სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

იყავით მართლები – თეიმურაზ ლეჟავა

ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი ივანე ბერიტაშვილი პირველი ქართველი ბიოლოგი იყო, რომლის მონოგრაფიაც აშშ-ში გამოქვეყნდა. რამდენიმე წლის წინ კი ნიუ-იორკში მეორე ქართველი ბიოლოგის, თეიმურაზ ლეჟავას მონოგრაფია “Human Chromosomes and Aging” გამოსცეს.

30 წელიწადზე მეტია, თსუ-ის გენეტიკის კათედრის გამგე, თსუ-ის სრული პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა ადამიანის გენომის ნორმისა და პათოლოგიის შემთხვევებზე მუშაობს. დაბერების გენეტიკაში მისი გამოკვლევის შედეგებმა საერთაშორისო აღიარება პოვა. აშშ-ში გამოცემულ მონოგრაფიაში შესულია მეცნიერის სამი აღმოჩენა: დაბერების პროცესში ქრომატინის მოდიფიკაცია, რომელიც პირველადია მუტაციებისა (ხარისხობრივი დარღვევების) და რეპარაციის (აღდგენის) მიმართ, რაც იძლევა სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიათა თავიდან აცილების საშუალებას; დაბერების დროს კონდენსირებული ქრომატინის გახსნით ჩაკეტილი გენების გათავისუფლება და ქრომოსომის ბოლო უბნის – დამოკლებული ტელომერის ნორმალიზება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა სნეულებებისგან განკურნების კუთხით.
თეიმურაზ ლეჟავას მიაჩნია, რომ ბიოლოგიის სწავლება სკოლებში ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან 21-ე საუკუნე სწორედ ბიოტექნოლოგიებისა და გენეტიკის საუკუნეა, გენეტიკა კი, თავის მხრივ, ბიოლოგიისა, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის საფუძველია.
– ბიოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერებაა. ერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ესა თუ ის ერი, რა პროცესები მიმდინარეობს მის წიაღში, რა არის მისთვის ნორმა და რა შეიძლება მივიჩნიოთ პათოლოგიად. მაგრამ იმისთვის, რომ გენეტიკა და, საზოგადოდ, ბიოლოგია სათანადოდ ისწავლებოდეს და ვითარდებოდეს, აუცილებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რის ფუფუნებაც ქართველ მეცნიერებს, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. არადა, ტექნიკური სიახლეები იძლევა საშუალებას, ახლებურად მივუდგეთ კვლევებს, წარმოვადგინოთ და გავაანალიზოთ სიახლეები, რომლებსაც ეს ტექნოლოგიები გვთავაზობს ამა თუ იმ დარგში.

– შევთანხმდით, რომ ბიოლოგიის სწავლებას 21-ე საუკუნეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს ეს მეცნიერება სკოლებში, როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე ბიოლოგიით?
– უწინარეს ყოვლისა, მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს თავისი საგანი. როდესაც პედაგოგი განათლებულია, მას არ გაუჭირდება ისეთი გარემოს შექმნა, რომ მოსწავლე სამუშაო პროცესში ჩაითრიოს.
ბიოლოგიის სწავლებისას აუცილებელია გარემოსთან ურთიერთობა. ხე, ბალახი, ცხოველი, ადამიანი ერთიანი სისტემაა.

აუცილებლად მიმაჩნია ლაბორატორიები. სწორედ აქედან შეიძლება გაიდოს ხიდი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის.

მე რომ განათლების მინისტრი ვიყო, სკოლებში ბიოლოგიის სპეციფიკურ სწავლებას დავნერგავდი. კერძოდ, მერვე-მეცხრე კლასებამდე ბიოლოგიის საფუძვლებს ვასწავლიდი, მეათე კლასიდან კი დავიწყებდი ბავშვების ცალკეული დარგებით დაინტერესებას. მაგალითად, ზოგს ბოტანიკა აინტერესებს, ზოგს – გენეტიკა, ფიზიოლოგია… ჯგუფებსაც ამის მიხედვით შევქმნიდი. დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომა ძალიან კარგს შედეგს გამოიღებდა. იმავე მეთოდს დავნერგავდი სხვა საგნებშიც და, ვფიქრობ, მალე მეცნიერებით ევროპასა და ამერიკასაც კი გავუსწრებდით – ქართველები ხომ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, თანაც ახლა საოცრად კარგი ახალგაზრდობა მოდის. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება საუკეთესო, მაგრამ ერის წარმატებული განვითარებისთვის 10 პროცენტიც საკმარისია.
კიდევ ერთი: მთავარია, ყველა სკოლაში იმთავითვე გაესვას ხაზი, რომ მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნით საქართველო უნდა ააშენონ, რომ ყველაფერს თავიანთი ქვეყნისთვის აკეთებენ.
– დღეს ხშირად საუბრობენ ერების გენეტიკურ თავისებურებებზე. ქართული გენეტიკა თუა შესწავლილი? გამოვირჩევით თუ არა სხვა ერებისგან?
– არის ხალხი, ვისაც პირზე აკერია გამოთქმა “ქართული გენი”. თუ ასე ვუწოდებთ გენების განსაზღვრულ ნაკრებს, კიდევ გასაგებია, მაგრამ თუ ისინი გულისხმობენ გენს, რომელიც ჩვენ გვაქვს, სხვა ერებს კი არა – ასეთი რამ არ არსებობს.

გენებს ცვალებადობის უნარი ახასიათებს; მათ რეალიზაციაზე ყოველთვის მოქმედებს გარემო. ცნობილია, რომ ადამიანის გენოტიპი 96-97 პროცენტით შიმპანზეს იდენტურია. ის კი არა, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდრე ადამიანი და შიმპანზე. მეტიც – ადამიანებს აღმოაჩნდათ ბევრი ისეთი გენი, რომელიც მათ მშობლებს არ ჰქონიათ.

ერების გენოტიპი, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ რომ ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ეს განსხვავებება, რა გენური საშუალებები გვაქვს, რა პოტენციალი, გამძლეობა თუ მიდრეკილება, უნდა მოხდეს ამ გენთა ერთობლიობის შესწავლა და გაკეთდეს ქართული გენეტიკის პასპორტიზაცია. ზოგიერთ ერს აქვს ასეთი პასპორტი, მაგრამ ვინაიდან ეს ძვირად ღირებულ გამოკვლევას მოითხოვს, საქართველოში ამის ჩატარება ვერ მოხერხდა.

ჩემს შვილს, ალექსანდრეს, რომელიც გენეტიკოსია და იაპონიაში მოღვაწეობს, იაპონელმა კოლეგებმა ქართული გენეტიკის შესწავლა შესთავაზეს. ამისთვის მათ სამი თაობის 60 წმინდა სისხლის ქართველის ნიმუში გავუგზავნეთ. შესწავლა უკვე მიმდინარეობს, მალე გვეცოდინება, როგორი დამცველობითი უნარი აქვს ჩვენს გენოტიპს.

სხვათა შორის, ამგვარი კვლევა ირანშიც ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ დამცავი გენებით ფერეიდნელი ქართველები ევროპელებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ირანელებს.
– ბატონო თეიმურაზ, ცოტა ხნის წინ თქვენი ხელმძღვანელობით გამოიცა სახელმძღვანელო “სამედიცინო გენეტიკა მოლეკულური გენეტიკის საფუძვლებით”, რომელიც ალბათ საინტერესო იქნება სკოლის მასწავლებლებისთვისაც, თუმცაღა სამედიცინო გენეტიკა სკოლებში არ ისწავლება.
– სამედიცინო გენეტიკის მიმართ ინტერესი დღითი დღე იმატებს. იზრდება სამედიცინო გენეტიკით დაინტერესებულ მედიკოს და ბიოლოგ სტუდენტთა რიცხვი. შესაბამისად, იზრდება თანამედროვე სამედიცინო გენეტიკის თეორიულ-პრაქტიკული საკითხებისა და სადიაგნოსტიკო-სამკურნალო შესაძლებლობების შესწავლის მოთხოვნილებაც. სამედიცინო გენეტიკის ახალ სახელმძღვანელოში გადმოცემულია მემკვიდრეობით (გენურ, ქრომოსომულ) დაავადებათა თანამედროვე კონცეფცია, ფაქტები და პრობლემები. ამასთან, წიგნში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია გენეტიკის მნიშვნელობასა და განვითარების ეტაპებზე, მემკვიდრეობითობის მოლეკულურ საფუძვლებზე, გემონის ორგანიზაციის დონეებზე, გენეტიკურ კოდებზე (ტრიპლეტური კოდი, ქრომატინის კოდი, ქრომატინის კონდენსაციის კოდი), მემკვიდრეობის კანონზომიერებაზე, გენეტიკურ ცვალებადობასა და მისი აღდგენის ფორმებზე, გენურ ტექნოლოგიებზე, მონოგენურ და მულტიფაქტორულ მემკვიდრეობით დაავადებებზე, ჰემოგლობინოპათიებზე, ადამიანის განვითარების გენეტიკაზე, ავთვისებიანი ზრდის გენეტიკასა და მემკვიდრეობითი დაავადების მკურნალობაზე. ერთი სიტყვით, აქ არის საკითხები, რომელთა ცოდნაც, ჩემი აზრით, მასწავლებლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– დაბოლოს, რას ურჩევდით სკოლის მასწავლებლებს?
– დაეწაფონ განათლებას და ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე. ამასთან, იყვნენ მართლები, რადგან ბავშვს ვერაფრს გამოაპარებ. პირველკურსელებთან საუბარს ყოველთვის ამ სიტყვებით ვიწყებ: “ცხოვრება რთულია; თქვენ ახლა გამოდიხართ ამ რთულ ასპარეზზე და უნდა გაითვალისწინოთ სამი რამ: პირველი – ცოდნა, მეორე – ტაქტი, რათა ადამიანი თქვენთან საურთიერთობოდ განაწყოთ, და მესამე – სიმართლე. როგორც არ უნდა გიჭირდეთ, არ იცრუოთ”. სხვათა შორის, ერთ-ერთ წიგნში – “გენეტიკა და ჩვენ” – მიწერია კიდეც, რომ ერის წინსვლისთვის აუცილებელია ორი ფაქტორი – ეროვნულობა და პატიოსნება. ერის, სამშობლოს სიყვარული კი ბავშვმა სკოლიდანვე უნდა ისწავლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი