თითქოს, ვიცით, რომ სწავლის დროს შეცდომების დაშვება გარდაუვალია. სწავლაში არსებულ დაბრკოლებებთან გამკლავება ადამიანებში უნარიანობის განცდასა და დაბრკოლებებთან გამკლავების შესაძლებლობების რწმენას აძლიერებს. სწავლის დროს არსებული დაბრკოლებებისადმი ჩემი განწყობა წამოჭრილი დაბრკოლებების საპასუხოდ განხორციელებულ ქცევებში ვლინდება.
მაგალითისთვის განვიხილოთ ჩემი, როგორც მოსწავლის გამოხმაურება აქამდე უცნობი საკითხის მიერ აღძრულ განცდებზე საპასუხოდ.
რას ვფიქრობ, თუ აღმოვაჩინე, რომ ამ საკითხზე აქამდე არაფერი მცოდნია, რას ვიფიქრებ ამ მოვლენაზე, რომელი ემოციები მომიცავს და როგორ მოვიქცევი?
თუ მჯერა, რომ სწავლა დაბრკოლებების გადალახვის პროცესია და სიახლეები სწავლის განუყოფელი ნაწილი, როცა ტექსტში აქამდე უცნობი რამ შემხვდება, შესაძლოა ეს დადებითი ემოციების აღმძვრელიც კი აღმოჩნდეს.
ქვემოთ მოცემულია გამოსახულება იმის უკეთ წარმოსადგენად, თუ როგორ არის გაშუალებული ქცევა გონებაში ძალდაუტანებლად აღმოცენებული აზრებითა და მათი თანმხლები ემოციებით.
ზემოთ მოცემულ სქემაში აღწერილია დამოკიდებულება, რომელიც გონებაში შემოჭრილ აზრს ემოციებით ფერავს. ის, რომ მე აქამდე განსაზღვრული საკითხი არ ვიცოდი და მჯერა, რომ ახლა მაქვს შანსი, გავიგო სიახლე, სწავლისადმი, როგორც განვითარებისადმი, დამოკიდებულებას ასახავს. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები, რომლებიც სწავლას განვითარებასთან აიგივებენ, სიახლის განცდას სწავლისაგან განუყოფელ ნაწილად აფასებენ. შესაბამისად, შექმნილ დაბრკოლებებს მათი გონება უნარიანობის კიდევ ერთხელ დამტკიცების შესაძლებლობად აფასებს.
ხშირად, სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება დაბრკოლებისა და მარცხისადმი დამოკიდებულებების სწავლაზე განზოგადების შედეგია. ქვემოთ მოცემულ სქემაში ჩანს, ძალდაუტანებლად აღმოცენებული აზრებისთვის მინიჭებული უარყოფითი მნიშვნელობები როგორ მოქმედებს ქცევაზე.
სწავლისადმი, დაბრკოლებებისა და შეცდომის შეფასების გარდა, თითოეული ჩვენგანი აფასებს იმ ემოციებსაც, რომელთაც განიცდის. მაგალითად, მე მწამს, რომ მოწყენილობა აუტანელია ან შფოთვა – დამაზიანებელი ან მწამს, რომ სწავლა მარცხის და სასოწარკვეთის განცდის გარეშეც შესაძლებელია. თუ ეს ასეა, მარცხის განცდისადმი მგრძნობიარობამ შესაძლოა, უმოქმედობის, ამ განცდის აღმძვრელი გარემოსგან გაქცევისა და განრიდებისკენ მიბიძგოს, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება სწავლისადმი ჩემს დამოკიდებულებებსა და შედეგებზე. შეცდომებისა და დაბრკოლებების მიერ აღძრული განცდებისადმი მოსწავლის მედეგობა იმ განწყობებზეა დამოკიდებული, რომლის ჭეშმარიტებისაც მას სწამს. შესაძლოა, ჩვენ გაშინაგნებული გვქონდეს რამდენიმე, ერთმანეთთან დაპირისპირებული განწყობა (“ყველაფერი უნდა ვიცოდე,” “ყველაფერი ვერ მეცოდინება”), თუმცა, უპირატესად, ერთი განწყობის ჭეშმარიტების გვწამდეს. და ამას ჩვენი აზრები, ემოციები და ქცევები ასახავს. შესაძლოა, ვამბობდეთ, რომ შეცდომა ან მარცხის განცდა სწავლის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, ჩვენი აზრები, ემოციები არ შეესაბამებოდეს ჩვენსავე ნათქვამს. შესაძლოა, მე მარცხის განცდისამი ნაკლებად ამტანი აღმოვჩნდე და ჩემი წარუმატებლობისადმი – ნაკლებად შემწყნარებელი. ჩემი ქცევები ავლენს, თუ რომელი განწყობის ჭეშმარიტების მწამს.
ამ შემთხვევაში, ჩვენი, როგორც მასწავლებლების მიზანი იმ განწყობების წახალისებაა, რომლებიც მოსწავლეებს განვითარებისკენ უბიძგებს.
სწავლის წამახალისებელი განწყობების ხელშეწყობის გზებზე კი მომავალში ვისაუბროთ.