ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში

სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი –  ყველაფერს”.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე


 

“სინამდვილეში დიდი ადამიანი გაგრძნობინებს,
რომ შენც შეიძლება გახდე დიდი”.

მარკ ტვენი


 

 

მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოკვლეული  ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს  სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში. მრავალი თეორია
ცდილობს, ახსნას მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და გააანალიზოს ის სხვადასხვა ფაქტორთან
მიმართებაში. მოტივაციის გამომწვევი ერთი მიზეზის დადგენის შეუძლებლობა ადამიანთა ბუნების მრავალგვარობაშია. კლასში მოსწავლეები
სოციალური და კულტურული კონტექსტით, გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით, უნარებით
განსხვავდებიან. ეს კი განსაზღვრავს იმ ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი მოტივაციის
ამაღლებაზე მოქმედებს. მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ მხოლოდ მაღალი მოტივაციის
პირობებშია შესაძლებელი მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა. შესაბამისად,
კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ის, რაც მოსწავლეს სწავლის მოტივაციას გაუჩენს. უამრავი დისციპლინათშორისი
თეორია ცდილობს, ახსნას ის ფაქტორები, რომლებიც მოტივაციის ზრდას იწვევს. აქ რამდენიმე
მათგანს შევეხებით.

 

ცოტაოდენი თეორია

 

ატრიბუციის თეორია ყურადღებას ამახვილებს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც
ადამიანებს მაშინ უჩნდებათ, როცა  ამა თუ იმ
მოვლენას, შედეგს რაიმე კონკრეტულ ფენომენს უკავშირებენ. მაგალითად, გამოცდის ჩაბარება
დაკავშირებულია გამართლებასთან, მოსწავლის დაბალი აკადემიური მიღწევები – სიზარმაცესთან…
როდესაც ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლის მაღალ აკადემიურ მოსწრებას მის დიდ მცდელობას
უკავშირებს, შესაძლოა, ამან მის მოტივაციაზე დადებითად იმოქმედოს.  ყველა შემთხვევაში, ეს მოსწავლეებში აღძრავს  გარკვეულ ემოციას, რამაც შესაძლოა იმოქმედოს მათ
მოტივაციაზე. აკადემიურ კონტექსტში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად წარმართოს
მოსწავლის ემოცია, მისი მიღწევა დაუკავშიროს არა იღბალს, არამედ მცდელობას, დაბალი
აკადემიური მიღწევა კი კონკრეტული უნარების უქონლობით არ ახსნას.

 

მოლოდინების   თეორიის მიხედვით,  წარმატების
მიღწევის  მოტივაციას, დიდწილად, საზოგადოების
მხრიდან წარმატების მოლოდინი განსაზღვრავს. სასწავლო პროცესში ის სტუდენტები, რომელთა
მიმართაც არსებობს მაღალი აკადემიური მიღწევების მოლოდინი, ძირითადად, აღწევენ კიდეც
წარმატებას, იმ სტუდენტებთან შედარებით, ვის მიმართაც ასეთი მოლოდინი არ არსებობს.

 

სოციალური დასწავლის
თეორია და მიზნის მიღწევის თეორია
– აქ აქცენტი კეთდება ადამიანის ბუნებაზე, ისწავლოს
დაკვირვებით. მთავარ კონცეპტუალურ ჩარჩოს წარმოადგენს ის, რომ ადამიანები და გარემო
ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ.  მოსწავლე სწავლობს
მასწავლებელზე დაკვირვებით, ასევე თანატოლებზე დაკვირვებით. მოსწავლე მოტივირებულია,
თუ არტიკულირებულია კონკრეტული მიზნები,  რომლებსაც
მასწავლებელი მასთან შეთანხმების საფუძველზე დასახავს. ამის მიღწევა მოსწავლისა და
მასწავლებლის ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველზეა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ
მოსწავლის მიერ მიზნების დასახვა არ ხდება მასწავლებელთან, თანატოლებთან თუ მშობლებთან
ინტერაქციის გარეშე.

 

თვით-ეფექტურობის
თეორიისთვის
ცენტრალური თემაა
ინდივიდის რწმენა საკუთარი ეფექტურობისა, შესაბამისად, მისი მოტივაცია დამოკიდებულია
წარმატების მიღწევის შესაძლებლობის აღქმაზე. მოსწავლეებში საკუთარი შესაძლებლობების
რწმენის გაჩენა შესაძლებელია ისეთი აქტივობების განხორციელებით, რომლებიც მოითხოვს
კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას და სხვა. 

 

ამ თეორიებს აერთიანებს
მასწავლებლის როლის მნიშვნელობა მოსწავლის მოტივაციის ამაღლების საკითხში. ატრიბუციის
თეორია ხაზს უსვამს მასწავლებლის მხრიდან მუდმივი უკუკავშირის მიცემას,  მიღწევების კონტროლს და მათ სწორ ატრიბუციას. მოლოდინების
თეორია მოტივაციის ამაღლების ფაქტორად განსაზღვრავს მასწავლებლის და თანატოლების მოლოდინის
მნიშვნელობას მოსწავლის აკადემიური მიღწევებისათვის. მიზნის მიღწევის თეორია ყურადღებას
ამახვილებს მასწავლებლის მიერ ნათელი და არტიკულირებული მიზნების დასახვაზე, რომლის
მიღწევის მოტივაციაც უჩნდება მოსწავლეს. სოციალური დასწავლის თეორიაში მოსწავლე სწავლობს
მასწავლებელზე დაკვირვებით, მის მოტივაციაზე გავლენას ახდენს მასწავლებელი, როგორც
მოდელი, ასევე თანატოლი და სასწავლო გარემო. მოსწავლის მოტივაცია მაღალია თუ მას საკუთარი
თავის ეფექტურობის რწმენა აქვს, რომელსაც უვითარებს მასწავლებელი (ოჯახთან ერთად).

 

ამ და სხვა თეორიებზე
დაყრდნობით,  უნდა ვაღიაროთ მასწავლებლის და
სასწავლო გარემოს როლი აკადემიური წარმატების მისაღწევად მოსწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებაში.
მრავალი კვლევა უსვამს ხაზს მასწავლებლის და მოსწავლის დამოკიდებულების მნიშვნელობას
საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მასწავლებლის მხარდაჭერის განცდა,
უფრო მიდრეკილნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარმატებისკენ; მოსწავლეები,
რომლებსაც მოსწონთ მასწავლებელი, უფრო კარგად სწავლობენ კონკრეტულ საგანს; მოსწავლეები,
რომლებიც გრძნობენ მასწავლებლის მხრიდან პატივისცემას, უფრო ჩართულნი არიან საგაკვეთილო
პროცესის მსვლელობაში და სხვ. 

 

თეორიების აპლიკაციის მცდელობა

 

მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა,
რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს,  იმოქმედოს
– ისწავლოს, მიაღწიოს შედეგს.
ამ
მიმართულებით სპეციალური ლიტერატურა განიხილავს ფაქტორთა ერთობლიობას, რაც კომპლექსურად
ახდენს გავლენას მოტივაციის ამაღლებაზე. ზემოთ ნახსენები თეორიების მტკიცებულებები
რამდენიმე მსხვილ ფაქტორად შეიძლება დაჯგუფდეს, სადაც თავად მოსწავლეს, მასწავლებელს,
შინაარსსა და  გარემოს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ
მოტივაციის ამაღლების საკითხში. შევეხოთ მოკლედ თითოეულ მათგანს და განვსაზღვროთ იმ
სტრატეგიების ნაწილი, რომლებმაც შესაძლოა მოტივაცია აუმაღლოს მოსწავლეებს.

 

  1. მოსწავლის ფაქტორი

 

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოსწავლეები სკოლაში
მოდიან სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული კონტექსტიდან, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილებები,
სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები.

დასავლური სკოლა განასხვავებს გარეგან და შინაგან მოტივაციებს.
მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ორივე ტიპის მოტივაციის როლი და ეფექტი.

გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში მოსწავლე მიმართულია
წახალისების მიღებისკენ, შინაგანი მოტივაციის დროს კი  წახალისების, აღიარების ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი
და ფოკუსი  ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევებზე,
სოციალურ ინტერაქციაზეა. მაშინ, როცა სასწავლო პროცესში მოტივაციის ნაკლებობა შეიმჩნევა,
აუცილებელია, განისაზღვროს ის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს შინაგან და გარეგან
მოტივაციას აღუძრავს.

 

მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას
ახდენს ის სოციალური გარემო, საიდანაც ისინი მოდიან, ასევე – გარემო, სადაც უწევთ ყოფნა;
მაგალითად, ის თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სასწავლო მასალა, როგორ სკოლაში
დადიან, ოჯახის შემოსავალი, კონკრეტულ სფეროში დასაქმების სურვილი, მასწავლებლებთან,
მშობლებთან  და თანატოლებთან ურთიერთობის ფორმა
და ხარისხი. მოსწავლის მოტივაციაზე ასევე გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად ჩართულია
საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მსვლელობაში. გრძელვადიანი საგაკვეთილო პროცესის
გაცნობამ, მიზნების ნათლად დასახვამ შესაძლოა მოსწავლეებს მნიშვნელოვნად აუმაღლოს მოტივაცია
დასახული მიზნის მისაღწევად.

 

2. მასწავლებლის ფაქტორი

 

მოსწავლეთა მამოტივირებელი შესაძლებელია იყოს მასწავლებლის
მიერ კონკრეტული საგნის მაღალ დონეზე ფლობა. მოსწავლეს აქვს მოლოდინი, რომ საგაკვეთილო
პროცესის დროს ის მოისმენს რაღაც ახალს, მიიღებს პასუხს კითხვებზე. ის უნდა ხედავდეს
მასწავლებლის მოტივაციას, გადასცეს მას ახალი ცოდნა. 

 

მოსწავლეს მოტივაციას აღუძრავს ისეთ საგაკვეთილო პროცესში
მონაწილეობა, სადაც მასწავლებელი იცნობს და პატივს სცემს მას, აფასებს მის ინტერესებს.
მოსწავლე სწავლობს უკეთესად, როცა მასწავლებელი მშვიდად (და არა სტრესულად) წარმართავს
სასწავლო პროცესს, იზიარებს მოსწავლეთა შეხედულებებს, არ განასხვავებს დაბალი და მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, არ მიუთითებს შეცდომებზე. საგაკვეთილო პროცესის
წარმართვის დროს სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა: თამაშები,
სიტუაციური ანალიზი, ანეგდოტები, სადაც ჩართული იქნება თანაბრად ყველა მოსწავლე.

 

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს ხშირად სჭირდება
მოსწავლის შეფასება, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა არ გამოიწვიოს სტრესი და მოტივაციის
კლება. სასურველია, შეფასება არ ეფუძნებოდეს მხოლოდ ტესტირებას და ის ატარებდეს განმავითარებელ
ხასიათს. თუ მოსწავლეებს ნათლად მიეწოდებათ შეფასების მიზანი, ეცოდინებათ ის კრიტერიუმები,
რომლების მიხედვითაც ფასდებიან, ისინი ნაკლებად სტრესულად აღიქვამენ ამ პროცესს. მოსწავლემ
უნდა გაიაზროს, რომ ტესტირების დღე არ არის გადამწყვეტი მის ცხოვრებაში და შესაბამისად,
მხოლოდ ამ დღეზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული. 

 

მასწავლებელი მუდამ ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის
ყურადღების მიპყრობაზე, რაც შესაძლებელია მისი ინტერესების გათვალისწინებით, ცნობისმოყვარეობის
გაღვივებით, მისი ძლიერი მხარეების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლის მოტივირებისთვის
აუცილებელია ენთუზიაზმით სავსე მასწავლებელი. მოსწავლე საგაკვეთილო თემის მნიშვნელობას
იზიარებს, თუ მასწავლებელი ენთუზიაზმით უდგება მის განხილვას.  

 

მასწავლებელი-დიპლომატი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც
მასწავლებელი-საგნის მცოდნე. მოსწავლის მოტივირებისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა
ააწყოს და დააბალანსოს ურთიერთობები მოსწავლეებთან. მოსწავლე, რომელიც გრძნობს მხარდაჭერას,
ნდობას და დაფასებას, თავდაჯერებულია. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში მაღალი მოტივაციის
ალბათობა უფრო მეტია. ხშირი უკუკავშირი, მოსწავლეებისადმი თანაბარი მიდგომა, აქცენტი
მიღწევებზე, განმავითარებელი შეფასებები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც შეიძლება
მასწავლებელმა მიმართოს.

 

 

  1. შინაარსის ფაქტორი

 

ეჭვგარეშეა, რომ საგაკვეთილო პროცესის მიმართ მოსწავლის
მოტივაციას აღძრავს ის შინაარსი, რომლის მიწოდებასაც ვცდილობთ. თემა, რომელიც მას მიეწოდება,
უნდა იყოს გასაგებად გადმოცემული, დროული და მისი ინტერესების შესაბამისი. მასწავლებლის
უპირველესი ამოცანაა, მოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების
თანხვედრა. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა,
რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, რომელი წიგნი წაიკითხოს, როგორი
ფორმით წარმოადგინოს დავალება და სხვ.  მოსწავლის
მოტივაციაზე  შესაძლოა დადებითად იმოქმედოს
შინაარსთან მიმართებაში  არჩევანის არსებობამ.

 

შემოქმედებითობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული სტრატეგიები იწვევს მოსწავლის
ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან
თეორიის დაკავშირებას. პრობლემები, რომლების გადაჭრაც მოსწავლეს მოეთხოვება, შესაძლოა
ზოგადსაკაცობრიო საკითხებს უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში ის მეტი პასუხისმგებლობით
მიუდგება კვლევას. მოსწავლეს ყოველთვის სურს, იპოვოს, ამოხსნას, შესაბამისად, მოტივაცია,
მიაღწიოს დასახულ მიზანს, მაღალია.

 

  1. სასწავლო გარემოს ფაქტორი 

 

მიუხედავად იმისა, რომ გარემოზე საუბრისას, პირველ რიგში,
სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, სასწავლო პროცესისათვის ინფრასტრუქტურული
მზაობა გვახსენდება, ამაზე აქ არ შევჩერდებით. აქცენტს უფრო საგაკვეთილო პროცესის გარემოზე
გავაკეთებთ, რაშიც მასწავლებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

 

მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა წახალისება,
მაგალითად, სკოლის ცხოვრებაში მისი ჩართვის გზით. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის
ის გარკვეულ პოზიციას დაიკავებს კლასისა თუ სკოლის მართვაში. მასწავლებელმა უნდა შექმნას
თანამშრომლობითი, არა სტრესული გარემო, სადაც მოსწავლეები აკეთებენ ერთობლივ პროექტებს,  ერთობლივად ასრულებენ დავალებებს. საგაკვეთილო პროცესში
შესაძლებელია მრავლად იყოს გამოყენებული მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, ვინაიდან
ითვლება, რომ ისტორიების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ყურადღების მოზიდვა
და შესაბამისად, მოტივაციის ამაღლება შეუძლია. მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად
იცის, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური
კრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლე მოტივირებულია, მიაღწიოს მიზანს და მიიღოს ამისათვის
შექება.

 

და ბოლოს, მხარდაჭერისკენ  მიმართული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია, რომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს. მოსწავლე მუდმივად იღებს
უკუკავშირს მასწავლებლისგან და მისთვის ტესტირების ან გამოცდის დღე არ არის წარმატების/წარუმატებლობის
განმსაზღვრელი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი