ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

რთული ბავშვები VS მასწავლებელი – რომელი აჯობებს?!

„ისინი ხომ თავიანთ თავს “დებილებს” თავადვე ეძახიან”
ალექსანდრ ფომინი
ნებისმიერი ქვეყნისა თუ ქალაქის სკოლაში სწავლობენ სპეციალური კატეგორიის ბავშვები, რომელნიც გონებრივი განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან  უნარი, აქვთ მდაბალი სულიერი თუ მორალური პრინციპები. ისინი ერთგვარად სასტიკნი არიან როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთა მიმართ და მათ ძირითადად მიზანს ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება წარმოადგენს.  საიდან ჩნდებიან ასეთი ბავშვები?  პასუხი მარტივია – მათი არსებობა მათსავე ოჯახებს უკავშირდება.
თუმცა, აუცილებელი არაა, ასეთი მოზარდები ალკოჰოლიკების ოჯახის წევრები იყვნენ.  ხშირად ამგვარი ბავშვების მშობლები ჩვეულებრივი ადამიანებიარიან, ეწევიან მძიმე ფიზიკურ თუ სხვა სახის სამუშაოს და შვილების ამგვარ ხასიათს ძალიანაც განიცდიან.
დაწყებით კლასებში მდგომარეობა კატასტროფული არაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები ცუდად იქცევიან და არც სასკოლო პროგრამის ათვისებით იკლავენ თავს. სწავლის უნარი მას ნამდვილად არ აქვს, მაგრამ აქვს განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც მან მეცადინეობაზე უნდა იაროს. მასწავლებელი უამრავი შრომისა და ნერვების ფასად, ცდილობს აიძულოს ამ მოსწავლეს საშინაო დავალების მომზადება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს და სასოწარკვეთილი ხანდახან თავად უწერს მას დავალებას. 

დაწყებით კლასებში ხშირად ხდება მცირედი უსიამოვნებები – ჩხუბი, მოსწავლეების მიერ ერთიმეორისათვის ფულის გამოძალვა, ხანდახან წვრილმანი ქურდობებიც კი, მაგრამ ეს ჯერ არაფერია. ვნახოთ საშუალო კლასები: ეს ჩვენი გმირისათვის “ოქროს ხანაა”, რომლის განმავლობაშიც დაუსჯელობის სინდრომს განიცდის და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი დასაშვებია. სწავლასთან დაკავშირებით უკვე სერიოზული პრობლემები ჩნდება. წერა-კითხვა და მცირეოდენი ანგარიში მას უკვე ნასწავლი აქვს, მაგრამ საქმე ამის იქით აღარ მიდის. საზოგადოებრივი თვითშეგნება მასში ნულის ტოლია, მასალის გააზრების და დახსომებაც არ ძალუძს, ცნობისა და შრომისმოყვარეობა კი პრინციპში საერთოდ არ გააჩნია. ამგვარი მოზარდი ხშირ შემთხვევაში სოციალიზებულია, არ აქვს ურთიერთობის პრობლემა და არც კომპლექსები აწუხებს. უფრო მეტიც, – თავისუფალი დრო ბევრი აქვს – გაკვეთილებს ის არ ამზადებს, დამატებით მეცადინეობებზე არ დადის. კომპიუტერული თამაშებისა და სოციალურ ქსელებში ქექვის მეტი მას საქმე არ აქვს. დადის ქუჩა-ქუჩა და უკვე აღარც ერიდება მისთვის უცნობ მამაკაცს ლუდის შეძენა მოსთხოვოს. 

ამგვარ მოზარდს შინაგანი აღტაცებით უყურებენ შრომისმოყვარე, წესიერი ბავშვები. მათ თვალში ეს უწესო მოსწავლე ერთგვარი დამოუკიდებელი გმირის სტატუსს ფლობს და მათთვის მისაბაძი პიროვნებაა. “წმინდა ვალენტინის დღეს” სასიყვარულო ბარათს იღებს რომელიღაც გოგონასაგან, რაც მის ავტორიტეტს წესიერ ბავშვებში ერთიათად მაღლა სწევს. ეს ჩვენი “ხულიგანი” მოზარდი როდესაც ხვდება, რაოდენ სასიამოვნოა დანარჩენი ბავშვების კერპად ყოფნა, რაოდენ იოლად აღწევს წარმატებას მისი ტოლი თუ უფროსი გოგონების საზოგადოებაში, ძალისხმევას არ იშურებს საკუთარი პოპულარობა უფრო გაზარდოს. 

მასწავლებელს ამგვარი მოზარდი უკვე კონკურენტად აღიქვამს, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობის პერიოდში თანაკლასელების ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას ცდილობს. უკანა მერხზე მჯდარი ეს ბავშვი ყველაფერს აკეთებს, რათა თანაკლასელები მისი საქციელით უფრო დაინტერსდნენ, ვიდრე აღმზრდელის მონათხრობით. მდგომარეობას ხშირად ისიც ართულებს, რომ ამგვარი ბავშვი ზოგიერთ კლასში რამოდენიმეა. თუ ისინი გაერთიანდებიან, გაკვეთილის სრულად ჩაშლაც თავისუფლად შეუძლიათ. 

ბავშვებს ფსიქოლოგები საერთოდ არამდგრადი ფსიქიკის არსებებად თვლიან, რომელთა ცნობიერება, შესაძლოა,  ერთი გაუთვალისწინებელი სიტყვით ან ქმედებით სიცოცხლის ბოლომდე  დამახინჯდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამ მხიარულ, ხულიგან ბავშვებს რკინისებური ნერვული სისტემა აქვთ ჩამოყალიბებული. მათ არასოდეს არ დაამცირებს და შეაშინებს მასწავლებლის ყვირილი, მაგიდაზე ხელის ბრახუნი და ზოგ შემთხვევაში სიტყვიერი შეუარცხყოფაც კი: ისინი ხომ თავიანთ თავს “დებილებს” თავადვე ეძახიან.

ეს ბავშვები რაც არ უნდა ბევრჯერ დაიბარო და დირექტორისა თუ მშობლის თანდასწრებით გალანძღო, მათთვის სულ ერთია. ამგვარ მოზარდს თავისუფლად შეუძლია სხეულის კანზე დამწვრობა მიიყენოს სიგარეტით, რათა შემდეგ სიამაყით ანახოს ის თანაკლასელებს.

მათი საუკეთესო გასართობი ვინმეს აბუჩად აგდებაა. მთავარია ობიექტს სუსტი ნებისყოფა ჰქონდეს, მნიშვნელობა არ აქვს, მოსწავლე იქნება ის თუ მასწავლებელი.
პედაგოგთა სატანჯველი

აი, ეს კი საკმაოდ სერიოზული, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. “მხიარული დებილები”, ისევე როგორც ცხოველები, პატივს მხოლოდ უხეშ ძალას სცემენ. ისინი ყველა იმ მეთოდს მიმართავენ, რომელიც თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე პედაგოგიკისათვის მიუღებელია. მაკარენკო თავის “პედაგოგიურ პოემაში” ერთ საინტერესო ეპიზოდს აღწერს: ერთხელ, აღსაზრდელების საქციელით წყობიდან გამოსულმა მაკარენკომ მოზარდს ხელი გაარტყა. “აი, აღსრულდა”, წერს მაკარენკო, “მე ვერ შევძელი მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა! ერთ დღეს, მორიგე მოზარდს, რომელსაც შეშის დაპობა ევალებოდა სამზარეულოსთვის, ვთხოვე შეშა დაეპო. მან კი აგდებულად, სწორედ იმ დაცინვითა და ზიზღით მომმართა, რომელსაც თვეების განმავლობაში ჭკუიდან გადავყავდი, – წადი და თავად დააპე, ბევრნი ხართ მანდ! გაცოფებულმა სახეში გავარტყი ხელი. ის ღუმელზე დაეცა, საყელოში მოვკიდე ხელი და ხელმეორედ გავარტი, ის კვლავ დაეცა, წამოვაყენე და მესამედაც გავულაწუნე სახეში”.

შემდგომ მაკარენკო საკუთარ სულიერ მდგომარეობას აღწერს, აღწერს უძილო ღამეებს და ტანჯვას იმის თაობაზე, რომ ის არშემდგარი პედაგოგია. ბოლოს მაკარენკომ ერთი უცნაური და მოულოდნელი რამ აღმოაჩინა – მოზარდი მისი ხელის გარტყმის შემდეგ სულაც არ გაბრაზებულა და ბოლოს და ბოლოს მუშაობაც დაიწყო. უფრო მეტიც, ნაცემი მოზარდი სიცილით ჰყვებოდა მისი ცემის ამბავს და იმასაც უმატებდა, რომ დაიმსახურა ცემა. ვითარება ჯგუფში მკვეთრად გაუმჯობესდა, წერს მაკარენკო.

შემდგომ მაკარენკო კვლავ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რატომ კრძალავს პედაგოგიკა მოზარდის ცემას იმ საბაბით, რომ ცემის შედეგად მოზარდისაგან შესაძლოა ჩამოყალიბებული მონა მივიღოთ. მაკარენკოს კოლეგებმაც, რომელთაც მკაცრად გააკრიტიკეს იგი, მოუწიათ იმ აზრთან შეგუება, რომ ჯგუფში ვითარება მკვეთრად იყო გაუმჯობესებული. “ეკატერინა გრიგორის ასული, რამოდემე დღის განმავლობაში ხაზგასმული ოფიციალური ტონით მესაუბრებოდა. მხოლოდ 5 დღის შემდეგ მკითხა: აბა, როგორ გრძნობთ თავს? მშვენივრად ვგრძნობ თავს, მივუგე მე. ამ ამბავში ყველაზე დასანანი რა არის, იცით? ბავშვები თქვენს საქციელზე აღტაცებით საუბრობენ და მზადაც კი არიან შეგიყვაროთ. რა არის, მონობისაკენ მიდრეკილებაა?” მაკარენკო დაფიქრდა და მიუგო: “არა, ცოტა კარგად გააანალიზეთ, აქ მონობაში სულაც არ არის საქმე. ის მოზარდი ხომ ჩემზე ძლიერია ფიზიკურად, მას ერთი დარტმით თავისუფლად შეეძლო ძირს დავეგდე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა! არც მას და არც სხვა დანარჩენებს ხომ არ ეშინიათ ჩემი და ამ ისტორიაში მათ ძალადობის კვალი ვერ დაინახეს. მათ მხოლოდ ადამიანური განრისხება და ზიზღი დაინახეს, ეს კი მათთვის მხოლოდ ადამიანური საქციელია და მეტი არაფერი.”

რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალადობა ეს სიტუაციიდან გამოსავალი არაა. მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერ „ხულიგან ბავშვს” უნდა ჰქონდეს იმის შეგნება, რომ მის ცუდ საქციელს აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა მისი დასჯითაც დასრულდეს. იქნებ სჯობდეს სიტყვიერი დასჯის სანაცვლოდ ხულიგანი ბავშვის მიმართ სხვანაირი სანქცია იყოს გამოყენებული, რომელიც აიძულებს მას შედარებით უკეთ მოქცევას.  

განვიხილოთ, რას გვთავზობს ახალი ფედერალური კანონი განათლების შესახებ (მუხლი 44, პუნქტი 2): „დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავე მოზარდს უნდა გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ საყვედური და ბოლოს კოლექტივიდან გარიცხვა.”

სიტყვიერ გაფრთხილებას ჩვენს „გმირებს” დღეში ათზე მეტჯერ აძლევენ, საყვედურის გამოცხადება, როგორც დისციპლინარული სასჯელი კომუნისტების პერიოდში იყო გავრცელებული,  სკოლიდან გარიცხვა კი, შესაძლოა კიდევაც გამხდარიყო ზოგიერთ „ხულიგნისთვის” ერთგვარი საფრთხე, რომ არა იმავე მუხლში არსებული მესამე პუნქტი: სკოლიდან გარიცხვის დასჯის მეთდი არ გამოიყენება იმ მოზარდის მიმართ, რომელსაც არ დაუსრულებია ძირეული საგნების ათვისება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე ცხრა კლასს არ დაასრულებს მოწაფე და 15 წლის არ შესრულდება, ამ მეთოდის მის წინააღმდეგ გამოყენება არ შეიძლება. 

მეხუთე პუნქტი კი დაწყებითი კლასის მოსწავლეების პირდაპირი დამცველია: სიტყვიერ გაფრთხილებას არ ექვემდებარებიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები. 

რა გამოდის? კანონის თანახმად დაწყებითი კლასის მოწავლეს სიტყვიერ შენიშვნასაც კი ვერ მისცემ. ამავე დროს 43-მუხლის 1-ელ პუნქტში ნათქვამია: „აღსაზრდელები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ სხვა აღსაზრდელებსა და დაწესებულებაში მომუშავე პირებს”. გამოდის, რომ ხულიგან ბავშვს, რომელსაც გაკვეთილი ჩაშლის პირას ჰყავს მიყვანილი, უბრალოდ რომ ვთქვათ, კლასიდანაც კი ვერ გააძევებ, ვინაიდან, თავისუფლად შეიძლება ითქვას, მან განცხადებით ხელში პროკურატურას მიმართოს მისი უფლებების დარღვევის გამო. ამ ბავშვებს შეუძლიათ, ისხდნენ საკლასო ოთახში და არც არაფერი აკეთონ, ვინაიდან დარწმუნებულნი არიან, რომ სამიანს ისედაც დაუწერენ და მეათე კლასამდე როგორმე მიიყვანენ. ისინი არც გამოსაშვები გამოცდებისათვის ემზადებიან, რადგან იციან, რომ ერთი რომელიმე საგამოცდო ბილეთის სამიანზე სწავლის შემთხვევაში, მასწავლებელი უზრუნველყოფს, მას სასურველი ბილეთი შეახვედროს. 

ხულიგანი ბავშვები საბჭოთა სკოლებშიც იყვნენ, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით. ისინი ბოლო მერხზე ისხდნენ და „კრესტიკი და ნოლიკს” თამაშობდნენ. იმ შემთხვევაში, გაკვეთილის ჩაშლას, ან სხვა რაიმე ცუდ საქციელს თუ დააპირებდნენ, საზოგადოების რისხვა ატყდებოდათ თავს. იმდროინდელი პიონერული, თუ კომკავშირული ორგანიზაციები არ აძლევდნენ ბავშვს მოდუნების საშუალებას. მაშინდელი მოზარდი ამ ორგანიზაციების წყალობით გაკვეთილების დასრულების შემდეგაც კი დასაქმებული რჩებოდა – მაგალითისათვის ჯართის შეგროვება, მაკულატურის შეგროვება და ბოლობოლო, ყველაზე წარმატებული –  ბავშვებისათვის კედლის გაზეთიც კი არსებობდა, რომელშიც სწავლისაგან თავისუფალ დროს საქმდებოდნენ.

საბჭოთა პერიოდში, დღევანდელობისაგან განსხვავებით, ხულიგანი ბავშვები როდი იყვნენ გმირები და მისაბაძი ფიგურები. მაშინ ეს ე.წ. კასტა უმდაბლეს ფენას მიეკუთვნებოდა და თანაკლასელებისაგან ერთგვარად გარიყულიც კი იყო. საბჭოთა ბავშვები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ჩამორჩენილსა და ოროსან მოსწავლეს არანაირი მომავალი არ ექნებოდა, ვერ დაიჭერდა საზოგადოებაში განსაზღვრულ ადგილს, ვერ იშოვიდა სამუშაოს და ასე შემდეგ. შესაძლებელია ითქვას, რომ ეს თავად საბჭოთა იდეოლოგიის დამსახურებაცაა, ვინაიდან იმდროინდელი საზოგადოება საერთო ზნეობრივი კანონების ჩარჩოებში არსებობდა და მისგან გადახვევა ნებისმიერ ინდივიდს კარგს არაფერს უქადდა.

რაც შეეხება თანამედროვე დამოკიდებულებას განათლების სისტემის მიმართ, ის ამგვარი გახლავთ: ყველა ბავშვი ნიჭიერია, ყველა ბავშვს აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და მიდრეკილებები. ჰოდა, თუ მოზარდი უყურადღებოა, ცუდად სწავლობს, არ მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, არ დადის არც ერთ წრეზე, ესე იგი ამაში დამნაშავე აღმზრდელია, რომელმაც ვერ შესძლო ბავშვში აღმოეჩინა ის უნარები და ნიჭი, რომლებიც ამა თუ იმ მოზარდს ჰქონდა.

ეს რა თქმა უნდა საკმაოდ ლოიალური და შეიძლება ითქვას პრეტენზიული დამოკიდებულებაა განათლების მიმართ, მაგრამ მართლაც კეთილშობილური ჩანაფიქრია ჩვენი კანონმდებლებისა, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ჯერ ერთი, რომ ნებიმიერს აქვს უფლება განათლების მიღებისა და მეორეც, ჩვენ გვესაჭიროება კარგად აღზრდილი, განათლებული მომავალი თაობა.

ალტერნატიულ, საკმაოდ მარტივ ვარიანტს სწორედ ის მასწავლებლები სთავაზობენ საზოგადოებას, რომლებსაც ამ მართლაც რთულ პირობებში უწევთ მუშაობა: არ გსურს სწავლა? მიიღე ცნობა, რომ იცი წერა-კითხვა, ცოტა ანგარიშისაც გაგეგება და წადი იმუშავე, გნებავს ფიზიკურად და გნებავს იქ დასაქმდი, სადაც უმაღლესი განათლება არ არის საჭირო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი