ორშაბათი, სექტემბერი 30, 2024
30 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

ავთანდილ არაბული – მიზნად უნდა დავისახოთ, ენობრივი სამყარო მთლიანად მივიტანოთ მოსწავლეებამდე

ბელა ჩეკურიშვილი

ქართული ენის სწავლების მეთოდიკისა და პროგრამის შესახებ დღემდე კამათობენ. მიზეზი ის არის, რომ პედაგოგები სასურველ შედეგს ვერ იღებენ, მართლწერა და მართლმეტყველება კი ჩვენი საზოგადოების აქილევსის ქუსლად იქცა.
სად მოგვდის შეცდომა?

თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ქართული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული.
– ბოლო 15 წელი იმის მცდელობა იყო, თეორიული გრამატიკა პრაქტიკულით ჩაგვენაცვლებინა. სასკოლო გრამატიკა, რომელიც საბჭოთა სკოლაში ისწავლებოდა, თეორიული გახლდათ – წესები, განმარტებები, განსაზღვრებები, სავარჯიშოები კი იმის შემოწმებას წარმოადგენდა, რა იცოდა მოსწავლემ.
პრაქტიკული გრამატიკა მიზნად ისახავს, მოსწავლე ენობრივ მასალაზე ვამუშაოთ და დასკვნა თვითონვე გამოვატანინოთ. წესი პრაქტიკის საფუძველზე ყალიბდება.
მაგრამ რაც უფრო უკეთესია მასწავლებელი, მით უფრო ძნელია მისი დაყოლიება სიახლის მისაღებად, ამიტომ სკოლებში პრაქტიკული გრამატიკის დანერგვა ძალიან გაჭირდა. არ თმობს მასწავლებელი, კვლავ და კვლავ თეორიას აზეპირებინებს.

1999 წელს შევადგინე პირველი სახელმძღვანელო “ქართული ენის სამყარო” მეხუთეკლასელთათვის. პედაგოგები მას ძალიან კარგად შეხვდნენ. სახელმძღვანელოს ახლდა ვრცელი მასწავლებლის წიგნი, მეთოდიკა, კონცეფცია, რომ ეს არ არის დასასწავლი და დასაზეპირებელი მასალა. როდესაც სასწავლო წელი დასრულდა, ერთ-ერთი კერძო სკოლის ერთმა კარგმა მასწავლებელმა გამოცდა ჩაატარა ამ საგანში და მიმიწვია. შემომეყარა გულზე: ბავშვებმა პარაგრაფები სულ ზეპირად იცოდნენ, მაღალი შეფასებები დაიმსახურეს, მაგრამ ამოცანისადმი მიდგომა სრულიად შეცვლილი იყო.

მასწავლებლობა, განსაკუთრებით – სკოლის მასწავლებლობა, ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელიც ძნელად თუ გადაურჩება დაშტამპვას. სულ რამდენიმე წელიწადში ყველაზე ცეცხლოვანი მასწავლებელიც კი რეტროგრადი ხდება, რომელმაც ჩამოაყალიბა თავისთვის რაღაც კანონი, შექმნა ნაჭუჭი და შიგ სიახლეს აღარ უშვებს. ზოგჯერ ტრაგიკული განცდაც მქონია: რომ მეგონა, მათ ნათლად ველაპარაკებოდი რაღაც სიახლეზე, აღმოჩნდა, რომ ვერ გაიგეს. სინამდვილეში არ უნდათ გაგება, არ გიშვებენ თავიანთ ნაჭუჭში. ეს ობიექტური კანონზომიერებაა და თუ ეს იცი, იპოვი კიდეც მისი გარღვევის გზებს.

– რას გულისხმობს პრაქტიკული გრამატიკის სწავლება?

– ზოგადი ხედვით რომ დავიწყოთ, ქართული ენა არ არის მხოლოდ გრამატიკა; გრამატიკა არის ენის სისტემის აღწერის ერთი ნაწილი, ენის სიმდიდრის ნაწილი მხოლოდ. ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ნახევარიც არა. ავიღოთ მისი დაბალი საფეხური, ფონეტიკა; უცხო ენებთან მუდმივ კონტაქტში მყოფი ქვეყნისთვის, თანამედროვე, გახსნილ სივრცეში, ფონეტიკა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან უცხო ენის სწავლება მშობლიური ენის ფონეტიკას უნდა დაეფუძნოს. ევროპული ენებიდან დამკვიდრდა ბგერა F, რომელიც ქართულ ენაში პირდაპირ გადმოგვაქვს, ისევე როგორც დაბლიუ ვ-ს ნაცვლად უადგილო ადგილას… თუ ეს არ ავუხსენით და არ ვასწავლეთ, მოზარდს ჩვევად ექცევა. დღეს სერიოზული პრობლემა გვაქვს ზეპირმეტყველების ანომალიებისა, განსაკუთრებით – ინტელიგენციის საუბარში. ფონეტიკაში შედის ასევე მარცვლის საკითხი, ინტონაცია, მახვილი და სხვა. ამის გამო მაშინდელ მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში ზეპირმეტყველების გაკვეთილების შემოტანა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

მშობლიური ენის გრამატიკა ბავშვს დაბადებისთანავე ეძლევა. ამას იმ მასწავლებლების გასაგონად ვამბობ, ვისაც ჰგონია, რომ ბავშვთა წიგნიერების დაბალი დონე გრამატიკის დეფიციტით არის გამოწვეული. გრამატიკა ყველაზე მცირე პრობლემაა ენობრივ კომპეტენციაში. პირის ნიშნის მცდარ გამოყენებაზე დიდი უბედურება ლექსიკური მარაგის გაღარიბებაა; ფრაზის ჩამოყალიბება რომ უჭირს მოსწავლეს, ეს არის ტრაგედია. მიზნად უნდა დავისახოთ, ეს ენობრივი სამყარო მთლიანად მივიტანოთ მოსწავლეებამდე.

– ამისთვის რომელი მეთოდი მიგაჩნიათ ეფექტურად?

– პრატიკული გრამატიკა მიეწოდება უკვე მრავალფეროვანი (და არა ერთგვაროვანი, როგორც ეს იყო თეორიული გრამატიკის დროს) რუბრიკებითა და სავარჯიშოებით, რომლებიც მოიცავს ფრაზეოლოგიას, ფონეტიკას, სიტყვათა რიგის საკითხებს, ლექსიკური ერთეულების სწორად შერჩევას, სიტყვათა სემანტიკურ შეხამებას, რასაც უშუალოდ მშობლიური ენის განცდა უკავშირდება. მაგალითად, თხელი წყალიც შეიძლება იყოს და ფაფაც, წიგნიც და ადამიანიც. ეს ის მომენტია, როცა სიტყვაში ხატოვანება შემოდის. ამიტომაა, რომ ენა ლიტერატურის საფუძველზე მიდის ბავშვთან და როცა მწერალი ამ სიტყვას მხატვრული დატვირთვით იყენებს, მაგალითად, “თხელი ნისლი”, მოსწავლე ამას არა მარტო იაზრებს, არამედ ითვისებს, ითავისებს.

ერის ენობრივი გამოცდილების უზარმაზარ სამყაროს შეადგენს ფრაზეოლოგიზმები. ამ სამყაროში შესვლა უკვე სერიოზული კომპეტენციაა. უცხო ენის სწავლების მაღალ საფეხურზეც ხომ სწორედ ამას ითხოვენ. ენის თანაგანცდა მხატვრული ლიტერატურიდან შემოდის. მასწავლებლებს პირდაპირ ვეუბნები: თავი დაანებეთ გრამატიკით სპეკულაციას და მოსწავლეებს ინანიშვილის მოთხრობები წააკითხეთ. ვაჟა-ფშაველა დღევანდელ მოსწავლეებს იმიტომ არ ესმით, რომ მისი ენა და თინეიჯერების “ცელოფნის” ენა სხვადასხვა რამეა.
მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში ენობრივი სავარჯიშოების ექვსი სხვადასხვა რუბრიკა იყო, ხოლო მეშვიდე გახლდათ ის, რასაც გრამატიკა ჰქვია.

– როგორ უნდა მოხდეს საფეხურებრივად გრამატიკის ათვისება?

– როდესაც 90-იანი წლების ბოლოს პრაქტიკული გრამატიკის სწავლების კონცეფცია შევიმუშავე, ის გათვლილი იყო 11- წლიან სწავლებაზე, რომლის დაწყებით კლასებად პირველი-მეოთხე მიიჩნეოდა. ამ ოთხი კლასის სახელმძღვანელო ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო. ასეც გავაკეთეთ, V, VI, VII კლასების სახელმძღვანელო კი ცალკე გამოვყავით. ეს სახელმძღვანელოები უნდა ყოფილიყო მოზაიკური ტიპის, სხვადასხვა თემით გაჯერებული. VIII-IX კლასებში შემოდიოდა გრამატიკის მოკლე კურსი ყველა ძირეული საკითხით, რათა ცხრაკლასდამთავრებულებსაც მისცემოდათ გრამატიკის ელემენტარული ცოდნა. ზედა კლასებში კი ვთავაზობდით დიფერენცირებულ მიდგომას – ერთი მხრივ, თეორიულ გრამატიკას (ჰუმანიტარული პროფილის სკოლებისათვის), მეორე მხრივ, პრაქტიკულს (არაჰუმანიტარულებისთვის).
დღეს ინტეგრირებული სახელმძღვანელოების პარალელურად გვაქვს მოსწავლის რვეულები VII-IX კლასებისთვის, სადაც გრამატიკა თანამიმდევრულადაა მოცემული, ოღონდ – პრაქტიკული სავარჯიშოების სახით, წესები მხოლოდ ინსტრუქციების როლს ასრულებს.

მასწავლებლებთან შეხვედრისას და დიალოგისას ჩანს, რას ისაკლისებენ ისინი. რადგან ზმნა რთული პრობლემაა, VII კლასი მთლიანად მას დაეთმო, VIII – სინტაქსს, ხოლო IX კლასში კომპლექსური სავარჯიშოები შემოდის, რაც შემოწმებაა იმისა, რა გამოცდილება შეიძინა ბავშვმა წინა კლასებში. ამ მასალას ახლავს მცირე გრამატიკული ნარკვევი, რითაც შეიძლება იხელმძღვანელოს მოსწავლემ. X კლასის ქართული ენის წიგნი პრაქტიკული სახელმძღვანელოა, რომელიც, ერთი მხრივ, გვთავაზობს ტექსტებზე მუშაობას, მეორე მხრივ – პრაქტიკულ სავარჯიშოებს. თვითკრიტიკული შენიშვნა, რაც ამ სახელმძღვანელოს მიმართ მაქვს, ისაა, რომ ტექსტების ანალიზის ნაწილში უმჯობესია პუბლიცისტური და საქმიანი ტექსტების მაგალითებზე მიმდინარეობდეს მუშაობა, რასაც მომავალში გავითვალისწინებთ.

XII კლასი თუ საბოლოოდ ჩაჯდა ამ სისტემაში, მაშინ ვიფიქრებთ, ამ კლასისთვისაც შევადგინოთ სახელმძღვანელო ენათმეცნიერების ელემენტებით. ოღოდ კლასი ნამდვილად უნდა მუშაობდეს.

– თქვენი აზრით, ამდენი მცდელობის მიუხედავად, რატომ ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს?

– დღეს სკოლებში ქართულის საათები არც ერთ კლასში არ არის გაყოფილი ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებად. სახელმძღვანელოები ინტეგრირებულია ყველა კლასში, შესაბამისად, სტანდარტი და პროგრამა ისეა შედგენილი, რომ გრამატიკა საერთო მასალაში იყოს წარმოდგენილი. ამ ინტეგრირებას აქვს როგორც ღირსება, ისე ნაკლიც. ღირსებაა ის, რომ ენობრივი ამოცანები ტექსტობრივ რესურსებს არ სწყდება, ნაკლი კი ისაა, რომ რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო მეტია ლიტერატურული ტექსტების რაოდენობა, მასალა ვრცელია და ნაკლები ადგილი რჩება იმ ენობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაცაა მომწიფებული. მშობლიური ენის გრამატიკული სისტემის ცოდნა ხომ ადამიანის განათლებისთვის ასევე აუცილებელია. ინტეგრირებული სწავლებისას სისტემური მიდგომა ნაკლებად ხერხდება.
მასწავლებელმა ენობრივი ამოცანების გადაცემა რომ მოასწროს, კონტინგენტი უნდა ჰყავდეს შეზღუდული. საჯარო სკოლაში, სადაც კლასში ორმოცი ბავშვია, ძნელია, ერთ გაკვეთილში ჩაატიო გამოკითხვაც, ახსნაც და ენობრივი საკითხებიც. მასწავლებელი დროში ვერ ეტევა და გრამატიკა გერის როლში რჩება.
ბოლო ხანს პროგრამებსა და ინტეგრირებულ სახელმძღვანელოებში გრამატიკის წილი გაიზარდა, მაგრამ როგორ მოხერხდება ამის სწავლება, არ ვიცი. მაინც მგონია, რომ ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება გარდამავალი პერიოდია და ოპტიმალური მეთოდი შესამუშავებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“