დღიურების წერა ალბათ ერთ-ერთი ამბივალენტური პროცესია, რასაც ადამიანები აკეთებენ, მით უფრო, თუ ამას ბავშვობაში აკეთებენ. ის თან ისეთ ინფორმაციას, განცდებს და ემოციებს უნდა იტევდეს, რომლებსაც ადამიანი თავს თუ გაუმხელს. თან სულ არსებობს იმის “საფრთხე” ან სურვილი, რომ ის ვინმემ წაიკითხოს, მან, ვისაც ასე პირდაპირ არ გინდა უთხრა, რასაც მასზე ფიქრობ. მაგრამ თან გინდა, იცოდეს, რომ ეგრეც არ არის, იცი რასაც აკეთებს, როგორ უწესოდ იქცევა, როგორ შეეშალა, როგორ არასწორად მოიქცა, გადაამლაშა, არ დაფიქრდა, მოკლედ, როგორი ცუდია და რამდენ სისულელეს აკეთებს. შესაბამისად, დღიურები სიყალბის და თავის მოკატუნების ერთ-ერთი პირველი სავარჯიშოა, სადაც ბავშვები სწავლობენ, როგორ თქვან რაღაც ისე, ვითომ ამის თქმას არ აპირებდნენ და დაწერონ ისე, ვითომ მხოლოდ მათთვის ჰქონდა ამ სიტყვებს მნიშვნელობა, როგორ დაფარონ მთავარი ამბები და როგორ მოყვნენ მეორეხარიხსოვან ამბებს ისე, რომ გაგაგებინონ, რაზე ფიქრობდნენ მაშინ, როცა ამას წერდნენ. მეორე მხრივ, დღიური კომუნიკაციის ფორმაა, საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან, თუკი მას ვინმეს გაუზიარებ, თუნდაც მაშინ, როცა მისი წარმოება სიყალბის შემცველია. ალბათ სჯობს რაღაც ასაკში გქონდეს ადამიანს დღიური, როგორც წერაში სავარჯიშო, საკუთარ თავთან საკომუნიკაციო სივრცე და მეხსიერების ბარათი.
დღიურებს ოდესღაც მეც ვწერდი. მერე შევწყვიტე და გრძელ და რთულ გზას დავადექი, რომელზეც უნდა მესწავლა: სათქმელის მკაფიოდ ფორმულირება, ისე წერა, რომ ბევრს წაეკითხა ჩემი ნაწერები და თუკი ვინმესთვის რამის თქმა მომინდებოდა, ეს მარტივად მომეხერხებინა.
დღიურებზე ფიქრი ცოტა ხნის წინ განვაახლე, როცა წიგნის მაღაზიაში მხიარულყდიანი წიგნები შევამჩნიე, ჩემი შვილისთვის ვიყიდე და 1 კვირაში “შევყლაპეთ” “ტომ გეიტსის დღიურების” ორი ნაწილი. ტომი მეხუთეკლასელი ბიჭია, დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს, უყვარს კარამელიანი ვაფლები, ბენდი “3 ტიპი”, ხატვა და ეპრანჭება კლასელ გოგოს. მისი მთავარი გასართობი თავის როკ ბენდის რეპეტიციები, ყოველდღიური ამბების ნახატებით მოყოლა და თავისი და – დელიას გაბრაზებაა. ტომი, ისევე როგორც ყველა ამხელა ბიჭი, ხშირად იგვიანებს გაკვეთილებზე, იგონებს დავალებების არშესრულების ხრიკებს, უხარია, როცა რაღაც კარგად გამოსდის და განცვიფრებულია, როცა მასწავლებელს საყვარელი ჯგუფის კონცერტზე ტყავის შარვალში გამოწყობილს დაინახავს.
ტომის ამბები საკომუნიკაციო მედიუმია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებსაც შეიძლება აღარ ახსოვდეთ, როგორები იყვნენ ამ ასაკში. ჩემმა შვილმა, მაგალითად, მისი გაცნობის მერე კიდევ უფრო გაამრავლა სახატავ რვეულში თავისი ყოველდღიური ამბების ამსახველი ნახატები. მე კი მარტივად ავუხსენი ტომის და დელიას მაგალითზე, რატომ აბრაზებენ პატარა ბიჭები დიდ გოგოებს. ერთად ვიცინეთ იმაზე, როგორ ვერ ხვდებიან მშობლები, რომ როცა ბავშვს მეგობარი სტუმრობს, მშობლები მათ ლაპარაკსა და თამაშში თითქმის ყოველთვის ზედმეტია. ისიც განვიხილეთ, რომ თუკი სხვა უფროსი ბავშვები, მაგალითად, ბიძაშვილები საშიშ ფილმს უყურებენ, სირცხვილი არ არის თქვა, რომ ეს არ მოგწონს და გეშინია, და საკუთარი რეპუტაციაზე ზრუნვის გამო უსიამოვნო გასართობებში მათ არ აჰყვე.
ტომ გეიტსის დღიურების ავტორი ბრიტანელი გრაფიკული დიზაინერია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მუსიკალურ ინდუსტრიაში. ერთ დღესაც მან, სამი შვილის დედამ საკუთარი ილუსტრირებული წიგნის გაკეთება გადაწყვიტა და აღმოჩნდა, რომ მისი გამოგონილი ტომ გეიტსის ამბები უამრავ ბავშვს მოეწონა. წიგნი მილიონობით გაიყიდა დიდ ბრიტანეთში, ითარგმნა 40-ზე მეტ ენაზე, გამოვიდა ტომ გეიტსის ალმომი, დაიბეჭდა მაისურები და ა.შ.
ვებსაიტზე, რომელიც წიგნის მხარდაჭერად არის გამზადებული, საკმაოდ მდიდარი და საინტერესო მასალები მოიპოვება მასწავლებლებისთვისაც, რომლებსაც შეუძლიათ, ტომ გეიტსის საგაკვეთილო პროცესში ჩართონ და მისი გავლით მიაწოდონ ბავშვებს სხვადასხვა მასალა. აქვეა თამაშები, კითხვარები, გასაფერაფერადებლები და სხვა გასართობები, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გამოიყენონ და რაც მთავარია, სიმღერები, რომელთა ამბებსაც ტომი წიგნში ჰყვება.
ტომ გეიტსის დღიური, ვფიქრობ, საინტერესო შემთხვევაა, რომელიც აჩვენებს, რამდენნაირი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ერთ რიგით, ნახატებით გაფორმებულ, ყოველდღიური ამბების ამსახველ დღიურს. იმ შემთხვევებისთვის კი, თუკი მართლაც იდუმალი, ნამდვილი დღიურის წერას გადაწყვეტთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი ბავშვები, დღეს უკვე ძალიან ბევრი ონლაინპლატფორმა არსებობს, სადაც მკაცრად გასაიდუმლოებული ჩანაწერები შეგიძლიათ აწარმოოთ.