როგორ ვაქციოთ რთული სამეცნიერო ან სოციალური კვლევის ანგარიშის გაცნობა სააზროვნო, ცოცხალ და სახალისო პროცესად? რა სტრატეგიები გამოვიყენოთ, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინონ, არამედ კრიტიკულადაც გააანალიზონ საზოგადოებრივი გამოწვევები?
სოციალური და გენდერული კვლევები, როგორიცაა, მაგალითად, UN Women-ის „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში“ (2024), უმნიშვნელოვანეს ფაქტებსა და ტენდენციებს აღნუსხავს, მაგრამ როდესაც საქმე საკლასო ოთახამდე მიდის, ცხრილები, რიცხვები და პროცენტები რჩება სტატისტიკად, რომელიც მოსწავლეთა დიდ ინტერესს ვერ იწვევს.
სტატიაში მოქალაქეობის საგნის მაგალითზე სწორედ მათი სწავლების მეთოდოლოგიაზე ვისაუბრებთ.
სკოლაში მონაცემთა ანალიზის სწავლება ემსახურება მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. იმისთვის, რომ მოსწავლემ ინფორმაცია აითვისოს, ის მკვლევარი და მაძიებელი უნდა იყოს და არა მსმენელი.
მსგავსი კვლევების გაცნობა სახალისო მეთოდებით ეფუძნება კონსტრუქტივიზმისა და გამოცდილებითი სწავლების პრინციპებს. მოსწავლე გამოთქვამს ვარაუდს, ამოწმებს რეალობას, აანალიზებს სხვაობას და გამოაქვს დასკვნა.
გთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს, რომლებიც ნებისმიერ სტატისტიკურ ანგარიშს ცოცხალ დისკუსიად აქცევს.
აქტივობებისა და კვლევის ანგარიშის გაცნობამდე კარგი იქნება მოსწავლეების ცოცხალი ანონიმური გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის პროგნოზირების მიზნით. ამის გაკეთება შეიძლება Mentimeter–ის ან Kahoot-ის საშუალებით. ამ დროს მოსწავლე ინდივიდუალურად, ანონიმურად აფიქსირებს საკუთარ ხმას ციფრულ პლატფორმაზე, რაც უხსნის შიშს, ეკრანზე კი იმავდროულად ჩანს კლასის საერთო სურათი/დიაგრამა.
ამ ინდივიდუალური, დამოუკიდებელი ფიქრისა და ანონიმური გამოკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს რთავს ჯგუფურ სამუშაოში, სადაც ისინი აჯამებენ და აანალიზებენ მიღებულ შედეგებს.
| აქტივობა 1: ჩემი ოჯახისა და თემის ეთნოგრაფია. მინი–კვლევა |
მიზანი: სტატისტიკის გადატანა საკუთარი ოჯახისა და თემის რეალობაში
სანამ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს გააცნობდეთ, მოსწავლეებს დაავალეთ, ჩაატარონ მინი-ინტერვიუ ოჯახის უფროს წევრებთან და თემში სამი მარტივი კითხვით:
- შენი აზრით, ცოლ-ქმარი საოჯახო საქმეებს თანაბრად უნდა ინაწილებდეს თუ ეს ძირითადად ქალის საქმეა?
- შეიძლება თუ არა, ქალი იყოს წარმატებული ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი და, იმავდროულად, იყოს კარგი დედა?
- გახსოვს თუ არა შენს ბავშვობაში პროფესიები, რომლებიც მხოლოდ ქალისა ან მხოლოდ კაცისა იყო?
მოსწავლეები აჯამებენ შედეგებს და ადარებენ პასუხებს UN Women-ის კვლევაში ქვეყნის მასშტაბით მიღებულ მონაცემებს.
| აქტივობა 2: სარეკლამო დეტექტივები – მედია და ყოველდღიურობა
|
მიზანი: სტერეოტიპების ამოცნობა ყოველდღიურ გარემოში – ტელევიზიაში, სოციალურ ქსელებში, ბილბორდებზე
კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ეხება გენდერულ სტერეოტიპებს და საზოგადოებრივ მოლოდინებს. მოსწავლეებს ჯგუფებად ყოფენ და ავალებენ, მოძებნონ ან გაიხსენონ ბოლო დროის ქართული რეკლამები, ფილმები ან სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები.
მათ უნდა უპასუხონ კითხვებს: როგორ არიან წარმოდგენილი ქალები და კაცები ამ რეკლამებში? მაგ., მამაკაცი ყოველთვის ექსპერტია/უფროსია, ხოლო ქალი ალაგებს/რეცხავს/სამზარეულოში ტრიალებს) როგორ უკავშირდება ეს კვლევის იმ მონაცემს, სადაც საზოგადოება ინდივიდებს გარკვეულ როლებს ახვევს თავს?
ეს აქტივობა დაგვეხმარება, რომ ყოველდღიურმა ფონმა (რეკლამა, მედია) მოზარდებში ავტომატურად აღარ ჩაუყაროს საფუძველი სტერეოტიპულ აზროვნებას. ისინი ისწავლიან მონაცემების გაფილტვრას.
| აქტივობა 3: სკოლის მიკროსამყარო
|
მიზანი: სკოლის შიგნით არსებული სოციალური ნორმებისა და გენდერული ბალანსის გადამოწმება
მოსწავლეები აანალიზებენ თავიანთი სკოლისა და კლასის ყოველდღიურობას. სვამენ კითხვებს: სკოლაში თვითმმართველობის არჩევნებზე ან კლასის ლიდერად უფრო ხშირად ვინ იყრის კენჭს და იმარჯვებს – გოგოები თუ ბიჭები? რა როლებს გვაკისრებენ პროექტებში (მაგალითად, პრეზენტაციის მომზადება, ტექნიკური ნაწილის მართვა, სპორტული აქტივობები)? თუ სკოლაში იმართება რამე ღონისძიება, ვინ რას აკეთებს?
თუ მოსწავლეებმა აღმოაჩინეს დისბალანსი, მაგალითად, ის, რომ გოგოები უფრო აქტიურები არიან ჰუმანიტარულ საქმეებში, ხოლო ბიჭები – ტექნიკურში ან პირიქით, ისინი წამოაყენებენ მინი-ინიციატივას: როგორ გავანაწილოთ როლები თანაბრად ჩვენს შემდეგ პროექტში.
| აქტივობა 4: მონაცემთა ბაზარი
|
მიზანი: კვლევის სხვადასხვა თავის/ინფოგრაფიკის სწრაფი და ინტერაქციული გაცნობა
კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი იღებს კვლევის თითო კონკრეტულ სფეროს (მაგ., დასაქმება, განათლება, პოლიტიკური მონაწილეობა, ოჯახური როლები). ისინი ამზადებენ პროდუქტს – მინი-პოსტერს ან სქემას მთავარი 3 ციფრით. შემდეგ იწყება „ბაზარი“. თითოეული ჯგუფიდან ერთი „გამყიდველი“ რჩება თავის ადგილზე, ხოლო სხვები ყიდულობენ ინფორმაციას სხვა ჯგუფებისგან, მოგზაურობენ მაგიდიდან მაგიდაზე. ბოლო ეტაპზე მოსწავლეები აჯამებენ, რა შეიტყვეს მთელი კვლევის შესახებ.
| აქტივობა 5: სოციალური პროგნოზების ბინგო
|
მიზანი: წინარე სტერეოტიპებისა და საზოგადოებრივი რეალობის შეპირისპირება.
სანამ კვლევის შედეგებს აჩვენებთ, მოსწავლეებს მიეცით ბარათები კონკრეტული კითხვებით. მაგ., მოსახლეობის რა ნაწილს მიაჩნია, რომ ოჯახის რჩენა კაცის ვალდებულებაა? უნდა ჰქონდეს თუ არა კაცს მეტი უფლება სამსახურზე, როცა სამუშაო ადგილი ცოტაა? უნდა გამოიმუშავებდეს თუ არა ქმარი მეტს, ვიდრე ცოლი? მუშაობს თუ არა დედა იმის ხარჯზე, რომ ბავშვები ზარალდებიან?
კლასი ჯგუფებად იყოფა. თითოეულმა ჯგუფმა უნდა ივარაუდოს, საქართველოს მოსახლეობის პროცენტულად რა ნაწილმა უპასუხა ამ კითხვას „ვეთანხმები“ ან „არ ვეთანხმები“. ჯგუფები თავიანთ პროგნოზებს ფლიპჩარტზე განათავსებენ. ამის შემდეგ მასწავლებელი აცნობს მათ კვლევის რეალურ შედეგებს. იწყება მსჯელობა: რატომ ვიფიქრეთ ასე? რა განაპირობებს განსხვავებას ჩვენს ვარაუდსა და რეალობას შორის?
| აქტივობა 6: სოციალური სარკე
|
მიზანი: კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნების – ინდივიდუალურ აზრსა და საზოგადოებრივ სტერეოტიპებს შორის სხვაობის – გაანალიზება
კვლევა ხშირად აჩვენებს, რომ ადამიანების პირადი შეხედულება უფრო პროგრესულია, ვიდრე ის, რასაც ისინი საზოგადოებისგან ელოდებიან. მაგალითად, „პირადად ჩემთვის სავსებით მისაღებია, რომ ქალმა ბიზნესი მართოს, მაგრამ საზოგადოებას/სხვებს მიაჩნიათ, რომ კაცები უკეთესი ლიდერები არიან“.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ორფერა ბარათებს და სვამს კვლევიდან აღებულ კითხვას.
კითხვა A – პირადი პოზიცია: შენი პირადი აზრით, შეუძლია თუ არა ქალს, იყოს წარმატებული ბიზნესლიდერი / პოლიტიკოსი?
პასუხი: დიახ / არა
კითხვა B – საზოგადოების აღქმა: შენი აზრით, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ვინ არის უკეთესი ლიდერი – კაცი თუ ქალი?
2 მოსწავლე ასისტენტი სწრაფად ითვლის პასუხებს. მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ორ სვეტს:
| ჩვენი კლასის პირადი პოზიცია (%) | რას ველოდით საზოგადოებისგან (%) |
| 85% მიიჩნევს, რომ სქესს მნიშვნელობა არ აქვს | 70% ელოდა, რომ საზოგადოება კაცს მიანიჭებდა უპირატესობას |
მასწავლებელს გამოაქვს UN Women-ის კვლევის რეალური შედეგი. მაგალითად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი თავად არ ეწინააღმდეგება ქალის ლიდერობას, მაგრამ მიაჩნია, რომ ამას ეწინააღმდეგებიან სხვები.
| აქტივობა 7: მეთოდი ხაზოვანი პოზიციონირება
|
იატაკზე ან დაფაზე იხაზება სკალა „სრული თანასწორობა“ – „ტრადიციული როლები“. თავდაპირველად მოსწავლეები დგებიან იმ პოზიციის გამომხატველ წერტილთან, რომელსაც თვითონ ეთანხმებიან. შემდეგ, მასწავლებლის თხოვნით, გადადიან იმ პოზიციის გამომხატველ წერტილთან, რომელსაც, მათი აზრით, ადგას თემი, უფროსი თაობა ან მთელი საზოგადოება.
მოსწავლეები აანალიზებენ, რატომ ვმალავთ ჩვენს პირად პროგრესულ აზრს სოციალური სტერეოტიპების შიშით; როგორ ცვლის ეს მდგომარეობას ქვეყანაში.
მასწავლებელს გამოაქვს UN Women-ის კვლევის რეალური შედეგი, სადაც ჩანს აცდენა ინდივიდის სურვილსა და აღქმულ ნორმას შორის და სთხოვს მოსწავლეებს, შეადარონ თავიანთი სკალის შედეგები ეროვნულ მონაცემებს.
მსჯელობენ რომ სოციალური წნეხი ხშირად ქმნის ილუზიას, თითქოს პროგრესული აზრი უმცირესობაშია. სამოქალაქო პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ არ შევუშინდეთ სტერეოტიპებს, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია და ამით დავეხმაროთ საზოგადოებას რეალური, პოზიტიური ცვლილებებისკენ სვლაში.
| აქტივობა 8- ცხელი სკამი
|
მიზანი: სტატისტიკის მიღმა ადამიანური ისტორიებისა და სოციალური პოზიციების დანახვა
კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მოსწავლე ჯდება „ცხელ სკამზე“ და ირგებს კონკრეტულ სოციალურ როლს. მაგ., ახალგაზრდა ქალი მეწარმე რეგიონიდან; მამა, რომელიც ოჯახურ მოვალეობებს ინაწილებს. დანარჩენი კლასი სვამს კითხვებს კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით: როგორ გეხმარებათ ან გიშლით ხელს საზოგადოებრივი აზრი? რას შეცვლიდით?
| აქტივობა 9: მომავლის სტუდია
|
მიზანი: პრობლემის ანალიზიდან პოზიტიურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე გადასვლა
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაეცნობიან კვლევის პრობლემურ მიგნებებს (მაგ., გენდერული დისბალანსი დასაქმებაში ან სტერეოტიპული დამოკიდებულებები), ისინი იქცევიან სტარტაპ-აქსელერატორებად. ციფრული ხელსაწყოების, მაგ., Gamma App–ის, Canva–ს გამოყენებით ისინი ქმნიან 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ან სარეკლამო კამპანიას, რომელიც სკოლის ან თემის დონეზე შეცვლის ამ სტერეოტიპს.
სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპების საკითხებზე მუშაობა სკოლაში სენსიტიური თემაა. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რისკები:
პერსონალიზაციისა და დადანაშაულების რისკი – შესქაძლოა, მოსწავლეებმა დისკუსიის დროს ერთმანეთს ან კონკრეტულ ოჯახებს დააბრალონ არაპროგრესული შეხედულებები. მაგ., „შენი ოჯახის წევრიც ასევე ფიქრობს“.
დააწესეთ, რომ განსაჯოთ იდეა და არა ადამიანი. აქცენტი გადაიტანეთ არა კონკრეტულ ინდივიდებზე, არამედ ზოგად სოციალურ ნორმებსა და ტრადიციებზე, რომლებშიც ყველა ვცხოვრობთ.
კიდევ ერთი რისკია დისკუსიის პოლარიზაცია და ემოციური დაძაბულობა. თემამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხარე კამათი და მოსწავლეთა პოლარიზაცია კონსერვატიული და ლიბერალური პოზიციებსი დამცველებად.
გამოიყენეთ უსაფრთხო დისკუსიის ტექნიკები მაგ., პოზიციების გაცვლა. მოსწავლემ უნდა დაიცვას ის პოზიცია, რომელიც კვლევაში ჩანს, მიუხედავად იმისა, მისი პირადი აზრია ეს თუ არა. დაეყრდენით მხოლოდ ფაქტებსა და მტკიცებულებებს და არა ემოციურ შეძახილებს.
რისკია მშრალი რიცხვების მიმართ გულგრილობაც. ბავშვებისთვის პროცენტები და სტატისტიკა აბსტრაქტულია და ყოველდღიურობას მოწყვეტილი ჩანს. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ არა მხოლოდ სტატისტიკის წაკითხვა, არამედ იმის გარკვევაც, თუ როგორ იგეგმება კვლევები, ვინ იკითხა, ვის ჰკითხეს, როგორი იყო შერჩევა. ეს მედიაწიგნიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამიტომ ყოველი რიცხვი დააკავშირეთ რეალურ ქეისთან, ფილმთან, წიგნთან ან სკოლის ყოველდღიურობასთან. ჰკითხეთ: შენს გარემოცვაში გრძნობ ამას?
ყოველი პრობლემური საკითხის განხილვა აუცილებლად დაასრულეთ კითხვით: რა არის ამის ალტერნატივა? როგორია თანამედროვე, ჯანსაღი მიდგომა? ეს კლასში პოზიტიური ცვლილებების ინიციატივას დანერგავს.
ამრიგად, პროცესი სოკრატული დიალოგის კითხვებით წარმართეთ: რა მტკიცებულებას ეყრდნობა ეს მოსაზრება? შეიძლება თუ არა, ეს მონაცემი დროთა განმავლობაში შეიცვალოს და რატომ? რატომ შეიძლება იყოს განსხვავება ჩვენს ვარაუდსა და რეალურ სტატისტიკას შორის? ვის ინტერესებშია, რომ საზოგადოებაში ესა თუ ის სოციალური სტერეოტიპი არსებობდეს?
კვლევის ანგარიშებთან მუშაობა არ უნდა იყოს დამღლელი პროცესი. როდესაც მასწავლებელი რთულ სტატისტიკას თამაშად, კვლევად და დისკუსიად გარდაქმნის, მოსწავლე იძენს უმნიშვნელოვანეს უნარს: ის სწავლობს რიცხვების მიღმა ადამიანების დანახვას, პრობლემების კრიტიკულ გააზრებას და, რაც მთავარია, საკუთარი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- UN Women (გაეროს ქალთა ორგანიზაცია). (2025). გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა საქართველოში
- ევროპის საბჭო. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო
- კოლბი, დ. 1984. გამოცდილებითი სწავლება: გამოცდილება, როგორც სწავლისა და განვითარების წყარო
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ეროვნული სასწავლო გეგმა, სამოქალაქო განათლება – საგნობრივი სტანდარტი


