შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„რა კავშირი აქვს სასკოლო პროგრამას ცხოვრებასთან?“

„რა კავშირი აქვს სასკოლო პროგრამას ცხოვრებასთან?”
უილიამ გლასერი
მასწავლებელი:
– ამას ჰქვია კითხვა. ამ გზით ჩვენ ახალ პროგრამებსა და ინფორმაციას ვაინსტალირებთ ადამიანის თავში! 
(უილიამ გლასერი, ამერიკელი ფსიქიატრი, დაიბადა 1925 წელს. იგი ავტორია რეალობის თერაპიისა და არჩევანის თეორიისა. 1967 წელს არიზონაში დააარსა „რეალობის თერაპიის” ინსტიტუტი (The Institute for Control Theory, Reality Therapy and Quality Management)).
 
შევეხოთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რამდენად პასუხობს სასკოლო პროგრამა ცხოვრების მოთხოვნებს და როგორ ეხმარება მოსწავლეებს გარემოს შემეცნებაში.
კითხვის სწავლა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია დაწყებით კლასებში, მაგრამ არითმეტიკა, სოციალური მეცნიერებები და მართლწერაც კი ისე უნდა ვასწავლოთ, რომ ბავშვის სკოლის გარეთ ცხოვრებას დავუკავშიროთ. თუ სასკოლო პროგრამა არ შეესატყვისება ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ის დაკარგავს სწავლისადმი მოტივაციას. სწავლების პროცესის გართულებისდა კვალად, მხოლოდ მოტივაცია თუ დაეხმარება მას რთული საგნების გადალახვაში, ხოლო თუ მოტივაცია არ არსებობს, ბავშვს წარუმატებლობა ელის.
პატარებისთვის დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით მათი ამ თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობის იმედად, იმის იმედად, რომ ის მოახდენს იმ შეუსაბამობის კომპენსაციას, სკოლასა და რეალურ ცხოვრებას შორის რომ არსებობს. ის ხშირად არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იქ, სადაც სოციალური წარმომავლობა და მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. მასწავლებელი წარმატებული სოციალური ფენიდან იმ ბავშვებთან უფრო იოლად პოულობს საერთო ენას, რომლებიც ამავე სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებიან, ვიდრე უფრო დაბალი და სოციალურად შეჭირვებული ფენიდან გამოსულებთან. ასეთი ბავშვების სამყარო მათთვის უცხო და გაუგებარია. მასწავლებლები ბავშვებს, ნაცვლად იმისა, რომ გაითვალისწინონ მათი ინდივიდუალობა, ხშირად საკუთარი საზომით აფასებენ. არ არის აუცილებელი, მოსწავლე და მასწავლებელი ერთი და იგივე სოციალური ფენიდან იყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სწავლებისას პედაგოგი მხოლოდ საკუთარი წარმოდგენებით არ მოქმედებდეს.
მასწავლებლებს ხელს უშლის სასკოლო წიგნების გამოყენების უნივერსალურობა, რომელიც, მათი აზრით, საფუძველთა საფუძველია. დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში საკითხავი ტექსტები ორიენტირებულია იმ ბავშვებზე, რომლებიც იზრდებიან ინტელიგენტურ, უზრუნველყოფილ ოჯახებში და არ იცნობენ რეალური ცხოვრების სირთულეებს. გარდა ამისა, მასალა გადმოცემულია მშრალად და უინტერესოდ. ბავშვებს სჭირდებათ სტიმული კლასგარეშე საკითხავის სახით, მაგრამ ვინაიდან ვერ ხედავენ კავშირს კლასში და დამოუკიდებლად წაკითხულს შორის, ბევრი ვერ ახერხებს, იმ დონეზე ისწავლოს კითხვა, რომ სიამოვნება მიიღოს. ამით ეკარგება აზრი თვითონ კითხვის სწავლებას. სანამ სკოლაში არ გამოვიყენებთ ბავშვებისთვის საინტერესო წიგნებს და მათი საშუალებით არ განვავითარებთ დამოუკიდებლად კითხვის მოთხოვნილებას, კითხვა მოსაწყენ სასწავლო საქმიანობად დარჩება.
