სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მითები და ფაქტები მასწავლებლის პროფესიის შესახებ

მასწავლებლის პროფესიამ ჩამოყალიბების გრძელი და რთული, მწვავე კრიტიკითა და დებატებით აღსავსე გზა განვლო. ამ პროფესიის შესახებ ფართოდ გავრცელებული მითებისა და მცდარი წარმოდგენების განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-20 საუკუნემდე მასწავლებლობა “ნახევარ” პროფესიად მიიჩნეოდა, ხოლო “სწავლებით დაკავებული პირები არ ასოცირდებოდნენ განსაკუთრებული ინტელექტუალური და სამეცნიერო ცოდნის მატარებლებთან, რომელთაც საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ”. დღეს, ცოდნის თანამედროვე საზოგადოებაში, ყველა თანხმდება იმაზე, რომ მასწავლებლებს უდავოდ შესწევთ უნარი, დიდი გავლენა მოახდინონ მომავალ თაობებზე და, შესაბამისად, მომავალ საზოგადოებაზეც. მიუხედავად ამისა, მრავალი მითი, მასწავლებლის პროფესიის ჩამოყალიბებამდე რომ არსებობდა, დღესაც არსებობს. მინდა, ამ წერილში სწორედ ეს ფართოდ გავრცელებული და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ გაზიარებული მითები გავიხსენოთ და, ამავე დროს, ფაქტებიც შევაჯეროთ.

მასწავლებლებს, გარდა იმ მითებისა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, ხშირად განათლების სისტემის ხარვეზებს სდებენ ბრალად. მცდარმა წარმოდგენებმა ისე ღრმად გაიდგა ფესვი საზოგადოებაში, რომ ზოგიერთი მასწავლებელიც კი იზიარებს მათ და ამით საკუთარ პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ვეცდებით, თითოეული მითი კონკრეტული ფაქტებით გავაბათილოთ და მასწავლებლის პროფესიის რეალური სახე გაჩვენოთ.
1. სწავლება საქმე არ არის

XX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, ბერნარდ შოუს ციტატა, რომელიც მასწავლებლობაზე მანამდე არსებულ წარმოდგენებს ამყარებდა. “ვისაც საქმის კეთება შეუძლია, აკეთებს, ვისაც არა, ასწავლის!” – ასეთი იყო შოუს მოსაზრება. ფაქტია, რომ დღეს მასწავლებლის პროფესია დიდი პოპულარობით მართლაც არ სარგებლობს. მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდებს შორის არც ისე ბევრია. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები მასწავლებლობას სხვა პროფესიას ამჯობინებენ. ერთი მხრივ, ზემოთ მოყვანილი მცდარი წარმოდგენა მასწავლებლის პროფესიის არაპოპულარობას განაპირობებს, მეორე მხრივ კი მასწავლებლობის მსურველთა ნაკლებობა ამყარებს ხსენებულ მითს.
ამ აზრს იზიარებს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ სწავლება პროფესია არ არის და მხოლოდ საგნის მცოდნე შეიძლება ჩაითვალოს პროფესიონალად, თუმცა, ცხადია, მხოლოდ საგნის ცოდნა ეფექტურ სწავლებას ვერ უზრუნველყოფს. მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივირება, მათი ცნობისმოყვარეობის გაღვიძება, სასწავლო პროცესში თანაბრად ჩართვა, ობიექტურად შეფასება და ა.შ. ის უნარ-ჩვევებია, რომლებიც მხოლოდ გარკვეული მომზადებისა და პრაქტიკის მქონე მასწავლებელს აქვს. ამ უნარ-ჩვევების გამოყენებით მასწავლებლები ზრდიან ადამიანებს, რომლებიც შემდეგ “ქმნიან პროდუქტს და აკეთებენ საქმეს”.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლის პროფესია მოითხოვს მუდმივ პროფესიულ განვითარებას, ლიცენზიის/მასწავლებლის სერტიფიკატის რეგულარულ განახლებას და ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნას.
2. მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს

მასწავლებელი აკადემიური საათებით უმეტესად დღის პირველ ნახევარშია დატვირთული. დაახლოებით დღის 3-4 საათისთვის ის სკოლას ტოვებს. გარდა ამისა, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე სასწავლო პროცესი წყდება და მასწავლებელი საათობრივი დატვირთვისგან თავისუფლდება. ამ ფაქტებზე დაყრდნობით გაჩნდა მოსაზრება, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს.

ამავე მოსაზრებას ეხმიანება გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ მასწავლებლებს, მათი საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება აქვთ. აღნიშნული საკითხის შესასწავლად ევროკომისიამ 2008 წელს მასშტაბური კვლევა დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება შეადარეს 12 სხვა პროფესიის მქონე მუშაკების ანაზღაურებას ევროპის 33 ქალაქში. შედარებისთვის ეს პროფესიები შეირჩა: ინჟინერი, ოფისის მენეჯერი, კომპანიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბანკის საკრედიტო ოფიცერი, მზარეული, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, ქოლცენტრის ოპერატორი, მშენებლობის მუშა, ქარხნის მუშა, მდივანი-რეფერენტი, გამყიდველი. კვლევამ დაადგინა, რომ 33-დან მხოლოდ 4 ქალაქში (დუბლინი, ლუქსემბურგი, ლონდონი, ამსტერდამი) ჰქონდა მასწავლებელს უფრო მაღალი ხელფასი, ვიდრე გამოკვლეული პროფესიის ადამიანების უმრავლესობას.

დასავლეთის ქვეყნებში მოქმედმა მასწავლებელთა პროფესიულმა კავშირებმა კვლევისა და მისი შედეგების ანალიზის საფუძველზე სცადეს გაებათილებინათ მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მასწავლებელი არასრული განაკვეთით მუშაობს. გამოკითხულ მასწავლებელთა 70%-მა აღნიშნა, რომ მათ სახლში უწევთ სამუშაოს წაღება, მოსწავლეთა თხზულებების გასწორება, წერითი დავალებებისა და პროექტების გადახედვა და მოსწავლეებისთვის წერილობითი შენიშვნების მომზადება. მაღალ- და საშუალორეიტინგიანი სკოლების უმრავლესობაში ზამთარში _ საზამთრო სკოლები, ხოლო ზაფხულში საზაფხულო ბანაკები ეწყობა, რომელთა დაგეგმვასა და ორგანიზებაში მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ.

არასასწავლო პერიოდში მასწავლებელი პროფესიული განვითარებისთვის ზრუნავს: ესწრება ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, მოსამზადებელ კურსებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა, რასაც მასწავლებლები ამ პერიოდში ასრულებენ, არის სილაბუსებსა და სასწავლო გეგემებზე მუშაობა. ამავე პერიოდს იყენებენ ისინი გასული წლის საგაკვეთილო გეგმების გადახედვისა და განახლებისთვის.
3. მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება მოსწავლეების აკადემიური მიღწევების პირდაპირპროპორციულია
მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება და ანაზღაურების სკალის დადგენა, მაგალითად, აშშ-ში მისი აკადემიური ხარისხით და სწავლების გამოცდილებით ხდება, თუმცა არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიული გამოცდილება არ უკავშირდება მოსწავლეთა საერთო აკადემიურ მოსწრებას. შესაძლოა, ერთი მასწავლებლის მოსწავლემ საგამოცდო ტესტში 100%-იანი შედეგი მიიღოს, ხოლო მეორე მასწავლებლის მოსწავლეებმა იმავე ტესტში ბევრად დაბალი ქულები დააგროვონ, მაგრამ ეს შედეგი იმის საშუალებას არ მოგვცემს, დავადგინოთ, რომელი მასწავლებელი ასწავლის უფრო ეფექტურად. ტესტისა თუ გამოცდისთვის მზადების დროს მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობაც შეუძლია. ამდენად, ეფექტურად მუშაობს ის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს თავდაჯერებულობას, წარმატებისკენ სწრაფვის ინსტინქტს გაუღვიძებს, სირთულეებთან გამკლავებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ასწავლის.

ამ მხრივ მასწავლებლებისგან მეტისმეტსაც კი ელის საზოგადოება. მშობლებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებელი ვალდებულია, ყველაფერი ასწავლოს მათ შვილებს, გადასცეს ცოდნა მორალური ღირებულებების შესახებ და განუვითაროს კრიტიკული აზროვნება. არაერთი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლის წარმატებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მასწავლებელი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიუხედავად, ვერ იქნება სწავლაზე სრულად პასუხისმგებელი. ის ხელს უწყობს მოსწავლეს სწავლის პროცესში. მშობლებს კი განსაკუთრებით დიდი როლის შესრულება შეუძლიათ შვილის აკადემიურ მოსწრებასა და მის მიერ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ათვისებაში.
4. მასწავლებელს არ უწევს კონკურენციის პირობებში მუშაობა

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ იმის შესახებ, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ამდენად, შეიძლება დავუშვათ, რომ მასწავლებლები კონკურენტულ გარემოში არ მოღვაწეობენ. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. თანამედროვე საზოგადოებაში, განათლების მზარდი სტანდარტების პირობებში, კომპეტენტურ მასწავლებელზე დიდი მოთხოვნაა. ვაუჩერული დაფინანსების მქონე განათლების სისტემებში კომპეტენტურ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეთა დიდ კონტინგენტს იზიდავს, კერძო თუ საჯარო სკოლაში მეტი ანაზღაურება აქვს. საქართველოში ახლად შემოღებული საბაზო დაფინანსების პირობებში ასეთი კონკურენცია უმთავრესად ქალაქის სკოლებში შეიძლება იყოს, ხოლო სოფლად, სადაც მოსწავლეთა გადაადგილება გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული პირობების გამო გართულებულია, მასწავლებლებისთვის ნაკლებად კონკურენტუნარიანი გარემოა.

რამდენად კონკურენტუნარიან გარემოში უწევთ მასწავლებლებს მუშაობა, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკაზე, პედაგოგიური ინსტიტუტებისა და საუნივერსიტეტო კურსების ხარისხზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობაზე, სასკოლო ცხოვრებაში ადგილობრივი თემის ჩართულობაზე.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მასწავლებლის პროფესიის შესახებ

მასწავლებლები ქვეყნის მომავალს ქმნიან. დაწყებითი კლასებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ.

საგნობრივი ცოდნის გარდა, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის გამორჩეული უნარი, შეეძლოს მოსწავლეთა შთაგონება და მოტივირება, მათი ნდობის მოპოვება.

მასწავლებელი აკვირდება და აფასებს თითოეული მოსწავლის როგორც პიროვნულ/ემოციურ, ისე სასწავლო საჭიროებებს.

მასწავლებელი მრავალფეროვან მეთოდიკას იყენებს, რათა ყველა ტიპის მოსწავლემ თანაბრად აითვისოს სასწავლო მასალა და მაღალი აკადემიური შედეგები მიიღოს.

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელი ითვალისწინებს სტანდატულ კურიკულუმს, რესურსების ხელმისაწვდომობას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, სასწავლო მიზნებს.

მასწავლებელი, ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებს სწავლასა და ახალი ცნებების პრაქტიკულ გააზრებაში ეხმარება.

ის ხელს უწყობს მოსწავლეებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა.

მასწავლებლებს მუდმივად უწევთ მოსწავლეთა აკადემიური შეფასება; მათგან შეფასების ახალი, უფრო ობიექტური ფორმების შემუშავებას მოელიან.

არამოტივირებულ მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებლის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინებისა და შემოქმედებითი უნარის გამოჩენა.

მასწავლებელი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, თემში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“