სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

 ისტორია ლიტერატურაში

ისტორია და ლიტერატურა  საუკუნეებია ,,თანამშრომლობენ“,  თუმცა   ზოგჯერ  ისტორიული მოვლენების ლიტერატურულ ასახვას რთულია თანამშრომლობა უწოდო.  შევთანხმდეთ, რომ  ცნობილი  ისტორიული მოვლენების თუ პიროვნებების შეფასება თავისთავად იწვევს შეხედულებათა  სხვადასხვაობას, ეს  ერთი მხრივ, ისტორიული წყაროების განსხვავებული ინტერპრეტაციებითაა გამოწვეული, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირების  პრაგმატული მიზნებით.  ისტორიის განსხვავებულ აღქმასა და შეფასებას ხშირად დრამატულ  მოვლენებამდეც მიჰყავს არა მარტო ცალკეული ეთნიკური ჯგუფები, არამედ ქვეყნებიც,   თავს იჩენს  დაპირისპირებები და სისხლიანი კონფლიქტებიც. ისტორიის ლიტერატურული ასახვა განსხვავებული ფენომენია.  მწერალს ალბათ არც მოეთხოვება ისტორიული რეალობის ზუსტი ასახვა, მით უმეტეს იმ მოვლენების აღწერისას, რომელზეც ისტორიკოსებსაც არ აქვთ საერთო პოზიცია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ   მწერლის მიერ კარგად ცნობილი ისტორიული მოვლენების  თუ პიროვნებების კარდინალურად განსხვავებული  აღწერა და წარმოდგენა მკითხველების  ერთი ნაწილის (ხშირად მოზრდილი ნაწილის) აღშფოთებას იწვევს.  ასეთ დროს ყველაზე კარგი მსაჯული დრო და  ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულებაა,   აღშფოთების ტალღა გადაივლის და შედევრი რჩება.

თუმცა ამ სტატიაში ისეთ შემთხვევაზე მინდა  გესაუბროთ, როცა  ისტორიის ბურუსით მოცული  მოვლენების  მწერლისეულ საინტერესო ლიტერატურულ ვერსიას ვეცნობით.  მოვლენები,  რომლებიც თავის დროზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა, რამაც  განსხვავებულ ინტერპრეტაციებს  დაუდო სათავე.  გადის დრო, იცვლებიან ხელისუფლებები, სახელმწიფოებრივი  წყობილებაც კი, ჩნდება ბოლომდე ამოუხსნელ მოვლენებში გარკვევის რეალური სურვილი, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ რთულ ამოცანადაა ქცეული, ზოგჯერ შეუძლებელიცაა.   გამოძიება პრაქტიკულად ჩიხში შედის, რადგანაც   პირდაპირი სამხილები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მოწმეები დიდი ხნის გარდაცვლილია, ამასთანავე, უკვე შექმნილია განსხვავებული ვერსიები და იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი  აშკარად   ლეგენდების საბურველშია გახვეული, ისინი  გამოძიების ახალი შედეგების და მეცნიერული ექსპერტიზების   მიუხედავად აგრძელებენ არსებობას. სწორედ ასეთი მოვლენების ლიტერატურული ინტერპრეტაციები იწვევს მკითხველის დიდ ინტერესს, ინტერესი  იზრდება იმის კვალობაზე, რაც უფრო საინტერესო ვერსიებს შემოგვთავაზებს ავტორი, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ისტორიული მოვლენა. რასაკვირველია, თხრობის ორიგინალობა და   ლიტერატურული ღირებულებაც აუცილებელი პირობაა.

საკმაოდ მაღალია ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოების  დაინტერესება      ბურუსით მოცული, გახმაურებელი მკვლელობებით. არის კიდევ რამდენიმე გარემოება, რაც მკვლელობებს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის :

  • მკვლელობა ძალიან დიდი ხნის მომხდარი არ უნდა იყოს (მაგ; მეოცე საუკუნის გახმაურებული მკვლელობები);
  • მკვლელობამ გავლენა უნდა იქონიოს მსოფლიო ისტორიაზე

ამ მახასიათებლებით რამდენიმე მკვლელობა იოლად  გაგახსენდებათ ( პრინც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში, რომანოვების ოჯახის განადგურება საბჭოთა რუსეთში, პრეზიდენტ კენედის მკვლელობა ამერიკის შეერთებულ შტატებში), ბოლო მახასიათებელს თუ შევცვლით და მსოფლიოს ისტორიის მიმდინარეობაზე გავლენას  ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ პროცესებს ვიგულისხმებთ, სამწუხაროდ, საქართველოში მომხდარი მკვლელობებიც   შეგვახსენებს თავს. ავბედითი სიმბოლიზმით მეოცე საუკუნის დადგომიდან შვიდი წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძის  და მეოცე საუკუნის დასრულებამდე  7 წლით ადრე ზვიად გამსახურდიას  მკვლელობებმა უდაოდ შეცვალეს საქართველოს ისტორია.

თუ საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებს დავიხმართ, მსოფლიო ისტორიის ტრაგიკული მოვლენა, საინტერესო სასწავლო აქტივობად შეიძლება ვაქციოთ. შემოქმედებითი აქტივობით შესაძლებელია მოსწავლის  ცნობისმოყვარეობა  მიზანზე მიმართულ ინტერესად იქცეს, დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე უფრო ღრმად გაეცნობა ისტორიულ პროცესებს და  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასთან ერთად კიდევ ერთი წიგნიც ,,შემოეკითხება“.

მაგალითისათვის ამჯერად ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ ცნობილი ანგლოამერიკელი მწერლის და პედაგოგის სემ ისთლენდის ( ნამდვილი სახელი და გვარი პოლ უოთქინსი) რომანზე ,,წითელი მეფის თვალი“. რომანის მთავარი გმირი პეკალა რომანოვების ოჯახის განადგურების ამბავს იძიებს, ხოლო ,,წითელი მეფე“, რომლის თვალიც მას ყველგან უჩინრად დაყვება, იოსებ სტალინია. რომანოვების საიპერატორო ოჯახის  თანმხლებ პირებთან ერთად ამოწყვეტა თავის დროზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მოხდა, ლეგენდებს სათავე პირველივე დღეებში დაედო, 11 ადამიანის დახოცვის შემდეგ კომუნისტები ოფიციალურად მხოლოდ ნიკოლოზ მეორის დახვრეტას აღიარებდნენ, გამოჩნდნენ ,,მოწმეები“ რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ცოცხლად ნახეს (ან გადაარჩინეს!) სამეფო ოჯახის ესა თუ ის წევრი, ანა ანდერსონად წოდებული ქალბატონი ათწლეულების განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებდა, რომ გადარჩენილი ანასტასია რომანოვა იყო. მართალია გამოძიება მალე მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ქალბატონი სინამდვილეში  პოლონელი ქარხნის მუშა ფრანსისკა შანკოვსკა იყო, ანა ანდერსონის საქმემ გერმანიის სამართლის ისტორიაში უგრძესი  სამოქალაქო სასამართლო პროცესი გამოიწვია. ასი წლის შემდეგ თეთრი ლაქები ამ ტრაგიკულ მოვლენაში  დღემდეა შემორჩენილი.  მწერალი  მახვილგონივრულად იქცევა, ის   მკითხველს რაიმე ერთი ვერსიისკენ კი არ უბიძგებს, არამედ ერთდროულად რამდენიმეს სთავაზობს და  პასუხგაუცემელ კითხვებს გვიტოვებს. აქვე  მინდა  ნაწარმოების კიდევ  რამდენიმე ღირსებაზე მოგახსენოთ.   რომანი ძალზე ეფექტურად იწყება, პირველივე გვერდზე უკვე დახოცილი სამეფო ოჯახის  და ჯერ კიდევ ცოცხალი რუსეთის იმპერატორის ჯალათთან გასაუბრების პასაჟი გითრევს მძაფრ ლიტერატურულ  მორევში, სადაც მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება, ძალზე საინტერესო კუთხით ეცნობი ისტორიულ პერსონაჟებს, ხოლო ავტორის  გამოგონილი გმირები გეხმარება ისტორიული პროცესების სხვადასხვა რაკურსიდან  აღქმაში. დამაინტრიგებელია იმის გაგებაც, რომ რომანში თავდაპირველად განვითარებული  ვერსიის თანახმად თავად კომუნისტურმა ხელისუფლებამაც კი არ უწყის, რა მოხდა რეალურად  ინჟინერ იპატიევის  სახლში.

როგორც სასწავლო რესურსი სემ ისთლენდის რომანი (ისევე როგორც მსგავსი მიმართულების სხვა მაღალმხატვრული ნაწარმოებები) მოსწავლეებს გაუფართოებს ისტორიული აზროვნების თვალსაწიერს, ისტორიულ პიროვნებებს განსხვავებული რაკურსიდან დაანახებს, გამოგონილ პერსონაჟებზე დაკვირვება ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე დააფიქრებს და ისტორიის უკეთ გაგებაში დაეხმარება. გავადევნებთ რა     მოსწავლეებს მკვლელობის რამდენიმე ვერსიას, მათში რამდენიმე მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს :

  • კრიტიკული აზროვნების და ლოგიკური მსჯელობის უნარი;
  • წარმოსახვის უნარი;
  • მოვლენათა მსვლელობაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის და დასკვნების გამოტანის უნარი

მთავარ აქტივობას პირობითად შეიძლება ,,გამოიძიე პეკალასთან ერთად“ვუწოდოთ. როგორც აღვნიშნეთ, ნაწარმოებში რამდენიმე გმირის მონათხრობის მიხედვით  მკვლელობის განსხვავებული  ვერსიები ვითარდება :

  • მეფის ფოტოგრაფის ქათამაძის ვერსია
  • მაიაკოვსკის ვერსია
  • ნეკრასოვის (მეფის დაცვის პოლიციის უფროსი) ვერსია
  • ადგილობრივი მცხოვრები მოხუცის ვერსია
  • მონაზონ ანიას ვერსია
  • კროპოტკინის (მილიციის უფროსი) ვერსია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეტექტივის კანონების საპირისპიროდ დასასრულს რომანის  ყველა კვანძი  არ იხსნება.  დამატებით აქტივობებად შესაძლებელია ავტორისეული ხედვით წარმოდგენილ  ისტორიულ პიროვნებებზე დაკვირვება  (მაგ; ნიკოლოზ მეორე, სტალინი) და ზოგადსაკაცობრიო თემების (პიროვნების როლი ისტორიაში,  ერთგულება  და სახელმწიფოებრივი პასუხიმგებლობა) განხილვა.

დაბოლოს, აკადემიური საათებით შემოსაზღვრულ ისტორიის ფორმალურ სასწავლო პროცესში მსგავსი აქტივობებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. სამაგიეროდ ძალზე მოსახერხებელია მათი გამოყენება არაფორმალური განათლების პროცესში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“