ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

  ყვავილ-სიმბოლოები ქართულ პოეზიაში

პოეზია ხელოვნების უძველესი დარგია, რომელშიც სათქმელის ოსტატურად გადმოცემისა და საგნებისა თუ მოვლენების შთამბეჭდავად წარმოსახვისთვის  უმთავრესია სიტყვა. პოეზიის ენა  ჩვეულებრივი მეტყველებისგან სიტყვების განსაკუთრებული წყობით განსხვავდება, რაც ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

ვიდრე მოსწავლეებს დავუსვამთ კითხვას – მაინც რა არის პოეზია? – მათ იციან ლიტერატურიდან, რომ ილიას თქმით, ,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა ღვთივ რჩეულთა’’, შოთას განმარტებით  ,,სიბრძნის დარგია’’,  ტიციანი  ,,მოვარდნილ  მეწყერს’’ უწოდებს, მიხა ხელაშვილისთვის ამოსათქმელად ოხერია, ონავარია (“ლექსო, ამოგთქომ, ოხერო!“)…

მოსწავლეებს არ უჭირთ შენიშნონ  ხეთა, ბალახთა  თუ ყვავილთა სიჭარბე მწერლობაში.  მაგალითად, “ორო ჭადარო“, “ცა ატამებით მსხმოიარე“, “ხმელი წიფელი“, “ ვაზის ყვავილობა“ , “ფერი დაბინდულ ქლიავის“, “ძეწნამ ალერსით ამავსო“, “ჭოტი მუხის ძველ ღრუში“, “პაწაწინა რტო“  და ა.შ. თითოეული რაღაც განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მისიით შემოიყვანა ავტორმა თავის შემოქმედებაში.

ამ წერილში „პოეტურ ყვავილებზე“ – ლექსებში განზრახ ხსენებულ ყვავილთა სიმბოლურ მნიშვნელობაზე,  ვისაუბრებ…

ქართულ პოეზიაში ყვავილს დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისთვის თითქმის არცერთ დიდ ქართველ პოეტს არ აუვლია გვერდი. როგორ ჩანს, მათ მათი სიმბოლური მნიშვნელობაც კარგად ესმოდათ.

ზოგადად, ყვავილი ბუნების სიმბოლოა. უფრო ზუსტად, მისი მარადიული ბრუნვის – დაბადების, სიცოცხლის, სიკვდილის და კვლავ აღორძინების განმასახიერებელი. ის, აგრეთვე, სულიერ გაფურჩქვნას, სილამაზეს, სიკეთესა და სრულყოფილებასაც განასახიერებს – თურმე ის, ვისაც ყვავილი უჭირავს, ბოროტებას არ ჩაიდენს.

თითოეულ ყვავილს, როგორც აღვნიშნე, თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რასაც მისი არსი,  ფერი და ფორმა განაპირობებს.

რელიგიებში ყვავილი სულიერი გასხივოსნების სიმბოლოა – ქრისტიანულ ხატებზე ანგელოზებს ხშირად უჭირავთ შროშანები (ბედნიერებისა და უმანკოების სიმბოლო).

რაც შეეხება ყვავილთა ფერთამეტყველებას: წითელი სიცოცხლეს, სიყვარულს, სამყაროსთან კავშირს, ზოგჯერ დანთხეულ სისხლს განასხიერებს; ყვითელი – მზესთან კავშირს; ცისფერი – მოუღწეველ ოცნებას; ოქროსფერი – არარსებულს ან იშვიათს…

ყვავილთა მნიშვნელობა არც ქართველი პოეტებისთვის იყო უცხო. ისინი მათ ხშირად იყენებდნენ ღრმა და მრავლისმომცველი ემოციისა თუ სათქმელის გადმოსაცემად.

გალაკტიონ ტაბიძე ლექსში “ყვავილები და წუთები“ თეთრი, ლურჯი და წითელი ვარდების  სიზმრად კრეფის პროცესზე გვიყვება.

ვარდი სამოთხის ყვავილადაა აღიარებული. ვარდების ყვავილწნული ქრისტიანულ სიმბოლიკაში ღვთისმშობელს განასახიერებს. გადმოცემით, ის ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა. მას თავდაპირველად ეკლები არ ჰქონია და მხოლოდ ადამ და ევას შეცოდების შემდეგ გასჩენია.

თეთრი ვარდი სისპეტაკის სიმბოლოა, რომელსაც პოეტი სიზმრადწვეული სიკვდილის წინააღმდეგ ფარად იყენებს. გარდა ამისა, თავისი რეალური ცხოვრების შესალამაზებლადაც  უხმობს:

“სიზმარში ვნახე: ყვავილებს ვკრეფდი,

თეთრ-თეთრ, ლურჯსა და წითელ ყვავილებს…“

“დავაწყე იგი იმ ადგილებზე,

სადაც სიკვდილის მეფობს ნავარდი…

და როცა დილით გამომეღვიძა –

იქ აღარ იყო არცერთი ვარდი…“

გალაკტიონ ტაბიძე თავის ლექსში “მე ამ ყვავილებს“ ყვავილს –  ანუ ოცნებას – ეკლიან გზაზე სატარებელ თილისმად მიიჩნევს და ამბობს, რომ მის დასაცავად ძალის გამოლევამდე იბრძოლებს. პოეტს სჯერა სადღაც არსებული ყვავილების ედემის არსებობის, სადაც მწუხარე სულები არ ბინადრობენ და თავადაც იქით მიილტვის:

“…განადგურების ეკლიან გზაზე

გულს ბევრი რამ აქვს ხელუხლებელი.

ველი… ვიბრძოლებ… მე ამ ყვავილებს

ვატარებ, სანამ მექნება ძალი,

რომ არ შეეხოს მას სისასტიკის

ხელი შავბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,

რომ სადღაც არის ისეთი მხარე,

სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,

სადაც არ არის სული მწუხარე“.

პოეტს სჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, იქამდე ჩააღწევს. იგი ლექსში ეკალსაც ახსენებს (“განადგურების ეკლიან გზაზე“), რომლითაც გამანადგურებელი გზებია ხოლმე მოფენილი, თუმცა  ედემამდე სავალ გზას ოცნება-ყვავილები უადვილებს.

გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთ ლექსში “დგება თეთრი დღეები“  უნიკალური ბუნებრივი მოვლენის – გათენების – თანხლებით საიდანღაც ჩნდებიან ორქიდეები:

“დგება თეთრი დღეები –

რიდეების სეზონი;

გაჩნდნენ ორქიდეები

ყოვლად უმიზეზონი…“

პოეტს ლექსში ორქიდეა უმიზეზოდ არ უხსენებია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ის გათენებას შეადარა. მართლაც, ორქიდეა ყველაზე ნატიფი, ესთეტიკური  და არისტოკრატული ყვავილია. მას ჩინეთში უჭკნობის სიმბოლოდაც მიიჩნევენ და ლარნაკებზე გამოსახავდნენ. ევროპაში კი, სიმბოლიზმის ხანაში, ორქიდეამ ლიტერატურას თავისი კვალი დაამჩნია.

ახალზელანდიურ მითში, როცა ცაზე ცისარტყელა გაჩნდა, უკვდავმა სულებმა მასზე ჩამოსხდომა მოისურვეს, რა დროსაც ის დაიმსხვრა და დედამიწაზე ორქიდეებად ჩამოცვივდა.

აქვე უნდა მოვიხმოთ გალაკტიონის კიდევ ერთი ლექსი “მე და ზამბახები“, რომელშიც პოეტი თავის სულიერ მდგომარეობას ზამბახებს ადარებს, რომლებსაც წყნარი ძილი სწვევიათ, თუმცა ღამის ნიავი აცახცახებთ:

 

“ბნელ ღამის დროს წყნარი ძილი რომ ეწვევა თეთრ ზამბახებს,

მათ ნარნარი მთის ნიავი უალერსებს, აცახცახებს.

დასჩურჩულებს: სიზმრად ვნახე, თქვენი სახე მომხიბლავი,

და მოფრენა განვიზრახე, გენაცვალოთ ჩემი თავი!
მზეს ნუ ელით… დღე დიდია, სიზმარს უნდა ყურისგდება,

ხანმოკლეა ეგ სიზმარი, გაკოცებს და გაფრინდება.

გაფრინდება… მერე ცეცხლის მზე ამოვა, დღე მწვავდება

და გგონია, თითქო იგი არასდროს არ გათავდება!
მეც, მეც ასე მიჩურჩულებს იდუმალი ფიქრთა გროვა,

დავივიწყო, ვინაც ჩემში გრძნობათ ცეცხლი ამოსწოვა,

მაგრამ მაინც ჩემი სული, ვით ზამბახი მინდორ-ველის,

მზის ამოსვლას უდარაჯებს და სიყვარულს ელის, ელის!“

ზამბახი სიფაქიზეს, სიამაყესა და სისპეტაკეს გამოხატავდა და მხოლოდ ახალგაზრდებისთვის იყო განკუთვნილი. ცისფერი ზამბახი ხშირად გვხვდება მგლოვიარე ღვთისმშობლის გამოსახულებებზე, რადგან ქრისტიანულ ცნობიერებაში ღვთიურ ენერგიას გამოხატავს.

ტიციან ტაბიძე “ლექს მეწყერში“ თავის დაბადებას ვაშლის ყვავილობას უკავშირებს: “მე დავიბადე აპრილის თვეში, გაშლილ ვაშლების ყვავილებიდან…“ პოეტი ამით ბუნებასთან ერთიანობაზე მიუთითებს. გაზაფხულზე გაშლილი ვაშლის ყვავილი ემშვენიერება პოეტს და დაბადებას ადარებს. ვაშლის ყვავილებიდან დაბადება ვენერას ქაფიდან შობის მსგავს უცნაურ ეფექტს ქმნის, რომელმაც სამყაროში განახლება უნდა მოიტანოს.

ვაშლი, ბიბლიური გადმოცემით, კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფია. ქრისტიანულ ტრადიციაში მას ორგვარი სიმბოლიკა აქვს: ერთი მხრივ, ის ადამისა და ევას ცოდვას, ანუ ბოროტებას აღნიშნავს.

მეორე მხრივ, იგი იესოს მისიის – კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის – სიმბოლოს წარმოადგენს.

იოსებ ნონეშვილი ლექს  “უსახელო ყვავილში“ საქართველოს ველ-მინდვრებზე, ზღვიდან სერებამდე გადაშლილი ყვავილების კრეფას აღწერს:

“დაილოცა საქართველო

ზღვიდან ზერით სერამდი.

ყვავილები, ყვავილები

თეთრი, ათასფერადი.

მხოლოდ ერთი პაწაწინა

ოქროსფერი ყვავილი…

სულ შენ გგავდა, ნაირფერად

ველად ჰფენდა სინათლეს…

დავაკონე ბაგე ფრთხილად

და “ანუკი“ ვუწოდე“.

როგორც ვხედავთ, ათასფერ ყვავილთა შორის მან ერთი ოქროსფერი შეარჩია, რომელიც არარსებულის ან იშვიათის სიმბოლოა და თავისი სულის მუზას შეადარა, თუმცა ამ აღმოჩენით აღტაცებულმა სახელი ვერ დაარქვა უსახელოს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კი “ანუკი“ უწოდა. როგორც ჩანს, ლექს ჰყავდა მშვენიერი ადრესატი.

ლადო ასათიანი ლექს “კრწანისის ყაყაჩოებში“ ყაყაჩოს კრწანისის ომში გმირულად დაღუპული ქართველების სისხლის ფერს ადარებს: “ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?“.

მურმან ლებანიძე ლექსში “უფლისციხესთან …“ ყაყაჩოს დასაღვრელი სისხლის მაცნედ მიიჩნევს:

“უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

არა დაღვრილის,  – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა…“

ყაყაჩო ძველბერძნულ მითოლოგიაში ძილისა და სიზმრის ღვთაებათა სიმბოლო იყო.

რომაულში კი ზამთრობით მიძინებულ ბუნებას განასახიერებდა.

ქრისტიანულმა ტრადიციამ ამ სიმბოლიკის ზოგიერთი ასპექტი გაითავისა და წითელი ყაყაჩო ქრისტეს მოწამეობის  და “მარადიული ძილის“ სიმბოლოდ აქცია.

ქართულმა პოეზიამ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ აღიქვა.

შოთა ნიშნიანიძის  ლექსს “ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი“, გვერდს ვერ ავუვლით. ცნობილია, რომ ტიციანს მართლა უყვარდა მისი გულზე დაბნევა. პოეტი მას გულზე დაბნეული მზისა და გაზაფხულის ერთ მწიკვს უწოდებს:

“ტიციანს უყვარდა წითელი მიხაკი

და მამულს ლოცავდა ყანწით და წიგნით,

გულისპირს ებნია წითელი მიხაკი –

მზე და გაზაფხული – სულ ერთი მწიკვი!“

პოეტს მიხაკი მისნურ ყვავილად მიაჩნდა, რომელიც ტიციანის სულიერებასა და ბედისწერას  ააშკარავებდა.

გადმოცემის თანახმად, პატიმარ პოეტს სიკვდილის წინ მიხაკი უნატრია. ჯალათებს მხოლოდ ეს “სურვილი შეუსრულებიათ“  მისთვის და მკერდზე “დაუბნევიათ“ ტყვიის წითელი მიხაკები.

მიხაკი დიდ და რომანტიკულ სიყვარულს განასახიერებს. ის რევოლუციის სიმბოლოცაა და დაკრძალვისაც.

ერთი მითის მიხედვით, ქალღმერთი აფროდიტე ნადირობიდან ხელმოცარული და განრისხებული ბრუნდებოდა, რაც მწყემსის სალამურის ხმას დააბრალა. მწყემსი ბევრს ეცადა ქალღმერთი თავისი უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა მან მას თვალები დასთხარა და მიწაზე დაანარცხა. იმ ადგილას ორი წითელი მიხაკი ამოსულა, რაც უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლის სიმბოლოდ იქცა.

მასწავლებელს შეუძლია, მრავალფეროვან დავალებათა შორის, მოსწავლეებს მოაძიებინოს ინფორმაცია ლექსებში ხსენებულ მცენარეთა შესახებ, დააკავშირებონოს ისინი ფაქტებსა და მოვლენებთან, რაც რამდენიმენაირ ცოდნას დააუფლებს მათ და ავტორის პოზიცია და სათქმელი უფრო ნათელი გახდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი პროგრამა

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“