კარგი იქნებოდა, ყველა სკოლას ჰქონდეს უფლება, თვითონ ამოირჩიოს იაფფასიანი, თხელყდიანი წიგნები – ეს ლიტერატურა მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი და გასაგებია ბავშვებისთვის, ადვილია მისი სახლში წაღება და წაკითხვის შემდეგ სხვა წიგნზე გადაცვლა, ამიტომ ის არასდროს დაკარგავს აქტუალობას და მუდამ საინტერესო იქნება ბავშვისთვის. აუცილებელი სასწავლო ტექსტებიც ახლოს უნდა იყოს ბავშვის სამყაროსთან. სასკოლო პროგრამები ბავშვის გარემოსგან შორსაა, მაგრამ თუნდაც ასე არ იყოს, სკოლას არ შესწევს უნარი, ასწავლოს ბავშვს სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
სწავლების პრობლემის აქტუალურობის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მეოთხე კლასის კრების მაგალითს. სკოლაში, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, უმთავრესად წარმატებული იურისტების, ექიმებისა და მენეჯერების შვილები სწავლობენ. მათი მშობლების უმეტესობას ჰქონდა პრესტიჟული დიპლომი და ოჯახებში განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მათ ამ ტიპის დისკუსიაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ამ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგებიც და მშობლებიც. ბავშვები მალე დაინტერესდნენ საუბრის თემით და შებოჭილობა გაქრა.
მე ვიკითხე: „რა უნდათ მასწავლებლებს მოსწავლეებისგან?” გაისმა პასუხები: „მათ უნდათ, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ, წარმატებით გადავიდნენ კლასიდან კლასში, ჩააბარონ კოლეჯში”. ისინი უფროსებისგან გაგონილს იმეორებდნენ. მაშინ კითხვა შევცვალე და ვთხოვე ეთქვათ, რა არის მასწავლებლების ყოველდღიური მოთხოვნა. მათ თქვეს, რომ ისინი ითხოვენ პასუხებს. ვინაიდან ჩემ წინაშე იდგა გარკვეული ამოცანა, მე ვკითხე მათ, როგორ პასუხებს ითხოვდნენ მასწავლებლები, რაზეც მომიგეს, რომ ისინი სწორ პასუხებს ითხოვენ. მე დავინტერესდი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დასმულ კითხვაზე ყოველთვის არსებობს სწორი პასუხი. მათ დადებითად მიპასუხეს. მე კვლავ ვკითხე: „შეუძლია მასწავლებელს, დასვას ისეთი კითხვა, რომელზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს?” ამ კითხვამ ბავშვები დააბნია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიამოვნებით მონაწილეობდნენ საუბარში, მათი რეაქციები ჩემს კითხვებზე არ მაკმაყოფილებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველა კითხვაზე არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები. მხოლოდ ერთმა ბიჭმა თქვა: „თქვენ გულისხმობთ კითხვებს, რომლებზეც შეგვიძლია ჩვენი აზრი გამოვთქვათ?” ვთხოვე, გაეგრძელებინა და აი, რა მოვისმინე: „სვამენ კი მასწავლებლები ისეთ კითხვებს, რომლებზეც ჩვენი აზრის მოსმენა უნდათ?” ყველა ჩაფიქრდა. გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი – კლასში იშვიათად ინტერესდებოდნენ მოსწავლეთა აზრებით, მსჯელობით თუ დაკვირვებით. მე კი მათი დამოუკიდებელი პასუხები მინდოდა.
ჩემმა მიდგომამ ბავშვები საგონებელში ჩააგდო, რადგან ასეთი მიზანი მათთვის არასოდეს დაუსახავთ. მათ არ სურდათ, პრობლემას ჩასწვდომოდნენ, რადგან საკუთარ შეხედულებებს განხილვის საგნად არ მიიჩნევდნენ. მინდოდა გაეზიარებინათ თავიანთი ინტერესები, შეგრძნებები, წარმოდგენები, ეს კი მათთვის უჩვეულო იყო. ვერ ხვდებოდნენ, რა ეთქვათ. არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათ გარე სამყაროდან მოტანილ გამოცდილებას რაიმე ფასი ჰქონდა და ვერ ხედავდნენ კავშირს საკუთარ ფიქრებსა და სკოლაში გამართულ დისკუსიას შორის. წლების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა მათი აზრებითა და შეხედულებებით. სკოლის დირექტორმა იგრძნო, რომ ბავშვები მიხვდნენ, რას ითხოვდნენ მათგან, ამიტომ მეორე დღეს დისკუსია გაგრძელდა. მათ დაინახეს, რომ ჩვენ გვაინტერესებდა მათი მოსაზრებები და დაგვაყარეს კითხვები, რომლებსაც ერთგვაროვანი პასუხები არ ჰქონდა. მოსწავლეები რეაგირებდნენ ყველა შეთავაზებულ თემაზე, გულწრფელად საუბრობდნენ მშობლებზე, მასწავლებლებზე, საშინაო დავალებებზე, შეფასებებზე და, საერთოდ, სამყაროზე.
სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები გულწრფელად გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს, ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე რომ უყალიბდებათ. სკოლის დაინტერესება მათი სამყაროთი ბავშვებს კმაყოფილების შეგრძნებას მოუტანს. სამწუხაროდ, ამ ბავშვებს ხუთი წლის განმავლობაში აზრადაც არ მოსვლიათ, რომ სკოლაში შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვა იდეა და შეხედულება, მეტადრე – მათი. სკოლა ყოველთვის იყო სხვისი იდეების და საზოგადოდ მიღებული ფაქტების შესწავლის ადგილი. ბავშვების სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება სკოლაში არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს.
ამრიგად, არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ შემდეგ ორ ფაქტორს:
1. ბევრ რამეს იქიდან, რაც სკოლაში ისწავლება, არ აქვს კავშირი ბავშვის ცხოვრებასთან. თემა აქტუალურიც რომ იყოს, მასზე ყურადღება არ მახვილდება, ამიტომ მისი რელევანტურობა უფასურდება.
2 .ბავშვებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებლად შეძენილი ცოდნა აქტუალური არ არის სკოლისთვის.
აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კავშირი ბავშვის სამყაროსა და სკოლას შორის არ არსებობს. საწყენია, რომ სკოლები სასწავლო პროგრამას არ უკავშირებენ მათ რეალურ ცხოვრებას, მოსწავლეები კი, თავის მხრივ, ვერ ახერხებენ, საკუთარი გამოცდილება სკოლას დაუკავშირონ. სკოლასა და ცხოვრებას შორის ბარიერი კიდევ იმიტომ იზრდება, რომ სკოლის გარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეწინააღმდეგება სკოლაში შეძენილს.
მრავალი ისეთი საგნის სწავლას, რომლებსაც მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ბავშვების ცხოვრებასთან, აუცილებლად მივყავართ სწავლისადმი ინტერესის დაკარგვამდე და ცუდ მოსწრებამდე. თუნდაც ჩვენთვის ნათელი იყოს მიმდინარე მასალის კავშირი ცხოვრებასთან, ეს არ ნიშნავს, რომ ამას მოსწავლეებიც ხედავენ. ეს დიდი შეცდომაა. ამიტომ ვურჩევ ყველას, სწავლის პროცესში ყურადღება მიაქციონ საგნის აქტუალურობის განხილვას.
ზოგიერთი საგნის მნიშვნელობა ნათელია. მაგალითად, კითხვისა ან მათემატიკისა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ბავშვებს უჩნდებათ პროტესტი, რომ ეს საგნები ცხოვრებას არ შეესაბამება. ამ დროს საჭიროა ავუხსნათ მათი მნიშვნელობა . მთავარია, გულწრფელად ვუთხრათ, რომ ზოგიერთი საგანი უნდა ისწავლონ მხოლოდ იმისთვის, რომ გაიარონ ტესტირება, რომელიც აუცილებელია უმაღლესში ჩასაბარებლად.
მასწავლებლები ხანდახან თვითონაც ვერ ხვდებიან, რატომ არის ჩართული ესა თუ ის საგანი სასწავლო პროგრამაში. ბავშვებს ამას ნუ დაუმალავთ. უინტერესო მასალის სწავლებისას ახსნა გარკვეულწილად დაეხმარება პედაგოგს. გულწრფელობა არაჩვეულებრივი დამხმარეა. როდესაც მასწავლებელს აქვს კონტაქტი კლასთან, ბავშვებიც გამგებები არიან, იმართება დისკუსიები და კრებები, სადაც განიხილავენ ასეთ თემებს. მაგრამ მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება არ კმარა, როდესაც სასწავლო პროგრამა გადატვირთულია ძნელი და უინტერესო მასალით. აუცილებელია პროგრამების გადახედვა – სხვაგვარად ადრე თუ გვიან ბავშვების ნდობას დავკარგავთ. ისინი ან შეწყვეტენ იმის სწავლას, რისი შესწავლის აზრსაც ვერ ხედავენ ან მხოლოდ ფორმალურად ისწავლიან.
ჩვენი მცდელობა, ვასწავლოთ ბავშვებს არააქტუალური მასალა შეფასების საშუალებით, მიზანს მხოლოდ მოწადინებულ მოსწავლესთან აღწევს. ჩამორჩენილებზე კი შეფასება სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გადავლახოთ შეუსაბამობა სკოლის პროგრამებსა და რეალურ ცხოვრებას შორის. ბავშვები ბევრს შეიმეცნებენ ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით, კომპიუტერით. არავინ უყურებდა ტელევიზორს და წაიკითხავდა გაზეთებს, რომ მათგან მოწოდებული ინფორმაცია მოწყვეტილი იყოს რეალურ ცხოვრებას. სკოლამ უნდა გამოიყენოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სწავლების პროცესში და არა დაუპირისპიროს ის განათლებას, როგორც რაღაც განყენებული და ეფემერული.
 
სასკოლო პროგრამები შინაარსით მშრალია, აკლია ემოციურობა, რომელიც ბავშვის ინტერესებთან მიახლოებაში დაეხმარება. ტექსტების უმრავლესობა იგნორირებას უწევს ბავშვის აღქმას, ისინი არარეალისტური და მოსაწყენია. ემოციურობა უნდა იგრძნობოდეს არა მარტო ტექსტებში, არამედ გაკვეთილებზეც. სიცილი, წამოყვირება, ერთად პასუხი და ტირილიც კი სწავლების დადებითი გამოცდილების ნაწილია. როდესაც კლასში სრული სიჩუმე და წესრიგია, ბავშვები კი ემოციებს იკავებენ, იშვიათად ხდება ნამდვილი სწავლება. ბავშვები უნდა დარჩნენ ბავშვებად – ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. წესრიგი არ არის ეფექტური განათლების განმსაზღვრელი, მაგრამ სკოლაში მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რასაც ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი, რადგან კიდევ უფრო იზრდება შეუსაბამობა ბავშვების ცხოვრებასა და სკოლას შორის.
სკოლაში სრულიად სხვადასხვანაირი ბავშვები სწავლობენ. სკოლას უნდა შეეძლოს მათ სამყაროში ჩაღრმავება და მათი გაგება. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი, დასაწყისი ერთია – ბავშვები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. 
რაც თავი მახსოვს, არასოდეს ყოფილა ასეთი გაუცხოება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის და იმავდროულად არასოდეს შეგვძლებია ბავშვის სამყაროში ასე იოლად შესვლა, როგორც ახლა. ჩვენ ერთმანეთთან ვურთიერთობთ იმის საფუძველზე, რაც გვაერთიანებს და ერთ-ერთი მთავარი ადგილი ამ პროცესში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს უკავია. დღევანდელი მოსწავლის მიზანსწრაფულობა ტელევიზიისა და კინოს გავლენით ყალიბდება. ბავშვები ღიად და ინტერესით იღებენ იმას, რასაც სთავაზობენ მათ საშუალებები. სიამოვნებით განიხილავენ სატელევიზიო ფილმებს და გადაცემებს და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ამ დროს მთლიანად იხსნებიან. თუ მასწავლებელი არ უყურებს ამ გადაცემებს და არ განიხილავს მათ ბავშვებთან ერთად, ის ხელიდან უშვებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, ჩასწვდეს მათ შინაგან სამყაროს. ჩვენს დროში ბავშვები იშვიათად გამოთქვამენ ხმამაღლა საკუთარ აზრს, რადგან ის არავის აინტერესებს, რასაკვირველია, ჭეშმარიტი პედაგოგების გარდა, რომლებიც მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ისინი ცდილობენ, ბავშვებთან კონტაქტი და ნამდვილი სულიერი კავშირი. დაამყარონ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი