კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა სიმღერით

ეს იყო ოთხი წლის წინ…

მეოთხე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის  პირველი გაკვეთილი  სიმღერით დავიწყეთ, რადგან ვ. როდონაიას სახელმძღვანელოს პირველი ტექსტი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ ანა კალანდაძის  ,,საქართველოო ლამაზო’’ -ს ჰანგებით ავავსეთ საკლასო ოთახი,  ამას მოჰყვა აკაკი წერეთლის  ,,ჩონგურს სიმები გავუბი’’ და ერთმა ძალიან საყვარელმა და ენაკვიმატმა მოსწავლემ  ხმამაღლა იყვირა:

-ლელა მას, თქვენ ქართულის მასწავლებელი ხართ, თუ სიმღერის?..

გავიდა დრო და სასწავლო წლის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ სიმღერით შესწავლილი ლექსები, რომლებსაც წლის განმავლობაში მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით ვიმეორებდით, წლის ბოლოს, თითქმის ყველა მოსწავლეს ძალიან კარგად ახსოვდა…

 

რატომ უნდა ავირჩიოთ სტრატეგია  კითხვა-წერის სწავლება სიმღერით?

სიმღერა ქმნის პოზიტიურ განწყობას, ამაღლებს მოტივაციას, სტიმულს აძლევს, ეხმარება მოსწავლეებს კითხვა-წერასა და დამახსოვრებაში, გამეორებული სიტყვები და ფრაზები ამარტივებს დასწავლას, სიმღერის ტექსტიდან ამოწერილი საკვანძო სიტყვები ხელს უწყობს ზეპირი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წიგნიერების უნარების განვითარებას. ჯგუფურად  შესრულებული სიმღერა მეგობრობისა და სოციალური თანაზიარობის განცდას აღძრავს.

,,კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის ზემოქმედებით სინქრონულად აქტიურდება ადამიანის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები, რაც ნაყოფიერი, ფოკუსირებული, მოტივაციით გაძლიერებული სწავლისათვის განაწყობს და შეამზადებს მას.

ბევრ სიმღერას ნარატიული/თხრობითი სტრუქტურა აქვს, ამა თუ იმ ამბავს გადმოგვცემს. ამიტომ ის იძლევა ტექსტის აგებულებაზე  ფოკუსირების,  ვიზუალიზების,ვარაუდების გამოთქმის, კავშირების დამყარების, მთავარ აზრში ჩაღრმავების საშუალებას, რაც აძლიერებს გაგება-გააზრების უნარს’’. (კარგი სკოლა – მეთოდური გზამკვლევი)

 

როგორ ვასწავლოთ კითხვა-წერა სიმღერით?

საგანმანათლებლო ვებგვერდზე https://kargiskola.ge/index.php განთავსებულია ელექტრონული რესურსი, სიმღერა ,,მზე და ცა’’.

https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php?fbclid=IwAR3qV5GOWGNNWP-eTvT_EzNbl8K4d2mR88uoqL5e2Jc7Kl7YpocEhEa4U0c

რესურსს ახლავს მეთოდური გზამკვლევი.

სიმღერა წარმოდგენილია აუდიოვერსიისა და ვიდეოკლიპის ფორმატით.

აუდიოვერსია:

სრული ვარიანტი (ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით)

კარაოკე (მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილი, ვოკალის გარეშე)

ვიდეოკლიპი:

ვიდეოკლიპი (სუბტიტრების გარეშე)

ვიდეოკლიპი სუბტიტრებით

კარაოკე (ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, ვოკალის გარეშე)

კარაოკე (მხოლოდ სუბტიტრები)

 

სასწავლო მიზნის შესაბამისად, შესაძლებელია სიმღერის სხვადასხვა ვერსიის გამოყენება. სიტყვები, ფრაზები, მელოდია, რიტმი, სახალისოა და მოსწავლეებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი.

სიმღერით კითხვა-წერის სწავლების მეთოდიკა ეფუძნება ყველასთვის ნაცნობ, იაკობ გოგებაშვილისეულ ანალიზურ-სინთეზურ მიდგომას. სიმღერის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ტექსტს შლიან ფრაზებად, სიტყვებად, მარცვლებად, ასო-ბგერებად და  შემდეგ განავრცობენ საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ტექსტით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეთოდურ გზამკვლევში მოცემულია აქტივობების ნიმუშები.

  • სიმღერის მოსმენა და შთაბეჭდილებების გაზიარება

სიმღერის მოსმენამდე მასწავლებელი ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოთქვან ვარაუდები,  ,,გააღვიძონ’’ მკვიდრი წარმოდგენები მზისა და ცის შესახებ. შემდეგ უჩვენებს ანიმაციურ ვიდეოკლიპს. მოსწავლეები საუბრობენ მოსმენილი სიმღერის შესახებ და საკუთარ შთაბეჭდილებებს  უზიარებენ ერთმანეთს.

 

  • სიმღერის კარაოკე-ვერსიის შესრულება

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს კარაოკეს მოდელირებას და მათთან ერთად შეასრულებს სიმღერას. (დაფაზე ან ეკრანზე წინასწარ აქვს მომზადებული კარაოკე ვერსიის ტექსტი)

 

  • ტექსტის კითხვა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  წინასწარ ამობეჭდილ სიმღერის ტექსტს ან უჩვენებს ეკრანზე, ან  დაფაზე/დიდფორმატიან ქაღალდზე დაწერილს. მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით (ერთობლივი კითხვით ან მიმდევრობით).

  • სიმღერის გაფორმება ნახატებით

მასწავლებელი გაუნაწილებს მოსწავლეებს დასახატ ეპიზოდებს ან მოსწავლეები თავად შეარჩევენ მათ და ხატავენ. იმართება ნამუშევრების პრეზენტაცია.

  • ფონოლოგიური სავარჯიშოები

მასწავლებელი ასახელებს სიმღერის ტექსტიდან ამოკრებილ სიტყვებს (მზე, ხე, ტბა) და ფრაზებს. მოსწავლეები დასახელებულ სიტყვებს/ფრაზებს შლიან მარცვლებად და ბგერებად.

შენიშვნა: შესაძლებელია, რომ მასწავლებელმა დასახელების ნაცვლად ნახატიანი ბარათები გამოიყენოს.

  • ტექსტიდან სიტყვების ამოწერა/გადაწერა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ ამოიწერონ სიმღერის ტექსტიდან სიტყვები სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ.: სიტყვები, რომლებშიც არის ასო-ბგერა ,,მ’’, სიტყვები, რომლებიც იწყება ამა თუ იმ ასო-ბგერით და სხვ.) მოსწავლეები ამოიწერენ ან გადაწერენ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან.

  • მოუსმინე, გაიხსენე, ჩამოწერე

მასწავლებელი მოასმენინებს ბავშვებს სიმღერის აუდიოვერსიას. სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ და ჩამოწერონ ის სიტყვები, რომლებიც სიმღერის ტექსტიდან დაამახსოვრდათ.

  • კარნახით წერა

მასწავლებელი მოასმენინებს მოსწავლეებს სიმღერის აუდიოვერსიას ან თავად წაუკითხავს სიმღერის ტექსტს. მოსწავლეები ჩაწერენ ნაკარნახევ სიტყვებს ან მთლიან ფრაზებს.

  • ინტერაქტიული წერა

მასწავლებელი სიმღერის სათაურს დიდი ასოებით წერს დაფაზე. მოასმენინებს მოსწავლეებს სიმღერის მხოლოდ პირველ ფრაზას (,,ეს არის მზე’’) და მოდელირების მეთოდით   იწყებს მოსმენილი ფრაზის წერას. შემდეგ თანმიმდევრულად ასმენინებს მოსწავლეებს მომდევნო ფრაზებს (მაგ. ,,ეს არის ცა’’) და  რთავს წერის პროცესში (ერთობლივი წერა).

  • ერთობლივი კითხვა

მასწავლებელი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს სიმღერის ტექსტს ან მის რომელიმე ნაწილს, იწყებს კითხვას და  სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით (ქორო, ექო, მცირე ჯგუფებში კითხვა) მოსწავლეებს რთავს კითხვის პროცესში.

  • ენობრივი პრაქტიკა

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიმღერის გაგრძელებას და ტექსტის შექმნას. მოსწავლეები კარნახობენ მასწავლებელს სიტყვებსა და ფრაზებს. მასწავლებელი წერს მოსწავლეების მიერ ნაკარნახევ ტექსტს თვალსაჩინოდ, დიდი ასოებით. ტექსტის ერთობლივი კითხვის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი რედაქტირება, ასევე ერთობლივად. მოსწავლეები ასრულებენ სიმღერას ახალი ტექსტის გამოყენებით.

  • სიტყვების კედელი

მასწავლებელი კედელზე საგანგებო ადგილას აკრავს მცირე ზომის ბარათებზე დაწერილ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან. მოსწავლეები კედელზე ეძებენ, გადააჯგუფებენ,  წინადადებებს ადგენენ, კლასიფიკაციას უკეთებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ სიტყვებს (მაგ., ბუნებასთან დაკავშირებული სიტყვები; სიტყვები, რომლებშიც ორი თანხმოვანია გვერდიგვერდ; მ-ზე დაწყებული სიტყვები და სხვ.)

  • ტექსტის აწყობა/დაშლა (წინადადებებად, სიტყვებად, მარცვლებად, ასო-ბგერებად)

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ბარათებს, რომლებზეც სიმღერის ტექსტის ნაწილებია მოცემული. მოსწავლეები სწორი თანამიმდევრობით ალაგებენ ბარათებს.

  • ტექსტის ,,გაცოცხლება’’

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს სიმღერის ინსცენირებას: ,,გაყინული ეპიზოდი’’ (ბავშვების ერთი ჯგუფი ,,გაყინავს’’ სიმღერის ტექსტის რომელიმე მონაკვეთს, დანარჩენმა ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ეპიზოდია ,,გაყინული’’). ბავშვები კისერზე ჩამოიკიდებენ ან ტანსაცმელზე მიიმაგრებენ ფურცლებს, რომლებზეც წერია/ხატია სიმღერის ტექსტში ხშირად გამოყენებული სიტყვები (ცა, ზღვა, მთა..) და გაითამაშებენ ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთს, ან ინტერპრეტირებულ ეპიზოდს.

  • ტექსტური რედაქტორი

დაკარგული სიტყვები – ჩახატე გამოტოვებული სიტყვა ნაწერში.

გააფერადე ტექსტში სიტყვა ,,მზე’’ ყვითლად, ,,ზღვა’’ – ლურჯად და ა.შ.

სიტყვების რეიტინგი – რომელი სიტყვა გვხვდება ტექსტში ყველაზე ხშირად?

მაგ.: ,,ზღვა’’ – 6, ,,მთა’’ – 3, ,,ცა’’ – 4, ,,ეს’’ – 7, ,,არის’’ – 8 და ა. შ.

მოიგონე წინადადებები ტექსტში ბევრჯერ გამოყენებულ სიტყვებზე.

მაგ.: ზღვაში თევზები ცხოვრობენ, მთაზე ასვლა შემიძლია და ა.შ.

 

მიაწერე ნახატებს შესაბამისი სიტყვები. მაგ.:

 

 

 

ცხადია, მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეთა სამიზნე უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი მიდგომის გათვალისწინებით, დაამატოს, ან მოდიფიცირება გაუკეთოს აღნიშნულ აქტივობებს.

ვეთანხმები მეთოდური გზამკვლევის ავტორების მოსაზრებას, ,,მულტისენსორული სწავლება მეტად ეფექტურია და ხელს უწყობს აქტიურ სწავლას. სიმღერის მოსმენისას ჩვენ ერთდროულად აღვიქვამთ მელოდიას, რიტმს, ჰარმონიას, სიტყვებს, ფრაზებს, იდეებს. სიმღერა იწვევს ემოციურ, კოგნიტურ, კინესთეტიკურ რეაქციებს და ამით იძლევა საშუალებას, რომ ერთი კონკრეტული რესურსის თანხლებით მოსწავლეები ჩავრთოთ მოსმენის, წარმოთქმის, მოძრაობის, ხატვის, თხზვის, წარმოსახვისა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებში.’’

სასურველია,  მოსწავლეებთან და მუსიკის მასწავლებლებთან ერთად, სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების მიხედვით, ჩვენ, მასწავლებლებმა შევქმნათ მსგავსი ტიპის  რესურსები. მით უფრო, რომ 21-ე საუკუნის მოსწავლეები გამოირჩევიან ტექნოლოგიური უნარების ფლობის განსაკუთრებული ნიჭით. უფროსკლასელების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსებით გამდიდრდება სკოლაში არსებული ელექტრონული რესურსების ბაზა და ამგვარი აქტივობები მისაბაძი მაგალითი იქნება სხვა მოსწავლეებისთვის, საკუთარი წვლილი შეიტანონ ციფრული რესურსების ბაზის შექმნაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი