კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ბალადა მეტოქესა და სხვა თემებზე

ყველა ბავშვს. . . თუმცა, რატომ მხოლოდ ბავშვს, საერთოდ ყველას უნდა ჰქონდეს ამქვეყნად ერთი ადგილი მაინც, სადაც ნამდვილად მიუხარია. გაღვიძებისას ბურანშივე გაახსენდეს, რომ დღეს ,,იქ” არის წასასვლელი და ადგომა აღარ დაეზაროს, ყოველდღიური, მოსაწყენი რუტინისას ანდა როცა უკვე გადაიღლება, მოაგონდეს, რომ სკოლის ანდა სამსახურის მერე ,,იმ ადგილას” მიდის და ენერგიით აივსოს; ყველაზე მეტად ,,იქიდან” წამოსვლისას რჩებოდეს ფეხები უკან, ძილის წინ იფიქროს, რომ ,,იქაურობის გამო” მის ცხოვრებას რაღაც სიხარული აქვს. . .
ჩვენ, უფროსებს, შეგვიძლია, თვითონ ვიპოვოთ ანდა შევიქმნათ ასეთი ადგილი, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარი ოაზისის როლი ბავშვისთვის სკოლამ შეასრულოს? რასაკვირველია, შესაძლებელია: ყველაზე მეტად მაშინ, თუ მოზარდი შეყვარებულია ანდა სკოლაში ისეთი მეგობრები ელოდებიან, რომლებთანაც ვერასოდეს მოიწყენ, მაგრამ მე ცოტა სხვა რამეს ვგულისხმობ _ შეიძლება თუ არა სკოლა, თავისი პირდაპირი დანიშნულების თვალსაზრისით, ,,ასეთ ადგილად” იქცეს მოზარდისთვის შემეცნების სიხარულის გამო? სიმართლე ვთქვათ, ასე იშვიათად ხდება. არადა, ასეთი ადგილი აუცილებელია, აუცილებელი!

მე კი მქონდა ასეთი ადგილი: მე და ჩემი სკოლის მეგობარი მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედანთან” ამოვიდოდით (წამოსვლისას მე ვიხდიდი მგზავრობის ფულს და წასვლისას _ ის, ,,გერმანული ანგარიშით” გადახდა სირცხვილად ითვლებოდა, თუმცა ორივემ ზუსტად ვიცოდით, რომ ორივეს ზუსტად მხოლოდ გზის ფული გვქონდა), თვალს ავარიდებდით ზედმეტად შეხმატკბილებულ წყვილებს ,,ალექსანდროვის” ბაღში, პატარა ქვაფენილიან ქუჩას გადავჭრიდით, კარებს შევაღებდით, დაცვას შიშნარევად მივესალმებოდით, გავივლიდით დერეფანს, ცალი თვალით შევიჭყიტავდით გალერეა ,,ჰობში”, სადაც ხანდახან ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი სასწაულად ჭკვიანი ხალხი ღვინის ჭიქებით ხელში მიუწვდომლად ჭკვიანურ თემებზე საუბრობდა და გავიდოდით უკანა ეზოში შენობისა, რომელსაც საოცრად არასაბავშვო სახელი, ლიტერატურის მუზეუმი, ერქვა და სადაც ყველაფერი იყო, რომ ჩემისთანა ბავშვს თავი სამოთხეში ეგრძნო.

აქაური სასწავლო საგნები არაფრით გავდა სკოლისას: რელიგიის ისტორია, თეატრისა და კინოს ისტორია, საუბრები ლიტერატურაზე, სახიობა, ხელოვნების ისტორია და კიდევ ბევრი გემრიელი რამ. მასწავლებლებიდან ზოგი ტელევიზორში მენახა, როგორც თავისი საქმის მეტრი, ზოგი ჯერ არ მენახა და მათი ნამდვილი ფასი მოგვიანებით, სტუდენტობისას გავიგე. როგორც ყველა ჭეშმარიტი ბედნიერება აქ სწავლაც სრულიად უსასყიდლო იყო და სკოლისაგან განსხვავებით იყვნენ ბავშვები ჩემი მსგავსი მისწრაფებებით. ოღონდ რატომღაც მეგობარი არ შემიძენია, სამაგიეროდ თეა გავიცანი…

თეა მაღალი და გამხდარი იყო, მეგობრების მთელი ამალით დადიოდა და რაც მთავარია, თეა ჭკვიანი იყო, თითქმის ჩემსავით ნაკითხი (ასე ვიმშვიდებდი თავს, თუმცა ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, რომ მე თავად ვიყავი თითქმის თეასავით ნაკითხი) და სიტყვისთვის ჯიბეში ხელს ნამდვილად არ ჩაიყოფდა. . . არც საქმისთვის. თუკი ერთ ლექციაზე მე გამოვიჩენდი თავს, მეორეზე იძულებული ვიყავი მდუმარედ მესმინა გამოცოცხლებული თეას მჭევრმეტყველებისთვის; თუ ერთ ხუთშაბათს თეა მიუტანდი ვახტანგ როდონაიას (ამქვეყნად ყველაზე ძნელად თავისმოსაწონებელ კაცს) ტვინჩანთხეულ განხილვას რომელიმე ლექსისას, მეორე კვირას მუზებნანახი  მოვაფრიალებდი მეც ფურცელს, ერთხელ კონკურსზეც კი მთავარი ჯილდო ორად გაიყო. თეა ჩემი პირველი ნამდვილი კონკურენტი იყო და ამიტომაც ისეთივე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი, როგორიც ჩემი პირველი ნამდვილი მეგობარი.

წლის ბოლოს, ტრადიციულ ვიქტორინაზე, ბოლოს ერთმანეთის პირისპირ შევრჩით ჩემი და თეას გუნდები, მხოლოდ კაპიტნები ვპასუხობდით კითხვებს, ყველა საპროგრამო კითხვა ამოვწურეთ და მაინც ვერც ერთმა აჯობა, დარბაზიდან მშობლები, მეგობრები და მასწავლებლები გვიყურებდნენ და რაც მთავარია, ქალბატონი იზა ორჯონიკიძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ჩვენი ,,ხელოვნების სკოლის” სულისჩამდგმელი, ახლა ისეთი სახე რომ ჰქონდა, როგორც მოსავლის დაბინავებისას. მასწავლებლებმა ახალი შეკითხვები მოიფიქრეს, ყველა მათგანს ან ორივე ვპასუხობდით, ან _ ვერცერთი. უსასრულოდ გაგრძელდა ბრძოლა და ბოლოს ერთი ქულით წავედი წინ. ასეთი კითხვა იყო: ,,მისი რომელი სახლიდან გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე?” იცით? მე არ ვიცოდი _ თურმე თბილისის ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმიდან, ზაზა მასწავლებელმა მიკარნახა _ აი, იმან, ვის მიერ გაკვეთილის გაცდენაც ყველაზე დიდი ტრაგედია იყო ხოლმე. კითხვები გრძელდებოდა, ჩვენი გუნდი ერთი ქულით იყო წინ, მასწავლებლები ეშხში შევიდნენ, გვაყრიდნენ და გვაყრიდნენ კითხვებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ბოლოს ნაცრისფერი თაგუნას პირობაზე უჩვეულო გამბედაობა მოვიკრიბე და მიკროფონში გამოვაცხადე: ,,ნუღარ გვისვამთ კითხვებს, ნუთუ თქვენთვის ასე ძნელია აღიარება, რომ ჩემმა გუნდმა მოიგო?!” ასე დამთავრდა ეს შეჯიბრი _ აღარასოდეს გამიმარჯვია ასე სამარცხვინოდ და აღარც გამარჯვება ყოფილა ოდესმე ასე ტკბილი.

სასწავლო წლის ბოლოს სპექტაკლი დავდგით, თეამ, რასაკვირველია, ჩემზე ათასჯერ უკეთ ითამაშა, მაყურებელს სულ ცრემლი აფრქვევინა. მერე აბიტურიენტები გავხდით, ხელოვნების სახელოსნოსთვის ვეღარ ვიცლიდით. მერე სხვა ,,ისეთი ადგილები” გაგვიჩნდა და ერთმანეთი დავივიწყეთ.

რომ წარმოვიდგინოთ, რომ ჩვიდმეტი წლის შვილი მყავს და რჩევას მთხოვს, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბაროო, ვეტყოდი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან მიუხედავად მთელი რიგი ნაკლოვანებებისა, ამ უნივერსიტეტს აქვს ერთი უზარმაზარი ღირსება ჩემს თვალში: მასში თავს იყრიან სრულიად სხვადასხვა სოციალური ფენის, შესაძლებლობების, მომავლის მქონე სტუდენტები. ეკლექტიკურიაო, სადღაც წავიკითხე და სწორი სიტყვა ჰქონდა შერჩეული დამწერს. ეკლექტიკურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომაც არ ვნანობ, რომ ერთ ჩვეულებრივ, უღიმღამო საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, ეკლექტიკურ გარემოში, ოღონდ ეს იყო, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც მქონდა ადგილი, საითკენაც მთელი სულითა და გულით მიმიხაროდა.

არ ვიცი, ახლა თუ არსებობს ის სახელოსნო ან სადმე რამე მსგავსი, სადაც ბავშვები იკრიბებიან, ყავთ რჩეული მასწავლებლები, აი, უნივერსიტეტებში მათ ჯგუფში ჩაწერაზე რომ სტუდენტები თავს იკლავენ. ამ მასწავლებლებს არაფერი აკლიათ: არც აღიარება, არც პატივისცემა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ფული, მაგრამ მაინც მიდიან კვირაში ერთხელ, პატარა ოთახში შეკრებილ პატარა ბავშვებთან: უკითხავენ წერედიანის ნათარგმნ ვიიონის ლექსებს, ესაუბრებიან ბესიკ ხარანაულზე, პერსპექტივაზე ადრეული რენესანსის პერიოდში, ძენ ბუდიზმზე, ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, კოტე მარჯანიშვილზე ან უბრალოდ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო თემებზე, მაგრამ ესაუბრებიან ისე, რომ ბავშვებს ელანდებათ ვრცელი და საინტერესო ადგილებით, საინტერესო მოვლენებით დახუნძლული სამყარო _ საკუთარი მომავალი ცხოვრება და საოცარი შესაძლებლობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი