სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სასკოლო განათლება ავსტრალიაში

ავსტრალიის სკოლების უმეტესობა სახელმწიფოა. ამ სკოლებში განათლება უფასოა. სკოლების დაახლოებით მეოთხედი კერძოა. 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სწავლა სავალდებულოა. ამასთან, სკოლაში მისვლა ექვს წლამდეც შეიძლება, სწავლის გაგრძელება კი – 15 წლის შემდეგაც.

ავსტრალიურ სკოლაში სასწავლო პროცესი შემდეგ ეტაპებად იყოფა:

• დაწყებითი სკოლა (1-დან მე-6 ან მე-7 კლასამდე);
• საშუალო სკოლა (მე-6-7 კლასებიდან მე-10 კლასამდე);
• უმაღლესი საშუალო სკოლა (მე-11-12 კლასები)

დაწყებითი სკოლის სტრუქტურა ავსტრალიის თითოეულ შტატში თავისებურია. ზოგან სწავლა 6 წელი გრძელდება, ზოგან – 7. ზოგიერთ შტატში საწყის სასკოლო განათლებამდე სავალდებულოა ერთწლიან საბავშვო ბაღში – ე.წ. მოსამზადებელ კლასში სიარული. თითოეულ შტატს დამოუკიდებლად შეუძლია მართოს საკუთარი სასკოლო განათლების სისტემა. ფედერალური მთავრობა მხოლოდ ფინანსებს გამოყოფს მათთვის, მაგრამ მნიშვნელოვნად არ მონაწილეობს სასწავლო გეგმების შემუშავებაში.

უცხო ქვეყნიდან მოსული მოსწავლეები, როგორც წესი, კერძო სკოლებსა და კოლეჯებში სწავლობენ. ეს სკოლები, ძირითადად, დაფუძნებულია ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის მიერ. ასეთ სკოლებს საკუთარი პანსიონები აქვს, სადაც უცხოელი მოსწავლეები ერთად ცხოვრობენ. ისინი აღმზრდელთა მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან. სკოლების უმრავლესობას შემოღებული აქვს სპეციფიკური ფორმები მოსწავლეთათვის.

საწყის ეტაპზე მოსწავლეებს, რომელთათვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა, სპეციალურ ინტენსიურ გაკვეთილებს უტარებენ ამ ენის უკეთესად ასათვისებლად. სკოლებში დამკვიდრებული კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო უცხოელ მოსწავლეებს უადვილებს ახალ პირობებთან ადაპტაციას და სასკოლო კოლექტივთან ინტეგრაციას. 

ავსტრალიის სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, ნიჭებსა და ინტერესებს. სასკოლო პროგრამა იმგვარად არის აწყობილი, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ეხმარება მოსწავლეს, განივითაროს საკუთარი შესაძლებლობები, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ნაკლოვანებებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას.

როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სკოლებში უზრუნველყოფილია სწავლების თანაბრად მაღალი ხარისხი. ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საგნებთან ერთად არსებობს სახელოვნებო წრეები (მუსიკა, ხატვა, თეატრალური ხელოვნება) და ხელობის შემსწავლელი ჯგუფები (დურგლობა, ზეინკლობა, კულინარია და სხვა). უფროს კლასებში ძირითადი საგნებია მათემატიკა, ინგლისური ენა, ისტორია, ფიზიკის საფუძვლები, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია, ასევე – ბიზნესსა და მარკეტინგთან დაკავშირებული საგნები. წესისამებრ, სკოლებში ისწავლება რამდენიმე უცხო ენა, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია ფრანგული, გერმანული, იტალიური და იაპონური. უფროს კლასებში მოსწავლეებს აქვთ საშუალება, დამატებითი დისციპლინები აირჩიონ.

ავსტრალიურ სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა სწორ კვებას, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და – რასაკვირველია, მშობლის თანხმობით – რელიგიურ აღზრდას. სკოლები მუშაობისას აქტიურად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს. სასკოლო სივრცე იმგვარად არის ორგანიზებული, რომ ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებენ. ამასთან, ისინი დაცულნი არიან ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, რასაც, ავსტრალიური კლიმატის გათვალისწინებით, არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს. დიდი ყურადღება ექცევა სპორტს. თითოეულ სკოლას აქვს სპორტული მოედნები და აუზები. რეგულარულად იმართება ექსკურსიები. 

ავსტრალიის ზოგიერთ სკოლაში, ბრიტანული ტრადიციისამებრ, ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე სწავლობენ, თუმცა არასაგაკვეთილო დროს, სხვადასხვა ღონისძიებებში ორივე სქესის მოსწავლეები ერთად მონაწილეობენ. 

საბოლოო შეფასების მინიჭების პროცედურა სხვადასხვა შტატში სხვადასხვა სახისაა. იგი ეფუძნება სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეულ აკადემიურ შედეგებს ან წარმოადგენს მიმდინარე სასკოლო შეფასებებისა და გამოსაშვები გამოცდების შედეგების კომბინაციას ანუ საბოლოო რეიტინგში, რომელიც 1-დან 100-მდე ქულით გამოისახება, გათვალისწინებულია როგორც გამოცდის შედეგები, ისე სწავლის მთლიანი პროცესიდან გამოყვანილი საშუალო ქულა. სწორედ სკოლაში სწავლის შედეგებს აქცევენ უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ავსტრალიის უმაღლესი სასწავლებლები.

მშობლებს შეუძლიათ გაეცნონ შვილების შეფასებებს როგორც წერილობითი ანგარიშების საშუალებით, რომლებსაც წელიწადში ორჯერ ფოსტით იღებენ, ისე უშუალოდ მასწავლებელთან ინდივიდუალური შეხვედრების დროს. ზოგადი ინფორმაცია სკოლის – წარმატებული კურსდამთავრებულების, სასწავლო პროგრამებისა თუ დამატებითი ღონისძიებების – შესახებ სკოლების ვებგვერდებზეა განთავსებული.

ავსტრალიის სკოლებში სასწავლო წელი იწყება იანვრის ბოლოს და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. იგი დაყოფილია 12-კვირიან ნაწილებად. ყოველი 12 კვირის შემდეგ მოსწავლეები ორ კვირას ისვენებენ. გამონაკლისია საშობაო არდადეგები – ისინი უფრო ხანგრძლივია. მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დამატებითი მეცადინეობა სჭირდებათ, ფუნქციობს საზაფხულო სკოლებიც. ავსტრალიურ სკოლებში ფართოდ არის გავრცელებული სკოლის ბანაკებისა და გასვლითი ღონისძიებების გამართვის პრაქტიკა.

პირველიდან მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ერთი ან ორი მასწავლებელი ჰყავთ. დამატებითი მასწავლებლები მათ შეიძლება ჰყავდეთ სპორტისა და მუსიკის გაკვეთილებზე. 

ავსტრალიური სკოლების სპეციფიკაა ისიც, რომ მე-8-10 კლასში მოსწავლეებს უკვე ეძლევათ სპეციალობის განსაზღვრის საშუალება. ეს მოსწავლეებს ავტომატურად ყოფს ჯგუფებად. მე-11-12 კლასებში კი დაყოფა ხდება არა მხოლოდ თემატურად, არამედ სწავლების სირთულის მიხედვითაც. ამგვარი სისტემა მოსწავლეებს ეხმარება განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური გზის პოვნაში, რაც განათლების ეფექტურობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

ავსტრალიის შტატების განათლების დეპარტამენტები ცდილობენ ისეთი სასკოლო პროგრამების შემუშავებას, რომელთა პირობებშიც მოსწავლეებს საკმარისი დრო დარჩებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის, აგრეთვე – აქტიური თუ პასიური დასვენებისთვის. მაგალითად, მოსწავლეებს, როგორც წესი, არ ეძლევათ საშინაო დავალებები დაწყებით კლასებში. 1-ელ, მე-2 და მე-3 კლასებში მათ შესაძლოა შესასრულებელი ჰქონდეთ დამოუკიდებლად ანუ სკოლის კედლებს მიღმა განსაზღვრული ტიპის სამუშაო, მაგრამ ის არ მოითხოვს კვირაში ერთ საათზე მეტს. მე-4-6 კლასებში ამგვარი სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო შესაძლოა ერთი-ორი საათით გაიზარდოს, დამამთავრებელ წლებში კი ის კვირაში მაქსიმუმ 5 საათს აღწევს. ამასთან, ამ ეტაპზე საშინაო დავალების მოცულობა მოსწავლის მიერ არჩეულ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზეა დამოკიდებული.

ავსტრალიურ სკოლებს საკმაოდ მკაცრი შინაგანაწესი აქვთ. ქცევის კოდექსის დარღვევისთვის მოსწავლე შესაძლოა სკოლიდანაც კი გაირიცხოს – დროებით ან სამუდამოდ (განსაკუთრებულ შემთხვევებში). ამიტომ ყველა ცდილობს, ზედმიწევნით დაიცვას დისციპლინა.

ავსტრალიური სასკოლო საგანმანათლებლო სისტემის ზოგიერთი თავისებურება: 

1) კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მინიმალურია, რაც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, თითოეულ მათგანს საკმაო ყურადღება დაუთმოს. 
2) სკოლის სტანდარტული სასწავლო დღე გრძელდება დილის 9-დან 3 საათამდე. დროის ამ მონაკვეთამდე და მის შემდეგ ორგანიზებული ამა თუ იმ სახის მეცადინეობები მოსწავლეთა საჭიროებისამებრ.
3) პრაქტიკულად ყველა მასწავლებელს აქვს უმაღლესი განათლება. საშუალო სკოლის მასწავლებლები კი დამატებით ვალდებულნი არიან გაიარონ სპეციალიზებული მომზადება ამა თუ იმ დისციპლინაში. 
4) სკოლებში არსებობს სპეციალური პროგრამები როგორც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის და სხვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი