სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

კითხვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური გარემო კითხვის უნარის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ბავშვების უმეტესობისთვის სკოლაა ის ადგილი, რომელსაც უდიდესი როლი ეკისრება კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებასა და წიგნიერების დონის ამაღლებაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა PIRLS-ის საერთაშორისო კვლევამ (PIRLS – 2011, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2013). კვლევაში შესწავლილ იქნა ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზე. ესენია:

* სკოლის მდებარეობა;
* სკოლის როლი კითხვის სწავლების გეგმის შემუშავებაში;
* კითხვისთვის განკუთვნილი სასწავლო დრო;
* კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების სკოლის მიერ შერჩეული დაძლევის გზები და საშუალებები;
* მასწავლებელთა მომზადება კითხვის სწავლებისთვის;
* კითხვის სწავლებისთვის სხვადასხვა მასალისა და რესურსის გამოყენების ხარისხი; 
* კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად დაგეგმილი საკლასო და კლასგარეშე აქტივობათა მრავალფეროვნება; 
* მასწავლებლების მიერ შემუშავებული კითხვის უნარის შეფასების კრიტერიუმები;
* სასკოლო გარემო და სკოლის რესურსები;
* სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის ხარისხი. (PIRLS – 2011, 2013,Gგვ.114-115).

საზოგადოდ, წიგნიერი გარემო გულისხმობს ისეთი ელემენტების ჰარმონიულ შერწყმას, როგორებიცაა სივრცე, დრო, ხალხი და რესურსები. სათანადო გარემო ზრდის მოსწავლის მოტივაციას და წერისა და კითხვის შესწავლის სურვილს უღვივებს მას, მასწავლებელს კი ასეთ გარემოში მეტი შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ცოდნა-გამოცდილება და წარმატებით განახორციელოს სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

ამჯერად, გვსურს, გაგიზიაროთ გამოცდილება რამდენიმე, ჩვენი აზრით, საინტერესო აქტივობის შესახებ, რომლებმაც დადებითი შედეგები მოგვცა და რომლებიც სწორედ კითხვის ხელშემწყობ საკლასო თუ სასკოლო გარემოს უკავშირდება.

სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის მიზნით განვახორციელეთ პროექტი „ვკითხულობთ უფროსებთან ერთად”. პროექტი ითვალისწინებდა მშობლების, ბებია-ბაბუებისა და და-ძმების ჩართვას. მოსწავლეები და მათი ოჯახის წევრები ირჩევდნენ რომელიმე წიგნს და კვირის განმავლობაში კითხულობდნენ, მერე კი სკოლის ბიბლიოთეკაში იმართებოდა საუბრები წაკითხულის შესახებ. შესაძლოა, შერჩეულ ნაწარმოებს უფროსები უკვე იცნობდნენ, მაგრამ პროექტის წყალობით ისინი ხელახლა დაუბრუნდნენ ბავშვობაში წაკითხულს და სხვა თვალით დაინახეს იგი. სწორედ სხვადასხვა თვალთახედვით, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილებით დანახული პრობლემები ხდიდა საინტერესოს ნაწარმოებზე მსჯელობას. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ აქტივობაში ჩართვის მსურველთა რიცხვი არ იყო დიდი, მაგრამ მერე და მერე საგრძნობლად გაიზარდა, რაც პროექტის ეფექტიანობაზე მეტყველებს. ასეთი საქმიანობები მთელი სკოლის წიგნიერ საზოგადოებად გარდაქმნას უწყობს ხელს. როგორც PIRLS-ის საერთაშორისო კვლევის ანგარიშშია ნათქვამი: „მნიშვნელოვანია მოსწავლეების როგორც მკითხველების თვითეფექტურობისა და თვითშეფასების ზრდის ხელშეწყობა. ამისთვის მასწავლებელმა ბავშვს თავისი მოსაზრების გამოთქმისა და ლიტერატურული პროექტების წამოწყების შესაძლებლობა უნდა მისცეს” (PIRLS – 2011, 2013,Gგვ. 15).

მეორე პროექტი, რომლის განხორციელებასაც მომავალი სასწავლო წლიდან ვგეგმავთ, არის „ჩემი საყვარელი წიგნის რეკლამა” (ეს პროექტი მანამდე ერთი კონკრეტული კლასის ფარგლებში განხორციელდა; შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გადაწყდა მასში მთელი სკოლის ჩართვა). წიგნის შერჩევისა და კარგად გააზრების შემდეგ მოსწავლეები იწყებენ იმაზე ფიქრს, რა არის მასში ისეთი, რამაც შეიძლება სხვებიც დააინტერესოს; ნაფიქრის საფუძველზე წერენ წიგნის ანოტაციას (აქამდე სამუშაო ინდივიდუალურია), მერე კი ისინი, ვინც ერთი და იგივე წიგნი შეარჩია, ერთიანდებიან, შეაჯერებენ საკუთარ ნამუშევრებს, ქმნიან რეკლამის დიზაინის მონახაზებს, ირჩევენ ფორმას (ეს შეიძლება იყოს ვიდეორგოლი, ბანერი, პლაკატი, საგაზეთო რეკლამა და სხვა) და განსაზღვრავენ საჭირო რესურსებს. ერთი კლასის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მარტო კითხვის უნარის განვითარებას, არამედ წიგნის პოპულარიზაციას და, საზოგადოდ, კითხვისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბებასაც, ასევე წიგნიერებასთან ერთად ისეთი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია.

კითხვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საკლასო ბიბლიოთეკას. საკლასო ბიბლიოთეკის მოწყობა არ გულისხმობს ძვირად ღირებული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კოლექციის შეგროვებას. მინიბიბლიოთეკის შექმნა შესაძლებელია ისეთი ადგილობრივი რესურსების გამოყენებითაც, როგორებიცაა თავად მოსწავლეების მიერ შექმნილი გზამკვლევები, ისტორიული ნარკვევები, მათივე შემოქმედება. შეიძლება ვთხოვოთ მეგობრებს, ნაცნობებს, ოჯახის წევრებს, მოსწავლეებს და სხვებს, წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ (მაგალითად, საბავშვო ლიტერატურა, რადგან შვილები წამოიზარდნენ), საკლასო ბიბლიოთეკას აჩუქონ. დაწყებით საფეხურზე ბავშვებისთვის საუკეთესო საკითხავი მასალაა ის, რაც გაკვეთილის პროცესში მათივე მონაწილეობით შეიქმნება. ეს შესაძლოა იყოს წიგნი, რომელსაც სხვადასხვა ფორმა ექნება – კიბისებური, გარმონისებური და სხვ. სასურველია, ჯერ ასეთი ხელნაკეთი წიგნების გამოფენა მოვაწყოთ, მერე კი ბავშვებმა თავად აღრიცხონ, თავადვე უზრუნველყონ კატალოგიზაცია და განათავსონ ისინი საკლასო ბიბლიოთეკაში. 
კითხვის ხელშემწყობი საკლასო გარემოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია ე.წ. „საავტორო სკამი”. ეს არის რაღაცით გამორჩეული სკამი, რომელიც განკუთვნილია იმ მოსწავლე-ავტორისათვის, რომელსაც საკუთარი ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას სთხოვენ. ამ სკამით სარგებლობა შეუძლია იმ მოსწავლესაც, რომელიც ცნობილ ავტორთან წარმოსახვითი ინტერვიუს დროს ავტორის როლში იქნება, ასევე მასწავლებელსაც, თუ კლასის წინაშე საკუთარი ნაწარმოების წაკითხვას მოისურვებს. საავტორო სკამს საკლასო გარემოში ერთგვარი საზეიმო განწყობილება შემოაქვს და ყველა მოსწავლეს უჩენს სურვილს, აძლევს შესაძლებლობას, ამ ზეიმის ცენტრში აღმოჩნდეს.

საზოგადოდ, კვლევამ დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტი რესურსი აქვს სკოლას, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა წიგნიერების დონე. ჩვენ შევეცადეთ, ისეთი საქმიანობები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის, რომლებიც დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს, მაგრამ მათი ეფექტიანობა, მერწმუნეთ, მაღალია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი