოვლენად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ „მოგზაურის რუკის“  შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი თუ სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საკვებიც. ჩამოწერეთ ე.წ. სასარგებლო სასუსნავების სია. დაფიქრდით, რომელი საკვებია თქვენთვის თან ჯანსაღი და თან გემრიელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეთ საგზალი.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს შორეული ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ, იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“. შემდეგ კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში მოძებნილ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოწყვეტილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელად წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობს ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას?!  სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე იშვიათად უყურებენ ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, ამიტომ ხშირად საკითხავ ლიტერატურას არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ მისწერონ წერილი პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება ფილმის შექმნის სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ გაუკეთეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რატომაა მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, „მოგონებების ალბომს“ აუცილებლად შევქმნი. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც – მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“