კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

უილიამ გლასერი – სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე – სკოლის გავლენა

ყურადღება გავამახვილოთ იმ როლზე,რასაც სკოლა თამაშობს საკუთარი თავის პატივისცემის, ცოდნის მიღების, „ინსტრუმენტებით” ფლობის სწავლებაში, რომელიც აუცილებელია საზოგადოებაში წარმატების მიღწევისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩემი მუშაობის დაწყებისას იმ ბავშვებთან, რომელთაც არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდათ , რაზეც მეტყველებდა მათი ქცევა და სწავლის შედეგები, მივხვდი, რომ მათი დახმარება ძნელი იქნებოდა. ამ ამოცანის შესრულება რთულია და შეიძლება შეუსრულებელიც, რადგან თანამედროვე განათლების ფილოსოფია ძალიან დიდ ადგილს უთმობს „წარუმატებლობის” მცნებას და ამით აძნელებს მოსწავლეებში საკუთარი თავის პატივისცემის შეგრძნების აღზრდას. მოდით გავაანალიზოთ ბავშვის ცხოვრება სკოლამდე და სკოლაში სწავლების პირველ წლებში.
ადამიანი სწავლას იწყებს დაბადებიდან და აგრძელებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. სკოლა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მოწოდებულია სტანდარტიზება გაუკეთოს განათლებას ადრეულ ასაკში. ბავშვი თავისი ცხოვრების პირველ წლებში, ჯერ კიდევ მანამდე სანამ სკოლაში წავა, იგებს სამყაროზე ძალიან ბევრს. სკოლის მოსამზადებელ კლასში შესვლის მომენტისთვის ბევრ რამეში გათვითცნობიერებულ არსებაა. ის საკმაო ცოდნას ფლობს თავის გარემოზე და როგორც წესი შეგუებულია მასთან. როგორ გარემოშიც არ უნდა იზრდებოდეს, ბავშვი ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. არცერთი მათგანი არ მოდის სკოლაში წარუმატებლის იარლიყით. მხოლოდ სკოლა კიდებს მას ამ იარლიყს.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ოჯახში და გარემოში იზრდება ბავშვი,თავიდან მათი უმეტესობა ინტუიტიურად თავს სრულყოფილ პიროვნებებად აღიქვამს. იმედი აქვთ, რომ სკოლაში აღიარებას მიაღწევენ და ახალგაზრდა ადამინისათვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით სჯერათ, რომ მასწავლებლების და თანაკლასელების სიყვარულს დაიმსახურებენ. ამ ბავშვური ოპტიმიზმის ნგრევა – არის დაწყებითი განათლების ყცელაზე სერიოზული პრობლემა. როგორი სოციალური წარმომავლობა და გარემოც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს, ის სკოლაში მოდის სწავლის წყურვილით. როდესაც ისინი სწავლისადმი ინტერესს კარგავენ,ამაში შეიძლება დავადანაშაულოთ ოჯახი, გარემო, სიღარიბე, მაგრამ უფრო სწორი იქნება ამის მიზეზი სკოლაში და მისი სწავლების მეთოდებში ვეძებოთ. იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს აქვს განათლების სისტემას და იმის გაცნობიერებით, რომ მოსწავლეთა უმეტესობისთვის სკოლა – მსოფლიოში ერთადერთი რეალობაა, რომელიც მათთვისაა შექმნილი, ჩვენ ვხვდებით: ის მათ ცხოვრებაში თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. თუ სკოლა ვერ ასრულებს თავის ამოცანებს, არაა საჭირო ბრალი დავდოთ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. საჭიროა სკოლა სრულყოფილი გავხადოთ. ბევრი პედაგოგი,რომლებიც რთულ ბავშვებთან მუშაობენ, თვლიან, რომ მათი წარმატება და მარცხი ბევრწილად დამოკიდებულია სწავლების პირველ წლებზე. რაც მთავარია ეს ეხება ყველა ბავშვს.

ბავშვი, რომელსაც ყველაფერი კარგად აქვს თავისი ცხოვრების პირველი ხუთი წლის განმავლობაში, თვლის, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. სკოლის პედაგოგებმა იციან, რომ ეს თავდაჯერებულობა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება დაახლოებით კიდევ ხუთი წლის განმავლობაში, მაშინაც კი თუ სკოლაში სწავლა არ მოუტანს კმაყოფილებას. მაგრამ, როდესაც სწავლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში, ანუ 5–დან 10 წლამდე,ის ხშირად განიცდის მარცხს, ამ დროისთვის მისი თავდაჯერებულობის ნიშანწყალიც არ დარჩება, მოტივაცია ეკარგება და ბავშვი ეგუება წარუმატებლობას. უჩნდება შეგრძნება,რომ თავისი შესაძლებლობებით ვერ გაუმკლავდება მის წინ მდგარ პრობლემებს და ამიტომ ემორჩილება ემოციებს, თუმცა ადრე, თავის უზრუნველ წარსულში, ყურს უგდებდა გონების ხმას. ის თანდათან სცილდება სიყვარულის და საკუთარი თავის პატივისცემის ძიების გზას, ბრმად ცდილობს ფონს გავიდეს, როგორც თვითონ ჰგონია, ერთადერთი დარჩენილი გამოსავალით – კანონდარღვევით და საკუთარ თავში ჩაკეტვით. და თუმცა სკოლაში წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლება, მისი მიღწევის შანსი წლიდან წლამდე მცირდება. არიან ისეთი ადამიანები, რომლების სკოლაში სწავლის ბოლო წლებში ცდილობენ გარდატეხონ მოვლენების განვითარება , მაგრამ ასეთები გამონაკლისებია.

კრიტიკული ასაკი – 5– დან 10 წლამდე. საუკეთესო დროა , როდესაც შეიძლება ვიბრძოლოთ წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად. მათი სიხშირის ზრდის პროცესს ჩვეულებრივ შეგვიძლია კორექტირება გავუკეთოთ სწავლების პროგრესული მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაეხმარება ბავშვს რეალიზება გაუკეთოს საკუთარ ძირითად მოთხოვნილებებს. ყველა ბავშვი თავისი ოჯახის, გარემოს და გენეტიკური თვისებების გავლენის ქვეშაა. გასაკვირია, მაგრამ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან დამოუკიდებლად, 10 წელი კრიტიკულ ათვლის წერტილს წარმოადგენს. ამ ასაკამდე სკოლის დადებითმა გამოცდილებამ შეიძლება სასიკეთოდ იმოქმედოს წარმატების მიღწევაში. მაგრამ 10 წლის მერე ეს დადებითი გამოცდილება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, საქმეს ართულებს ის, რომ ის უეცრად გადადის საშუალო სკოლაში, სადაც სამწუხაროდ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ დროს წარმოიქმნება არ ახდენენ პედაგოგიური კორექციას. აქედან გამომდინარე,ბავშვებს სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დავეხმაროთ, მთავარია – დაწყებით კლასებში არ დავკარგოთ დრო.

პედაგოგიურ წრეებში ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ შეჭირვებული ოჯახებიდან ბავშვები ჩამორჩებიან თანატოლებს განვითარებაში,რაც მოქმედებს მათ სწავლაზე, ამიტომ აუცილებელია სკოლამდელი მომზადება, რომ გაუთანაბრდნენ სხვა ბავშვებს.სკოლამდელი მომზადების პროგრამაში რეალიზებულია ბევრი რამ იქიდან,რაზეც ლაპარაკია ამ წიგნში. ასეთი ბავშვები, რომელთაც გავლილი აქვთ დაწყებითი მომზადების კურსი სკოლაში შესვლისთვის ავლენენ უფრო მაღალ იტელექტუალურ დონეს, ვიდრე თანატოლები, რომლებიც გაიზარდნენ ანალოგიურ სოციალურ გარემოში.ასევე სრულიად ნათელია ისიც, რომ სკოლა, არსებითად, ხელს უწყობს არა აზროვნების განვითარებას, არამედ დაზეპირებას და მექანიკურ დამახსოვრებას, რის გამოც ძლიერად ურტყამს იმ ბავშვებს,რომლებმაც მიიღეს კარგი სკოლამდელი მომზადება. დაწყებითი პროგრამა ბავშვებს ამზადებს არარსებული სკოლისთვის, რომელიც გენერირებას უკეთებს სიხარულით სწავლას იმ დროს, როდესაც დანარჩენი ბავშვები იღებენ სკოლას ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია,რაც შესაძლებლობას აძლევს უკეთ ისწავლონ. მე არ ვარ წინააღმდეგი სკოლამდელი განათლების პროგრამის, მე მომხრე ვარ სკოლის შეცვლის – იმ გაგებით,რომ სარგებელი იყოს ამ არაჩვეულებრივად შედგენილი პროგრამისგან.
რატომაა, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვი გრძნობდა წარმატების გემოს და გამოირჩეოდა ოპტიმიზმით? წარმატება იმიტომ იყო მისი თანმდევი,რომ ის დამოუკიდებლად, თავისი გონებრივ შესაძლებლობებზე დაყრდნობით,უმკლავდებოდა მისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ სიტუაციებს;ოპტიმისტი კი იყო იმიტომ, რომ არ იყო მოკლებული მისი ასაკისთვის შესაბამის სიამოვნებებს. უფრო მეტად აცნობიერებდა,რომ ცხოვრებაში გხვდება წინააღმდეგობები, მაგრამ შესაძლებელია ისინი წარმატებით დაძლიო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მარცხის მიუხედავად არავინ არ თვლიდა მას წარუმატებელ ადამიანად; ასე თუ ისე, მკაცრად თუ მოფერებით, მას აწავლიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყო ამა თუ იმ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, მშობლები ახერხებდნენ თუ არა აეხსნათ მათთვის რატომ უნდა მოქცეულიყვნენ შესაბამისად, მაინც თითქმის ყველა მათი მოთხოვნა გონივრული ეჩვენებოდათ. ბოლოს და ბოლოს მათ ყოველთვის რჩებოდათ წარმატების შანსი, რადგან არავინ არ სთხოვდა შედეგებს მკაცრად განსაზღვრულ დროში მაგალითად სემესტრში ან ერთ წელიწადში. საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს ისინი იყენებდნენ მიზანმიმართულად:ისინი ფიქრობდნენ. რასაკვირველია, იყო ცრემლები, გაღიზიანება, მიზეზობა, სისულელეები, ხშირი გულდაწყვეტა, მაგრამ არასოდეს ქცევის აბსურდულობა არ იყო ცხოვრების წესი.ოჯახის გარეთ ბავშვი არ აძლევდა თავს ემოციური გამოხტომის უფლებას და იქცეოდა გონივრულად, რადგან ხვდებოდა სად გაუვიდოდა და სად არა.

სკოლაში ბავშვები სწრაფად ხვდებიან, რომ გონება მათ სჭირდებათ მექანიკური დამახსოვრებისთვის და არა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, იდეების რეალიზებისთვის. პირველი კლასიდან სკოლის დამთავრებამდე წარმატებას განსაზღვრავს კარგი მეხსიერება და არა აზროვნების უნარი. მათ უწევთ აზროვნებიდან დამახსოვრებაზე გადასვლა, რაც ზოგიერთისთვის რთული ხდება. ამის გამო წარუმატებლობას წარუმატებლობა მოსდევს.

მექანიკური დამახსოვრება თავისთავად ცუდია. მაგრამ განსაკუთრებით ცუდი ისაა,რომ ფაქტები, რომლებიც უნდა დაიმახსოვრონ, არ არის დაკავშირებული ბავშვის სამყაროსთან – ის რაც მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთოდ არ ისწავლება ან ცუდად ისწავლება. ბავშვებს აბნევს ის წინააღმდეგობა რომელიც არსებობს მათი ცხოვრების პირველ ხუთ წელსა და სკოლაში შესვლის შემდგომ პერიოდს შორის.
ამგვარად, გონების დაძაბვა შერწყმული რეალურ ცხოვრებისგან მოწყვეტილ სასწავლო პროგრამის სწავლებასთან, მივყავართ პერმანენტულ მარცხებამდე და დანაშაულებამდე. გონიერი ბავშვები სწრაფად ხვდებიან: ის რაც მნიშვნელოვანია სკოლაში, არ არის კავშირში იმასთან რასაც მოითხოვს რეალური ცხოვრება, ამიტომ ის ეგუება ასეთ გაორებულ ცხოვრებას. მაგრამ უმეტესობა ამას ვერ ახერხებს. არ ვამტკიცებთ, რომ სასკოლო პროგრამები სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოსწავლეთა ინტერესებთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ – სკოლაში სწავლება არ უნდა იყოს მოწყვეტილი მათი ცხოვრებისგან. ბავშვისთვის სხვადასხვა ფაქტების დამახსოვრების იძულება ისევე ნაკლებეფექტურია, როგორც აბსტრაქტული იდეების სწავლება. ჩვენ მათ აზროვნება უნდა ვასწავლოთ – ესაა სკოლის ამოცანა.

არ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ბავშვები აცნობიერებენ მათი სკოლაში ყოფნის მიზანს და ესმით განათლების მნიშვნელობა და აუცილებლობა. საბავშვო ბაღიდან და სკოლის დამთავრებამდე მუდმივად უნდა ვუხსნათ, თუ როგორაა დაკავშირებული ცხოვრებასთან ის, რასაც სკოლაში სწავლობენ. ჩვენ კი ამას არ ვაკეთებთ და ეს ხდება სკოლაში წარუმატებლობის მიზეზი. იმასთან ერთად, რომ ჩვენი საზოგადოება თანდათან რთული ხდება, ბავშვებსაც უფრო უჭირთ ცხოვრებასა და სკოლასთან კავშირის დაჭერა. მათ ხშირად სთხოვენ სიტყვაზე დაუჯერონ და შეისწავლონ მასალა, რომლის აზრი გაუგებარია არა მარტო მათთვის , არამედ ხანდახან პედაგოგისთვისაც კი.ბავშვების უმეტესობა კარგავს მათ ნდობას, რასაც ვერაფრით ანაცვლებენ , ამიტომ ერთადერთი შესაძლო შედეგია – წარუმატებლობა.

საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ სკოლაში ცოტაა სივრცე ინტელექტუალური, შემოქმედებითი, მხატვრული შესაძლებლობების გამოხატვისთვის,ასევე სიხალისისთვის და მხნეობისთვის,: არანაკლებ დრამატულია ის რომ სკოლის პროგრამა თითქმის არ უთმობს ყურადღებას ბავშვებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდას. მათთვის, საერთო საქმეში ურთიერთ დახმარება და შეგრძნება, რომ რთულ სატუაციაში მარტო არ არიან, ნაკლებად ასოცირდება სკოლასთან.

ბევრისთვის სოციალური პასუხისმგებლობის აღზრდა მთავრდება მოსამზადებელ კლასში. მოსწავლეებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ყველაზე ნაკლებს ელაპარაკებიან სწორედ მაშინ , როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. როდესაც მათ არ სთავაზობენ დაფიქრდნენ საკუთარ პრობლემებზე და ეს პრობლემები დაუკავშირონ საზოგადოების პრობლემებს, როდესაც ხელი ეწყობა იმის დაზუთხვას, რასაც ვიღაცა თვლის მნიშვნელოვნად, ბავშვები იჯერებენ , რომ მთავარია გაკვეთილზე ყველა კითხვას სწორი პასუხი გაეცეს – ესაა ყველა პრობლემის გადაწყვეტა,მაგრამ როდესაც მოსწავლის წინაშე რთული პრობლემა დგას, ამ დროს სკოლა იცილებს პასუხისმგებლობას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ განათლება თავისი საწყისი მიზნისგან,ასწავლონ ბავშვებს ამ სამყაროში ცხოვრება და თანდაყოლილი – აზროვნების უნარი – განუვითაროს, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს .

სამყაროში, სადაც სულ უფრო მძაფრდება სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური პრობლემები, განათლება მათზე სუსტად რეაგირებს, რაც ხელს არ უწყობს ახალგაზრდობის ადაპტაციას ამ არეულ დროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი