სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორ ვასწავლო ჰაგიოგრაფია

დიდხნიანი ტაიმაუტის შემდეგ წელს ისევ უნდა ვასწავლო მეათეკლასელებს და ზაფხული ზაფხულად არ შემრგებია, თავი გამისკდა იმაზე ფიქრით, როგორ ვასწავლო ტრადიციული ქრონოლოგიური პრინციპის წყალობით ერთად თავმოყრილი ქართული ლიტერატურის ეს უმნიშვნელოვანესი და ურთულესი ნაწარმოებები ერთმანეთის მიყოლებით ისე, რომ არც თავი შევაძულო ბავშვებს, არც ქართული ( ამ პროცესის შესაბამისი ზერთული წინადადება გამომივიდა, მომიტევეთ!). სანამ სწავლებას დავიწყებდე, საკუთარ თავს უნდა დავეხმარო და უნდა დავიწყო სტატიების ციკლი:

  • ,, როგორ ვასწავლო ჰაგიოგრაფია“,
  • ,, როგორ ვასწავლო დავით გურამიშვილი“,
  • ,, სულხან- საბა როგორ ვასწავლო ისე, მხოლოდ ,,კუ და მორიელი“ რომ არ წამოუტივტივტივდეს მოსწავლეს გონებაში“…
  • ,, როგორ ვასწავლო ,,ვეფხისტყაოსანი“ – ამაზე ერთი- ორი კარგი სტატია მეგულება და დაბალი კლასების გამოცდილებაც დამეხმარება.

გამახსენდა, ერთ დროს პროექტით გავუმკლავდი ზოგიერთ სირთულეს და ეს სტატიაც იმ პროცესს ეხება. პროექტს ასე დავარქვი: ,,ჰაგიოგრაფიის სხვა ასპექტები“ და მისი იდეა,ზემოთ ხსენებულის გარდა, სამმა უმნიშვნელოვანესმა მიზეზმაც შთამაგონა:

I – მე –10 კლასის მოსწავლეებისთვის ჰაგიოგრაფია სრულიად ახალი, ძნელად დასაძლევი და საკმაოდ ვრცელი მასალაა. მასწავლებლისთვისაც რთულია, ინტერესიც გაუღვივოს მოსწავლეს სასულიერო მწერლობის მიმართ და იდეურ მხარესთან ერთად, საფუძვლიანად შეასწავლოს ტექსტები, მხატვრული მხარე, ავტორები, ისტორიული კონტექსტი, გეოგრაფიული გარემოც. ეს ასპექტები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება შეზღუდული საკონტაქტო საათებისა და მასალის სირთულის გამო.

II – პროექტებით სწავლება ძალიან ეფექტიანი და ეფექტურიც რომაა, ბევრ უნარს ერთობრივად რომ ავითარებს, ახალ ინტერესებს რომ უღვივებს ბავშვებს და შესაბამისად მათი აყოლიებაც ადვილია,  ამაზე აღარ კამათობენ.

III – 21-ე საუკუნის  გამოწვევათა შორის უმნიშვნელოვანესია მედიაწიგნიერების განვითარება.

,, მედია-წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის,  აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა.“ – ამონარიდი ესგ-დან.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს მრავალგვარი ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა. ასევე, მედიასამყაროში ორიენტირება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

როგორ მიმდინარეობდა პროექტიკლასი დავყავი 4 ძირითად ჯგუფად: ბიოგრაფები, გეოგრაფები, ისტორიკოსები,ლიტერატორები. სათითაოდ გავწერე თითოეული ჯგუფის მოვალეობები, რომელიც ამობეჭდილი ედოთ თითოეულ საქაღალდეში. აქვე გთავაზობთ უცვლელად.

ჯგუფების მოვალეობანი

ბიოგრაფების ჯგუფი – იმუშავებენ სამივე ნაწარმოების ავტორზე, ისაუბრებენ მათ მიმართებაზე  ნაწარმოებებთან და მოიძიებენ დამატებით ცნობებს თითოეულ მათგანზე;

  • ამოიწერენ ტექსტში მოცემულ ყველა ცნობას ავტორის შესახებ (ვინაობა, ხასიათი, ქცევა, დამოკიდებულება, პრობლემა…) და გვერდით თითოეული წევრი თავის ინტერპრეტაციასა და ანალიზს მიუწერს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი ისტორიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • დაწერენ რეფერატს, სადაც დაწვრილებით და არგუმენტირებულად ისაუბრებენ ავტორის ფსიქოლოგიურ პორტრეტზეც.
  • შეუძლიათ, შექმნან მხატვრული ტექსტიც, რომელშიც მათ მიერ დანახული ავტორი წარმოჩინდება ( ეს პუნქტი განსაკუთრებით მოეწონათ).

გეოგრაფების ჯგუფი – მოინიშნავენ სამივე ნაწარმოებში გეოგრაფიულ პასაჟებს  და სახელმძღვანელოების, ენციკლოპედიების, ინტერნეტრესურსებისა და გეოგრაფიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ დამატებით ცნობებს;

  • ამოიწერენ ტექსტიდან ყველა გეოგრაფიულ სახელს (ქვეყანა, ქალაქი, დაბა, მხარე… ტაძრების, ციხეების, მდინარეების სახელებსაც) და გვერდით მიუწერენ, რა ფუნქცია აკისრია ტექსტში ამა თუ იმ გეოგრაფიულ სახელს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს მოცემული გეოგრაფიული სახელების შესახებ ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • ეცდებიან, გეოგრაფიიის მასწავლებლის დახმარებით შექმნან პატარა ლოკალური რუკები ამა თუ იმ ეპიზოდისთვის.
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • შეგროვილ მასალებს თვალსაჩინოებისთვის გადაიტანენ Power point – ში.

ისტორიკოსების ჯგუფი – ყურადღებას მიაქცევენ თითოეული ნაწარმოების ისტორიულ ფონსა და ფაქტებს, ამოიწერენ ეპოქის მარკერებს ნაწარმოებებიდან   და სახელმძღვანელოების, ენციკლოპედიების, ინტერნეტრესურსებისა და ისტორიის მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ დამატებით ცნობებს;

  • ამოიწერენ ტექსტში მოცემულ ყველა ისტორიულ ცნობას (ეპოქა, საზოგადოებრივი წყობილება, პოლიტიკური გარემო…) და გვერდით თითოეული წევრი თავის ინტერპრეტაციასა და ანალიზს მიუწერს;
  • მოიძიებენ დამატებით ცნობებს იმავე საკითხებზე ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი ისტორიის მასწავლებელთან ერთად გააანალიზებენ და დაადგენენ მოძიებულ ცნობათა სანდოობას;
  • მოიძიებენ და შეაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ფოტოებსა და ვიდეო მასალას.
  • შეადგენენ რეფერატს, სადაც გამოკვეთილი იქნება ნაწარმოებში ასახული ეპოქის თავისებურება სხვადასხვა კუთხით.

 

ლიტერატორების ჯგუფი – მათი დაკვირვების საგანი ძირითადად იქნება თითოეული ნაწარმოების მხატვრული მხარე და ბელეტრისტიკული ნაკადი, ამოიწერენ მხატვრულ სახეებს, გააანალიზებენ თითოეული მათგანის შინაარსსა და ფუნქციას.

ჯგუფის წევრები ამოიწერენ და თავიანთ კომენტარებს გაუკეთებენ, გააანალიზებენ ნაწარმოებებში მოცემულ მხატვრულ სახეებსა და ნაწარმოების მხატვრული მხარის ყველა მახასიათებელს( დიალოგი, მონოლოგი, მწერლის ენა, პერსონაჟის მეტყველება, გარეგნობა, პეიზაჟი, ტროპის სახეები: მეტაფორა, შედარება, ეპითეტი, ჰიპერბოლა, სიმბოლო, ალეგორია, ალუზია …).

შენიშვნა:

  • ჯგუფის ხელმძღვანელს დამატებით ევალება თვალი ადევნოს ჯგუფის მუშაობას და პასუხისმგებელი იყოს შეგროვილ მასალაზე.
  • ჯგუფს ექნება საერთო საქაღალდე, სადაც შეაგროვებენ დათარიღებულ მასალებს კვირების მიხედვით;

მუშაობის მნიშვნელოვანი პრინციპი იყო ის, რომ ჯგუფები იცვლებოდნენ ახალ ნაწარმოებზე გადასვლასთან ერთად. მაგალითად, ვინც ,,შუშანიკის წამების“ სწავლისას ლიტერატორი იყო, როცა ,,აბოს წამებაზე“ გადავედით, ისტორიკოსის ან გეოგრაფის როლში აღმოჩნდებოდა.

ყოველკვირეული მუშაობის შეჯამებას ეთმობოდა პარასკევი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაგროვებულ – დამუშავებული მასალა გაეცნოთ კლასისთვის, ერთად გვემსჯელა პრობლემებსა და სამომავლო სტრატეგიებზე. კვირის სხვა დღეები გვრჩებოდა ნაწარმოებში ასახული პრობლემების განხილვისა და სხვადასხვა საინტერესო და საჭირო აქტივობებისთვის.

როცა სამივე ნაწარმოები შევისწავლეთ, ჯგუფებმა შეაჯამეს თავიანთი ნამუშევარი, მისცეს საბოლოო სახე რეფერატის, სლაიდშოუს, გამოფენის… მოვიწვიეთ სტუმრები და 2 ღია გაკვეთილი ამ შეჯამებას დავუთმეთ.

ამ პროექტის საინტერესო ნაწილი იყო ასევე საგანგებო ბლოგის შექმნა, რომელზეც ბავშვები პერიოდულად, პროექტის განმავლობაში ტვირთავდნენ და თავი მოუყარეს თავიანთ მოპოვებულ თუ შექმნილ მასალებს.

პროექტზე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი, ფუნქციური, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. შეიძინეს და განივითარეს ბევრი აუცილებელი უნარ-ჩვევა, შედარებით ადვილად დაძლიეს რთული ტექსტები და რაც მთავარია, მათი ყურადღება არ მოდუნებულა ერთობრივი მუშაობის წყალობით.

სტატიის ბოლოში კი გავედი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, წელს ამ პროექტს გავაცოცხლებ თუ სხვას მოვიფიქრებ: გამეორება კი ცოდნის დედაა, მაგრამ შემოქმედებითობა ცხოვრებას ბევრად უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

 

P.S. ჩემს ფიქრებს მოჰყვა და რომ არ აღვნიშნო, ისე ვერ დავასრულებ ამ სტატიას: ასეთ დამოკიდებულებაზე მეცინება – რაც უფრო მაღალ საფეხურზე ასწავლი, მით უფრო მაღლა რომ იწევს შენი პრესტიჟი. საკმარისია მშობელთა საზოგადოებაში თქვა, რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასებს ასწავლი, მაშინვე გადაეფინებათ ხოლმე პატივისცემის გამომხატველი იერი სახეებზე. თუ მე-8- ზე დაბალი კლასები დაასახელე, იქნებ თანაგრძნობის გამომხატველი კითხვაც ( შესაბამისი ინტონაციითა და გამომეტყველებით)  დაგადევნონ: მაღლებს არა? – ეს კითხვა იმასაც გულისხმობს, რომ უფრო მეტს მოელოდნენ შენგან …

აი, რეპეტიტორი თუ ხარ, ეს უკვე სერიოზული განაცხადია. მოსწავლეთა რაოდენობას ჩაგეკითხებიან აუცილებლად და 20-ს თუ აჭარბებს, ეს თქვენი პედაგოგიური (მასწავლებლური აქ მდაბიურად ჟღერს) ავტორიტეტის ურყევი საბუთია.

არადა, სანამ რეპეტიტორობის ინსტიტუტი ასე მასობრივად იარსებებს ( გარდა ცალკეული გამონაკლისებისა), მანამ იქნება ის დასტური ჩვენი განათლების სისტემის კრიზისის.

ისიც უნდა დავამატო – საფუძველს ( დაწყებით განათლებას) რომ არ ვაქცევდით იმ სულმნათი იაკობის მერე  ყურადღებას და პირდაპირ მწვერვალებს ( უმაღლეს განათლებას) ვეპოტინებოდით, იმიტომ გვჭირს, რაც გვჭირს განათლების კუთხით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“