კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ასწავლეთ ბავშვებს დამარცხება. ნაწილი I

აშშ-ის კოლეჯებში მიღებასთან დაკავშირებული სკანდალი (https://edu.aris.ge/news/skandali-amerikuli-ganatlebis-sistemashi-atobit-mshobeli-shvilebis-prestijul-universitetebshi-ukanonod-charicxvistvis-daakaves.html) შესაძლოა განსაკუთრებულ საქმედ მივიჩნიოთ, რომელიც მხოლოდ შეძლებულ ელიტას შეეხება, ვისაც აქვს საშუალება მოისყიდონ ადამიანები მათი შვილების საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მაგრამ ის შეეხება თითქმის ყველა მშობლისა და შვილის გრძნობებს და, აგრეთვე, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ “უმალავს” ბევრი მშობელი შვილებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს: როგორ დამარცხდნენ და “წამოდგნენ”
კონცეპტი “ვერტმფრენი მშობლებისა”, ვინც თავს დასტრიალებს თავიანთი შვილების ცხოვრების ყველა ასპექტს, დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ გასულ წელს გაჩნდა ცნება “გაზონების მკრეჭავი მშობლებისა”, ვინც “კრეჭს” ყველა დაბრკოლებას თუ სირთულეს რის წინაშეც მათი შვილები შეიძლება აღმოჩნდნენ. მათ ასევე უწოდებენ “თოვლმწმენდ მშობლებს” (დანიასა და ჰოლანდიაში კი “კერლინგ-მშობლებსაც”).
მშობლებისათვის ბუნებრივია თავიანთი შვილების იმედგაცრუებისაგან დაცვის სურვილი, მაგრამ ამან შეიძლება საბოლოოდ დაადაბლოს მათი თვითშეფასება და მომავალში უფრო მეტი სირთულეები განაცდევინოს.
მარცხი მნიშვნელოვანია
“მშობლები, ვინც დამარცხების ნებას აძლევენ შვილებს, აგებენ სოციალურ და ემოციურ უნარებსა და თვისებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ – შეუპოვრობა, პოზიტიური თვითაღქმა, თავდაჯერებულობა, თვითკონტროლი, პრობლემების გადაწყვეტა, თვითკმაყოფილება, ფოკუსირება და სიმშვიდე”, ამბობს კიმ მეტკალფი, ადრეული ბავშვობის განათლებისა და ფსიქოლოგიის  პროფესორი.
მაგრამ თქვენი შვილისათვის დამარცხების ნების მიცემა თითქმის ბუნების წინააღმდეგ წასვლას ჰგავს, შენიშნავს ჯესიკა ლეიჰი, მასწავლებელი და ჟურნალისტი. იგი ამბობს, რომ მშობლებს თავს ატყდებათ შემაშინებელი სათაურები, როგორიცაა “დღეს შეუძლებელია კოლეჯში მოხვედრა” ან “ნაკლებ მოსალოდნელია ბავშვების მომდევნო თაობამ უფრო მეტ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე მათმა მშობლებმა”.

“როდესაც ასეთი საშინელი სცენარების წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენ მიდრეკილნი ვართ გადავერთოთ “დამცავი მშობლის რეჟიმზე”, რაც ევოლუციურად სწორია”, განმარტავს ლეიჰი. “მაგრამ ჩვენ ვრეაგირებთ იმაზე, რაც სინამდვილეში საფრთხეს არ წარმოადგენს. ის, რომ ჩვენი შვილი ვერ ხვდება ჰარვარდში, არ არის საფრთხე. ის, რომ ჩვენი შვილი არ არის ფეხბურთის გუნდის ყველაზე წარმატებული მოთამაშე, არ არის საფრთხე. ეს არის მათთვის სასარგებლო გამოცდილება”.
რადგანაც მშობლებს აქვთ თავიანთი შვილების მარცხისა და იმედგაცრუებისაგან დაცვის ინსტინქტი, საჭიროა განვასხვავოთ, რა არის ნამდვილი საფრთხე და რა უბრალოდ ზრდის ნაწილი .
“მარცხი ცხოვრების ნაწილია და თუ ჩვენს შვილებს არ აქვთ დამარცხების ან შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, ისინი ვერასოდეს გააცნობიერებენ, რომ შეუძლიათ გამოსწორება. ფსიქოლოგიური მდგრადობა სწორედ ამას ნიშნავს”, ამბობს მიშელ ბორბა, განათლების ფსიქოლოგი. “თქვენი შვილი ვერ ისწავლის “აღდგენას” თქვენი ნათქვამით, არამედ იმით რომ გამოცდის ამას. შემდეგ კი, როდესაც პრობლემები იზრდება, ისინი გააცნობიერებენ, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება”.
გაზონის მკრეჭავებთან დაკავშირებული პრობლემა
“გზიდან ყველაფერს ვერ გადავხვეტავთ”, ამბობს ლეიჰი. “თუკი კოლეჯის ზემოხსენებულ  საქმეს ავიღებთ მაგალითად, მათ უბრალოდ მარცხისათვის გაწირეს შვილები. ლორი ლაფლინის ქალიშვილი, ინსტაგრამის გავლენიანი მომხმარებელი, დაცინვის ობიექტად იქცა და ახლა მის ცხოვრებას ისე განიხილავენ, როგორც არასდროს”.

მშობლები, ვინც ქრთამით აწყობენ შვილებს კოლეჯში, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან, პრობლემებს კი არ წყვეტენ, არამედ ქმნიან სიტუაციას, რომელშიც მათ შვილებს ბრძოლა მოუწევთ. საბოლოო ჯამში ეს დაანგრევს მათი კომპეტენციის და თვითშეფასების განცდას.
ბავშვისათვის თვითსეფასების გრძნობის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მშობლის თვითშეფასების განცალკევება მათი შვილების მიღწევებისაგან.

სხვების მსგავსად, მშობლებიც მიდრეკილნი არიან წარმატებისა და პროგრესის კონკრეტული ინდიკატორების მოძიებისაკენ. მაგრამ რადგანაც არ არსებობს მშობლების მოსწრების ტაბელი  ან ქცევის შეფასება, ისინი უბრალოდ უყურებენ თავიანთი შვილების მიღწევებს და თანამონაწილეობენ მათში.

 

ლეიჰი აღნიშნავს, რომ ეს ნაწილია იმისა, რასაც პროფესორი ვენდი გროლნიკი წნეხის ქვეშ მყოფი მშობლის (Pressured Parent Phenomenon) უწოდებს.
“მშობლები ფიქრობენ, რომ თუკი მათი შვილი წარმატებული ფეხბურთელია ან სამეცნიერო გამოფენაში გაიმარჯვა,  ისინი მშობლობაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ”, ამბობს ლეიჰი და აღნიშნავს, რომ ეს წაახალისებს ცდუნებას ყველა იმ დაბრკოლებისა თუ გამოწვევის “გაკრეჭვისა”, რომლებიც მათ შვილებს შეიძლება შეხვდეთ და ართმევს მათ დამარცხების შესაძლებლობას.
რასაკვირველია, არავის სურს თავისი შვილების მარცხის დანახვა, მაგრამ ეს საჭიროა, რათა მათ ისწავლონ მარცხზე დადებითი და კონსტრუქციული რეაგირება.

“ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მივცეთ ბავშვებს იმედგაცრუების და მის დასაძლევად მოქმედების საშუალება“, ამბობს ლეიჰი და მიუთითებს “სასურველი სირთულეების” კონცეპტზე – საგანმანათლებლო სავარჯიშოებზე, რომლებიც მნიშვნელოვან, მაგრამ სასურველი რაოდენობის ძალისხმევას მოითხოვს გრძელვადიანი სწავლების გასაძლიერებლად.
“სასურველი სირთულეებისაგან სარგებლის მისაღებად, ბავშვებმა უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, განიცადონ იმედგაცრუება, შეიცვალონ მიმართულება, შეისვენონ, გადაიკითხონ ინსტრუქციები და დაიხსომონ საკმაოდ ხანგრძლივად, რათა დაძლიონ ეს იმედგაცრუება და იქონიონ თავდაჯერებულობის  განცდა, როდესაც მართლაც დაძლევენ მას”, აღნიშნა მან.
ლეიჰი ურჩევს მშობლებს დაიწყონ ნდობით და უპირატესობა მიანიჭონ  “ავტონომიურობის მხარდამჭერ მშობლობას” (მისცენ ბავშვებს მეტი კონტროლი პრობლემის დეტალებზე და  იმედგაცრუებისა და მასთან გამკლავების საშუალება), ვიდრე დირექტიულ მშობლობას (რაიმესთან გამკლავების ზუსტი გზის ჩვენება).

“ჩვენ, როგორც მშობლებს, კარგად გამოგვდის, ვაგრძნობინოთ შვილებს თავდაჯერებულობა, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა უსაფუძვლო ოპტიმიზმს ჰგავს”, ამბობს ლეიჰი. “ჭეშმარიტი ცოდნა – როცა ბავშვები ნამდვილად გაიკვლევენ გზას, გამოარკვევენ რამეს, რაიმეს გამოცდიან, გააფუჭებენ, თავიდან გააკეთებენ და ბოლოს მართლაც მიაღწევენ რამეს – აი, სად არის ნამდვილი თვითშეფასება და არა როცა ვინმე ისევ და ისევ გიმეორებს, რომ შენ გონიერი ხარ”.

 

 

წყარო: https://www.huffpost.com/entry/teaching-kids-failure-resilience_l_5c882690e4b038892f485ba9

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“